გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.08.2019
საქმის ნომერი
010210018002466295
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002466295

2-2210/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05/08/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ლ--------ა

წარმომადგენელი - ირ----------

მოპასუხე - ი---- წ--–-----ი

წარმომადგენელი - მ----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ--------ამ სარჩელი აღძრა ი---- წ--–-----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 6475 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 200 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წელში ლ--------ამ ი---- წ--–-----ს ასესხა 6575 აშშ დოლარი. ი---- წ--–-----ი ვალდებული იყო ლ--------ასათვის ყოველთვიურად გადაეხადა სარგებელი. 2018 წლის 29 თებერვალს ი---- წ--–-----მა აღიარა, რომ მას ლ--------ას სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 6575 დოლარი და 200 ლარი, რასაც დაფარავდა ყოველთვიურად 200-200 აშშ დოლარის გადახდით. ი---- წ--–-----მა ნაცვლად შეთანხმებული 200 აშშ დოლარისა, გადაიხადა მხოლოდ 100 დოლარი. სხვა თანხა მან მოსარჩელეს არ გადაუხადა. ამჟამად, ი---- წ--–-----ს გადასახდელი აქვს 6475 აშშ დოლარი და 200 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

ი---- წ--–-----ი სარჩელს ცნობს 4400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და 200 ლარის ნაწილში. მისი წარმომადგენელი განმარტავს რომ ლ--------ამ ისესხა არა 6575 აშშ დოლარი, არამედ 5200 აშშ დოლარი. სესხის მიღების შემდეგ ლ--------ა მოსარჩელეს პროცენტის სახით უხდიდა თვეში 200 აშშ დოლარს. 14 თვის განმავლობაში გადაუხადა 2800 აშშ დოლარი. ამჟამად მას გადასახდელი აქვს მხოლოდ 4400 აშშ დოლარი და 200 ლარი. ადასტურებს, რომ მას დაწერილი აქვს ხელწერილი, სადაც აღიარა, რომ მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 6575 აშშ დოლარი, მაგრამ სინამდვილეში აღიარების ხელწერილში მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობა არ არის ზუსტი. 4400 აშშ დოლარის ნაცვლად 6575 აშშ დოლარი იმიტომ აღიარა, რომ მის ინტერესში შედიოდა 200-200 აშშ დოლარის გადახდით სესხის დაფარვა. რადგანაც ისინი შეთანხმდნენ ვალის დაფარვის პირობებზე, ვალის ზუსტი ოდენობის გარკვევით, აღარ გაართულა ურთიერთობა. ასევე განმარტავს რომ ვალის აღიარების ხელწერილის დაწერის შემდეგ მას გადახდილი აქვს 200 აშშ დოლარი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წელში ლ--------ამ ყოველთვიურად სარგებელის გადახდის პირობით ი---- წ--–-----ს ასესხა ფულადი თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. ი---- წ--–-----ს, სესხად მიღებული თანხა ლ--------ასათვის სრულად არ აქვს დაბრუნებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.3. 2018 წლის 29 თებერვალს ი---- წ--–-----მა ლ--------ას წინაშე აღიარა, რომ მას ი---- გაგუასთვის გადასახდელი აქვს 6575 აშშ დოლარი და 200 ლარი. ლ--------ა შეპირდა, რომ სესხად აღებულ თანხას დაფარავს ყოველთვიურად 200-200 აშშ დოლარის გადახდის გზით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელწერილი ს.ფ.16

 

3.1.4. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ აღიარების ხელწერილის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 100 აშშ დოლარი. სადაოა კიდევ 100 აშშ დოლარის გადახდის საკითხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- სესხად გაცემული თანხის ოდენობა;

- გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობა;

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის დასახელებული ორი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრობითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც 6575 აშშ დოლარის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს სესხად გადასცა 6575 აშშ დოლარი. თანხის გადაცემას მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს და ის ამ ფაქტის მტკიცებისაგან თავისუფლდება. ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

3.2.5. მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სესხად მიიღო 5200 აშშ დოლარი და გადასახდელი აქვს 4400 აშშ დოლარი და 200 ლარი.

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრობითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.7. სესხად თანხის გადაცემის დამტკიცების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ 2016 წელში ლ--------ამ ი---- წ--–-----ს ასესხა 6575 აშშ დოლარი. ი---- წ--–-----ი ვალდებული იყო ლ--------ასათვის ყოველთვიურად გადაეხადა სარგებელი.

 

3.2.8. თავისი ზეპირი განმარტების დადასტურების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა 2018 წლის 29 თებერვლის ხელწერილი, რომლითაც ი---- წ--–-----მა აღიარა, რომ მას ლ--------ას სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 6575 დოლარი და 200 ლარი, რასაც დაფარავდა ყოველთვიურად 200-200 აშშ დოლარის გადახდით.

იხ. ხელწერილი. ს.ფ. 16.

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ სესხად თანხის გადაცემა ფაქტობრივი გარემოებებია. იგი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს აღიარების ხელწერილსაც. ზოგადად მხარის აღიარება შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია ვალის აღიარების ხელწერილი ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა თანხის სესხად გადაცემის ფაქტის დადგენისათვის. აღიარების ხელწერილი, ის წერილობითი მტკიცებულებებია, რომლითაც შესაძლებელია დავადგინოთ სესხად თანხის გადაცემა და სესხთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესაც აქვს ასეთ აღიარების გაბათილების უფლება. მოპასუხე სესხის მიღებას არ უარყოფს, ამიტომ მოსარჩელის განმარტებას და ვალის აღიარების ხელწერილს ამყარებს მოპასუხის მიერ სესხის მიღების დასტური. მთავარი საკითხია დავადგინოთ სესხის ოდენობა, ანუ სესხი შეადგენს 5400 აშშ დოლარს თუ 6575 აშშ დოლარს. სწორედ ეს გარემოებაა მხარეებს შორის სადაო. აღიარების ხელწერილზე ხელის მოწერას მოპასუხე არ უარყოფს. ის ადასტურებს, რომ მან სესხი მართლაც მიიღო და მისი ოდენობა შეადგენს 5400 აშშ დოლარს. ასეთ სიტუაციაში მოპასუხე ვალდებულია დამაჯერებლად განმარტოს შემდეგი საკითხი: - თუ მან სესხად მიიღო 5400 აშშ დოლარი, მაშინ რატომ აღიარა, რომ მას გადასახდელი აქვს 6575 აშშ დოლარი. მოპასუხე განმარტავს, რომ ამ ოდენობის თანხა აღიარა მორიგების გამო. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარების გამართლებისათვის დასახელებული მოტივი არაა გასაზიარებელი. თუ აღიარების მომენტისათვის მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 4200 აშშ დოლარი, მას შეეძლო ამ თანხის ოდენობა მიეთითებინა ხელწერილში, მითუმეტეს, მაშინაც მოპასუხეს ეკონომიური კრიზის ჰქონდა და თანხის გადახდა უჭირდა, ამიტომ ნაკლებ დამაჯერებელია, რომ 4200 აშშ დოლარი ჰქონოდა გადასახდელი და 6575 აშშ დოლარი ეღიარებინა. ამასთან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს 5400 აშშ დოლარის სესხად გადაცემას. მოპასუხეს არ აქვს მტკიცებულებები და შეჯიბრობითობას ახორციელებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. დადგენილია, რომ სარგებელის გადახდის პირობით სესხს მოპასუხე არ უარყოფს, მაგრამ ზუსტად ვერ დგინდება სესხის ოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 5400 აშშ დოლარს. ანუ მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა არანაკელბ 5400 აშშ დოლარისა. ზუსტი ოდენობა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

 

3.2.10. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს 4200 აშშ დოლარი. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოპასუხეს უნდა გააჩნდეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ მან გადაიხადა გარკვეული თანხა და ვალი შემცირდა 4200 აშშ დოლარამდე. მოპასუხეს აქვს მხოლოდ 200 აშშ დოლარის გადახდის მტკიცებულება. ისიც გადახდილია 2018 წლის 23 თებერვლის შემდეგ. მხარეთა შეთანხმების მიხედვით მოსარჩელეს 2016 წლის შემდეგ ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 200 აშშ დოლარი. მას სარგებელის გადახდის მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ მან სესხის სარგებელის და ძირი თანხის ნაწილი გადაიხადა და ამჟამად მისი სესხი შეადგენს 4200 აშშ დოლარს. მან დაამტკიცა მხოლოდ 200 აშშ დოლარის გადახდა, ამიტომ დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 6375 აშშ დოლარი და 200 ლარი.

იხ. საგადახდო დავალება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ნაწილობრივად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა უკან. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს მოპასუხემ სესხად მიიღო თუ არა თანხა და რა თანხა გადაიხადა, ან რა თანხა აქვს გადასახდელი. თუ მან სესხი მიიღო და შემდეგში შეთანხმებული პირობებით მოსარჩელეს არ დაუბრუნა, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

 

6.3. მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმა არეგულირებს სესხის გაცემისა და დაბრუნების წესს, რომლის მიხედვითაც გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ ი---- წ--–-----ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. იმავდროულად ლ--------ას გააჩნდა თანხა და შეეძლო ი---- წ--–-----ისთვის თანხა გადაეცა სესხად. მხარეთა ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, შედეგად ლ--------ამ ი---- წ--–-----ს ასესხა 6575 აშშ დოლარი. სესხი სასყიდლიანი იყო და მასზე ი---- წ--–-----ს სარგებელის სახით უნდა გადახადა თვეში 200 აშშ დოლარი. მხარეებს შორის ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა, მაგრამ მის არსებით პირობებზე მხარეები ზეპირად არიან შეთანხმებული. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ი---- წ--–-----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი---- წ--–-----ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ი---- წ--–-----ს სესხად მიღებული თანხიდან გადასახდელი აქვს 6375 ლარი და 200 ლარი. მან აღიარების ხელწერილის შედგენის შემდეგ 200 აშშ დოლარი გადაიხადა. გადასახდელი კი დარჩა 6375 აშშ დოლარი და 200 ლარი, რაც არ გადაიხადა და ამ გზით დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 481,91 ლარს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადადილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. ლ--------ას უნდა დაეკისროს 14,45 ლარის გადახდა, ხოლო ი---- წ--–-----ს 467,46 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 1200 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს იურდიული ხარჯი 700 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ი---- წ--–-----ს ლ--------ას სასარგებლოდ დაეკისროს 6375 აშშ დოლარის გადახდა.

3. ლ--------ას სარჩელი 200 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. ლ--------ას სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 14,45 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. ი---- წ--–-----ს ლ--------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 467,46 ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე