გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2019
საქმის ნომერი
030210019002798967
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030210019002798967

№2/06-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29.08.2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ზ----- ა------

წარმომადგენელი ვ-–-------- ს-------

მოპასუხე სს „ვ------ ბ---- ჯ--------“

წარმომადგენლები ს--–---- ბ-----–---

დავის საგანი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს საჯარო რეესტრში 8----------- ნომრით რეგისტრირებული სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი: 4-- კვ.მ. შენობა-ნაგებობა N-, განაშენიანების ფართი:----- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 1--- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 2-- კვ.მ, და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნას ზ----- ა------.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2004 წლის 26 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთში, საკადასტრო კოდი: 0-----------, მოპასუხესა და კ---- კ---–---–- შორის 2004 წლის 26 აპრილს N0----- მიკროსაკრედიტო ხაზისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სესხის დაფარვას შეექმნა პრობლემები და დაიწყო იძულებითი აღსრულება, მაგრამ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, მსესხებელმა კ---- კ---–---–-- ბანკის მიმართ არსებული დავალიანება სრულად დაფარა და ამით შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა როგორც მოპასუხე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა, აღმასრულებელმა თ---------- ხ--------- გასცა 2010 წლის 11 აგვისტოს N0-/1---- განკარგულება, რომლითაც იპოთეკის საგანი გადაეცა საკუთრების უფლებით სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“.

 

იმის მიუხედავდ, რომ ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი სესხის სრულად დაფარვის გზით, სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ წარმომადგენელმა წარადგინა განკარგულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გადაიხადა მომსახურების ღირებულება 50 ლარი და მოითხოვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

 

ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა სს „ვ------ ბ---- ჯ--------“, მას შემდეგ რაც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი დაფარული იყო მთლიანად და მსესხებელს კ---- კ---–---–- არ ერიცხებოდა დავალიანება. სს „ვ------ ბ---- ჯ--------“ უსაფუძვლოდ გამდიდრდა, კრედიტი სრულად დაიბრუნა და ასევე მიისაკუთრა იპოთეკის საგანი, რითაც მესაკუთრე ზ----- ა------ დააზარალა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2004 წლის 26 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკარსა და კ---- კ---–---–- შორის 2004 წლის 26 აპრილს გაფორმებული N0----- მიკროსაკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე, გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ზ----- ა------- საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, სარეგისტრაციო კოდი: 2--------------, სალიკვიდაციო ღირებულებით 4000 აშშ დოლარი. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მესაკუთრის საკუთრებას, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 0--------, თარიღი: 23.04.04. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეაფსებულია 4000 აშშ დოლარად, 7960 ლარი (კურსი 1,99). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სარგებელი შეადგენს წლიური 24%-36%, შესრულება განისაზღვრება 22 თვის ვადით.

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 აგვისტოს N0-/1---- განკარგულების შესაბამისად, ვიანიდან 2010 წლის 26 ივლისს დანიშნული განმეორებითი იძულებით აქუციონზე არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, კრედიტორის კანონიერმა წარმოამდგენელმა განცხადებით მოითხოვა ნივთის ნატურით გადაცემა. მესაკუთრე "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით გახდა სს „ვ------ ბ---- ჯ--------“. კრედიტორმა სს „ვ------ ბ---- ჯ--------მ“ ნივთის ნატურით გადაცემისთვის გათვალისწინებული თანხა 264,80 ლარი გადაიხადა სრულად.

 

3.2.3. 2010 წლის 23 აგვისტოს N- საგადასახადო დავალების მიხედვით, გადამხდელის დასახელება არის სს „ვ------ ბ---- ჯ--------“, მიმღების დასახელება - საჯარო რეესტრი, გადახდელი ბანკი - სს „ვ------ ბ---- ჯ--------“, გადახდის დანიშნულება - საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური, გადახდილია - 50 ლარი.

 

3.2.4.2012 წლის 05 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, მესაკუთრე არის სს „ვ------ ბ---- ჯ--------“.

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 10 ივლისის N4--- წერილის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, აღმასრულებლის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

3.2.6. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უ-------- ა----------–---–-- თ---------- ხ--------- 2018 წლის 25 მაისის წერილის შესაბამისად, სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს წარმოადგენს სს „ვ------ ბ---- ჯ--------“, ხოლო მოვალეს ზ----- ა------ და სხვები, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები გადაგზავნილია ქ. ფ-----------------–-------------------ში.

 

3.2.7. შპს აუდიტორული ფირმა „გ--- ა---------“ 2018 წლის 24 ოქტომბრის დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-----------) მდებარე საცხოვრებელი სახლის საწყის საბაზრო ღირებულად შეიძლება მიღებულ იქნას 20 000 ლარი.

 

3.2.8. 2018 წლის 12 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, მესაკუთრე არის სს „ვ------ ბ---- ჯ--------“.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზ----- ა------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრში 8----------- ნომრით რეგისტრირებული სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი: 4-- კვ.მ. შენობა-ნაგებობა N-, განაშენიანების ფართი:----- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 1--- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 2-- კვ.მ, და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნას ზ----- ა------.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს 2004 წლის 26 აპრილს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთში, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

იპოთეკარსა და კ---- კ---–---–- შორის 2004 წლის 26 აპრილს გაფორმებული N0----- მიკროსაკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის საფუძველზე, გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ზ----- ა------- საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, სარეგისტრაციო კოდი: 2--------------, სალიკვიდაციო ღირებულებით 4000 აშშ დოლარი. იპოთეკის საგანი წარმოადგენს მესაკუთრის საკუთრებას, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 0--------, თარიღი: 23.04.04. იპოთეკის საგანი მხარეთა მიერ შეფასებულია 4000 აშშ დოლარად, 7960 ლარი (კურსი 1,99). ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, სარგებელი შეადგენს წლიური 24%-36%, შესრულება განისაზღვრება 22 თვის ვადით.

 

სს "ვ------ ბ---- ჯ--------ს" მონაცემებით ი.მ. კ---- კ---–---–-- გადახდის ისტორიით N5--------- ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნათლად ჩანს, რომ სესხის გაცემა განხორციელდა 24.06.2005 წელს 8000 აშშ დოლარით და 29.09.2010 წელს 1478,68 ლარის გადახდით ის სრულად დაიფარა. ანუ 2010 წლის 29 სექტემბერს სს "ვ------ ბ---- ჯ--------მ" განახორციელა შესრულების მიღება.

 

საჯარო რეესტრის 05.01.2012 წლის ამონაწერით, ქ. ფოთი, გ------- ქ.N 1---ში მდებარე ზ. ა------- უძრავი ქონება ს/კ 0----------- დარეგისტრირდა სს "ვ------ ბ---- ჯ--------ს" საკუთრებად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: N0-/0--- განკარგულება, დამოწმების თარიღი 11.08.2010 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ანუ ბანკმა ნატურით მიიღო ხსენებული უძრავი ქონება, მიუხედავად აღნიშნულისა ზ. ა------ დღემდე ცხოვრობს ხსენებულ საცხოვრებელ სახლში. საბოლოოდ, სს "ვ------ ბ---- ჯ--------მ" დაიბრუნა გაცემული სესხი სრულად და 20 000 ლარით შეფასებული უძრავი ქონებაც - საცხოვრებელი სახლი.

 

ნიშანდობლივი და საყურადღებოა, რომ ი.მ. კ---- კ---–---–--გან სს "ვ------ ბ---- ჯ--------მ" 29.09.2010 წ. მიიღო სესხის დაფარვის დარჩენილი თანხა და მიუხედავად ამისა 05.01.2012 წელს მის საკუთრებად დაირეგისტრირა უძრავი ქონებაც, რომელიც ნატურით ჩაითვალა. ამ მოქმედებას ბუნებრივია სამართლებრივად მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. მიუხედავად მოსარჩელის მრავალწლიანი ძალისხმევისა საგამოძიებო ორგანოში შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის (საქმე N3/87) განჩინების დავის საგანი იყო სამეგრელო - ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 აგვისტოს N0-/0--- განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნება.

 

კონკრეტული დავის საგანი კი სამოქალაქო ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება, მიკუთვნებითი სარჩელია, უკანონო (უსაფუძვლო) გამდიდრებით და საკითხი დგას ბანკის სახელზე დარეგისტრირებული ქონების მართლზომიერების თაობაზე.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სამეგრელო - ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 11.08.2010 წლის N0-/0--- განკარგულება - ნივთის ნატურით გადაცემის შესახებ, ზ. ა------- სრულწლოვანი ოჯახის წევრს 29.0-.2010 წ. ჩაბარდა, ამ თარიღიდან დაიწყო ხსენებული განჩინების ერთთვიანი ვადის ათვლა გასაჩივრებისათვის და სწორედ ამ თარიღს უკავშირდება სესხის თანხის მიღება და დავალიანების განულება, ანუ ბანკმა მიიღო ნატურით უძრავი ქონება და დამატებით ასევე თანხობრივი სარგებელი, რომლითაც განულდა სესხი.

 

საქმეში არსებული გადახდების ისტორიის მიხედვით, მსესხებელი არის კ---- კ---–---–-, სესხზე გადახდილი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 9306,69 ლარს, პროცენტი 1910,73 ლარს, ჯარიმა 2010,68 ლარს.

 

ცნობილია, რომ სამართალი პირთა სამართლიანობის შეგრძნებით ნაკარნახევი პრინციპები და წესებია, ამიტომ, ნებისმიერი პირი, თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს ამ პრინციპების შესაბამისად.

 

კეთილსინდისირების პრინციპი კი, პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსაგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.

 

უფლების აღდგენის გზა გამათანაბრებელი სამართლიანობის პრინციპია - ის, რაც სამართლებრივ საფუძვლის გარეშეა შეძენილი, უნდა დაბრუნდეს.

 

კანონმდებელი უსაფუძვლო გამდიდრების ცნებას არ გვთავაზობს, მაგრამ თავად ამ ინსტიტუტის მნიშვნელობისა და შინაარსის მიხედვით, უსაფუძვლო გამდიდრება აწესრიგებს იმ ურთიერთობას, რომლებიც აღმოცენდება ერთი პირის მიერ, იმ ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენის შედეგად, რომელიც სხვა პირის კუთვნილებაა. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას სამართლიანობის აღდგენა.

 

შესაბამისად, შეცილების განხორციელების მომენტიდან, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც ამ ქონებასთან არსებულ გარიგებას (აქტს) მოჰყვა.

 

კონდიქციური ვალდებულებებისას კვლევას არ საჭიროებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი ერთ-ერთი მხარის ბრალეული მოქმედების გამოვლენასთან მიმართებით, ვინაიდან, გარიგების ბათილად ცნობის პირობებში უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღებული უპირობო დაბრუნებას ექვემდებარება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორს ფაქტობრივად უძრავი ნივთით არ უსარგებლია, იქ კვლავ ცხოვრობს თავდაპირველი (ყოფილი) მესაკუთრე, ანუ ნივთი ობიექტურად არსებობს, რის გამოც შესაძლებელია მისი დაბრუნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა.

 

სახეზეა ფაქტობრივი გარემოება, რომ ბანკმა მიიღო სესხის დაფარვის თანხა და სესხი დაიფარა, ისე, რომ ნატურით მიღებული უძრავი ქონების ღირებულება არ ჩათვლილა, ხოლო დროში განზომილებიდან გამომდინარე ფულადი მასის შენატანის მიღებისას, აუქციონის ნატურით მიღებული სახლის რეალიზაციის ან სხვაგვარად განკარგვის საფუძველი ბანკს არ გააჩნდა, რამეთუ აქტის გასაცნობად მხარისათვის ჩაბარება და ფულის შენატანის თარიღი ერთმანეთს დაემთხვა. სამართლებრივად უძრავი ქონებისა და ფულადი მასის ორივეს ბანკის საკუთრებად მიქცევა, სწორედ რომ სამართლებრივად უსაფუძვლო და უკანონო გამდიდრების რეჟიმში განხორციელდა.

 

ვინაიდან განსახილველ საქმეში არსებულ ურთიერთობაზე ვრცელდება არა დელიქტური ვალდებულებების, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

 

ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია ის, თუ როდის დასრულდა მისი უფლებების დარღვევა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, გ------ს ქ.N1-- (ს/კ 0-----------) დარეგისტრირდა სს "ვ------ ბ---- ჯ--------ს" საკუთრებად 05.01.2012 წელს, ხოლო სესხის დასაფარი თანხა ამავე ბანკის მიერ მიღებულია 29.09.2010 წელს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, დავის საგნიდან გამომდინარე, გასული არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----- ა------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრში 8----------- ნომრით რეგისტრირებული სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი: 4-- კვ.მ. შენობა-ნაგებობა N-, განაშენიანების ფართი:----- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 1--- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 2-- კვ.მ, და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ უნდა იქნას ზ----- ა------.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიდან, ზ----- ა------- სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ----- ა------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საჯარო რეესტრში 8----------- ნომრით რეგისტრირებული სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, გ------- ქ.N1---ში, საკადასტრო კოდი: 0-----------, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი: 4-- კვ.მ. შენობა-ნაგებობა N-, განაშენიანების ფართი:----- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 1--- კვ.მ, N- განაშენიანების ფართი: 2-- კვ.მ, და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნას ზ----- ა------.

 

3. სს „ვ------ ბ---- ჯ--------ს“ ზ----- ა------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის - 600 ლარის გადახდა.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე