განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003189187
N1/250-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–------–-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა------ ა------, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, ჭავჭავაძის ქუჩა N--; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში); 2) საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინაწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 19 აგვისტოს, ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------ ა------მ, საცხოვრებელ ბინაში, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დას - მ------ ა------ს, ხოლო შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ა------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. 2019 წლის 19 აგვისტოს, ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მცხოვრებმა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------ ა------მ, საცხოვრებელ ბინაში, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დის - მ------ ა------- შვილიშვილს - ა----------–--ეს, ხოლო შემდეგ წინასწარი შეცნობით 0--------- წელს დაბადებულ არასრულწლოვან ა----------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ა------ ა------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
4. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ა------- მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების - მ------ ა------- და ა----------–--ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ნ-------- ბ--------–--, ი-----–- ტ--------- და ვ------- ს---------- გამოკითხვის ოქმები; ა.ხ------–---ს დაბადების მოწმობის ასლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განაჩენის ასლი; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენის ასლი; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების N--------- დასკვნა; იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 6 სექტემბრის N----- ცნობა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ა------ ა------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
11. დანაშაულის (სსკ 151 მუხლი) ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. ამ პუნქტში პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველია დაზარალებულის ასაკი, მისი მდგომარეობა. ამასთან, დამნაშავემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მუქარას, რომელსაც ახორციელებს, მიმართულია 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისადმი. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელია სრულწლოვანი, რადგან სწორედ მას მოეთხოვება იყოს მეტად მიმტევებელი და შემწყნარებელი არასრულწლოვნის მიმართ.
12. საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით ა------ ა------მ ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით);
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
14. ა------ ა------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
16. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კი დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა------ ა------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს როგორც პირის მსჯავრდებას ჩადენილი ქმედებისათვის, ასევე, ამ ქმედებისათვის ადეკვატურ სასჯელს, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული კერძო და ზოგადი პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვას მოძალადისაგან. ზოგადი პრევენციის შესაფასებლად, სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოში ოჯახური ძალადობის მომრავლებას, რაც წარმოადგენს სოციალურ პრობლემას და მისი აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით აუცილებელია მოძალადეს განესაზღვროს ადეკვატური სასჯელი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
17. ა------ ა------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ა------ ა------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; სსკ 67 მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად გაუქმდა მსჯავრდებულ ა------ ა------ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა------ ა------ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (ნაცვლად დანიშნული ჯარიმისა 1500 ლარის ოდენობით) მიემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა------ ა------ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით, და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა------ ა------, სასჯელის მოხდით გათავისუფლებული იქნა 2019 წლის 18 თებერვალს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და არ არის გასული სამ წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 6 სექტემბრის N----- ცნობით, მას გადახდილი არ აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ა------ ა------- მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------ ა------ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
18. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ა------- მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას, გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქვის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ა------ ა------- მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქვის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ა------ ა------- მიმართ დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შთანთქვის საფუძვლები. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, უნდა ჩთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ ა------ ა------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------ ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა------ ა------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას წინა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის 1000 (ათასი) ლარის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა------ ა------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ა------ ა------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
ა------ ა------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აგვისტოდან;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე