განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-506-19
( №021010119001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ა------------–---ი, დაბადებული 1----–-–-----------–------------------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-------–ო;
ადვოკატი: გელა ჯალიაშვილი,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე გ---------------------ის გზიდან გ----------------------------–------–--ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით დაახლოებით 70 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა------------–---ი მისი მართვის ქვეშ არსებული ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომობილით, რომლის სახელმწიფო ნომერია O--------. იმყოფებოდა რა მთვრალ მდგომარეობაში, ავტომობილით მოძრაობის დროს მან არ გაითვალისწინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება, ასევე არ გაითვალისწინა ამავე კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში - თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არ არსებობის შემთხვევაში - სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ.
ა------------–---ის მიერ უგულებელყოფილი იქნა რა ავტომობილით მოძრაობისას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ მოძრაობდა დასახლებულ პუნქტში და არ შეარჩია შესაბამისი სიჩქარე, რომელიც მისცემდა საშუალებას დაეცვა მოძრაობის უსაფრთხოება, არ შეარჩია სწორად მისი სავალი გზის ზოლი და გადავიდა საპირისპიროდ მოძრავი ა/მანქანების სავალ ზოლში, სადაც გზის ნაპირას, მოასფალტებული ნაწილიდან ერთ მეტრში იდგა ე-––-------------ი, რის გამოც დაბრკოლების წარმოქმნისთანავე ვერ უზრუნველყო ა/მანქანის გაჩერება და თავის სავალ ნაწილზე გადასვლა და შეეჯახა ე-––-------------ს. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ე-––-------------ი გარდაცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ა------------–---იის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების რ---–-----–---ის, ა----------–--------ის, ე-–--------------ის, ზ--–-------------–---ის, ს----- ა------–-----, მ--------–--–---ის, მ--------–----------ის, გ--------------ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და არც მომავალში ექნება. მას არ სურს მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება და თანახმაა, რომ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოყენებული იქნეს სხვა არასაპატიმრო სასჯელი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის სიკვდილი, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია ”საგზაო მოძრაობის” შესახებ საქართველოს კანონით, რომლის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს, ამავე კანონის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და ამ კანონში მითითებული საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი, გამყოფი ზოლის არ არსებობის შემთხვევაში - სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი, რომელიც განლაგებულია მარცხნივ.
აღნიშნული ნორმის გაანალიზებით ნათელი ხდება, რომ მოცემული მუხლით სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, აგრეთვე საზოგადოებრივი უშიშროება, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ქმედების სუბიექტური მხარეც, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, 2) დამდგარი შედეგი, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ადამიან(ებ)ის სიცოცხლის მოსპობა, და 3) მიზეზობრივი კავშირის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში: "2019 წლის 11 იანვრის ქიმიურ-ტოქსილოგიური ექსპერტიზის დასკვნით: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „ა------------–---ის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი და ტეტრაჰიდროკანაბინოლი.„ა------------–---ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 0,84% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს." საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 7 თებერვლის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით: "მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლ ა------------–---ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის (ე-––-------------მა (პ/ნ 1----------) დაარღვია თუ არა საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონი, დადებით შემთხვევაში კანონის რომელი მუხლი დაარღვია მან და შეეძლო თუ არა აღნიშნული შეჯახების თავიდან აცილება?) გადაწყვეტა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და რაიმე მათემატიკურ გაანგარიშებას, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილი უნდა იქნეს თვით საგამოძიებო ან სასამართლო ორგანოების მიერ იურიდიული მსჯელობის საფუძველზე."
2019 წლის 22 მაისის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: „მოცემულ საგზაო სიტუაციაში საქმეში არსებული მასალების მიხედვით შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ფორდ-ტრანზიტის მძღოლის ა------------–---ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხპოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ვერ განვითარდებოდა იმ პირობებში, რასაც განმარტავს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ფორდ-ტრანზიტის მძღოლი ა------------–---ი".
2019 წლის 4 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტიზის მიხედვით: "ე-––-------------ის გვამზე, გამოკვლევით, აღინიშნება, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, ქალას ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინში ტრამვული სისხლჩაქცევა, ხერხემლის გულ-მკერდის ნაწილის ტრავმული გაგლეჯვა ზურგის ტვინის დაზიანებით, მწვავე სისხლნაკლებობა, დიდი რაოდენობით თავისუფალი სისხლი და სისხლის კოლტები გულ-მკერდისა და მუხლის ღრუებში, დიაფრაგმის ტრამვული დაზიანება, მარცხენა ფილტვის, ღვიძლის ტრამვული დაზიანება ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა წვივის ძვლების დახურული მოტეხილობა, მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, დაჟეჟილი ჭრილობები ნიკაპის და მერცხენა წვივის მიდამოებში, ნაჭდევი ნიკაპის, ორივე თეძოს, მარჯვენა მტევნის და წელის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია სიკვდილისწინა უახლოეს პერიოდში, მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სიკვდილისწინა უახლოეს პერიოდში, მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ე-––-------------ის სიკვდილის მიზეზია პოლიტრამვა მწვავე სისხლნაკლებობის, ხერხემლის ტრამვული გაგლეჯვის, ქალას ფუძის მოტეხილობის, ჩონჩხის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის და შინაგანი ორგანოების ტრავმული დაზიანების სახით. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილიდნ გასულია 2-3 საათი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-––-------------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,99% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა------------–---ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია და აუნაზღაურდა მატერიალური ზიანი. ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------------–---ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებულს (ბრალდებულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს აუნაზღაურა ზიანი, მან განცხადებით მიმართა რუსთავის რაიონულ პროკურატურას, რომ თანახმა იყო ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების დადების, ასევე მომართა სასამართლოს და ითხოვა მიეცა განმარტება საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე აღნიშნა, რომ თანახმაა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებაზე და არ აქვს მასთან არანაირი პრეტენზია), არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ა------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 6 (ექვსი) წელი.
მასვე, ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
2. ა------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ა------------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე ამოღებული ა------------–---ის ფორდ-ტრანზიტის მარკის ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდგომ, დაუბრუნდეს ა------------–---ს, ხოლო ა------------–---ის და ე-––-------------ის ტანსაცმელი, ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
მოსამართლე მ.მაისურაძე