განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1419-19
(001190219004)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აგვისტო 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის გ--------------–---–ის,ბრალდებულ პ----------–----ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ------------------------–------------------------ საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------, თბილისში, რეგისტრირებულის მისამართზე: ზ----------------------–--------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
პ----------–----ას ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენის თანახმად, პ----------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, კონიაკის დასახლება, ი----–----------------------ში, ქურდობისათვის ნასამართლევმა პ----------–----ამ შეაღწია ა-–----------ის კუთვნილ სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლის ვერანდაზე, ავიდა მესამე სართულზე და ცდილობდა შეეღწია საცხოვრებელ სახლში, იქ არსებული ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დასაუფლებლად, რა დროსაც იგი შენიშნა მესაკუთრემ. პ----------–----ას ქმედებით ა-–----------ეს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ პ----------–----ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ პ----------–----ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, კერძოდ:
დაზარალებულმა ა-–----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, კონიაკის დასახლება, ი----–-------------------------–-- პირველ სართულზე. 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში მას დაურეკა რძალმა ლე--–----–------მა, რომელიც მის ვაჟთან - თ----------------ესთან ერთად ცხოვრობს იმავე სახლის მეორე სართულზე და უთხრა, რომ ეზოდან ხმაური შემოესმა. როდესაც გარეთ გავიდა, ავიდა სახლის მეორე სართულზე, სადაც დახვდა ქუდგადაფარებული მამაკაცი. შემდეგ მისი ვაჟიც ავიდა იქ. აღნიშნული მამაკაცი იყო პ----------–----ა, რომელმაც მას უთხრა, რომ იქვე ცხოვრობდა და მასთან ხელების დასაბანად იყო შესული. რძალმა პოლიციას დაურეკა, რომელიც მალევე გამოცხადდა ადგილზე. პოლიციას მათ უთხრეს, რომ ეს პიროვნება მათ სახლში იყო შემოსული, ხოლო დაკარგული ჯერჯერობით არაფერი ჩანდა. ადგილზე ასევე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს ტერიტორია. სახლის ეზო შემოსაზღვრულია ღობით და თუ ჭიშკარი ჩაკეტილია, მაშინ ღობიდან უნდა გადმოძვრეს ადამიანი, რომელიც სამ მეტრიანია. ეზოში ასევე არის ონკანი, საიდანაც მოდის წყალი. ასევე ონკანი არის სახლის მეორე სართულზეც და მესამეზეც, ოღონდ არა გამოსაჩენ ადგილას.
მოწმე ლე--–----–------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს კონიაკის დასახლებაში, ი----–--------------------------ში, მეუღლესთან, ბავშვებთან, დედამთილთან და მამამთილთან ერთად. საცხოვრებელი სახლი არის კერძო, სამ სართულიანი პატარა ეზოთი. ეზო გარშემორტყმულია ზომიერი ღობით და ჭიშკრით. შემოსასვლელი არის დაახლოებით 3 მეტრიანი. ჭიშკრიდან ეზოში შესვლისას პირდაპირ პირველ სართულზე არის ოჯახური ტიპის სამზარეულო. კიბეებით ასასვლელია ეზოში, კიბე ადის ყველა სართულზე. ყველა კიბესთან თავისი კარია. პირველ სართულზე ცხოვრობს მისი დედამთილი და მამამთილი - ა-–----------ე, მეორე სართულზე - თვითონ და მისი მეუღლე, ხოლო მესამეზე - არავინ. ეზოში არის ონკანი პირველ სართულზეც და მეორეზეც. ონკანი არის მარტივად მისაგნები ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ. მეორე სართულზე კიბიდან ხელმარცხნივაც არის ონკანი. 2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მეორე სართულის ეზოში გაიგო ბოთლების ხმაური. შემდეგ გაიგო კიბეებზე ნაბიჯების ხმა, და დაინახა, რომ ვიღაც ადიოდა ზევით, ამის გამო მან დაურეკა ა-–----------ეს და ჰკითხა, ,,ხომ მშვიდობაა? ღამე რატომ დადიხარო?“ მან უპასუხა, რომ თვითონ არ იყო გარეთ. შემდეგ გააღვიძა თავისი მეუღლე და უთხრა, რომ ვიღაც დადიოდა ეზოში. ამასთანავე, დარეკა 112-ში და გამოიძახა პოლიცია. მისი მეუღლე გარეთ გავიდა და ყვიროდა, ,,ვინ ხარო?“ ის ვიღაც ისევ ხმაურობდა, მაგრამ პასუხს არ სცემდა. მის მეუღლესთან ასევე იყო ა-–----------ეც. ისინი ვიღაც პიროვნებას ეკითხებოდნენ თუ ვინ იყო და რატომ იყო იქ. ცოტა ხანში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა მოწმე თ----------------ის 2019 წლის 19 თებერვლის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მოწმე განმარტავს: ,,ვცხოვრობ აღნიშნულ მისამართზე მეუღლესთან ლე--–----–------თან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ასევე მამაჩემთან ა-–----------ესთან და დედასთან ე-–---------–---–თან ერთად. ჩვენი სახლი არის 3 სართულიანი, სადაც მე-2 სართულზე ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად, ხოლო პირველ სართულზე ცხოვრობენ ჩემი მშობლები. პირველი სართულის ვერანდაზე კუთხეში ჩვენ გვიწყვია პლასტმასის ყუთებში ლიმონათის შუშის ბოთლები. ჩემთვის ცნობილია თუ რა საქმის ირგვლივ ხდება ჩემი გამოკითხვა და დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს, რომ 2019 წლის 18 თებერვალს მე სახლში დავბრუნდი საღამოს. დაახლოებით 23:00 სთ-ზე მე დავწექი დასაძინებლად. რამოდენიმე საათში ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა გაიღვიძა, ვინაიდან უწევდა ჭამა, ხოლო მე გავაგრძელე ძილი. ამ მომენტიდან რამოდენიმე ხანში ჩემმა მეუღლემ მე გამაღვიძა და მითხრა, რომ ეზოში გაიგო ბოთლების მსხვრევისმაგვარი ხმა, ხოლო შემდეგ კიბეებზე ნაბიჯების ხმა, აღნიშნულზე მან დაურეკა მამაჩემს და ჰკითხა თვითონ ხომ არ იყო გარეთ, რაზეც მამაჩემს უთქვია, რომ იგი იწვა სახლში, მომხდარზე კი ადგებოდა და გადაამოწმებდა. ყოველივეზე მეც მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ მენახა თუ რა ხდებოდა. მე სწრაფად ავდექი და ჩავიცვი და გავედი გარეთ, რა დროსაც მამაჩემიც ამოდიოდა კიბეებზე, ჩვენ ნელა ავდიოდით კიბეებზე, რა დროსაც ვნახეთ, რომ პიროვნება იდგა მე-3 სართულზე არსებულ სახლის შესასვლელ კართან, ხოლო როდესაც მან გაიგო ჩვენი კიბეებზე ასვლის ხმა, ჩვენ გავიგეთ მოძრაობის ხმა, ანუ ნაბიჯების ხმა და როდესაც ჩვენ ავედით უკვე მე-3 სართულზე, დავინახეთ, რომ ჩვენთვის უცნობი პიროვნება იჯდა შესასვლელი კარის წინ დაახლოებით 1 მეტრში არსებულ მუქი ფერის პლასტმასის სკამზე. მე მივედი მასთან და ქურთუკში მოვკიდე ხელი და ვუთხარი ყოველგვარი შეურაცხყოფის და ხმამაღალი საუბრის გარეშე თუ ვინ იყო და რა უნდოდა ჩვენი სახლის მე-3 სართულზე, ასევე ვკითხე მისი სახელი და გვარი, რა დროსაც მან თქვა, რომ მას ერქვა პაატა და გვარად იყო მაქაცარია, პიროვნება იყო აღელვებული და ნერვიულობდა, დალაგებულად პასუხებს იგი ვერ გვცემდა, რაზეც მე შემეპარა ეჭვი, რომ იგი სავარაუდოდ სახელსაც და გვარსაც გვატყუებდა. შემდეგ მე შევამოწმე სახლის შესასვლელი კარი, თუმცა ყველაფერი წესრიგში იყო, ამავე სართულზე არსებულ საპირფარეშოს კარის სახელურზე და მის ქვემოთ ჩარჩოზე მე დავინახე მუქი ფერის ლაქები, თუმცა მოცემულ მომენტში მე მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამის შემდეგ მე და მამაჩემმა ხსენებული პიროვნება ჩამოვიყვანეთ დაბლა ეზოში, კერძოდ კი ჩვენი სახლის ეზოს ჭიშკართან, გავიყვანეთ გარეთ იქვე ჭიშკრის მიმდებარედ, სადაც ისევ იგივე შეკითხვებს ვუსვამდით ხან მე და ხან მამაჩემი, თუმცა ხსენებული პიროვნება პასუხებს არ გვცემდა. ჩვენი საუბრისას ადგილზე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩვენ წარმოგვიდგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და გვკითხეს თუ რა ხდებოდა. ხსენებულზე მეც და მამაჩემმაც ვუპასუხეთ, რომ მითითებული მამაკაცი ფარულად შემოვიდა ჩვენი სახლის ეზოში, ასევე ჩუმად ავიდა ჩვენი სახლის მე-3 სართულზე და ცდილობდა სახლში შეღწევას, თუმცა ჩვენ მივუსწარით მას და აღნიშნულით მან ვერ განახორციელა სახლში შეღწევა. ჩვენი განმარტებებისა და ხსენებული პიროვნების მითითების შემდეგ, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა პოლიციის თანამშრომლებმა ჩვენი მითითების საფუძველზე დააკავეს აღნიშნული პირი, შეადგინეს ოქმი და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე მალევე მოვიდა გამომძიებელი და ექსპერტები, რომლებმაც მამაჩემი ა-–----------ის წერილობითი თანხმობის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სახლის დათვალიერება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მამაჩემისაგან მე-3 სართულის აივანზე ექსპერტებმა ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქების კვლები. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემს მიერ ხსენებული მამაკაცი პ----------–----ა არის დაახლოებით 177 სმ. სიმაღლის, გამხდარი, ტანთ ეცვა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი შავი ფერის კაპიშონით და თავზე ეხურა მუქი ფერის კეპი, ატარებს შავი ფერის წვერს და აქვს სქელი სწორი ცხვირი. ნახვის შემთხვევაში მე მისი ამოცნობა შემიძლია. ასევე დავამატებ, რომ პოლიცია გამოიძახა ჩემმა მეუღლემ ლე--–----–------მა. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მომხდარი ფაქტით მე და ჩემს ოჯახს ზიანი არ მოგვდგომია, ვინაიდან ჩვენ წავუსწარით აღნიშნულ პირს და არ დავაცადეთ მისი განზრახვის სისრულეში მოყვანა (ს.ფ. 39-41).
პოლიციის თანამშრომელმა გ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენეს, რომ 2019 წლის 19 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე ა-–--------–---სთან ერთად, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩაზე, პიროვნება იყო შესული ბინაში და მაცხოვრებლებს გაჩერებული ჰყავდათ. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ მამა-შვილი თ---------- და ა-–----------ეები, რომლებიც გამოკითხეს იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნება შესული იყო მათ სახლში, კერძოდ ა-–----------ემ განაცხადა, რომ მას თავისი რძალი ლე--–----–------ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაიგონა ბოთლების მსხვრევისა და ნაბიჯების ხმა, რის შემდეგაც ალექსი და თ----------ი ავიდნენ მესამე სართულზე და ნახეს ბრალდებული პ----------–----ა, რომელიც ჩამოიყვანეს დაბლა. ეს პიროვნება ვერ სცემდა პასუხს თუ რა უნდოდა იქ. ამის შემდეგ ალექსიმ და თ----------მა პოლიციელებს უთხრეს, რომ ეს პიროვნება მათ სახლში შესული იყო გაქურდვისათვის. პ----------–----ა დაკავებული იქნა მათ მიერ, რომელსაც ასევე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ამის შემდეგ ბრალდებული წაიყვანეს განყოფილებაში.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის უფროსმა დეტექტივმა ა-–--------–---მ.
მოწმეებმა გ--------------ემ, მ-----–-----------–-ა და თ----------------–---–-ა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
შეტყობინების №-------------- დასტურდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, 02:48 საათზე ლ--–----–------მა 112-ს შეატყობინა, რომ ქ. თბილისში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა №95-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი მამაკაცი იყო შესული (ს.ფ. 3).
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, 02:50 საათზე ქ. თბილისში, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა №95-ის საცხოვრებელი სახლის წინ, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული იქნა პ----------–----ა (ს.ფ. 4-11).
ალკოტესტის შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, 04:26 საათზე პ----------–----ა იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ (ს.ფ. 13-13ა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენის თანახმად, პ----------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტისა და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 19-26).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, კონიაკის დასახლება, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა №95-ში არსებული საკუთარი სახლი, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები სტერილურ-ბიოლოგიურ ჩხირებზე (ს.ფ. 27-32).
ბრალდებულმა პ----------–----ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებულის სახლში შემთხვევით აღმოჩნდა, რა დროსაც ნასვამი იყო. ქუჩაში ჯერ მოჩხუბრებს გამოექცა და გადაძვრა ღობეზე დამალვის მიზნით, რაზეც იფიქრა, რომ იტალიური ეზო იყო. ღობიდან რომ ჩამოხტა, ბოთლებს დაეცა და ხელი დაიზიანა. შემდეგ სახლის ზედა სართულებზე ასვლა გადაწყვიტა, რათა ენახა, ის ბიჭები ისევ იქ იყვნენ თუ არა. ჩამოსვლისას აპირებდა, რომ ვინმესთვის წყალი ეთხოვა. როდესაც ზემოთ იყო, იქ ორი კაცი ამოვიდა და ჰკითხეს ვინ იყო, რაზეც ინსტიქტურად უპასუხა, რომ იქვე ცხოვრობდა, რათა თავი აერიდებინა მათთვის. შემდეგ უთხრა, რომ ხელის დაბანა უნდოდა და იმიტომ იყო შესული. მათ ხელი მოკიდეს და ქვევით ჩამოიყვანეს. როდესაც ფეხზე დგებოდა, კარის სახელურს მოკიდა ხელი და სისხლით დასვარა. სახლის მესაკუთრეებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელიც მალევე მივიდა ადგილზე და დააკავეს იგი.
გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ----------–----ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული ქმედება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პ----------–----ას ბრალეულობა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს პ----------–----ას მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კერძოდ:
დაზარალებულ ა-–----------ის ჩვენებითა და მოწმე თ----------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში მათ სახლში უკანონოდ იყო შეღწეული პ----------–----ა, რომელიც შეაჩერეს. მოწმე ლე--–----–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 19 თებერვალს, ღამის საათებში სახლის ეზოში შემოესმა ხმაური, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მათ სახლში უცხო მამაკაცი იყო შესული, გამოიძახა პოლიცია, ხოლო მისმა მეუღლემ და სიმამრმა უცხო მამაკაცი შეაჩერეს პოლიციის მისვლამდე. გამომძიებლების ალექსი მელაძისა და გ---------------–---–ის ჩვენებებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2019 წლის 19 თებერვალს ღამის საათებში პ----------–----ა უკანონოდ იყო შესული ა-–----------ის სახლში, რომელიც ადგილზე დააკავეს. გამოკვლეული განაჩენით დადასტურდა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის არაერთგზისობა, ვინაიდან პ----------–----ა წარსულში ნასამართლევია ქურდობის ჩადენისთვის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალა შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს მსჯავრდებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----------–----ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პ----------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. მართალია იგი წარსულში ნასამართლევია, მაგრამ ნასამართლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რის გამოც სასამართლო მას დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს. შესაბამისად, სასამართლოს პ----------–----ას მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ----------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ პ----------–----ას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
პ----------–----ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
1) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2) ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელთათმანები, საფულე, სათვალე, გასაღები, ტელეფონი მეტრომანი და სხვა ნივთები - დაუბრუნდეს პ----------–----ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი