გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1185-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლიბერთი ბანკი”
წარმომადგენელი - გ-------------–---–ი
მოპასუხე: ვ--------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვ--------------–--ეს ბანკის სასარგებლოდ #1------- საკრედიტო ხელშეკრილებლიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების 2513,21 (ძირი-1241,46; სარგებელი- 924,79; ჯარიმა- 346,96) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ვ--------------–--ეს ბანკის სასარგებლოდ #1------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების 71,42 (ძირი- 49,7; სარგებელი- 6,72; ჯარიმა- 15) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 12 სექტემბერს მოსარჩელეს და ვ--------------–--ეს შორის გაფორმდა ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის განაცხადი, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1500 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვით, 2019 წლის 12 სექტემბრამდე, ყოველთვიური გადასახდელი 115,86 ლარი, პირგასამტეხლო 0.5%-ით. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გასცა კრედიტი. მოპასუხის მიერ 14/05/2018 წლიდან დარღვეულ იქნა ნაკისრი ვალდებულება რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც მოსარჩელემ 2019 წლის 13 ივნისიდან შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.
05.08.2--- წელს მოსარჩელეს და ვ--------------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #1------- (სამომხმარებლო განვადება. კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 467 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 თვით, სარგებელი განისაზღვრა 52,7 ლარით თვეში, პირგასამტეხლო 0.41 % ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გასცა კრედიტი 467 ლარის ოდენობით. კრედიტის ათვისება დასტურდება საბანკო ანგარიშის ამონაწერით. მოპასუხის მიერ 28/05/2018-დან დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რაც გამოიხატება სესხის გრაფიკის ვადის დარღვევაში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი წერლობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ #1------- საკრედიტო ხელშეკრილებლიდან დაეთანხმა ბანკის მოთხოვნას სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს თვლის შეუსაბამოდ მაღალს და მოთხოვნის ამ ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. ხოლო #1------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა შესაგებელში მითითებულ პოზიციას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 12/09/2---წ. გაფორმდა #1------- ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის განაცხადი, რომლის პირობებიც დაარღვია მოპასუხემ.
მტკიცებულება: 12/09/2---წ. გაფორმდა #1------- ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის განაცხადი
3.1.2. ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 115,86 ლარს, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება: ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის განაცხადი, კრედიტის სტანდარტული პირობები.
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც მოსარჩელის მიერ 13/06/2019 წლიდან შეწყვეტილ იქნა ხელშეკრულება.
მტკიცებულება: ა) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან; ბ) ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.4. #1------- სასესხო ხელშეკრულებლიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 13/06/2019წ. მდგომარეობით 2513,21 ( ძირი -1241,46; სარგებელი-924,79; ჯარიმა- 346,96)ლარი. აღნიშნული თანხა საბოლოოა და მასზე დარიცხვა აღარ ხორციელდება.
მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.5. ხელშეკრულებლის მიხედვით სარგებელი იანგარიშება კრედიტის სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. ამავე ხელშეკრულებლით განისაზღვრა ყოველთვიური სარგებელი 115,86 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2018 წლის 14 მაისიდან 2019 წლის 13 ივნისამდე მოხდა სარგებლის დაანგარიშება და შეადგენს 924,79 ლარს.
რაც შეეხაბა პირგასამტეხლოს დათვლის წესს, კრედიტის სტანდარტული პირობების შესაბამისად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო არის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ცნობაში არსებული პირგასამტეხლო 346,96 ლარი დაანგარიშებულია ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 2018 წლის 14 მაისიდან 2019 წლის 13 ივნისამდე.
მტკიცებულება: ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის განაცხადი,კრედიტის სტანდარტული პირობები.
3.1.6. 05/08/2---წ. გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო განვადება). მტკიცებულება: 05/08/2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო განვადება).
3.1.7. სარგებელი შეადგენს 52,7 ლარს, პირგასამტეხლო 0,15% ყოველ ვაგადადაცილებულ დღეზე.
მტკიცებულება: 05/08/2---წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო განვადება). ხელშეკრულებლის 2.2.10 და 2.2.8 პუნქტები.
3.1.8. მოპასუხის მიერ 28/05/2018- დან დარღვეული იქნა სესხის დაფარის გრაფიკი, რის გამოც მოსარჩელის მიერ 13/06/2019-დან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება
მტკიცებულება: ა) ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან; ბ) ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.9. სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხა 13/06/2019წ- ის მგდომარეწობით შეადგენს 2513,21(ძირი-1241,46; სარგებელი- 924,79; ჯარიმა- 346,96)ლარს. აღნიშნული თანხა საბოლოოა და მასზე დარიცხვა აღარ ხორციელდება.
მტკიცებულება: 13/06.2019წ. ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.10. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა მოსარჩელის მიერ.
მტკიცებულება: გაფრთხილების წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე სადაოდ ხდის დაკისრებულ პირაგასამტეხლოს და აღნიშნავს, რომ არ არის თანახმა პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეს არ აქვს შესრულებული სს ,,ლიბერთი ბანკის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, #1------- საკრედიტო ხელშეკრილებლიდან გამომდინარე იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 403, 405-ე, 417-420-ე, 427-ე-429-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. რის გათვალისწინებითაც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი შემცირება.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შუსაბამოდ მაღალი.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადაო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადაოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ პირაგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და იგი უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არაა შეზღუდული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და ის თავისი შეხედულებისამებრ, მხარის ქონებრივ მდგომარეობის შესაბამისად, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვროს მის ოდენობა.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს ათჯერადად.
სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის და მისი სასესხო ვალდებულებების გათავალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 12 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შემცირდეს 2/3-ით და ნაცვლად 346,96 ლარისა, უნდა განისაზღვროს 115.65 ლარით.
რაც შეეხება პროცენტის (სარგებელი) შესაბამისობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ვ--------------–--ეზე 2--- წლის 05 აგვისტოს და 2--- წლის 12 სექტემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი 467 ლარი და 1500 ლარის ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ერთ შემთხვევაში განისაზღვრა 53.70%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 85.3%-ით, რაც იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ იყო დასაშვებ ნორმაზე მაღალი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა კანონშესაბამისია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირ თანხაში და პროცენტში, რის გამოც ამ ნაწილში ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 43.30 ლარი, პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს იმ თანხის პროპორციულად რაც სასამართლოს მიერ იქნა დაკისრებული მოპასუხეზე, ხოლო სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 4.45 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარჩელი ვ--------------–--ეს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე ვ--------------–--ეს (პ/ნ 0----------) 2--- წლის 12 სექტემბრის N1-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ თანხის გადახდა 2281.90 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1241.46 ლარი, პროცენტი - 924.79 ლარი, პირგასამტეხლო - 115.65 ლარი.
3. მოპასუხე ვ--------------–--ეს (პ/ნ 0----------) 2--- წლის 05 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სამომხმარებლო განვადება) დაეკისროს სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ თანხის გადახდა 71.42 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 49.7 ლარი, პროცენტი - 6.72 ლარი, პირგასამტეხლო - 15 ლარი.
4. მოპასუხე ვ--------------–--ეს მოსარჩელე სს“ლიბერთი ბანკი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2.25 ლარის ანაზღაურება;
5. უარი ეთქვას მოსარჩელე სს“ლიბერთი ბანკ’’-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პირგასამტეხლოს 231.31 ლარის დაკისრების თაობაზე;
6. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკ“-ს (ს/ნ 203828304) მის მიერ 2019 წლის 24 ივნისს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 4.45 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063150; ბანკის კოდი TRESGE22 - ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. მოსარჩელე სს „ლიბერთი ბანკი“-ს (ს/ნ 203828304) უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 24 ივნისს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და ასევე 43.30 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063150; ბანკის კოდი TRESGE22.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მამუკა ნოზაძე