გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310019003079945
№ 3/25-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიან
მოსარჩელე: შპს „ვ------ა“ (ს/ნ 4--------);
წარმომადგენელი: თ------ი ლ--------ი;
მოპასუხე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი: ხაჩატურ ალექსანიანი;
დავის საგანი: ადმინისტრაციული შეწყვეტისა და საჯარიმო სანქციის დაკისრების ბრძანების ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ვ------ას“ შორის 2019 წლის 03 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის ბრძანება 1158 13.
სარჩელის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია თავის შეტყობინებებს თან ურთავს წერილს, რომელიც თითქოსდა გადაგზავნილია მოსარჩელესთან 2019 წლის 11 აპრილს, სინამდვილეში ასეთი წერილი მოპასუხეს არ გაუგზავნია, მათ (მოპასუხის) მიერ შედგენილ იქნა წერილი ძველი თარიღით, რომელიც სინამდვილეში არ ჩაბარებიათ. მოსარჩელის მიერ მიუსაფარი ცხოველების იზოლირება ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სადაც მათ იზოლირებასთან დაკავშირებით არასდროს არ შექმნიათ პრობლემა, აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, ხოლო პერსონალი კი არის კვალიფიციური და გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ მასალებში 2019 წლის 29 მაისით დათარიღებულ ოქმში მიუთითებს, რომ მათი თანამშრომლები ვერ იჭერენ ძაღლებს, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტებში, სხვადასხვა ტენდერზე, ნათლად ჩანს, რომ ძაღლების იზოლირება ნამდვილად შეუძლიათ მათ თანამშრომლებს.
მოსარჩელის წარმომადგენლებს ორჯერ დაუკავშირდნენ და მიიწვიეს სამუშაოების შესრულების მიზნით ახალქალაქში, პირველ ჯერზე მათმა ჯგუფმა 2019 წლის 6 მაისს მოახდინა 9 ერთეული ძაღლის იზოლირება, ხოლო მუშაობის პერიოდში მათ წარმომადგენლებს მერიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მათგან ოთხი ძაღლი იყო პატრონიანი და მოითხოვეს ძაღლების გათავისუფლება, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი მეპატრონეთა მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და ყველა მათგანი კი იყო საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე, ამიტომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ იქნა ყველა მათგანი, ვინაიდან ვერ გაარკვიეს რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო პატრონიანი და რომელი უპატრონო. თუმცა ნებისმიერი შინაური ბინადარი ცხოველი, ახალქალაქის საკრებულოს დადგენილების თანახმად ექვემდებარება რეგისტრაციას, ხოლო უმეთვალყურეოდ მყოფი ნებისმიერი ცხოველი ხელშეკრულების თანახმად ასევე ექვემდებარება იზოლირებას, ხოლო იზოლირებული ცხრა ძაღლიდან არცერთი არ ყოფილა რეგისტრირებული, ამიტომ სრული უფლება ჰქონდათ ყველა მათგანის თავშესაფარში გადაყვანის, მათთვის სტერილიზაცია კასტრაციის და ვაქცინაციის ჩატარების. სწორედ ასეთი უპასუხისმგებლო პატრონების ცხოველები და მათი ნაშიერი ხვდება ქუჩებში ძირითადად.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გაითვალისწინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 ივნისის დადგენილება N41, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ და უკანონოდ გადაწყვიტა, რომ ქუჩაში მყოფი ზოგიერთი ძაღლის იზოლირების უფლება თითქოს არ ჰქონდათ. ოქმში შეიტანეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს მათ ხუთი ძაღლი დაიჭირეს, სინამდვილეში მოხდა ცხრა ძაღლის იზოლირება, რაც ასახული არის ვიდეო კამერის მეშვეობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის N1158 13 ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 13 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა (NAT190005186) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების მიზნით. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა შპს „ვ------ა“. აღნიშნულის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ვ------ას“ შორის 2019 წლის 03 აპრილს შედგენილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #35. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენდა 21,186 ლარს. ხოლო ხელშეკრულების (ტენდერის) დანართი 1-ის - ფასების ცხრილით განსაზღვრულია: დასაჭერი ცხოველების რაოდენობა 250 ც., ერთ ცხოველზე მომსახურება - 84,744 ლარი და მომსახურების ჯამური ღირებულება - 21,186 ლარი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, ევთანაზია და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურება.
ამასთან წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება ყოველთვიური გრაფიკი ან გეგმა. ანუ მხარეებმა აღიარეს, რომ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების ყოველთვიური კონკრეტული გრაფიკი ან გეგმა.
მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ შესრულება მოხდება ეტაპობრივად, შემდეგნაირად: მერია საზღვრავს დასაჭერი ძაღლების რაოდენობას და ლოკაციას, რის შემდეგაც დაიბარებენ მოსარჩელეს, რომელიც მერიის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ განახორციელებს ძაღლების დაჭერას და იზოლაციას. ამასთან ხელშეკრულების მიხედვით შესყიდვების ობიექტის (სამუშაოს შესრულების) მიღება-ჩაბარება მოხდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისიის მიერ, მოცემულ შემთხვევაში მერიის მიერ შექმნილი „მოხეტიალე და უპატრონო ძაღლების აღრიცხვისა და ტენდერში გამარჯვებული ძაღლთა თავშესაფარი ორგანიზაციის მიერ თავშესაფარში გადასაყვანი ძაღლების რაოდენობის კონტროლის“ კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #35 (ს.ფ. 27-30);
- ტენდერის პირობები და ფასების ცხრილი (ს.ფ. 97-107);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის N1158 13 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვეტილ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ვ------ას“ შორის 2019 წლის 03 აპრილს გაფორმებული N35 ხელშეკრულება; დაწყებულია შპს „ვ------ას“ შავ სიაში რეგისტრაციისათვის პროცედურა; შპს „ვ------ას“ მიმართ საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებულ იქნა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 04 ივნისის „მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ვ------ას“ შორის 2019 წლის 03 აპრილს გაფორმებული N35 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ“ ბრძანება N1146 13.
სწორედ აღნიშნული ბრძანება არის გასაჩივრებული და წარმოადგენს დავის საგანს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის N1158 13 ბრძანება - ს.ფ. 13);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.3. მხარეთა აღიარებით დადგენილია, რომ შპს „ვ------ას“ ჯგუფი სამუშაოების შესრულების მიზნით ახალქალაქში ჩამოვიდა მხოლოდ ერთხელ, 2019 წლის 6 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესასრულებლად მოსარჩელე დაბარებული უნდა ყოფილიყო მერიის მხრიდან შეტყობინებების მეშვეობით.
ხელშეკრულების რეკვიზიტებში შპს „ვ------ას“ რეკვიზიტები მითითებულია: მისამართი - ო----------- სოფელი ო-----------/ ქუ------, თ-----------------; საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------; ტელეფონი - 5--------; ასევე ელ-ფოსტა - vetclinickutaisi@gmail.com .
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეს მრავალჯერ დაუკავშირდნენ ტელეფონით და გაგზავნილი ჰქონდათ შეტყობინებები, რაც უარყო მოსარჩელე მხარემ. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდნენ მერიიდან ტელეფონით და დაიბარეს ხელშეკრულების შესასრულებლად, რის გამოც 2019 წლის 06 მაისს მისი წარმომადგენლები გამოცხადნენ ახალქალაქში.
საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი წერილობითი შეტყობინება შპს „ვ------ას“ ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, კერძოდ, მერიის 2019 წლის 11 აპრილის გზავნილი (N1668-13 წერილი), რომლითაც მერმა აღნიშნა, რომ შპს „ვ------ა“ არ ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ მომსახურებას და ითხოვა შესრულება მოკლე ვადაში, ამასთან გააფრთხილა შეუსრულებლობის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება.
აღნიშნული წერილი მოსარჩელეს გაეგზავნა 2019 წლის 11 აპრილს, საქართველოს ფოსტის უკუგზავნილის თანახმად აღნიშნული წერილი შპს „ვ------ას“ არ ჩაუბარებია, ვინაიდან ადრესატი არ იმყოფება მისამართზე.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ ეს ითვლება ჩაბარებულად ვინაიდან ხელშეკრულებაში მითითებულია ეს მისამართი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილი გაიგზავნა მხოლოდ პირველ მისამართზე (ო-----------), ხოლო ხელშეკრულებაში ორი მისამართია მითითებული, ამიტომ მერია ვალდებული იყო წერილი გაეგზავნა ორივე მისამართზე. მერიის წარმომადგენელმა ვერ უარყო აღნიშნული.
ამასთან საქართველოს ფოსტის 2019 წლის 20 აგვისტოს ინფორმაციის მიხედვით, ნამდვილად დასტურდება, რომ ოზურგეთში ვიზიტის შემდეგ გზავნილი დაბრუნდა უკან და ქუ------ს მისამართზე არ იყო გაგზავნილი, ამასთან ჩაუბარებლობის მიზეზი იყო, სოფლის რწმუნებულის თანაშემწის განმარტება, რომ ადრესატი არ ცხოვრობს მისამართზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებისთვის ცნობილია, რომ ოზურგეთში მდებარეობს ძაღლების თავშესაფარი, ანუ იქ მოსარჩელის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილია, მითუმეტეს მოპასუხემ ზუსტად იცოდა, რომ შპს „ვ------ას“ ოფიციალური მისამართია ქუ------ თ-----------------, რაც დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით. უფრო მეტიც საქართველოს ფოსტის უკუგზავნილზე მითითებულია ორი მისამართი: სოფელი ო-----------/ ქუთაისი თ-----------------. შესაბამისად გაუგებარია მოპასუხის ქმედებები აღნიშნული გზავნილთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სატელეფონო შეტყობინებებს:
დაკითხული იყვნენ მერიის თანამშრომლები ს------ ზ--------ი და ვ------ წ------------ი, და წარმოდგენილია მაგთიკომის სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაბეჭდი. ს------ ზ--------მა აჩვენა, რომ არ დაურეკია მოსარჩელისთვის.
ხოლო ვ------ წ------------მა აჩვენა, რომ მისი ნომერია 5-----------, ხოლო 5----------- არის მისი თანამშრომლის ნომერი და ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე (5--------) დარეკეს 4 ჯერ და ვინმე გ-------მ უპასუხა, მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მერე მეორე ნომერი მისცეს, რომელიც ცხოველთა დაცვის ფედერაციის ნომერია. ანუ 2019 წლის 10 აპრილს ერთხელ ნომერზე 0--------- დაუკავშირდა თ------ი ლ--------ს, ამასთან აღნიშნა, რომ მას არ იცნობს და ხმაზე ვერ ცნო. აღნიშნულის კუთხით აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაბეჭდის მიხედვით 5-------- ნომერზე განხორციელებულია ერთი ზარი 5----------- ნომრიდან 23.04.2019წ. და 5----------- ნომრიდან 10.04.2019წ., შემდეგ კი 5----------- ნომრიდან ზარი განხორციელებულია 0--------- ნომერზე (20.05.2019წ., 13.05.2019წ.).
ანუ არ დასტურდება ვ------ წ------------ის ზარი 0--------- ნომერზე, ამასთან აღსანიშნავია, რომ მან ვერ ცნო დარბაზში მყოფი მოსარჩელის წარმომადგენელი თ------ი ლ--------ი, ვისთანაც თითქოსდა ჰქონდა კავშირი. გარდა ამისა მოსარჩელემ წარმოადგინა 5-------- ნომრის მფლობელის გ------- მ----–--------ის განცხადება, რომლითაც ირკვევა რომ ეს უკანასკნელი შპს „ვ------აში“ არც მუშაობს და არც უმუშავია, ასევე მას რამდენიმეჯერ დაუკავშირდნენ მერიის თანამშრომლები და ჰკითხეს როდის მოხდებოდა შპს „ვ------ას“ მიერ მათთან ცხოველთა იზოლირების ჯგუფის ვიზიტები, რაზედაც უპასუხა, რომ ვინაიდან თავშესაფარში იყო სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად ცხოველთა იზოლირების ჯგუფის ვიზიტი მაისში მომხდარიყო და გაუგებრობის აცილების მიზნით გ------- მ----–--------ემ ურჩია, რომ წერილობით მიმართონ შპს „ვ------ას“ ხელმძღვანელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მერიის მიერ შეტყობინებების ჩაბარება და მოსარჩელესთან კომუნიკაცია განხორცილებულია არასათანადოდ, შესაბამისად მოსარჩელე, როგორც ხელშეკრულების მხარე არ იყო დროულად შეტყობინებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და როგორც დაინტერესებული პირი არ იყო დაბარებული მერიის მიერ, სადავო საკითხის განხილვისას, კერძოდ, კომისიის სხდომაზე და თვით გასაჩივრებული ბრძანების მომზადებისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის N1668-13 წერილი (ს.ფ. 21);
- ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 51,);
- ინფორმაცია საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ (ს.ფ. 95);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 153);
- მხარეთა ახსნა განმარტება;
- გ------- მ----–--------ის განცხადება (ს.ფ. 151-152);
- მაგთიკომის სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაბეჭდი (ს.ფ. 147-150).
3.2.2. დასადგენია თუ რამდენად სწორად არის განსაზღვრული დასაჭერი ძაღლების რაოდენობა, ლოკაცია და შეუსრულებლობის მიზეზი ხომ არ არის თვით მერიის თანამშრომლების ბრალით, როგორც განაცხადა მოსარჩელემ.
ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიის თანამშრომლები (ს------ ზ--------ი და ვ------ წ------------ი), რომლებიც 2019 წლის 06 მაისს დახვდნენ მოსარჩელის წარმომადგენლებს, ამავდროულად არიან მერიის „მოხეტიალე და უპატრონო ძაღლების აღრიცხვისა და ტენდერში გამარჯვებული ძაღლთა თავშესაფარი ორგანიზაციის მიერ თავშესაფარში გადასაყვანი ძაღლების რაოდენობის კონტროლის“ კომისიის წევრები, ხოლო ვ------ წ------------ი ასევე თავმჯდომარეც.
ს------ ზ--------ის და ვ------ წ------------ის დაკითხვისას დადგენილია, რომ მათ (მერიის აღნიშნული თანამშრომლებს) არც ახსოვთ, თუ ვინ იყვნენ მოსარჩელის მხრიდან ახალქალაქში (სახელი, გვარი, თანამდებობა) და რა მანქანით, არც შეუმოწმებიათ მივლინების მოწმობები ან რაიმე საბუთი (არ მოხდა იდენტიფიკაცია, შესაბამისობა), არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი (აქტი, ოქმი) არის შედგენილი შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
კომისიის 2019 წლის 29 მაისის ოქმში აღნიშნულია რომ შპს „ვ------ას“ წარმომადგენლებმა დაიჭირეს სულ 5 ძაღლი და ხუთივე გაუშვეს. თუმცა მოწმეების ჩვენებებით და მოსარჩელის განმარტებით დადგენილია რომ დაჭერილი იყო 9 ძაღლი. მოსარჩელის განმარტებით, მუშაობის პერიოდში მათ წარმომადგენლებს მერიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მათგან ოთხი ძაღლი იყო პატრონიანი და მოითხოვეს ძაღლების გათავისუფლება, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი მეპატრონეთა მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და ყველა მათგანი კი იყო საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე, ამიტომ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის გადაწყვეტილებით გათავისუფლებულ იქნა ყველა მათგანი, ვინაიდან ვერ გაარკვიეს, თუ რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო პატრონიანი და რომელი უპატრონო. მოწმეებმა არ უარყეს, რომ 4 ძაღლი გათავისუფლებულ იქნა მათი მითითებით.
მოწმეებმა დააბრალეს შპს „ვ------ას“ წარმომადგენლები არაკომპეტენტურობაში, რომ არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა, მათ გააჩნიათ მხოლოდ ნემსი და წამალი, რომელიც არ მოქმედებს.
მოსარჩელემ არ უარყო ის გარემოება, რომ მისი თანამშრომლებიდან რიგი შეიძლება კარგად არ მუშაობს, ხოლო ნემსმა შეიძლება არ იმოქმედა, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების შეუსრულებლობად, ამის შესახებ უნდა შეატყობინონ ფირმას, ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ მისცეს მოწმეებმა ახსნა-განმარტებები კომისიას, რომ დაჭერილი იყო 5 ძაღლი, რა დროსაც ფაქტობრივად დაჭერილი იყო 9 ძაღლი, მაშინ შეცდომაში შეიყვანეს მერია. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ მოახდინეს შემსრულებლების იდენტიფიკაცია და არ არის შედგენილი რაიმე წერილობითი დოკუმენტი (აქტი, ოქმი) შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
ამით დასტურდება თვით კომისიის და აღნიშნული თანამშრომლების არაკომპეტენტურობა და არაობიექტურობა.
შესაბამისად ვერ დგინდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, ანუ სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის არაკეთილსინდისიერება მერიასთან დადებულ ხელშეკრულების შესრულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომისიის 2019 წლის 29 მაისის ოქმი (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 19 ივნისს N2854/13 წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლითაც ეცნობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N35 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
მოსარჩელემ წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ივლისის N3221 განკარგულება, რომლითაც მერიას უარი ეთქვა შპს „ვ------ას“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე, იმ მოტივით, რომ მერიამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ აღნიშნულია საქ. სკ-ის 405.1-ე მუხლი (ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე).
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებას, იმ მოტივით, რომ მოცემულ შემთხვევაში უაზროა დამატებითი ვადის დადგენა.
ვერ დგინდება ის, რომ მოსარჩელე თავის მოვალეობებს შემდგომში ვერ შეასრულებდა და უაზროა მასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის გაგრძელება. ვინაიდან: პირველი, არ არის დადგენილი ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა მოსარჩელის მიერ დ მეორე, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა წონადი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ივნისის N2854/13 წერილი - (ს.ფ. 15);
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ივლისის განკარგულება N3221 - (ს.ფ. 91-94);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-ე, 53-ე, 601-ე, 65-ე, 651-ე, 66-ე, 95-ე, 96-ე, მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე, მე-5, 22-ე, 32.4-ე მუხლები; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შექმნილია კერძოსამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან მათი ურთიერთობა დარეგულირდებოდა სამოქალაქო კოდექსით, თუკი მერია თავისი ბრძანებით შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტით. თუმცა მერიამ გასაჩივრებული ბრძანებით, გარდა ხელშეკრულების შეწყვეტისა: შპს „ვ------ას“ დააკისრა ჯარიმა; დაწყებულია შპს „ვ------ას“ შავ სიაში რეგისტრაციისათვის პროცედურა; ასევე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი თავისივე წინა ბრძანება შპს „ვ------ასთან“ დაკავშირებით (იხ. 3.1.2.). შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს - მერის მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, გამოცემულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - ბრძანება, რომელიც წყვეტს და ცვლის პირის - მოსარჩელის უფლებებსა და მოვალეობებს. ანუ გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენს სუფთა კერძოსამართლებრივი ნების გამოხატვას და არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონიერების შემოწმებას ითხოვს მოსარჩელე. შესაბამისად მოცემული დავა მიმდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად: 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში,მოცემულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში, ამასთან არ არის გაშვებული გასაჩივრების ვადა. ხოლო მოსარჩელის კანონიერი ინტერესი სახეზეა, კერძოდ, გასაჩივრებული აქტი უშუალოდ დაკავშირებულია მოსარჩელის საქმიანობასთან, აქტით იცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და იმიჯი.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად, 1) ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 3) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მერიის მიერ შეტყობინებების ჩაბარება და მოსარჩელესთან კომუნიკაცია განხორცილებულია არასათანადოდ, შესაბამისად მოსარჩელე, როგორც ხელშეკრულების მხარე არ იყო დროულად შეტყობინებული ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და როგორც დაინტერესებული პირი არ იყო დაბარებული მერიის მიერ, სადავო საკითხის განხილვისას, კერძოდ, კომისიის სხდომაზე და თვით გასაჩივრებული ბრძანების მომზადებისას (იხ. 3.2.1).
გარდა ამისა, დადგენილია, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კერძოდ ბრძანება დამყარებულია კომისიის 2019 წლის 29 მაისის ოქმზე, სადაც არასწორად არის ასახული მოსარჩელის მიერ დაჭერილი ძაღლების რაოდენობა, ამასთან არ იყო მსჯელობა თვით მერიის თანამშრომლების მოქმედებების თაობაზე, ანუ სასამართლო განხილვაში გამოვლინდა მერიის თანამშრომლების და კომისიის არაკომპეტენტურობა (იხ. 3.2.2.). სასამართლოს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კომისიამ შეცდომაში შეიყვანა მერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ვერ დგინდება ხელშეკრულების შესრულების ყოველთვიური კონკრეტული გრაფიკი ან გეგმა, ხელშეკრულების დარღვევად არ ითვლება ორ თვეში ერთხელ ჩამოსვლა ძაღლების დასაჭერად, ან ამ პერიოდში დაჭერილი ძაღლების რაოდენობა, არამედ დარღვევაა თუ მოსარჩელეს ჩაბარებული ჰქონდა დაბარების შეტყობინება, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, თუმცა ის არ რეაგირებდა - არ ჩამოვიდა და არ შეასრულა მოვალეობები. ამასთან გასათვალისწინებელია, თუ რამდენად სწორად არის განსაზღვრული დასაჭერი ძაღლების რაოდენობა, ლოკაცია და შეუსრულებლობის მიზეზი ხომ არ არის თვით მერიის თანამშრომლების ბრალით. რაც არ იყო გამოკვლეული გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მერიას მსგავსი (შავ სიის თაობაზე) გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ არსებული სამოქალაქო ურთიერთობაში მომწოდებელი (მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე) თავისი არაკეთილსინდისიერებით უხეშად და აშკარად დაარღვევდა დადებულ ხელშეკრულებას და მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებით დაირღვეოდა საზოგადოებრივი ინტერესი.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის არაკეთილსინდისიერება მერიასთან დადებულ ხელშეკრულების შესრულებაში (იხ. 3.2.2.).
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ივლისის განკარგულებით N3221, მერიას უარი ეთქვა შპს „ვ------ას“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე, იმ მოტივით, რომ მერიამ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ აღნიშნულია საქ. სკ-ის 405.1-ე მუხლი (ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულია დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა. ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ. დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ. ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
დ. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში როგორც ზემოთ არის აღნიშნული, არ არის დადგენილი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, გარდა ამისა ვერ დგინდება ის, რომ მოსარჩელე თავის მოვალეობებს შემდგომში ვერ შეასრულებდა და უაზროა მასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის გაგრძელება (იხ. 3.2.3.). შესაბამისად ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობები არ არსებობდა და როგორც მინიმუმ მერს უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუ თვლიდა, რომ კონკრეტული პერიოდისათვის დარღვეული იყო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.
შესაბამისად გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ივლისის განკარგულება
6.5. საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული 2019 წლის 5 ივნისის ბრძანების მე-4 პუნქტით - ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული მერის 2019 წლის 4 ივნისის მსგავსი ბრძანება, ანუ 1 დღით ადრე ყოფილა იგივე ხასიათის ბრძანება, რომელიც არ არის წარმოდგენილი სასამართლოში და უცნობია მხარისათვის. აღნიშნული გარემოება ეჭვს ბადებს მერიის ქმედებებში, რისთვის იყო საჭირო ერთი დღის განსხვავებით იგივე შინაარსის გადაწყვეტილების მიღება, ამასთან დაინტერესებული პირისთვის შეუტყობინებლად, ბუნდოვანია თუ რა მიზნების მიღწევა სურდა მერიას.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად,1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქ. ასკ-ის 32.4-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის N1158 13 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს - მერიას უნდა დაევალოს საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი მტკიცებულებათა შესაბამისად უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. 6.3.; 6.4.; 6.5.), ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სწორედ იმის გამო, რომ გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს 100 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32.4-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ვ------ას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 05 ივნისის ბრძანება N1158 13 და დაევალოს მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოცემული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან