გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/636-17 (010310017002065090)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02.10.2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - ლ-------------------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი, სსიპ სოციალური მომასახურების სააგენტო.
წარმომადგენელი - გ---–-------–--------
მესამე პირი - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია #1 სამმართველო.
წარმომადგენელი - ნ------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის #04-15-10/2495 მიმართვა.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს #04/52015 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს მოპასუხეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძვლზეც მოსარჩელე სრულად მიიღებს 2015 წლის 20 ივლისიდან განვლილი პერიოდის საპენსიო დავალიანების თანხას რაც შეადგენ 3960 ლარს (20 თვე 198) (იხ. 01.07.2019 წლის სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია;
3.1. მესამე პირი - საქმეში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. (იხ. შესაგებელი)
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს 21.03.2017წ #3985 განცხადებით მიმართა ლ-------------------- სადაც აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 თებერვლის (საქმე #3/6669) გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის 2015 წლის 03 აგვისტოს #1687125 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი და დაევალა სასაზღვრო პოლიციას ლ------------------- წელთა ნამსახურობაში ჩაუთვალოს 1995 წლის 03 მარტიდან 1998 წლის 30 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურში ნამსახურების პერიოდი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2015 წლის 20 ივლისის #1581925 ბრძანებით ლ------------------ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან. სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 03 აგვისტოს #1687125 წერილით ეცნობა, რომ მის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით დაანგარიშებული იქნა მისი წელთა ნამსახურობა, რომელიც 2015 წლის 20 ივლისისათვის შეადგენს 17 წელს 11 თვეს და 12 დღეს. ხოლო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში 1995 წლის 03 მარტიდან 1998 წლის 30 აპრილამდე ნამსახურობის წლები არ ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში (სტაჟში). სასამათლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სადაო პერიოდი ჩაეთვალა წელთა ნამსახურობაში და 2017 წლის 01 თებერვლიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი. განმცხადებლმა აღნიშნა, რომ მას პენსია ეკუთვნოდა 2015 წლის 20 ივლისიდან, განვლილი პერიოდის საპენსიო თანხა შეადგენს 3960 (20 თვე) და მოითხოვა ბათუმის ცენტრის მიერ მიღებული იქნას ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზედაც სრულად მიიღებს 2015 წლის 20 ივლისიდან განვლილი პერიოდის თანხას, 3960 ლარს.
4.2. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ #04-15-01/2495 წერილით ლ------------------- ეცნობა, რომ ‘’სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 26 –ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად: კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად: 1. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. 2. კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი’’_ს მე–15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს, კანონიერი წარმომადგენლობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი საპენსიო მასალები მისთვის ფულადი კომპენსაციის დასანიშნად, გადმოეგზავნა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 16.01.2017წ 11700118404 მომართვით. აღნიშნული ცნობილი იყო ასევე მისთვის.
4.3. 2017 წლის 18 იანვარს მის მიერ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა წელთა ნამსახურობით. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომართვისა და მისი განცხადების საფუძველზე, ლ------------------- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის 01 თებერვლიდან ცვლილებამდე. განმცხადებელს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს მისთვის 2015 წლის 20 ივლისიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე (კომპენსაციის დანიშვნამდე) პერიოდის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ასევე ეცნობა გასაჩივრების წესისა და პირობების შესახებ. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ #04-15-01/2495 გადაწყვეტილება ლ----------------ძის მიერ გასაჩივრებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.08.2017წ #N04/52015 გადაწყვეტილებით, ლ------------------- უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
(იხ . 01.07.2019 წლის სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 თებერვლის (საქმე #3/6669) გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის #04-15-10/2495 წერილი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.08.2017წ #N04/52015 გადაწყვეტილება.
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
8.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება
8.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
8.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის
არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
8.5. განსახილველ შემთხვევში 1.1. და 1.2. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით დადგენილია შემდეგი;
საქმეზე წარმოდგენილი მასალებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კადრების სამსახურმა არასწორად დათვალა ლ----------------ძის წელთა ნამსახურობა, რის გამოც დათხოვნის შემდგომ, 2015 წლის 20 ივლისის შემდგომ ვერ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ სასაზღვრო პოლიციის სამსახურმა ხელახლა შეადგინა ლ----------------ძის წელთა ნამსახურების ნუსხა, რომლითაც უკვე იპოვებდა კომპენსაციის მიღების უფლებას და 16.01.2017წ 11700118404 წერილობითი წარდგინებით გადმოაგზავნა კომპენსაციის დამნიშვან ორგანოში, რის შემდგომაც აღნიშნული მასალებისა და 18.01.2017წ განცხადების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განცხადების წარმოდგენის მომდევნო თვიდან, 2017 წლის პირველი რიცხიდან, 2017 წლის 01 თებერვლიდან მოხდა მისთვის კომპენსაციის დანიშვნა. ის ფაქტი, რომ ვერ მოხერხდა ლ-------------------------- 2017 წლის 01 თებერვლამდე კუთვნილი კომპენსაციის დანიშვნა, არ იყო გამოწვეული ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიზეზით. სასამართლოს მიიჩნია, რომ სააგენტომ მოსარჩელეს კომპენსაცია დაუნიშნა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მსგავს დავებზე სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა და სამივე ინსტანცია ეთანხმება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაგებელში დაყენებულ საფუძვლებს და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება ევალება იმ დაწესებულებას, სადაც ასრულებდა შრომით საქმიანობას მოდავე მხარე. (იხ. საქართველოს უზანაესი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება (საქმე ბს-62-61 (კ-17).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში კი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია სარეგისტრაციო წარმოების დროს სრულყოფილად შესწავლილ და გამოკვლეულ გარემოებებზე.
ყოველივე ზემოთხსებულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის რომ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ #04-15-01/2495 გადაწყვეტილება გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8.6. სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 10 აგვისტოს #04/52015 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.03.2017წ #04-15-01/2495 გადაწყვეტილება გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითთ არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს, შესაბამისად კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს #04/52015 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად არ ირღვევა და რეალური ზიანი არ ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.
8.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება
8.9. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 22 მარტის #04-15-10/2495 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 აგვისტოს #04/52015 გადაწყვეტილებანი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის 1.3. მოთხოვნაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ----------------ძისათვის 2015 წლის ივლისიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე პერიოდის მიუღებელი დავალიანების გადახდის თაობაზე.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1. ლ----------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე