გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010210018002312259
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002312259

2-653/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10/07/2019 წელი ქ.ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს „ლ--------- ს-–------“

წარმომადგენელი:------–---------------ი

მოპასუხე: შპს „თ------ი“

წარმომადგენელი: შო---------–-----------–--------

დავის საგანი: ქმედების დავალდებულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა: შპს „ლ--------- ს-–------“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს „თ------ს“ აეკრძალოს შპს „ლ--------- ს-–------“-ის კუთვნილი ეტიკეტით და შეფუთვით, ან მისი იდენტური ეტიკეტით და შეფუთვით პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია, ასევე ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისროს 3000 ლარის გადახდა. მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე: შპს „ლ--------- ს-–----ი +“ აწარმოებს სპეციალური ლ--------- ტექნოლოგიებით პურ-ფუნთუშეულის დამზადებასა და რეალიზაციას. მისი პროდუქცია საზოგადოებაში სარგებლობს დიდი მოწონებითა და ნდობით. 2012 წლიდან აწარმოებს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს 0%-იან პურს (ს-------ა). დასახელებულ პროდუქციას აქვს გაყიდვების კარგი მაჩვენებელი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათი პურის ხარისხი არის ძალიან მაღალი. 2012 წლის დეკემბერში შპს „ლ--------- ს-–------“-მა დაიქირავა დიზაინერი, რომელთან ერთადაც შეიმუშავა ლ--------- 0%-იანი პურის ლოგოს დიზაინი. ამ ხელშეკრულებით, აღნიშნული პროდუქციის ლოგოზე და შეფუთვაზე მოსარჩელემ შეიძინა საავტორო უფლებები. 2015 წლის 7 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს საქ.პ-------ს და მოითხოვა პურის შეფუთვის გარეკანზე არსებული ეტიკეტის რეგისტრაცია. საქ.პ-------მა პურის შეფუთვის გარეკანზე არსებული ეტიკეტის რეგისტრაცია განახორციელა, რაზეც 2015 წლის 25 ივლისს გასცა შესაბამისი მოწმობა. საავტორო უფლებით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს მთლიანად ეტიკეტი. მასზე გამოსახულია კომპანიის ლოგო, ფერები, დიზაინი და სხვა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ მის საავტორო უფლებას იცავს კანონი, შპს „თ------მა“ ხელყო სასაქონლო ნიშანზე მისი საავტორო უფლებები, რაც მასში მდგომარეობს რომ შპს „თ------ი“ აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს და 0 %-იანი პურის სარეალიზაციოდ იყენებს შპს „ლ--------- ს-–------“-ის გარეგნულად იდენტურ ეტიკეტს. მის მიერ ნაწარმოები პროდუქციის ეტიკეტი იმდენად მსგავსია შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის ეტიკეტისა, რომ მომხმარებელი ვერ არჩევს ამ ორ ნაწარმს, შესაბამისად, შპს „თ------ი“ უწევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და ხელყოფს სასაქონლო ნიშანზე საავტორო უფლებას. განმარტავს, რომ მოპასუხეს ადრეც ჰქონდა შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის პროდუქციის ეტიკეტის აღრევამდე მსგავსი ეტიკეტი, რაც მოსარჩელემ სადაო გახადა და 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მას აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის გამოყენება. მოპასუხემ გარკვეულწილად შეცვალა ეტიკეტის შეფერილობა, მაგრამ ლოგო, დიზაინი, პურის შეფუთვა და სხვა ინფორმაცია ისევ იდენტურია. აღნიშნულით მოპასუხე არღვევს მის საავტორო უფლებას, უსაფუძვლოდ ითვისებს მოსარჩელის ინტელექტუალურ საკუთრებას და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.

2. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს რომ მოსარჩელისა და მოპასუხის პროდუქციის ეტიკეტები, მათზე აღნიშნული სიმბოლოები და ფერთა კომბინაციით განსხვავდება. მათი განსხვავება იმდენად გამოხატულია, რომ მომხმარებელს ერთმანეთში არ აერევა მოსარჩელისა და მოპასუხის პროდუქცია. მათ შორის იდენტურია მხოლოდ სიტყვა ლ---------, რომელიც ქვეყნის დასახელებაა და იგი ვერ იქნება საავტორო უფლებათა ობიექტი. მოსარჩელეს არ აქვს უფლება მას აუკრძალოს სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობას, ხარისხს, რაოდენობას, თვისებას, ღირებულებას და სხვა მახასიათებლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „ლ--------- ს-–------“ საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს. მისი ერთ-ერთი პროდუქტია 0%-იანი პური (ს-------ა)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. 2012 წლის 5 დეკემბერს შპს „ლ--------- ს-–----ი +“-მა თ----- დ-------–---–თან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ თ----- დ-------–---–ს დაუკვეთა მისი საქმიანობის შესრულებისათვის საჭირო პროდუქციის დიზაინი (სავაჭრო ნიშანი). მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მასზედ, რომ პროდუქციის შეფუთვის დიზაინზე (სავაჭრო ნიშანზე) ქონებრივი საავტორო უფლებები მთლიანად გადადის დამკვეთზე და მის საკუთრებაში იქნება კანონით დადგენილი ვადით და პირობებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომსახურების გაწევის ხელშეკრულება ს.ფ 17-19;

 

3.1.3 მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, თ----- დ-------–---–მა მოსარჩელისათვის დაამზადა წარმოებული პროდუქციის ეტიკეტის დიზაინი, რომელსაც ზემოთა მხრიდან აქვს რუხი ფერის ველი, რომლის მარცხენა მხარეს აწერია სიტყვა სერთიფიცირებულია , მარჯვენა მხარეს კი 375, რასაც ქვემოდან მიწერილი აქვს +-25 გრამი. რუხი ფერის ველის შემდეგ გარკვეული ადგილი უჭირავს ოვალურ ორ ზოლში მოქცეულ ველს, რომელსაც გააჩნია თეთრი ფონი. მასზე მითითებულია ლ--------- ს-–----ი, რომლის ზემოთაც გასმულია ხაზი, დახატულია პურის თ------ი და ცხენზე ამხედრებული მხედარი. მის ქვემოთ მარცხენა მხარეს მითითებულია წითელ ფერში შესრულებული 0 %, რასაც მარცხენა მხარეს უჭირავს მთლიანი ადგილი. ნულის ქვემოთ მითითებულია სიტყვა დამზადებულია. 0-ის მარჯვენა მხარეს ზედა ნაწილში წერია დიეტური, რომლის ქვემოთაც ჩამოთვლილია პროდუქციის შემადგენლობა, ჩამონათვალის პირველ ხაზზე წერია სიტყვა „ს-------ა“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ეტიკეტი ს.ფ.20

 

3.1.4. მოსარჩელემ გამოსახულებითი ნიშანი (ეტიკეტი) 2016 წლის 19 ივლისს დაარეგისტრირა საქ. პ-------ში, რის საფუძველზეც 2016 წლის 25 ივლისს გაცემულ იქნა შესაბამისი სასაქონლო ნიშნის მოწმობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საქ.პ-------ის მოწმობა; ს.ფ.21-22

 

3.1.5 შპს „თ------ი“ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა, როგორც მოსარჩელე ასევე თვითონაც აწარმოებს 0%-იან პურს (ს-------ა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები

 

3.1.6 შპს „თ------ის“ 0 %-იან პურის ეტიკეტს აქვს შემდეგი სახე: ეტიკეტს აქვს ოთხკუთხედი ფორმა. ზემო უკიდურეს ნაწილში ეტიკეტის ფორმა არის ყვითელი და მას მარცხენა მხარეს მითითებული აქვს სერთიფიცირებულია. შემდეგი ველი არის წითელი ფონის და მარჯვენა მხარეს მითითებული აქვს 375 +20გ, შუა ნაწილში დიდი ყავისფერი ასოებით გამოხატულია სიტყვა „ლ---------“, რომელსაც ქვემოდან შედარებით პატარა ასოებით მითითებული აქვს ტექნოლოგიით დამზადებული პური. წარწერის ქვეშ თეთრი ასოებით მითითებულია შპს „თ------ი“. ქვემო ნაწილი შესრულებულია ყვითელ ფონზე წითელ ფერში შესრულებული 0%, რასაც მარცხენა მხარეს უჭირავს მთლიანი ადგილი. ნულის ქვემოთ მითითებულია სიტყვა დამზადებულია. 0-ის მარჯვენა მხარეს ზედა ნაწილში პატარა ასოებით წერია საფუარი შაქარი, რომლის ქვემოთაც ჩამოთვლილია პროდუქციის შემადგენლობა, ჩამონათვალის პირველ ხაზზე წერია სიტყვა „ს-------ა“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები

ეტიკეტი ს.ფ 33-97

 

3.1.7 2017 წლის 18 ივლისს შპს „ლ--------- ს-–---- +“-ს და შპს „თ------ს“ შორის სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩნდა დავები. 2017 წლის 18 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს „თ------ს“ აეკრძალა შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის სასაქონლო ნიშნის მსგავსი შეფუთვით პროდუქციის წარმოება. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წელში შპს „თ------ი“ გამოიყენებდა სხვა დიზაინის ეტიკეტს, საქმის განხილვის მომენტისათვის კი სხვა დიზაინის ეტიკეტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს.ფ 23-25

განჩინება ს.ფ 27-30

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა შპს „ლიტვურ ს-–---- +“-ის და შპს „თ------ის“ მიერ ნაწარმოები 0 %-იან პურის შეფუთვისა და ეტიკეტს მსგავსება. ანუ უნდა გაირკვეს ისინი არის თუ არა აღრევამდე მსგავსი და შესაძლოა თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შპს ,,თ------ი“ ამზადებს და რეალიზაცის უკეთებს 0 %-იან პურს, რომელსაც აქვს შპს „ლიტვურ ს-–---- +“-ის კუთვნილი 0 %-იან პურის შეფუთვა და მსგავსი ეტიკეტი. დასახელებული ფაქტების უარყოფის დამტკიცების ვალდებულება მოპასუხეს არ აქვს. მისი ვალდებულებაა გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტების დასამტკიცბლად წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.6. მოსარჩელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხე არღვევს შპს „ლ--------- ს-–------“-ის საავტორო უფლებას, უსაფუძვლოდ ითვისებს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში. თავისი ზეპირი განმარტების გამყარების მიზნით წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

- ხელშეკრულება პროდუქციის შეფუთვის დიზაინის დამზადების თაობაზე. ს.ფ. 17-19;

- შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის 0 %-იან პურის შეფუთვისა და ეტიკეტს დიზაინი. ს.ფ. 20;

- საქ. პ-------ის მოწმობა. ს.ფ. 22;

- ფოტოსურათი. ს.ფ. 33;

- დეპონიერბის დამადასტურებელი მოწმობა. ს.ფ.94

 

3.2.7. საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის 0 %-იან პურის ეტიკეტი და შეფუთვის დიზაინი შედარებული იქნას შპს ,,თ------ის“ 0 %-იან პურის ეტიკეტსა და შეფუთვის დიზაინს. მათი ურთიერთ შედარებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე ორივე სასაქონლო ნიშანი და შეფუთვა ერთმანეთის მსგავსია და გამოიწვევს აღრევას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა მათი ვიზუალური დაკვირვებით. კერძოდ: - ორივე ეტიკეტი ოთხკუთხედი ფორმისაა. ორივე ეტიკეტს შუა ნაწილში თითქმის ეტიკეტის ნახევარზე აწერია წითელ ფერში დახატული 0 %. ,,0“ იმდენად დიდადაა დახატული, რომ პირველივე დანახვისთანავე ნიშანი თვალში საცემია. ასევე შუა ნაწილში გამოკვეთილად აწერია ,,ლ---------“. ერთიდაიგევე ადგილას, ერთნაირადაა ჩამოწერილი ,,ლ---------“, შემადგენლობა და შტრიხ კოდი. მათი დიზაინი, ვიზუალი, განლაგება შრიფტის მოცულობა, ხილვადობა თითქმის იდენტურია. მათი მსგავსება იმდენად დიდია, რომ მომხმარებელი ვერ გაარჩევს პური შპს ,,თ------ისაა“ თუ შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის. მათი გარჩევისათვის აუცილებელია ეტიკეტზე არსებული წარწერების სრულად წაკითხვა. ვიზუალურად, ერთი შეხედვით ის აღიქმება, როგორც შპს „ლ--------- ს-–----ი +“-ის მიერ დარეგისტრირებული ეტიკეტით დამზადებული პური. მოპასუხის მიერ გამოყენებული პურის შეფუთვის დიზაინი და ეტიკიეტის დიზაინი, მოსარჩელის პურის ეტიკეტისა და შეფუთვის იდენტურია, ეტიკეტზე ლოგოსა და ტექსტის ზომა, მათი განლაგება, სახელი, ნიშნები და სხვა იფორმაცია მსგავსია. განსხვავება მხოლოდ ფერშია, მაგრამ ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ პროდუქციის გარჩევისათვის არაა საკმარისი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა აეკრძალოს შპს „ლ--------- ს-–------“-ის კუთვნილი ეტიკეტით და შეფუთვით, ან მისი იდენტური ეტიკეტით და შეფუთვით პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია, ასევე ერთჯერადი კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 3000 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. მოსარჩელის ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენების წესს არეგულირებს საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ”. დასახელებული კანონის პირველი მუხლით ,,ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს”.

 

6.4. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი).

2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით”.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქ.პ-------ის სასაქონლე ნიშნების რეესტრში, 2016 წლის 19 ივლისიდან შპს ,,ლ--------- ს-–----ი +“-ის სახელზე რეგისტრირებულია ლ--------- წარმოშობის ან ლ--------- ტექნოლოგიით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ეტიკეტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე წარმოადგენს საქ. პ-------ში რეგისტრირებული ლ---------, 0%-იანი პურის ეტიკეტის სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს.

 

6.5. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილით სასაქონლო ნიშანი დაცულია ”ს----------ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი ნაწილით ,,რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. ანუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,ს----------ში“. სწორედ რეგისტრაციით ხდება სასაქონლო ნიშანზე უფლების დაცვის რეალიზება. რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნებით ნიშნის მფლობელი სხვა მომხმარებელს აცნობებს მის უფლებას სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესახებ. მეწარმის სხვებისაგან განმასხვავებელი და მომხმარებლისათვის პრაქტიკული გამოცდილებით უკვე კარგად ცნობილი სასაქონლო ნიშანი, ერთი და იმავე დანიშნულების მქონე საქონლის ან მომსახურების ფართო არჩევანის პირობებში, საუკეთესო გზამკვლევია, რათა მომხმარებლმა ადვილად შეარჩიოს მისთვის სასურველი თვისებებისა და ხარისხის პროდუქცია. ცხადია, ამისათვის აუცილებელია, არსებობდეს ჯანსაღი კონკურენტული გარემო, როდესაც არაკეთილსინდისიერი კონკურენტები ვერ გამოიყენებენ სხვისი სასაქონლო ნიშნების იდენტურ ან მსგავს ნიშნებს და ვერ მოახდენენ მაღალი ხარისხისა და რეპუტაციის მქონე პროდუქციის ფალსიფიკაციას. ეს კი მოითხოვს სასაქონლო ნიშნების დაცვის მაღალეფექტურ სისტემას. თავის მხრივ, სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველყოფა ხელს უწყობს მფლობელის აღიარებას და მისი შრომის დაფასებას სათანადო ფინანსური ანაზღაურებით. შედეგად იზრდება მეწარმეთა ინიციატივა, რაც თავის მხრივ, პატიოსანი თანამშრომლობის ვითარებაში ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ მსოფლიოში.

 

სასაქონლო ნიშნების დაცვა ხორციელდება ნიშნის მფლობელის მიერ ე.წ. განსაკუთრებული უფლების მოპოვების საფუძველზე. განსაკუთრებული უფლება გულისხმობს, ერთი მხრივ, მფლობელის მიერ მისი საქონლისა და მომსახურების იდენტიფიკაციის მიზნით სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას და, მეორე მხრივ, სხვა პირების მიერ აღნიშნული სასაქონლო ნიშნის მხოლოდ მფლობელის ნებართვით გამოყენების შესაძლებლობას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. საზოგადოდ, განსაკუთრებული უფლების მოპოვება შესაძლებელია:

- გამოყენებით, როდესაც სასაქონლო ნიშნის დამკვიდრება და უფლებების მოპოვება ხორციელდება, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე, მისი პირდაპირი გამოყენების გზით;

- რეგისტრაციით, როდესაც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ ორგანოში შეტანილი განაცხადის ექსპერტიზის საფუძველზე, გამოიტანება დადებითი გადაწყვეტილება რეგისტრაციის (განსაკუთრებული უფლების მინიჭების) თაობაზე.

 

საქართველოში განსაკუთრებული უფლების მოპოვება ხდება სასაქონლო ნიშნის უშუალოდ ს----------ში რეგისტრაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე. გამონაკლისს მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები წარმოადგენს, რომლებიც რეგისტრაციის გარეშეა დაცული. სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასაქონლო ნიშნის დამკვიდრებისა და მასზე უფლებების მოპოვების ერთ-ერთი გზა სწორედ მისი ინტენსიური და ხანგრძლივი გმოყენებაა. მაგრამ, მხოლოდ რეგისტრაცია იძლევა სასაქონლო ნიშნების სრულყოფილი დაცვის სათანადო გარანტიას. იგი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის განკარგვისა და მასზე განსაკუთრებული უფლებების შეუფერხებელი აღსრულების მყარ საფუძველს.

 

როგორც ზემოთ განვმარტეთ ლ--------- წარმოშობის ან ლ--------- ტექნოლოგიით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის ეტიკეტის სასაქონლო ნიშანი, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია 2016 წლის 19 ივლისიდან. შესაბამისად ამ დღიდან სასაქონლო ნიშანზე მის უფლებას იცავს კანონი. შპს ,,თ------იც“ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა. ისიც ამზადებს ლ--------- ტექნოლოგიის პურს, მათ შორის 0 %-იან პურს. ბუნებრივია ჯანსაღი კონკურენცია მოითხოვს მეწამრე სუბიექტებს შეუზღუდავად ჰქონდეთ ლ--------- ტექნოლოგიით პურ-ფუნთუშეულის დამზადებისა და რეალიზაციის უფლება, მაგრამ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და იგი არ უნდა არღვევდეს სხვა პირთა ინტელექუალურ საკუთრებას. სადაო საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელია სამართლებრივი შეფასება გაუკეთდეს მოპასუხის მოქმდებას. ანუ საკითხს, მას აქვს თუ არა უფლება ნაწარმოები პური შეფუთოს ისეთი დიზაინით და რეალიზაცია გაუკეთოს ისეთი ეტიკეტით, რომელიც მოსარჩელის სასაქონლო ნიშნადაა რეგისტრირებული.

 

6.6. სასამართლო მხარეებს მიუთითებს ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი დაცულია ”ს----------ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე“. ასევე ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. სწორედ რეგისტრაცია ანიჭებს მფლობელს უფლებას, მესამე პირს აუკრძალოს მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული.

 

მოსარჩელემ 2016 წლის 19 ივლისს მოიპოვა უფლება, საქართელოს ტერიტორიაზე კონკრეტული სასაქონლო ნიშნის მქონე პურს მხოლოდ მან გაუკეთოს რეალიზაცია. ესაა იმ შეფუთვით და ეტიკეტით ნაწარმოები პური, რომლის სასაქონლო ნიშანიც რეგისტრირებულია ს----------ში. მოპასუხეს არ აქვს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა ის თავის საქმიანობაში იყენებს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავს ეტიკეტს და ამ გზით მომხმარებელი შეყავს შეცდომაში. მომხმარებელი ვერ არკვევს ვის პურს ყიდულობს. არსებობს უმაღლესი ხარისხის ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელს შპს ,,თ------ის“ პური, ეტიკეტის იდენტურობის გამო შპს ,,ლ--------- ს-–----ი +“-ის პური ეგონოს და შეიძინოს მისი რეპუტაციის გამო. სწორედ ასეთი ქმედება წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის გამოყენების წესების დარღვევას და არაჯანსაღ კონკურენციას.

 

6.7. ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

- თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა;

- მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

- ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;

- სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე, მოსარჩელის ინტერესში მყოფ სასაქონლო ნიშანს იყენებს უკანონოდ. მის მიერ ნაწარმოები 0 %-იანი პური, მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტურია. ეტიკეტი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამ ნიშნის გამოყენება მოპასუხეს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს და ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მოსარჩელის უფლებების დასაცავად ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუქნტის საფუძველზე მოპასუხეს უნდა აეკრძალოს პურ-ფუნთუშეულის წარმოება მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის მსგავსი პურ-ფუნთუშეულის შეფუთვითა და ეტიკეტით. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. მოსარჩელე მოითხოვს მისი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფისათვის მოპასუხეს ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისროს 3000 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ“ პუნქტის საფუძვლიდან. დასახელებული ნრომით სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, აკრძალვის გარდა, მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული სასაქონლო ნიშნის იდენტურობა ან დაცულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსების ხარისხი, საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. გარდა აღნიშნულისა კანონის 45-ე მუხლის მეშვიდე პუნქტში განმარტებულია, რომ ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა. ყველა ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა გონივრულია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 200 ლარს. მოსარჩელეს გადახდილი აქვს 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო გადახდილი ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მასვე დამატებით სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

 

7.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოსარჩელემ გასწია ხარჯები (მგზავრობა, სასტუმრო და ა.შ.). მისი ოდენობა შეადგენს 102,60 ლარს. დასახელებული ხარჯი საპროცესო ხარჯია და მისი ანაზრაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ლ--------- ს-–----ი +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

2. შპს „თ------ს“ აეკრძალოს შპს „ლ--------- ს-–------“-ის სასაქონლო ნიშნის, ან მისი იდენტური ეტიკეტით და შეფუთვით, პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია.

3. შპს „თ------ს“, შპს ,,ლ--------- ს-–----ი +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის სახით 3000 ლარის გადახდა.

4. შპს „თ------ს“, შპს ,,ლ--------- ს-–----ი +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და სხვა საპროცესო ხარჯების სახით გაწეული 102,6 ლარის ანაზღაურება.

5. შპს „თ------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დმატებით დაეკისროს ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე