განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
020100119002954682
დავის ტიპი
261 3 ა , 261 1
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002954682 (1/232-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18.09.2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე პროკურორი ლე----------ა

დაცვის მხარე ბრალდებული მა----------ა - პ/ნ 19---------, დაბ.21.11.1--0, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ. ზუ---------------------------------0

ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი

ქმედების კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღება

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლისმე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღება

 

სისხლის სამართლის საქმის ნომერი 08----------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

1.1. მა----------ამ 27.02.2019 წ კო-----------ზე უკანონოდ გაასაღა 6,0 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი.

 

1.2. მა----------ამ 27.02.2019 წ ქ. ზუგდიდში კ.გამსახურდიას ქუჩაზე #110-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ბე-------------ე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით 6,3 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი".

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება - დანაშაულის საგანია ფსიქოტროპული ნივთიერება.

 

ფსიქოტროპული ნივთიერება იწვევს ადამიანის ფსიქიკური პროცესის სტიმულირებას ან, პირიქით მის დეპრესიას, ზეგავლენას ახდენენ მის ემოციურ მდგომარეობაზე. ფსიქოტროპული ნივთიერების უმრავლესობა მოიხმარება მედიცინაში, როგორც სამკურნალო საშუალება, მაგრამ მათი გამოყენება არასამედიცინო მიზნით საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით ფსიქოტროპული ნივთიერება წარმოადგენს ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერებას, ამ ნივთიერების შემცველ მცენარეს ან პრეპარატს, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიაში.

 

ამ სიის 51-ე გრაფაში, როგორც სპეცილურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერება შეტანილია პრეგაბალინი (PREGABALIN), ქიმიური დასახელება (S)-3-(aminomethyl)-5-methilhexanoic acid.

 

დასახელებული კანონის მე-3 მუხლის ,,წ" ქვეპუნქტით გასაღება არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

პრეგაბალინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები დადგენილია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის დანართი №2-ით, რომლის მიხედვით აღნიშნული ნივთიერების მცირე ოდენობად მიიჩნევა 0,6 გრ, დიდ ოდენობად - 6,0 გრ, განსაკუთრებით დიდ ოდენობად 60 გრ.

 

მოცემულ შემთხვევაში მა----------ას მიერ განხორციელდა 6,0 გრ პრეგაბალინის გასაღება კო-----------ზე.

 

დანაშაულის ამ ეპიზოდის მა----------ას მიერ ჩადენა დადასტურებულია გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ: მოწმეების კო-----------ს, გი---------------ას, ბე----------ას, ზა-----------ს, მა-----------–--ს, ირ---–-------–---–-ს, ბესიკი გუგუჩიას, და------------ას, და-----------–-ას, კა---------------ს, გო--------–-------ას, ნ---------------ას, ირ---–------------ას გამოკითხვის ოქმებით, კო-----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერებით (6,0 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება - პრეგაბალინი), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით და ბრალდებულ მა----------ას გამოკითხვის ოქმით.

 

2.2. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება.

 

მა----------ას მიერ განხორციელებული დანაშაულის მე-2 ეპიზოდი იგივე შინაარსისაა, თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანია - ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის დანართი №2-ით დადგენილია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის მიხედვით დიდ ოდენობად მიიჩნევა ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი 6,0 გრ-ს ზევით 60 გრ-მდე.

 

მოცემულ შემთხვევაში კი მა----------ას მიერ განხორციელდა 6,3 გრ პრეგაბალინის გასაღება ბე-------------ე.

 

დანაშაულის ამ ეპიზოდის მა----------ას მიერ ჩადენა დადასტურებულია გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ: მოწმეების გი---------------ას, ბე----------ას, ზა-----------ს, მა-----------–--ს, ირ---–-------–---–-ს, ბე------------ას, და------------ას, და-----------–-ას, კა---------------ს, გო--------–-------ას, ნ---------------ას, ირ---–------------ას გამოკითხვის ოქმები. ბე----------ასგან ამოღებული ფსიქოტროპული ნივთიერება (6,3 გრ პრეგაბალინი), ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით და ბრალდებულ მა----------ას გამოკითხვის ოქმით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქმეში არსებული და მხარეთა შეთანხმებით პრეიდიციულად ცნობილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მა----------ამ 27.02.2019 წ.-ს 6.0 გრ პრეგაბალინის კო-----------ზე და 6,3 გრ პრეგაბალინის ბე-------------ე უკანონო გასაღებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების გასარება) და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობა.

 

ორივე ეპიზოდში დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ორივე დანაშაული აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. სუბიექტური მხრივ მოქმედებები განზრახია.

 

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის;

დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

მა----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, ბრალდებულის გულწრფელი მონანიება, მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა (მარტოხელაა, გარდაეცვალა შვილი), ჯანმრთელობის მდგომარეობა (ჩართულია მჩთ პროგრამაში 01.08.2017 წ.დან და გადის მკურნალობას), ეკონომიკური მდგომარეობა (უმუშევარია, აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც დაკარგა საცხოვრებელი ბინა).

 

მა----------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით მა----------ას საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოო სასჯელად მა----------ას დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების მიხედვით: ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

ვინაიდან არ არსებობს დასახელებული მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები მა----------ა დანიშნულ სასჯელს მოიხდის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

საქართველოს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე, ზომა და სასჯელის მოხდის ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.

 

შესაბამისად, მა----------ასთვის დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 27.02.2019 წ 20:20 სთ-ზე.

 

5. ნივთმტკიცების ბედი, სხვა საკითხები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთმტკიცება - 5 ცალი DVD დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით ამ კანონის მიზნებისათვის, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელია − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე (თუ დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 , მე-5, 73-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა----------ა ცნობილია დამნაშავედ:

 

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

 

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

ამ დანაშაულთა ერთობლიობისთვის საბოლოოდ მა----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაიწყო 27.02.2019 წ 20:20 სთ-ზე.

 

3. ნივთმტკიცება - 5 ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

მა----------ას განემარტოს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით, ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; - 20 წლით, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 წლით.

 

ამ შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა იწყება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

4 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა