გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2019
საქმის ნომერი
330210019003066370
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15115-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ე------–--ე

მოპასუხე - სს ,,თ----------ი“

წარმომადგენელი - ვ----–-----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „თ----------ისათვის“ მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ 2529.04 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სს „ბ--------------–--ას“ 2529.04 ლარის დავალიანების მოთხოვნის უფლება.

 

2529.04 ლარის დავალიანება სს „ბ--------------–--ას“ წარმოეშვა სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სს „თ----------მა“ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ბ--------------–--ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ აბონენტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2 სს „ბ-------------–--ას“ სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ისათვის“ არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ მისთვის 2006 წლის 1 თებერვლიდან 2007 წლის 14 ივნისამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური - სულ 2529.04 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 18-19);

- ქვითარი (ს.ფ. 21).

 

3.1.3. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N 1------ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რ-------ის“, სს „გ---------------------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ და შპს „ა-----------------------ის“ შერწყმა, შეიქმნა სს „ე-----------", რომელიც წარმოადგენს დასახელებული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 10.10.2007 წლის N 1-3/736 ბრძანება (ს.ფ. 27-28);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-34).

 

3.1.4. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, მათ შორის სს „ბ--------------–--ას“ 2529.04 ლარის დავალიანების მოთხოვნის უფლება, რაც მოპასუხეს გააჩნდა სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ მიმართ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-37);

- სს „ე------------ის“ დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორული საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 40-42).

 

3.1.5. სს „თ----------ი“ არის სს „ბ--------------–--ას“ უფლებამონაცვლე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-26).

 

3.1.6 დავალიანების გადახდის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისამდე სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 198-ე, 199-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ სს „ბ--------------–--ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–--------------------ის“ აბონენტი. ეს უკანასკნელი მას აწვდიდა ელექტროენერგიას, რომლის საფასურიც აბონენტს უნდა დაეფარა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოქმედი „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურების“ თანახმად, აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა დაეფარა.

 

დადგენილია ასევე, რომ სადავო დავალიანება მოიცავს 2006 წლის 1 თებერვლიდან 2007 წლის 14 ივნისამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

 

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცესიის საფუძველზე გახდა სამართალურთიერთობის კრედიტორი, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე მას გადაეცა სს „ბ--------------–--ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ახალ კრედიტორზე გადადის იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო თავდაპირველ კრედიტორთან, ხოლო 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

როგორც აღინიშნა, აბონენტს ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა გადაეხადა, ანუ სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბოლო დარიცხვისთვისაც კი ხანდაზმულობის ვადის დენა 2007 წლის ივლისიდან დაიწყო და 2010 წლის ივლისში ამოიწურა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში კრედიტორს მოთხოვნის უფლება არ გამოუყენებია, მოვალე კი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა განუხორციელებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სარჩელი სს ,,თ----------ის" მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია