გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210018002634595
საქმე №2/3096 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე – ლ---- ო-----–--ე;
წარმომადგენელი – გ-- გ---------ე;
მოპასუხე – ჟ---–----- ფ-----ე;
წარმომადგენელი – ლ--–ა ბ-----–--ე;
დავის საგანი – თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 6400 აშშ დოლარის, ექვსი თვის საპროცენტო სარგებლის 1920 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 215 აშშ დოლარის, სულ 8535 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 10 თებერვალს ლ---- ო-----–--ემ ჟ---–----- ფ-----ეს ექვსი თვის ვადით ასესხა 6400 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი შეადგენდა თვეში 5%. დღეის მდგომარეობით მოპასუხეს არ გადაუხდია არც სესხის ძირითადი თანხა - 6400 აშშ დოლარი და არც სარგებელი 1920 აშშ დოლარი, სულ 8535 აშშ დოლარი. ვინაიდან დათქმულ დროს მოპასუხემ კრედიტორს არ დაუბრუნა თანხა, ლ---- ო-----–--ე იძულებული გახდა სს „ლ---------------–-საგან“ აეღო სესხი 4500 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებლის სახით, ყოველთვიურად გადაეხადა 195 აშშ დოლარი. აღნიშნულით მას მიადგა ზიანი, რის გამოც ითხოვს პირგასამტეხლოს 215 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს დავალიანების თანხის 0.07%, გამრავლებულს 37 დღეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, მოსარჩელისაგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს, იგი შეადგენდა მთლიანად ექვს თვეზე დასარიცხ თანხას. ჟ---–----- ფ-----ემ მოსარჩელეს სრულად გადაუხადა ვალი, მათ შორის, სესხის აღებისთანავე გადასცა 300 აშშ დოლარი, ძირითადი თანხა კი მისცა ორ ნაწილად, 200 აშშ დოლარი აპრილის თვეში, 4800 აშშ დოლარი - ხელშეკრულების ვადაში, რაც დასტურდება მოწმეების ჩვენებებით. რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, მისთვის უცნობია რატომ აიღო მოსარჩელემ სესხი და არც ამ კუთხით მიყენებულ ზიანზეა პასუხისმგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 თებერვალს ლ---- ო-----–--ეს (კრედიტორი) და ჟ---–----- ფ-----ეს (მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 5000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით. ხელშეკრულება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
მტკიცებულება:
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.18);
3.1.2. დადგენილია, რომ ლ---- ო-----–--ეს სს „ლ---------------–-საგან“ სესხის სახით მიღებული აქვს 4500 ლარი, მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელეს ვალი უნდა დაებრუნებინა გრაფიკით, პირველი გადახდის ვადა იყო 2016 წლის 11 ივლისი, ბოლო 2018 წლის 15 მაისი.
მტკიცებულება:
-სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებაში მითითებულია: „ჟ---–----- ფ-----ემ პ/ნ 0---------- ლ---- ო-----–--ისაგან პ/ნ 0---------- ისესხა 5 ათასი $ (დოლარი) 5% სარგებლის გადახდით. სესხის ვადა 6 თვე. მოსარჩელის განმარტებით, სარგებელი ძირი თანხის 5%, მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, მოვალის განმარტებით კი პროცენტი გათვალისწინებული იყო მთლიანად 6 თვეზე და შეადგენდა სულ 250 აშშ დოლარს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ხელშეკრულებაში არსად არაა ნახსენები ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვალდებულება და ასეთი შეთანხმების არსებობა არც სხვა მტკიცებულებით დასტურდება. ასევე არ დასტურდება მოპასუხის მიერ დამატებით 1400 აშშ დოლარის სესხება მოსარჩელისაგან, მართალია ხელშეკრულებაში ნაბეჭდ ტექსტზე ხელით არის მიწერილი „კიდევ 1400$ მაქვს დამატებული, სულ 6400$)“, მაგრამ თავად ლ---- ო-----–--ის განმარტებით, მინაწერი ეკუთვნის მას, ჟ---–----- ფ-----ე კი საერთოდ არ ადასტურებს დამატებით თანხის სესხების ფაქტობრივ გარემოებას.
მოპასუხე ჟ---–----- ფ-----ეს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით ნასესხები ვალდებულება არც დათქმულ დროში და არც შემდეგ. მისი განმარტება ვალის დაბრუნების შესახებ, არაა დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18).
სადავო საკითხის გადასაჭრელად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპსა და მტკიცების ტვირთის განაწილებაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება სპეციფიკურია, კერძოდ, კრედიტორმა უნდა ამტკიცოს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა და მოვალისათვის თანხის გადაცემა, ხოლო მოვალემ ვალდებულების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელწერილი შესაგებლით სადავო გახადა მოპასუხემ და მიუთითა, რომ იგი ვალდებული იყო გადაეხადა მხოლოდ 250 აშშ დოლარი პროცენტის სახით, ასევე მას დამატებით არ მიუღია 1400 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელეზე გადავიდა ხელწერილის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი, თუმცა მან ვერ შეძლო სადავაო გარემოების დადასტურება, რაიმე სახის მტკიცებულებით, გარდა ახსნა-განმარტებისა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე. თავის მხრივ, ჟ---–----- ფ-----ემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხის 5000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 250 აშშ დოლარის გადახდა კრედიტორისათვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე, 623-ე, 625–ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟ---–----- ფ-----ემ ლ---- ო-----–--ისაგან ისესხა 5 ათასი აშშ დოლარი, 5% სარგებლის დარიცხვის და ვალის ექვსი თვის ვადაში გადახდის პირობით, რაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 5250 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 418-ე მუხლით, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 215 აშშ დოლარის დაკისრებას, თუმცა ხელშეკრულებით მხარეები მის გადახდაზე წერილობით არ შეთანხმებულან, შესაბამისად, ამ კუთხით მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ასევე, სახეზე არ არის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იმის გამო, რომ ჟ---–----- ფ-----ემ ლ---- ო-----–--ეს არ გადაუხადა ვალი, იგი იძულებული გახდა აეღო სესხი და ყოველთვიურად ეხადა პროცენტი, თუმცა წარმოდგენილი სესხის გრაფიკით მოსარჩელემ სესხი აიღო 2016 წლის 11 ივლისს, ხოლო ჟ---–----- ფ-----ეს თანხა ასესხა 2018 წლის 10 თებერვალს. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 669 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 21 ლარის ოდენობით.
სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 411 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ---- ო-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5250 აშშ დოლარის გადახდა.
2. ჟ---–----- ფ-----ეს ლ---- ო-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 411 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 21 ლარის გადახდა.
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ჟ---–----- ფ-----ის კუთვნილ უძრავ ქონებას, ს---------------------------. დარჩეს ძალაში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა არ დაიშვება.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე