გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
190210119003121360
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1393-19

(საქმე N1902101190031213-0)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი’’

წ---------------–------------------–-–---–---------–--–--------–---–ი

 

მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებული თანხის 4774.91 (ოთხიათას შვიდასსამოცდათოთხმეტი და 91) ლარის (მათ შორის: ძირი - 3901.13 ლარი, პროცენტი - 476.56 ლარი, პირგასამტეხლო - 390.11 ლარი, დარიცხული სადაზღვეო პრემია - 7.11) გადახდა.

 

1.2. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებული თანხის: 2203.94 (ორიათასორასსამი და 94) ლარის (მათ შორის: ძირი - 1683.70 ლარი, პროცენტი - 351.87 ლარი, პირგასამტეხლო - 168.37 ლარი) გადახდა. (დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 799.30 ლარი, რომელსაც მოსარჩელე თავისი ინიციატივით ამცირებს და ითხოვს 168.37 ლარს).

 

1.3. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25/07/2019 წლიდან სესხის ძირ თანხაზე (3901.13 ლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 80.17 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25/07/2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 962.04 ლარისა.

 

1.4. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს დაეკისროს სს „თ----------ი“-ს მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 238.23 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–მა და განმარტა, რომ იგი აღიარებს ვალის არსებობას თ----------ის წინაშე, გარკვეული თანხა გადახდილი აქვს და განმარტავს, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირი თანხა, გონივრულ დროში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 29 მაისს სს „თ----------სა“ და ა-–---------- თ------–---–ს შორის დაიდო N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 6200 (ექვსიათასორასი) ლარის ოდენობით, 1278 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 25 %-ის დარიცხვით

მოცემულ სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს „თ----------ი“-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 2.1-ე და 3.3.1-ე პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი

- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.

 

3.1.2. 2016 წლის 04 ოქტომბერს სს „თ----------სა“ და ა-–---------- თ------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N С16093074QXB8J4 ხელშეკრულება, რომლის ძალით მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ლიმიტი 2000 (ორიათასი) ლარი, 6459 დღის ვადით, წლიური 3-%-ის დარიცხვით, საბანკო ანგარიშის N GE51TB7505145064100043 პროგრამულად ხელშეკრულების N505145064100043.

მოცემულ სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს „თ----------ი“-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას (ხელშეკრულების 2.1.1.-ე და 6.6.2-ე პუნქტები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N С16093074QXB8J4 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

- ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ინფორმაცია.

 

3.1.3. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, მასზე დარიცხული პროცენტები, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, თუმცა მოპასუხე არ ასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევაში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში, 2019 წლის 27 თებერვლიდან დღემდე აღარ ფიქსირდება გადახდები, მოპასუხეს 09/07/2019; 16/07/2019-ში გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილები, რომლითაც მოპასუხეებს მიეცათ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. დღემდე მოპასუხეს არ შეუსრულებია ვალდებულება, რის გამოც 2019 წლის 25 ივლისს ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3415051-8962694 და N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია N3415051-8962694,- ამონაწერი ანგარიშიდან N GE51TB7505145064100043;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გამაფრთხილებელი წერილების ჩაბარების დასტურები.

 

3.1.4. 25/07/2019-ის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება:

N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე შეადგენს: 4774.91 (ოთხიათასშვიდასსამოცდათოთხმეტი და 91) ლარს, (მათ შორის: ძირი - 3901.13 ლარი, პროცენტი - 476.56 ლარი, პირგასამტეხლო - 390.11 ლარი, დარიცხული სადაზღვევო პრემია - 7.11 ლარი).

N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2834.87 (ორიათასრვაასოცდათოთხმეტი და 87) ლარს, (მათ შორის: ძირი - 1683.70 ლარი, პროცენტი - 351.87 ლარი, პირგასამტეხლო - 799.30 ლარი), დარიცხულ პირგასამტეხლო - 799.30 ლარს კრედიტორი საკუთარი ინიციატივით ამცირებს და ითხოვს პირგასამტეხლოს 168.37 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი,- N С16093074QXB8J4 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.1.5. მხარეთა შორის გაფორმებული N2406629-8496639 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.9-2.10-ე პუნქტის, N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათის ხელშეკრულები შეადგენს ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

კრედიტორი საკუთარი ინიციატივით ამცირებს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 10%-მდე, ძირითადი მოთხოვნის ნაწილში მითითებული პირგასამტეხლო სწორედ გახლავთ ხელშეკრულების შეწყვეტამდე (25/07/2019-მდე) დარიცხული პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი,- N С16093074QXB8J4 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

3.1.6. N3415051-8962694 საბანკო ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს სესხის ხელშეკრულება და მოითხოვოს სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ მსესხებელი ორჯერ ან სისტემატურად არღვევს სესხის დაფარვის გრაფიკს. ზიანი უნდა ანაზღურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს, N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 962.04 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი,- გამაფრთხილებელი წერილების ჩაბარების დასტურები;

- გადახდის ისტორია N3415051-8962694.

 

3.1.7. მხარეთა შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმებული N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.16-ე პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მქომედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4-ე პუნქტში მითითებული ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. დაზღვევის პირობები მითითებულია ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge სადაზღვევო ხარჯები ჯამში შეადგენს 90.98 ლარს. 25/07/2019-ის მდგომარეობით დარიცხული სადაზღვევო პრემია კი შეადგენს - 7.11 ლარს. ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ მითიტებულია N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი N1-ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ,.

- გადახდის ისტორია N3415051-8962694,- N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მან სასამართლოსგან მოითხოვა, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 3-1-ე, 404-ე, 407-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნო მოპასუხემ - 3901,13 ლარის და 1683,70 ლარის ოდენობით).

 

6.2. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს და სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოსა და სარგებლის ნაწილში ( 3901,13 ლარის და 1683,70 ლარის ზევით თანხის დაკისრებაზე) მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ არ ეთანხმება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას, ამ ნაწილში მიიჩნევს, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი და უნდა შემცირდეს .

 

ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის ყოველწლიურად 25 %-ს ოდენობით N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე და 3- %-ის ოდენობით N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებაზე განსაზღვრა , როგორც მაღალის, არის უსაფუძვლო და შესაბამისად, არ უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,, თ----------სა " და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე ცნო დავალიანების ძირი თანხის ნაწილში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, სარჩელის ცნობის გამო, ხოლო სარგებლის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობის გამო.

 

6.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოცულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, როგორც მაღალის, არის საფუძვლიანი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - მოსარჩელემ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველ სასარჩელო მოთხოვნაში განსაზღვრა 390,11 ლარის ოდენობით, სასამართლოს აღნიშნული მიაჩნია როგორც შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მითითებულის ნაცვლად 390,11 ლარისა 39.01 ლარი . 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 411-ე მუხლი ადგენს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ა-–---------- თ------–---–ის მიერ სს 'თ----------ი"-ს წინაშე ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო იგი მიიღებდა იმ თანხას, რაც მეორე სასარჩელო მოთხოვნაშია მითითებული . ამდენად, ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაეკისროს, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 25/07/2019 წლიდან სესხის ძირ თანხაზე (3901.13 ლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 80.17 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25/07/2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 962.04 ლარისა, როგორც მოითხოვს მოსარჩელე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 238.23 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე -50 ლარი, ხოლო 20 ლარი უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის საფასური.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 167.54 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60.16 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 10,53 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

მოპასუხე ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, ასევე 20 ლარი უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის საფასური.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყებებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კერძოდ, მოპასუხე ა-–---------- თ------–---–ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე გარდაბანი, სოფელი ახალი სამგორი ს/კ 81.13.23.3---ის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „თ----------ი“-ს სარჩელი მოპასუხე ა-–---------- თ------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებული თანხის 4423,81 ლარის (მათ შორის: ძირი - 3901.13 ლარი, პროცენტი - 476.56 ლარი, პირგასამტეხლო - 39.01 ლარი, დარიცხული სადაზღვეო პრემია - 7.11) გადახდა, ( უარი ეთქვას პირგასამტეხლოს 351.09 ლარის დაკისრებაზე).

 

1.2. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N С16093074QXB8J4 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანებული თანხის: 2203.94 (ორიათასორასსამი და 94) ლარის (მათ შორის: ძირი - 1683.70 ლარი, პროცენტი - 351.87 ლარი, პირგასამტეხლო - 168.37 ლარი) გადახდა.

 

2. მოპასუხე - ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ N3415051-8962694 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25/07/2019 წლიდან სესხის ძირ თანხაზე (3901.13 ლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 80.17 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 25/07/2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 962.04 ლარისა.

 

3. მოპასუხე ა-–---------- თ------–---–ს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 60.16 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, ასევე 20 ლარი უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის საფასური.

 

სს „თ----------ი“-ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 167.54 ლარი (გადახდილია 25.07. 2019წ. საგადახდო დავალება #34), ხოლო 10,53 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება , რომლითაც მოპასუხე ა-–---------- თ------–---–ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე გარდაბანი, სოფელი ახალი სამგორი ს/კ 81.13.23.3---ის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი