გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002124441
საქმე №3/1183-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - ნ-----–---- ს---–------
წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ----------–--ე
მესამე პირი - სს ,,დ---------------------------უ''
წარმომადგენელი - ა-–----------------–-----ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სსიპ შემოსავლების სამსახურს ნ-----–---- ს---–------ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5500 (ხუთიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირი სს ,,დ---------------------------უს“ წარმომადგენელმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, ვ------- გ--------ე წარმოადგენდა სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს.
დადგენილია, რომ ვ------- გ--------ის მიმართ, 2015 წლის 24 ივლისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე შედგა №აბ 000020790 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მითითებული ოქმის თანახმად, ვ------- გ--------ე სატრანსპორტო საშუალებით ,,შკოდა'' სახელმწიფო ნომრით D------ ქ. ბათუმში, ჩაქვი მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში, მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა.
სისხლისა სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 27 ივლისის N0006949786 დადგენილების თანახმად, 2015 წლის 19 ივნისს დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბათუმში ჩაქვი მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში ქობულეთის მიმართულებით მოძრავი ,,შკოდას“ მარკის სახ. N D------ ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ვ------- გ--------ე გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ქალაქის მიმართულებით მოძრავ ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ნ-----–---- ს---–------, ხოლო ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა თანმხვედრ ზოლში მოძრავ ,,ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა შ----- კ------–---–ი. ამავე დადგენილების თანახმად, საქმეზე ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ვ------- გ--------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მძღოლ ნ-----–---- ს---–------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. ამავე დადგენილებით შეწყდა გამოძება - სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ბრძანება N18826, დანართი, ახსნა განმარტება (ს.ფ 35-36);
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №აბ 000020790 (ს.ფ 16);
- დადგენილება N0006949786 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ 13-15);
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ ვ------- გ------იძის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 31 პუნქტი 1-ის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნების, 3.24-ის და ჰორიზონტალური მონიშვნის 1.1 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ნ-----–---- ს---–------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა N149/ა (ს.ფ. 32-34);
3.3. ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავია” სახელმწიფო ნომრით D------ წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 79).
3.4. ავტომანქანა ,,სუბარუ’’ სახელმწიფო ნომრით G------ წარმოადგენს ნ-----–---- ს---–------ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება N0006949786 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ 13-15);
3.5. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის ი-----–------–--–-----ის მიერ 2015 წლის 17 სექტემბერს შედგა ექსპერტიზის დასკვნა № 005518515, რომლის შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანისთვის (,,SUBARU LEGASY’’ სახელმწიფო ნომრით G------) ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობად განისაზღვრა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა № 004796415 (ს.ფ. 20-28);
3.6. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,დ---------------------------უს“ შორის 2015 წლის 29 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/61 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტოტრანსპორტის დაზღვევა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ს-------------ემ შპს ,,დ---------------------------უს“ გენერალურ დირექტორთან ა-----–-----–-–---–-ა ერთად შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტის მასზედ, რომ 2015 წლის 29 იანვრის N1/61 ხელშეკრულების საფუძველზე ს-------------ემ ა-----–-----–-–---–ს ჩააბარა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 (საი) ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა ,,შკოდა ოქტავია“ სახ. N D------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N1/61 ხელშეკრულება (ს.ფ. 129-137);
- მიღება-ჩაბარების აქტი, გასვლის ზედდებული (ს.ფ. 82-83);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის საფუძველზე, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის, ასევე უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ხოლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით უზრუნველყოფილია სასამართლოს იურისდიქცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებების გამოყენებისას. სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან. ამავდროულად, რეალაქტს გააჩნია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოვლენის ფორმა. კერძოდ, უმოქმედობა – როგორც მმართველობითი ღონისძიების ერთ-ერთი საშუალება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი და იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის ვ------- გ--------ე იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი და სახეზეა შემთხვევა, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ზიანი. ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად ზიანის მიყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ განისაზღვროს პირთა ის წრე, რომელიც პასუხს აგებს აღნიშნული მოქმედებისთვის. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გარკვევა, თუ ვინ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების მფლობელად და რა შემთხვევაში ეკისრება მას პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე (არამართლზომიერი მფლობელი), სხვას მიაყენებს ზიანს ამ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ პირს (არამართლზომიერ მფლობელს) და არა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს. სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მფლობელის მიერ მოსარგებლისათვის სატრანსპორტო საშუალების გადაცემა მართლზომიერია და სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვება ზიანი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელსაც არ მიუძღვის ბრალი შედეგის დადგომაში - ანუ პირს (ფიზიკური, იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) რომელიც უშუალოდ არ მართავდა ავტომანქანას ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას და ამ შემთხვევის გამო სხვა პირისთვის ზიანის მიყენებისას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ------- გ--------ემ სატრანსპორტო საშუალებით ,,შკოდა ოქტავია” სახელმწიფო ნომრით D------, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა ქალაქის მიმართულებით მოძრავ ,,სუბარუს’’ მარკის ავტომანქანას სახ. ნომრით - G------, რომელსაც მართავდა ნ-----–---- ს---–------. დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით D------ წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკუთრებას. ასევე, დადგენილია, რომ შეჯახების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ს---–------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს ნ-----–---- ს---–------ს სასარგებლოს უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით - 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის გადახდა. 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----–---- ს---–------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 165 (ას სამოცდახუთი) ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ნ-----–---- ს---–------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 165 (ას სამოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-----–---- ს---–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ნ-----–---- ს---–------ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ნ-----–---- ს---–------ს სასარგებლოდ დაეკისროს 165 (ას სამოცდახუთი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი