გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310117002035340
№3-582/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე – შპს „ს----“
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა
მოპასუხე – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი გო------- ზე----–-შვილი
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ივლისის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 24 ივლისის №0----- სამართალდარღვევის ოქმი და 2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- სამართალდარღვევის ოქმი.
1.2.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 ივლისით დათარიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „ს---“ დაჯარიმდა 400 ლარით;
2017 წლის 7 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, გუ-–------- ხო-----–---–მა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ბრძანების გარეშე უკანონოდ ჩაატარა შემოწმება და როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, მას შეუდგენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №0-----, რომლის საფუძველზე შპს „ს----“ (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;
შემოწმების საფუძვლად წარმოდგენილია გაურკვეველი პირის მიერ შედგენილი ე.წ. „დავალება“, რაც არ ნიშნავს კანონით გათვალისწინებულ - შემოწმების ბრძანებას;
საჯარიმო აქტის ეგზემპლარი შემოწმების დღეს არ გადასცემია შპს „ს-----ს“ და ოქმის შემდგენმა განაცხადა, რომ ფოსტით გაეგზანებოდა, შემდგომში მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტზე კი აღნიშნულია, რომ თურმე ამ დღეს „სამართალდამრღვევი“ ადგილზე - არ იმყოფებოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
2017 წლის 24 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტომ განმეორებით ჩაატარა შემოწმება ქ. ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში და ამჯერად წარუდგინა 2017 წლის 21 ივლისის №7--- ბრძანება, შემოწმების შესახებ.
შედგენილი იქნა №0----- სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე შპს „ს----“ (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ეტიკეტირების წესების დარღვევისათვის, „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1200 ლარით დაჯარიმება;
სამართალდარღვევის ოქმი არის უკანონო, რადგანაც წინა, 2017 წლის 7 ივლისის შემოწმება შესაბამისი ბრძანების გარეშე, უკანონოდ ჩატარდა. ამასთან, 24 ივლისისათვის, როდესაც №0----- სამართალდარღვევის ოქმი შესდგა, შპს „ს-----ს“ არ ჰქონდა ჩაბარებული, თავდაპირველი, 7 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი,ასევე, 2017 წლის 26 ოქტომბერს ქ. ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ბრძანების გარეშე, უკანონოდ ჩაატარა შემოწმება და შეადგინა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2017 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „ს----“ „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა, 400 ლარით - შეუსაბამობის აღმოჩენასთან დაკავშირებით;
შპს „ს---“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში მეხუთედ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, რაც მიუთითებს პირად ინტერესსა და აშკარა დევნაზე, ბიზნესის ჩაძირვის მიზნით, რის საფუძველსაც ის წარმოადგენს, რომ შპს „ს---“ მის მიმართ შედგენილ ოქმებს არ ეთანხმება და ყოველთვის ასაჩივრებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ შპს „ს----“ (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი, აქვს სუპერმარკეტი და ეწევა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, ბიძინა ჯიბლაძემ და გუ-–------- ხო-----–---–მა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე, სურსათის ნაწილზე არ იყო დაცული შენახვის ვადები, ხოლო ნაწილი მიჩნეული იქნა მავნე სურსათად და დაილუქა.
2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 7 ივლისის №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტი;
- 2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.3. 2017 წლის 24 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების აქტის №0----- თანახმად, სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტირების დარღვევით, არ არის სრულყოფილი ქართულენოვანი ინფორმაცია ყველის, ტომატის, კონსერვების, ბოსტნეულის მწნილეულის და მაკარონის ეტიკეტებზე, ასევე, მშრალ ნახშირწყლოვან ნაწარმსა და შოკოლადებზე.
2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1 200 ლარით დაჯარიმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 ივლისის დოკუმენტური შემოწმების აქტი №0-----;
- 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.4. 2017 წლის 24 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, შესდგა შესაბამისობის შეფასების აქტი №0----, რომლითაც აღმოჩენილ დარღვევებთა დაკავშირებით ბიზნესოპერატორს მიეცა კონკრეტული მითითებები: საწარმოში არსებული ხელსაბანი ნიჟარა უნდა იქნას აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ხელის დეზინფექტანტი, ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი); საწარმო უნდა აღიჭურვოს მწერების დამჭერი საშუალებებით; სამაცივრე დანადგარებში უნდა აღიჭურვოს ტემპერატურის მზომი ხელსაწყოებით; ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები სავაჭრო დარბაზში ტემპარატურული რეჟიმისა და ატმოსფერული ტენიანობის კონტროლის შესახებ; პერსონალის ტუალეტის ხელსაბანი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ხელის დეზინფექტანტი, ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი); საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სისუფთავე ყველა უბანზე, დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურა უნდა აღირიცხოს თარიღისა და დროის მითითებით; ბიზნესოპერატორმა სარეალიზაციოდ უნდა განათავსოს მხოლოდ ვადიანი და უვნებელი სურსათი; მოხდეს წარმოების/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ტოქსიურობაზე ლაბორატორიული ტესტირება აკრედიტებულ ლაბორატორიაში(ტყვიის შემცველობაზე). ამასთან, გამოცდის ოქმში შესაძლებელი უნდა იყოს პარტიის იდენტიფიცირება (თურქული წარმოების წითელი წიწაკა მსხვილად დაფქვეული, ქონდარი მსხვილად დაფქვეული, წიწაკა მსხვილად დაფქვეული, შერეული სუნელი); მაცივრებში არაერთგვაროვანი წარმოშობის სურსათი უნდა იყოს განცალკევებული იმგვარად, რომ ცალკეული სახეობის წარმოშობის სურსათმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები; ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბიზნესოპერატორმა უნდა აღრიცხოს სადეზინფექციო და სადეზინსექციო საშუალებების გამოყენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 ივლისის შესაბამისობის შეფასების აქტი №0----;
- მხარის ახსნა-განმარტებები.
3.5. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 20 სექტემბრის №120-2 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 26 ოქტომბერს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა მითითებების შესრულების გადამოწმება. შესაბამისობის შეფასების №0----ა აქტის თანახმად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 24 ივლისის შესაბამისობის შეფასების №0---- აქტით დადგენილი მითითებები არ იყო შესრულებული.
2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 ოქტომბრის №02-662 დოკუმენტური შემოწმების აქტი;
- 2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.6. შპს „ს-----მა“ 2017 წლის 2 აგვისტოს სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ბათილად ცნობა (საქმე №3-582);
შპს „ს-----მა“ 2017 წლის 2 აგვისტოს სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ბათილად ცნობა (საქმე №3-583);
შპს „ს-----მა“ 2017 წლის 3 ნოემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ბათილად ცნობა (საქმე №3-756); სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გაერთიანდა სამივე ადმინისტრაციული საქმე ერთ საქმედ და მიენიჭა საქმის ნომერი: 3-582/19.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „ს-----ის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა თუ არა 2017 წლის 7 ივლისს, 24 ივლისს და 28 ოქტომბერს დოკუმენტური შემოწმების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით სამართალდარღვევების გამოვლენა, არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევები, რამაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განაპირობა მოსარჩელის მიმართ სანქციის დაკისრება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ არეგულირებს და განსაზღვრავს: ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს; გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს; ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს; ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს; ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს; თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს; ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ს----“ (სიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი, აქვს სუპერმარკეტი და ეწევა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის რეალიზაციას.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსზე“, რომლის მე-181 მუხლი ადგენს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში. კერძოდ, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.
ამასთან, თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.
ამდენად, ბიზნესოპერატორის ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება და იგივე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ავსებს სამართალდარღვევის ოქმს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, მავნე სურსათის/ცხოველის საკვები არის ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს.
ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სურსათი მავნედ მიიჩნევა თუ: 1) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯამრთელობას; 2) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება, ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების №1 დანართის „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის“ მე-5 მუხლით გასაზღვრულია მოთხოვნები, საწარმოს შენობის მიმართ:
1. საწარმოს შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ:
ა) იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას;
ბ) იძლეოდეს დასუფთავების, დეზინფიცირების, ჰაერიდან დაბინძურების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს ჰიგიენური პირობების დაცვა და არსებობდეს ადეკვატური სამუშაო სივრცე;
დ) არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, სურსათის/ცხოველის საკვების კონტაქტი ტოქსიკურ მასალებთან, სურსათში/ცხოველის საკვებში უცხო ნაწილაკების მოხვედრა და ზედაპირზე კონდენსატის ან არასასურველი ობის სოკოს წარმოქმნა;
ე) ხელს უწყობდეს ჰიგიენის კარგი პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის, დაბინძურებისაგან დაცვას, კერძოდ, მავნებლების კონტროლს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სურსათის/ცხოველის საკვების სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობების დაცვა, ამასთან, იძლეოდეს ტემპერატურის კონტროლის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღრიცხვის შესაძლებლობას.
2. ტუალეტი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის, ადვილად უნდა ხდებოდეს მისი დასუფთავება/დეზინფიცირება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დრენაჟის ეფექტიანი სისტემით და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით. ტუალეტის კარი არ უნდა იღებოდეს იმ ოთახში, სადაც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება.
3. შენობაში უნდა იყოს შესაბამის ადგილას განთავსებული საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი, აღჭურვილი სათანადო ჰიგიენური საშუალებებით, ცხელი და ცივი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, სურსათის/ცხოველის საკვების გასარეცხი მოწყობილობა განცალკევებული უნდა იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობისაგან.
4. შენობა, მათ შორის, სანიტარიული კვანძები, აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით. ვენტილაციის სისტემა უნდა იყოს დაგეგმარებული და მოწყობილი ისე, რომ ჰაერი არ მიედინებოდეს დაბინძურებული ადგილიდან სუფთა ადგილისაკენ, ასევე შესაძლებელი იყოს ფილტრებისა და სხვა ნაწილების ადვილად გაწმენდა და შეცვლა.
5. სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილ შენობებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათება. გასანათებელი მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარად დაცული, რომ ნათურის, მათ შორის, აღჭურვილობების შიდა ზედაპირის დათვალიერებისთვის დასაშვები გადასატანი ნათურის ან გასანათებელი მოწყობილობის გატეხის შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება.
6. საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე. ფანჯრები, ფანჯრის მინები, სივრცეები, გამათბობელი მოწყობილობები, სავენტილაციო კამერები და არხები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში.
7. საჭიროების შემთხვევაში, შენობაში უნდა იყოს პერსონალის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ადგილი.
8. სადრენაჟო სისტემა ისე უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურების რისკი. ნარჩენები დაბინძურებული ტერიტორიიდან არ უნდა მოხვდეს სუფთა ტერიტორიაზე.
ამავე წესების მე-6 მუხლის თანახმად, სათავსი, სადაც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებას, კერძოდ: ა) შესასვლელები უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოში სურსათის/ცხოველის საკვების რაიმე სახით დაბინძურება; ბ) იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის რეკომენდებულია, იატაკის ზედაპირისათვის გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა. საჭიროების შემთხვევაში, იატაკი უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს ზედაპირის ადეკვატური დრენაჟის საშუალებას; გ) კედლის (ტიხრების) ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის რეკომენდებულია კედლის ზედაპირის დასაფარად გამოყენებულ იქნეს წყალგაუმტარი, შეწოვის უნარის არმქონე, რეცხვადი და არატოქსიკური მასალა, ტექნოლოგიური პროცესისათვის საჭირო სიმაღლეზე; ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა; დ) ჭერი მოპირკეთებული უნდა იყოს ისე, რომ ადვილად იწმინდებოდეს, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, არასასურველი ობის წარმოქმნა, ნაწილაკების ცვენა და მინიმუმამდე იქნეს შემცირებული კონდენსატის წარმოქმნა; ე) ფანჯრები და სინათლის სხვა ღიობები (მათ შორის, სარკმლები, სანათი მოწყობილობები) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება. ის ფანჯრები, რომლებიც გადის გარეთ, უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი და ადვილად გასაწმენდი ბადით. თუ ღია ფანჯრები შეიძლება გახდეს დაბინძურების წყარო, წარმოების დროს ისინი უნდა იყოს დახურული; ვ) კარები უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი, შეწოვის უნარის არმქონე და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა; ზ) ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის რეკომენდებულია, ზედაპირი დამზადდეს გლუვი, რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური მასალით. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა; თ) სათავსში, რომელშიც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება, ყველა სახის დაკიდებული კონსტრუქციები დამონტაჟებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება კონდენსატით. დაკიდებული კონსტრუქციები ადვილად უნდა სუფთავდებოდეს. 2. სათავსში უნდა იყოს მოწყობილობა, რომელშიც მოხდება ინვენტარისა და აღჭურვილობების რეცხვა, წმენდა, დეზინფიცირება და შენახვა. ეს მოწყობილობა დამზადებული უნდა იყოს კოროზიისადმი მდგრადი, ადვილად რეცხვადი მასალისაგან და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით. 3. სათავსში განთავსებული უნდა იყოს სურსათის/ცხოველის საკვების რეცხვისთვის საკმარისი რაოდენობის ნიჟარა, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ცივი ან/და ცხელი წყლით და დააკმაყოფილებს ამ წესის მე-8
6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 7 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, ბიძინა ჯიბლაძემ და გუ-–------- ხო-----–---–მა ჩაატარეს შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების №0----- აქტის თანახმად, არ იყო დაცული სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები, სურსათის ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტების გარეშე, სურსათის ნაწილზე არ იყო დაცული შენახვის ვადები, ხოლო ნაწილი მიჩნეული იქნა მავნე სურსათად და დაილუქა.
2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების აქტის №0----- თანახმად, სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტირების დარღვევით, არ არის სრულყოფილი ქართულენოვანი ინფორმაცია ყველის, ტომატის, კონსერვების, ბოსტნეულის მწნილეულის და მაკარონის ეტიკეტებზე, ასევე, მშრალ ნახშირწყლოვან ნაწარმსა და შოკოლადებზე.
2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1 200 ლარით დაჯარიმება;
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა, ჩაატარა შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების აქტის №0----- თანახმად, სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებული იყო ეტიკეტირების დარღვევით, არ არის სრულყოფილი ქართულენოვანი ინფორმაცია ყველის, ტომატის, კონსერვების, ბოსტნეულის მწნილეულის და მაკარონის ეტიკეტებზე, ასევე, მშრალ ნახშირწყლოვან ნაწარმსა და შოკოლადებზე.
2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 1 200 ლარით დაჯარიმება;
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 20 სექტემბრის №120-2 ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 26 ოქტომბერს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა მითითებების შესრულების გადამოწმება. შესაბამისობის შეფასების №0----ა აქტის თანახმად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 24 ივლისის შესაბამისობის შეფასების №0---- აქტით დადგენილი მითითებები არ იყო შესრულებული.
2017 წლის 26 ოქტომბრის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა - 400 ლარით დაჯარიმება;
სასამართლო ვერ გაიზიარებს სასარჩელო განცხადებაში მითითებულ გარემოებას, რომ შპს „ს-----ის“ შემოწმების საფუძვლად წარმოდგენილია გაურკვეველი, არაუფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი და ეს არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ - შემოწმების ბრძანებას, რის გამოც 2017 წლის 7 ივლისს შემოწმება უკანონოდ ჩატარდა;
სასამართლოს მიერ დაგდენილია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის №2-14 ბრძანების შესაბამისად, ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმების თაობაზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 6 ივლისის №9215/09-4 დავალებით, სამმართველოს კონკრეტულ მუშაკებს დაევალათ, 2017 წლის 7-21 ივლისს 50 ბიზნესოპერატორის, მათ შორის შპს „ს-----ის“ დოკუმენტური შემოწმება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დავალება სრულ შესაბამისობაშია ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მოთხოვნებთან და წარმოადგენს ბიზნესოპერატორის შემოწმების კანონიერ, სამართლებრივ დოკუმენტს და საფუძველს.
2017 წლის 24 ივლისის შემოწმების საფუძველს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსის 2017 წლის 21 ივლისის №7--- ბრძანება და 26 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმების საფუძველს კი 20 სექტემბრის N120-2 ბრძანება წარმოადგენს.
ამდენად, მოსარჩელე მხარის ეს არგუმენტი სადავო აქტების კანონწინააღმდეგობის სამტკიცებლად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
6.5. სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესზე, რომელიც განმარტავს (მუხლი 2), რომ: ა) არაკრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში; ხოლო კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე, განუმარტავს მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებებს შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებით. უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ 2017 წლის 24 ივლისს ბათუმში, ლე-----ის ქუჩა №2--ში არსებულ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოავლინა მთელი რიგი, არაკრიტიკული შეუსაბამობებისა, რის გამოც შესდგა შესაბამისობის შეფასების აქტი №0----, რომლითაც აღმოჩენილ დარღვევებთა დაკავშირებით ბიზნესოპერატორს მიეცა კონკრეტული მითითებები: საწარმოში არსებული ხელსაბანი ნიჟარა უნდა იქნას აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ხელის დეზინფექტანტი, ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი); საწარმო უნდა აღიჭურვოს მწერების დამჭერი საშუალებებით; სამაცივრე დანადგარებში უნდა აღიჭურვოს ტემპერატურის მზომი ხელსაწყოებით; ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ჩანაწერები სავაჭრო დარბაზში ტემპარატურული რეჟიმისა და ატმოსფერული ტენიანობის კონტროლის შესახებ; პერსონალის ტუალეტის ხელსაბანი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ხელის დეზინფექტანტი, ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცი); საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სისუფთავე ყველა უბანზე, დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურა უნდა აღირიცხოს თარიღისა და დროის მითითებით; ბიზნესოპერატორმა სარეალიზაციოდ უნდა განათავსოს მხოლოდ ვადიანი და უვნებელი სურსათი; მოხდეს წარმოების/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ტოქსიურობაზე ლაბორატორიული ტესტირება აკრედიტებულ ლაბორატორიაში(ტყვიის შემცველობაზე). ამასთან, გამოცდის ოქმში შესაძლებელი უნდა იყოს პარტიის იდენტიფიცირება (თურქული წარმოების წითელი წიწაკა მსხვილად დაფქვეული, ქონდარი მსხვილად დაფქვეული, წიწაკა მსხვილად დაფქვეული, შერეული სუნელი); მაცივრებში არაერთგვაროვანი წარმოშობის სურსათი უნდა იყოს განცალკევებული იმგვარად, რომ ცალკეული სახეობის წარმოშობის სურსათმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები; ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბიზნესოპერატორმა უნდა აღრიცხოს სადეზინფექციო და სადეზინსექციო საშუალებების გამოყენება.
სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები არ დგინდება საქმეში არსებული მასალებით.
6.6. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის მე-7-მე-9 პუნქტების თანახმად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. თუ ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს №0----- და №0----- დოკუმენტური შემოწმების აქტებსა და №0----/ა შესაბამისობის შეფასების აქტებზე, სადაც სამივე შემთხვევაში შპს „ს-----ის“ წარმომადგენელი სადავოდ არ მიიჩნევს შემოწმების შედეგად გამოვლენილ და დაფიქსირებულ დარღვევებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლი არ გამოცხადდა, ხოლო წარმოდგენილ სარჩელებში თვით დარღვევის ფაქტები, რაც დოკუმენტური შემოწმების და შესაბამისობის შეფასების აქტებსა და სამართალდარღვევათა ოქმებშია აღწერილი, სადავო არც არის გამხდარი.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის დამტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრონციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებთა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონს ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი.
აქედან გამომდინარეობს, რომ ხსენებული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას, აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ს-----ის“ სავაჭრო ობიექტზე გამოვლინდა მთელი რიგი შეუსაბამობები, რის გამოც მას დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს-----ის“ სარჩელი 2017 წლის 7 ივლისის №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 26 ოქტომბრის №0----- სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. რაც შეეხება, 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) კანონშესაბამისობას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ასევე, სხვა ადმინისტრაციული საკანონმდებლო აქტები განსაზღვრავს განმეორებით ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნებას და ხშირად, მართლსაწინააღმდეგო, განმეორებით ჩადენილი ქმედება, დამოუკიდებელი ნორმისა და კონკრეტული ქმედების კვალიფიკაციის საფუძვლის სახით არის წარმოდგენილი.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კოდექსის 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შედგენის დროისათვის მოქმედი რედაქციის 741-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევის მხრივ გამიჯნულია, ორი სხვადასხვა სამართალდარღვევა:
1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ განმეორებით ჩადენაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც პირის მიერ 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პირს შეფარდებული აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა და ამის შემდეგ, პირველი სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში თუ ადგილი აქვს იგივე დარღვევის განმეორებას (განმეორებით ჩადენას).
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) შპს „ს----“ მიჩნეულ იქნა „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახედ შეეფარდა ჯარიმა, 400 ლარით, თუმცა 2017 წლის 24 ივლისს, ანუ №0----- საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) შედგენის დროს, შპს „ს-----ს“ მიღებული (ჩაბარებული) არ ჰქონდა და შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო 2017 წლის 7 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითრისა და მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის, სახდელის (ჯარიმის) შესახებ, რაც აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს იმისათვის, რომ ქმედება შეფასდეს, როგორც ერთი და იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა და ამისი შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭოს მას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შპს „ს-----ის“ მიმართ ჩატარებული შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევა შეეფასებინა „სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის“ კანონის 741-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომად, ანუ ქმედებად, რომელიც ჩადენილია განმეორებით, 1 წლის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.
აღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ს-----ის“ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს-----ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2017 წლის 24 ივლისს ჩატარებულ შემოწმებით გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, თავიდან უნდა ჩაატაროს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (უფლებამოსილმა პირმა).
სასამართლო ამასთან დაკავშირებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100-100 ლარის ოდენობით (სულ 300 ლარი) თითოეულ სარჩელზე, წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს შპს „ს-----ის“ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ს-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №0----- საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);
3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სამართალდარღვევის ოქმი), შპს „ს-----ის“ მიმართ, 2017 წლის 24 ივლისს ჩატარებულ შემოწმებასთან დაკავშირებით.
4. შპს „ს-----ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე მხარეს, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე