გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-619-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - სს " ს------–--------
წარმომადგენელი - თ----- გ----–-–---–ი
მოპასუხე - ბ------ გ------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - ბ------ გ------–--ეს მოსარჩელე სს „-------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4471 ლარის გადახდა, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი (ძირი თანხა) შეადგენს 1818 ლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2500 ლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან 2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმა შეადგენს 153 ლარს.
1.2. მოპასუხე - ბ------ გ------–--ეს სს „-------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 135 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ბ------ გ------–--ეს სს ,,ს------–-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 15 აგვისტოს სს ,, ს------–--------ა’’ და ბ------ გ------–--ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-23629-04, რომლის მიხედვითაც ლიზინგის ღირებულებამ შეადგინა 2833 ლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 303 ლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 3636 ლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს ჯამში არაუმეტეს 2500 ლარისა.
მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 4471 ლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1818 ლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2500 ლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი მოპასუხე - ბ------ გ------–--ემ არ წარადგინა. იგი არც სასამართლო პროცესს დასწრებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 15 აგვისტოს სს ,, ს------–--------ა’’ და ბ------ გ------–--ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-23629-04, რომლის მიხედვითაც ლიზინგის ღირებულებამ შეადგინა 2833 ლარი, ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 303 ლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 3636 ლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%-ს, ჯამში არაუმეტეს 2500 ლარისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-23629-04 დანართი 1
3.1.2. მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 4471 ლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1818 ლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2500 ლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ჯარიმა შეადგენს 153 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების გაშიფვრის გრაფიკი, მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.3 მოპასუხე ინფორმირებული იყო დავალიანების შესახებ, როგორც წერილობით ასევე სატელეფონო საუბრით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარის ახსნა-განმარტება
3.1.4. 2019 წლის 11 თებერვალს N339/19 წერილით მხარეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება N339/19
3.1.5. სს „-------–--------“ გადაიხადა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის გადახდის ვალდებულებაც ჰქონდა მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ქვითრები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა. მოპასუხეს არ წარუდგენია შესაგებელი, რათა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნისადმი. სასამართლომაც სადავოდ არ მიიჩნია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, თუმც მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 576-ე, 580(5) -ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ლიზინგის ხელშეკრულების დადებით წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
ამავე კოდექსის 580 (5) მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, 2018 წლის 15 აგვისტოს სს ,, ს------–--------ა’’ და ბ------ გ------–--ეს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-23629-04, რომლის მიხედვითაც ლიზინგის ღირებულებამ შეადგინა 2833 ლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა ეხადა 303 ლარი 12 თვის განმავლობაში, ჯამში 3636 ლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2% (ჯამში არაუმეტეს 2500 ლარისა).
მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 4471 ლარს, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი შეადგენს 1818 ლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 2500 ლარს, რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, როდესაც მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება. ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, ლიზინგის მიმღებმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხის მხრიდან არ შესრულდა ხელშეკრულება, რის გამოც მოსარჩელემ შეწყვიტა ლიზინგის ხელშეკრულება და ამ დროისთვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 4471 ლარი.
ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შაესრულა ვალდებულება, არ გადაიხადა ხელშეკრულებით დადგენილი თანხა, რისი გადახდის ვალდებულებაც აქვს მოვალეს, თუმც სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი . . რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც მოთხოვნილია 2500 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც დავალიანების ჯამური თანხიდან 4471 ლარიდან ძირი თანხა არის 1818 ლარი, ხოლო მთლიანად გადასახდელი თანხა 12 თვეში შეადგენდა 3636 ლარს, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - ნაცვლად 2500 ლარისა 1250 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო სულ 135 ლარი (ს.ფ. 52).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დავა განეკუთვნება მაგისტრატი სასამართლოს განსჯადს და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ამიტომ მოსარჩელეს 135 ლარიდან როგორც ზედმეტად გადახდილი უნდა დაუბრუნდეს უკან ამ თანხის ნახევარი - 67.5 ლარი, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 67,5 ლარიდან 48,63 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, 18,87 ლარი კი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ სარჩელში დავის საგნის ღირებულებაა 3221 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ ადვოკატის ხარჯის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 200 ლარი აღემატება სადაო თანხის 4%-ს ( 128,84 ლარი). სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროთ სს „-------–---------ს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 128,85 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ ყოფილა მიღებული .
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ს------–-------ს სარჩელი მოპასუხე ბ------ გ------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე ბ------ გ------–--ეს მოსარჩელე სს „-------–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა 3221 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1818 ლარი, ,ხოლო შემცირებული პირგასამტეხლო - 1250 ლარი, ადმინისტრაციული ჯარიმა 153 ლარი.
მოსარჩელეს 1250 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე ბ------ გ------–--ეს მოსარჩელე სს ს------–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 48,63 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, ხოლო ბაჟის ნაწილი 18,87 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოსარჩელე სს სითი ლიზინგს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 12 აპრილს გადახდილი ბაჟიდან 135 ლარიდან 67.5 ლარი (საგადასახადო დავალება #1555065641), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300 063 150; სახაზინო კოდიTRESGE22.
5. მოპასუხე ბ------ გ------–--ეს მოსარჩელე სს ს------–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ანაზღაურება - 128,85 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი