გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7332-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
მოსარჩელის წარმომადგენელი - მ----------------ა
მოპასუხე - ზ-----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ-----------–---–- სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4368,51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2040 ლარი, პროცენტი - 638,39 ლარი და პირგასამტეხლო - 1690,12 ლარი;
1.2. ზ-----------–---–- სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლიდან 4 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 2040 ლარზე წლიური 15% სარგებელი, რაც ყოველთვიურად შეადგენს 0,83 ლარს;
1.3. ზ-----------–---–- სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 4 აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 2040 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლო- 0,05%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,02 ლარს.
(მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვა შეამცირა 09.09.2019 წლის მოსამზადებელ სხდომაზე).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 28 ივლისს სს „ს----------–--------სა“ და ზ-----------–---–- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაცა სესხი 2040 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით.
მსესხებელს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და გადასახდელი დავალიანება ჯამში შეადგენს 6058,63 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2040 ლარი, პროცენტი - 638,39 ლარი და პირგასამტეხლო - 3380.24 ლარი;
2. მოპასუხის პოზიცია.
წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ბანკის მოთხოვნა ცნო ძირითადი თანხის - 2040 ლარის ნაწილში, ხოლო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში განმარტა, რომ მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი იყო და არ უნდა დაკისრებოდა.
(მტკიცებულება: შესაგებელი და 09.09.2019 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ს----------–--------სა“ და ზ-----------–---–-- შორის 2016 წლის 28 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2040 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე.
თანხის დაფარვა მსესხებლის მიერ უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.07.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულება #-------;
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზ-----------–---–- ერიცხება დავალიანება 6058,63 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2040 ლარი, პროცენტი - 638,39 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3380,24 ლარი. პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ განსაზღვრა 1690,12 ლარით.
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ იგი, როგორც სტიქიით დაზარალებული, გათავისუფლებული იყო აღნიშნული დავალიანების გადახდისგან, თუმცა ცნობა დავალიანების არარსებობის შესახებ მას არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულება, ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ, ამონაწერი ანგარიშიდან) საწინააღმდეგო მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხისთვის დავალიანების ძირითადი თანხის - 2040 ლარის, პროცენტის - 638,39 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის შემოტანის დღიდან (04.04.2019 წელი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 15%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,83 ლარს) დაკისრება.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სს „ს----------–--------თან“ 2016 წლის 28 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხე ზ-----------–---–- შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა, მის მიერ არ არის ანაზღაურებული კრედიტის ძირითადი თანხა 2040 ლარი და პროცენტი - 638,39 ლარი.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ზ-----------–---–მა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 2040 ლარის ნაწილში. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. რაც შეეხება პროცენტს, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს ბანკის მოთხოვნას პროცენტის დაკისრების ნაწილში.
5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სარჩელით სს „ს----------–--------ი“ ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის სახით მიიღებდა, საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად რომ შეესრულებინა. პროცენტის მიღება კი ბანკის პირდაპირ და უშუალო ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 15% სარგებლის დაკისრების შესახებ.
5.2. მოპასუხისთვის შემცირებული პირგასამტეხლოს - 1690,12 ლარის, ასევე 2019 წლის 04 აპრილიდან (სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 2040 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლო- 0,05%-ის სოლიდარულად დაკისრება, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,02 ლარს.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა, მოთხოვნილი პირგასამტეხლო კვლავ შეუსაბამოდ მაღალია და ერთჯერადად გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი - 0,01%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,2 ლარს.
5.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული შეთანხმება კი სს „ს----------–--------ს“ აძლევს უფლებას, მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 545 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო მოპასუხემ ცნო ბანკის მოთხოვნა ნაწილობრივ, ძირითადი თანხის ნაწილში, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სს „ს----------–--------ს“ უნდა დაუბრუნდეს 413,46 ლარი.
დარჩენილი მოთხოვნიდან სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ შემცირდა), მოპასუხეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 84,99 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 46,55 ლარი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
გარდა ამისა, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გაღებული ხარჯის (სასამართლოს გარეშე ხარჯის) - 100 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, რაც წარმოადგენს გამარტივებული წესით სააღსრულებო წარმოებისას ბანკის მიერ გადახდილ ხარჯს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლისა და 53-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხების ანაზღაურება სრულად უნდა მოხდეს მოპასუხის მიერ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზ-----------–---–- სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2847.39 ლარის გადახდა საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2040 ლარი, სარგებელი - 638.39 ლარი, პირგასამტეხლო - 169 ლარი.
3. მოპასუხე ზ-----------–---–- სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის 04 აპრილიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2016 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2040 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებელის 15%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.83 ლარს.
4. მოპასუხე ზ-----------–---–- სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2019 წლის 04 აპრილიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2016 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2040 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.20 ლარს.
5. მოპასუხე ზ-----------–---–- სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული სააღსრულებო წარმოების საფასურის ასანაზღაურებლად;
6. მოპასუხე ზ-----------–---–- სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 84.99 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. სს ,,ს----------–--------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 22.03.2019წ. N1 საგადასახადო დავალების საფუძველზე (რეფერენსი 1--------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (545 ლარიდან) 413.46 (ოთხასცამეტი ლარი და 46 თეთრი) ლარი (გადამხდელი სს ,,ს----------–--------ი“, (ს.კ. 2--------), გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - TBCBGE22), როგორც ზედმეტად გადახდილი;
8. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 46.55 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად;
9. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-8 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე