გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2019
საქმის ნომერი
210210019003016877
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/ 446 -19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2019 წელი ქ. სიღნაღი შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი მარი მირიანაშვილი

ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: მ------ ბ---------

მოსარჩელის წარმომადგენელი: ლ---- ხ----------ე

მოპასუხე: შპს „ მ------- “

მოპასუხის წარმომადგენელი: მ----- კ--------–--

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. მოპასუხე შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 181 439 (ას ოთხმოც და ერთი ათას ოთხას ოცდა ცხრამეტი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 17 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1 663.20 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.3. შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის 9 000 აშშ დოლარის გადახდა

 

1.4. შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს უსაფუძვლო გამდიდრებას და განმარტავს, რომ 2016 წლის სექტემბერში და დეკემბერში მ------ ბ---------მ შპს „ მ-------ს “ საბანკო ანგარიშზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე, ორ ტრანსად გადარიცხა 181 439 აშშ დოლარი, რომელსაც შპს „ მ------- “ არ ასრუნებს, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა და დღემდე ადგება მატერიალური ზიანი. ამრიგად, მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს შპს „ მ-------ს “ მ------ ბ--------ის სასარგებლოდ მითითებული 181 439 აშშ დოლარის დაბრუნება და 2016 წლის 17 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1 663.20 აშშ დოლარის ოდენობით. მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და განმარტავს, რომ გადარიცხული თანხებიდან შპს „ მ-------ს “ შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სარგებელი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მ------ ბ--------ისათვის მიყენებულ შემოსავალს. ზიანი უნდა განისაზღვროს უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის წლიური 11%-ს ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1663.20 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „ მ-------ს “ დირექტორმა როგორც შესაგებელით და ასევე სასამართლო სხდომაზე მთლიანად ცნო სარჩელის მოთხოვნები და სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წელს შპს „ მ-------ს “ შეექმნა ფინანსური სირთულეები, რის გამოც ორგანიზაციის საქმიანობის ხელშესაწყოფად 2016 წლის 09 სექტემბერს მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა მ------ ბ---------მ შპს „ მ-------ს “ საწესდებო კაპიტალში შეიტანა 86.639.60 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს საწესდებო კაპიტალში ასევე შეიტანა 94 800 აშშ დოლარი. სესხის თაობაზე შეთანხმება არ დადებულა და ეს თანხები მთლიანად ფირმას მოხმარდა და მის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის შესახებ იცოდნენ საზოგადოების სხვა პარტნიორებმაც, თუმცა პარტნიორთა კრება ამ თანხების ჩარიცხვასთან ან საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა და არც პარტნიორების თანხმობები იყო მიღებული თანხების შემოტანასთან ან კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით. მანვე განმარტა, რომ სარჩელის აღძვრამდე მას მომართა წერილით მოსარჩელე მ------ ბ---------მ, რომელმაც ითხოვა შეტანილი თანხების დაბრუნება, რაზედაც მან უპასუხა, რომ შპს „მ-------“ ადასტურებს მოთხოვნილი დავალიანების არსებობას, მაგრამ ფინანსური სირთულეების გამო არ გააჩნია შესაძლებლობა გადაიხადოს ეს თანხები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. მოსარჩელე მ------ ბ--------- წარმოადგენს შპს „ მ-------ს “ წილის მფლობელს (პარტნიორს) და მისი წილის ოდენობა შეადგენს 33.3%-ს. რეესტრის ამონაწერში მის გარდა ფიქსირდება (შპს „ მ-------ს“) კიდევ სამი მოწილე (პარტნიორი) კერძოდ: ვ-–- ც-------–---–ი, ა-----–ი ც-------–---–ი და დ-----ი ს----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

 

3.2. 2016 წლის 09 სექტემბერს მ------ ბ---------მ შპს „ მ-------ს “ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 86.639.60 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს ამავე ანგარიშზე გადარიცხა 94 800 აშშ დოლარი. საკრედიტო საგადასახადო დავალებებში ჩარიცხვის მიზნობრიობის გრაფაში ინგლისურ ენაზე არის ჩანაწერი „ საწესდებო კაპიტალში შეტანა “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო საგადასახადო დავალებები;

-მხარეთა განმარტებები;

 

3.3. 2019 წლის 05 მარტს მ------ ბ---------მ შპს „მ-------ს“ დირექტორს მიმართა წერილით (შეტყობინებით), რომელშიც ითხოვა 10 დღის ვადაში 2016 წელს გადარიცხული თანხის 181 439 აშშ დოლარის და 60 ცენტის დაბრუნება.

 

2019 წლის 07 მარტს ფირმის დირექტორისაგან მოსარჩელემ მიიღო წერილობით პასუხი, სადაც წერია, რომ მ------ ბ--------ის მიერ , მისივე ინიციატივით ორჯერ განხორციელდა შპს „ მ-------ს “ ანგარიშზე 86.639.60 აშშ დოლარის და 94800 აშშ დოლარის გადმორიცხვა და ამჟამად შპს „ მ-------ს “ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება უახლოვეს მომავალში ვერ მოხდება.

 

3.4. სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2019 წლის 22 ივლისს მოსარჩელე მ------ ბ---------ს წარმომადგენელმა ლ---- ხ----------ემ და მოპასუხე: შპს „ მ-------ს “ წარმომადგენელმა (დირექტორმა) მ----- კ--------–--მ ერთობლივი განცხადებით მომართეს სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე მორიგების აქტის დამტკიცების და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, რასაც დაურთეს 2019 წლის 13 ივლისით დათარიღებული მორიგების აქტი. ამ აქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ მ-------ს “ დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს სულ 690 213 ლარს და ამ ვალის დაფარვის მიზნით მხარეები თანხმდებიან:

 

1. შპს „ მ-------ს “ ს/კ: 206187847 საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქალაქი ს----------, ქუჩა კ------ს გ-------–--–ი №4, საკადასტრო კოდი:55.12.60.0-- მესაკუთრედ ცნობილი იქნეს მ------ ბ--------- პ/ნ:----------- და განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მ------ ბერძენიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

2. შპს „ მ-------ს “ ს/კ: 206187847 საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქალაქი ს----------, ქუჩა კ--------ს №7, საკადასტრო კოდი:55.12.67.0-- მესაკუთრედ ცნობილი იქნეს მ------ ბ--------- პ/ნ:----------- და განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მ------ ბ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სასამართლომ მორიგების აქტის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზნით ჩანიშნა მოსამზადებელი სხდომა და ამ სხდომაზე მხარეებმა მოხსნეს შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების და საქმის შეწყვეტის შესახებ და ითხოვეს საქმის არსებითად განხილვა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში.

 

სასამართლოს ასევე ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან შპს „ მ-------ს “ უძრავ ქონებებზე სარჩელის განხილვის დროისათვის რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა (საგადასახადო გირავნობა), შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ იქნა გამოტანილი მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ცნობის საფუძვლით და სარჩელი განხილული იქნა არსებითად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სხდომის ოქმი;

-მხარეთა განმარტებები;

- საჯარო რეესტრის ამონაწერები;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 385-ე, 991-ე, 976-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის პირველი მოთხოვნა, რომ მოპასუხე შპს „ მ-------ს “ დაეკისროს 181 439 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის `თ~ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „ მ-------ს “ პარტნიორმა მ------ ბ---------მ შპს „ მ-------ს “ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 86.639.60 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს 94 800 აშშ დოლარი. ასევე დადგენილი იქნა, რომ საკრედიტო საგადასახადო დავალებებში მითითებული ეს თანხები მოსარჩელისათვის დაბრუნებული არ არის. ამ თანხების დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ შპს “მ-------ს“ დირექტორს მიმართა 2019 წლის 05 მარტს, რომელმაც დაადასტურა ვალის არსებობა და მითითებული თანხების დაბრუნების ვალდებულება. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა უარყვეს მათ შორის სასესხო ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობა. სარჩელში და სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა 2016 წლის სექტემბერში და დეკემბერში მ------ ბ--------ის მიერ შპს „ მ-------ს“ ანგარიშზე 181 439 აშშ დოლარის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ერთ-ერთი პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში თანხების შეტანა, თუმცა ამავე დროს აღიარა სასარჩელო მოთხოვნები თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ 2016 წლის სექტემბერში და დეკემბერში მ------ ბ--------ის მიერ შპს „ მ-------ს “ ანგარიშზე 181 439 აშშ დოლარის ჩარიცხვით მოხდა საწესდებო კაპიტალის შევსება და შესაბამისად გაზრდა. საკრედიტო საგადასახადო დავალებებში ჩარიცხვის მიზნობრიობის გრაფაში მითითება, რომ თანხის შეტანის მიზნობრიობაა „ საწესდებო კაპიტალში შეტანა“ - საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მომხდარიყო საწესდებო კაპიტალის ცვლილება. „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონის 3.3 მუხლის მიხედვით: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კაპიტალის შემცირება ან გაზრდა უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანით, რაც არ მომხდარა. ამავე კანონის 47.4 მუხლის შესაბამისად: ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებიდან დადგენილია, რომ პარტნიორთა კრება კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით არ ჩატარებული, არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხზე პარტნიორებს არ მიუღიათ და არც ცალკე თანხმობები მიუციათ პარტნიორებს საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობის ცვლილების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არ იკვეთება ვალდებულებითი ურთიერთობების არსებობა გამოყენებული უნდა იქნეს უსაფუძვლო გამდიდრების საკანონმდებლო ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა’’ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი უთითებს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ თანხის გადაცემის ფაქტი უდავოა და მოპასუხე ვერ ასაბუთებს თანხის მიღების საფუძველს, მოპასუხემ ფულადი სახსრები მიიღო, ქონების მატება განხორციელდა მოსარჩელის მიერ თანხების ჩარიცხვით და სადავო შესრულებას იურიდიული საფუძველი ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სახით არ გააჩნია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები უზრუნველყოფს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ #ას-74-71-2016, 2016 წლის 25 მაისი).

 

6.2. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რომ მოპასუხე შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 17 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

 

მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და განმარტავს, რომ გადარიცხული თანხებიდან შპს „ მ-------ს “ შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სარგებელი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მ------ ბ--------ისათვის მიყენებულ ზიანს. ზიანი უნდა განისაზღვროს უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის წლიური 11%-ს ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1663.20 აშშ დოლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სავარაუდობა სახეზეა თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამდენად, გასათვალისწინებელია არა კონკრეტული მოვალის, არამედ ზოგადად გონიერი და შეგნებული მოვალის მიერ იმ შედეგების გაცნობიერება, რაც განპირობებული შეიძლება იყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, ანუ გასათვალისწინებელია ობიექტურად არსებული კრიტერიუმები. ამასთან ერთად, ზიანი, გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგი უნდა იყოს. მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.

 

ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ადგილი ქონდეს პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, სახეზე იყოს ზიანი და არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „ მ-------ს “ ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 2016 წლის 09 სექტემბერს მ------ ბ---------მ, როგორც შპს „ მ-------ს პარტნიორმა ფირმას გადაურიცხა 86.639.60 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 17 დეკემბერს 94 800 აშშ დოლარი. გადარიცხვები მოხდა მოსარჩელის სურვილით და საგადასახადო დავალებებში მიზნობრიობა მითითებული იყო საწესდებო კაპიტალის შევსება. მხარეთა შორის არ დადებულა რაიმე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ან თანხების დაბრუნების ვალდებულება ქონდა. თანხების დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ შპს „ მ-------ს “ დირექტორს მიმართა მხოლოდ 2019 წლის 05 მარტს და მანამდე ასეთ მოთხოვნას ადგილი არ ქონია. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ზიანის ანაზღაურება მხარეს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენება მოვალისთვის არის წინასწარ სავარაუდო. ამ შემთხვევაში მოპასუხეს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია, არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია და მოპასუხეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ მ------ ბ---------ს ამ თანხების ჩარიცხვით რაიმე ზიანი შეიძლება მიდგომოდა.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 17 დეკემბრიდან (თანხის ჩარიცხვიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს დავის საგნის დაკმაყოფილებული ნაწილის ღირებულების 3 %-ით. სარჩელი დაკმაყოფილდა 181 439 აშშ დოლარის ნაწილში და მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ფარგლები ამ შემთხვევაში იქნება მეორე მხარეზე 2 000 (ორი ათასი) ლარის დაკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე და სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 385-ე, 991-ე, 976-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ------ ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 181 439 (ას ოთხმოცდა ერთი ათას ოთხას ოცდა ცხრამეტი) აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ მ-------ს “ მიმართ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 17 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავალის (1663.20 აშშ დოლარის ოდენობით) ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯის ნაწილის გადახდა 2 000 ლარის ოდენობით.

 

3. შპს „ მ-------ს “ მოსარჩელე მ------ ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე