გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.09.2019
საქმის ნომერი
190210019003044096
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1100-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 აგვისტო, 2019 წ. ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე - ლ--–--–-–-------ე

წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი

 

მოპასუხე: მ--------------ი

წარმომადგენელი - ს----------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--------------ს, მოსარჩელე ლ--–--–-–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 28160 ლარის გადახდა შეუსრულებელი სესხის დარღვევისთვის;

 

დავის არის მიმოხილვა:

 

2010 წლის 16 დეკემბერს, მოსარჩელე ლ--–--–-–-------ესა და ა-–--------------------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება სანოტარო აქტის სახით, რის საფუძველზეც მოსარჩელე ლ--–--–-–-------ემ ა-–--------------------–ს გადასცა 6 თვის ვადით სესხის სახით 11200 ევრო, სარგებლის გარეშე. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ ა-–--------------------–მა ლ--–--–-–-------ეს მოთხოვნით მ--------------ს გადასცა 9100 ევრო. ამას ადასტურებს ა-–--------------------–ის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომ ნამდვილად გადასცა თანხა მ--------------ს. ა-–--------------------–ისაგან მიღებული თანხა იყო სესხი, რაც მ--------------ს უნდა დაებრუნებინა უახლოეს პერიოდში, მოთხოვნისთანავე, თუმცა დღეის მდგომარეობით, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მ--------------ს ლ--–--–-–-------ისთვის არ დაუბრუნებია სესხის სახით მიღებული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მითითებული თანხა ა-–--------------------–ისაგან არ მიუღია და რაიმე სასესხო ურთიერთობა ლ--–--–-–-------ესთან არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სანოტარო აქტი სესხის შესახებ

მტკიცებულება: 2010 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, დამოწმებული ნოტარიუს ქ----------------–-ას მიერ, ლ--–--–-–-------ესა და ა-–--------------------–ს შორის.

 

3.2.2 ა-–-------------------–ის მიერ დადებული ხელწერილი

მტკიცებულება: 2018 წლის 12 თებერვალს ნოტარიუს ქ----------------იას მიერ დამოწმებული სანოტარო აქტი ხელწერილის სახით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების დადება არ დასტურდება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე, მუხლები.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე ,317-ე, 327-ე, 623–ე, 624–ე,976-ე,მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. რასაც მიუთითებენ სასამართლოში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ეს ნორმა სასამართლოს ავალდებულებს, სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ურთიერთშეჯერების გზით, მათში მითითებული გარეოებების ერთობლივი გაანალიზების გზით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა მოპასუხე არ ეთანხმება ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადებას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა ა-–--------------------–ის ხელწერილი, სადაც მითითებულია, რომ ა-–--------------------–მა ლ--–--–-–--------ს დავალებით მ--------------ს გადასცა 9100 ევრო. მოპასუხის წარმომადგენელმა უარყო აღნიშნული. 2019 წლის 13 აგვისტოს მოწმის სახით დაიკითხა ა-–--------------------–ი, რომელმაც დაადასტურა ხელწერილში მოყვანილი გარემოებები და ასევე განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო თუ რა მიზნით და რატომ უთხრა ლ--–--–-–-------ემ ,რომ მას მ--------------ისთვის გადაეცა თანხა. ამდენად, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადაოდ გახადა, რის გამოც მოსარჩელეს სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დაედასტურებინა სესხის ხელშეკრულების დადების გარმოება. მოსარჩელე მხარეს სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

მოსარჩელის მოთხოვნა სესხის დაბრუნების შესახებ ეფუძნება ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე არ ეთანხმება. ზეპირი სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექის 624-ე მუხლი, რომელიც აწესებს ამგვარი ხელშეკრულების დადების მტკიცების წესს. ზეპირი სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, შესაბამისად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების მტკიცებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერი დოკუმენტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოსარჩელის განმარტება და მოწმე ა-–--------------------–ის ჩვენება არ არის საქმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მხარეებს შორის დადებულად ჩაითვალოს სესხის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გადაცემული თანხის დაბრუნების საკითხზე შეთანხმება. სესხის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში ითვლება დადებულად, თუ მხარეები შეთანხმდნენ გადაცემული თანხის დაბრუნებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსი ერთმნიშვნელოვად მიუთითებს, რომ მსესხებელი კისრულობს გადაცემული გვაროვნული ნივთის ან ფულის დაბრუნების ვალდებულებას.

 

სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რადგან მას ეკისრება მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლების დადასტურება, მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა თანხის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება, ასევე ვერ დაადასტურა თანხის გადაცემის დანიშნულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მარტო თანხის გადაცემა, არამედ ის გარემოებაც, რომ თანხის გადაცემის პირობა არის მისი შემდგომში დაბრუნება, რის საფუძველზე მიმღებს ეკისრება მისი დაბრუნების ვალდებულება. ასეთი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

 

ამდენად, სესხის ხელშეკრულების არარსებობა გამორიცხავს მოპასუხე მხარის მსესხებლის სტატუსს და მის ვალდებულებას მოსარჩელეს დაუბრუნოს მიღებული თანხა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები, რომლითაც საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში მიღებული თანხის დაბრუნებაზე შეთანხმების არსებობას. (2016 წლის 25 მაისის განჩინება საქმე №ას-74-71-2016 , 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე Nას-621-593-2016; 2017 წლის 13 იანვრის განჩინება საქმე №ას-1116-1073-2016 და სხვა)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი არ არის, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის რაიმე სახის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც იკვეთება მოპასუხის მიერ თავისი ვალდებულების შესრულება და მისი მოთხოვნის უფლება საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე ლ--–--–-–-------ის მიმართ.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ--–--–-–-------ის სარჩელი მ--------------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე