გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
190310019002991369
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3------9

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30.09.2019 წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - „A-----------------------“ (ა---–-------------–----–-----------)

წარმომადგენლები - მ-----–------–---–ი, ე-------------------–---–-

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ა--------------ი

 

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე

 

მესამე პირი - შპს ,,ნ--------------“

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის N7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა;

1.2 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაეკისროს „A-----------------------“-ის (ა---–-------------–----–-----------) სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5406.00 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 11 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი 2019-2020 წლებში სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვასთან დაკავშირებით. ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება გააკეთა შპს „ნ--------------“-მ. მოპასუხის მიერ შპს „ნ--------------“-ს სატენდერო შეთავაზების შეფასების შემდგომ მოთხოვნილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შპს „ნ--------------“-ს ავტომატური დისკვალიფიკაციის საფუძველი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა გაეუქმებინა ოქმი N2 და განეხორციელებინა შპს „ნ--------------“-ს მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება. მოპასუხე მხარემ 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ--------------“-ს მიეცა დისკვალიფიკაცია. მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა დავების საბჭოში შპს „ნ--------------“-ს მიერ. საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ სატენდერო კომისიის მიერ არ იქნა შესრულებული დავების საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. კომისიის მიერ განმეორებით იქნა შეფასებული „ნ--------------“-ს დოკუმენტაცია და 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნულის შემდგომ სატენდერო კომისიამ განაგრძო მოსარჩელის სატენდერო შეთავაზების შეფასება, რის შემდგომაც მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ორგანოდან ამონაწერის წარდგენა (სატენდერო კომისიის ოქმი N5). ამონაწერის წარდგენის შემდგომ N6 ოქმით ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა „ა---–-------------–----–-----------“-ი. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის N5 და N6 ოქმები გასაჩივრებულ იქნა დავების საბჭოში შპს „ნ--------------“-ს მიერ. მითითებული საჩივარი დაკმაყოფილებულ იქნა ნაწილობრივ 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით და სატენდერო კომისიას დაევალა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ნაცვლად სატენდერო დოკუმენტების შეფასებისა შეწყვიტა ტენდერი, რაც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით წარმოადგენს კანონდარღვევას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის N7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობას. ამასთანავე მოსარჩელის განმარტებით, ტენდერის უკანონო შეწყვეტით მოსარჩელემ განიცადა ზარალი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით შემდეგი ოდენობით: 1099ევრო (3 297 ლარი) შპს „შესყიდვების ელექტრონული სისტემის“ საკონსულტაციო მომსახურება ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით, 1545 ლარი (503.36 ევრო) საბანკო გარანტიის გაცემისთვის, 276 ლარი (90 ევრო) საბანკო გარანტიის შეწყვეტისათვის, 106 შვეიცარული ფრანკი კურსთა სხვაობა 2018 წლის 26 ოქტომბერს განთავსებულ და 2019 წლის 9 თებერვალს მიღებულ თანხებს შორის ანუ ჯამში - 5406 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ N7 ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაეკისროს „A-----------------------“-ის (ა---–-------------–----–-----------) სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5406.00 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო ოქმი მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამათლებრივი საფუძვლები. მითითებული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმ პირობებში როდესაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ოქმი N7 კანონიერია არ არსებობს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც.

 

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ 2019-2020 წლების განმავლობაში სანომრო ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

მოპასუხის განმარტებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სანომრე ნიშნების დასამზადებელი ფირფიტების მარაგი მომსახურების სააგენტოში იწურება, რაც საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი ფუნქციის შესრულებას. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შესყიდვების მაღალმა ღირებულებამ განაპირობა მეწარმე სუბიექტთა (მათ შორის მოსარჩელის და მესამე პირის) განსაკუთრებული დაინტერესება, რაც გახდა მათ მიერ არაერთი საჩივრის წარდგენის საფუძველი, ხოლო აღნიშნულ საჩივრებზე მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები, ისევე როგორც სატენდერი პირობები გახდა არაერთი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი, რაც აფერხებს სახელმწიფო შესყიდვას და საფრთხეს უქმნის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების (სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია) განხორციელებას.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში როცა საუბარია შესყიდვის პროცედურის შეწყვეტაზე, გაუმართლებელია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 234-ე მუხლზე მითითება. ამ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა მიზანშეწონილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

3.1. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ტენდერი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მიღებული სადავო ოქმი სრულად პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

3.2. მესამე პირმა შპს „ნ--------------“-მ 2019 წლის 02 ივლისს ჩაიბარა სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. სასამართლო პროცესზე, მესამე პირი შპს „ნ--------------“ და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით უცნობია.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 2018 წლის 11 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი 2019-2020 წლებში სანომრო ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N1 (ტ.1; ს.ფ 15-21 )

 

4.1.2 2018 წლის 01 ნოემბრის სატენდერო კომისიის N2 სხდომის ოქმით დადგინდა, რომ ელექტრონული ტენდერის წიონასწარი შედეგებით, ტენდერზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა მესამე პირმა შპს „ნ--------------“-მ.

მითითებული ოქმით, მოპასუხის სატენდერო კომისიამ, მესამე პირს შპს „ნ--------------“-ს დაავალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N2 (ტ.1; ს.ფ 29-33 )

 

4.1.3 2018 წლის 01 ნოემბრის სატენდერო კომისიის N2 სხდომის ოქმი გასაჩივრდა მოსარჩელე „ა---–-------------–----–-----------“-ის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში. საჩივრით მოთხოვნილ იქნა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის N2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც განხორციელდებოდა შპს „ნ--------------“-ს დისკვალიფიკაცია.

დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა 2018 წლის 1 ნოემბრის N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ნ--------------“-ს ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ა---–-------------–----–-----------“-ის საჩივარი (ტ.1; ს.ფ 35-37)

- დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (ტ.1; ს.ფ 38-45)

 

4.1.4 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიამ 2018 წლის 22 ნოემბრის N3 სხდომის ოქმით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა პრეტენდენტის შპს „ნ--------------“-ს დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 22 ნოემბრის N3 სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ 46-52)

 

4.1.5 2018 წლის 22 ნოემბრის სატენდერო კომისიის N3 სხდომის ოქმი გასაჩივრდა შპს „ნ--------------“-ს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში 2018 წლის 27 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ნ--------------“-ს საჩივარი (ტ.1; ს.ფ 53-55)

4.1.6 დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ--------------“-ს საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა 2018 წლის 1 ნოემბრის N2 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება მითითებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილისა და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ.1; ს.ფ 56-61)

 

4.1.7 სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიამ 2018 წლის 20 დეკემბრის N4 სხდომის ოქმით გააუქმა 2018 წლის 22 ნოემბრის სატენდერო კომისიის N3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და განახორციელა პრეტენდენტის შპს „ნ--------------“-ს დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 დეკემბრის N4 სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ 62-65)

 

4.1.8. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 24 დეკემბრის N5 სხდომის ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე „ა---–-------------–----–-----------“-ს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ხოლო 2018 წლის 28 დეკემბრის N6 ოქმით ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა „ა---–-------------–----–-----------“-ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 დეკემბრის N5 სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ 66-70);

-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის N6 სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ 80-82).

 

4.1.9. 2018 წლის 31 დეკემბრის საჩივრით, შპს „ნ--------------“-მ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა სატენდერო კომისიის 2018 წლის 24 და 28 დეკემბრის N5 და N6 სხდომის ოქმები. საჩივრით მოთხოვნილ იქნა ოქმების ბათილად ცობა და ახალი გადაწყვეტილებით „ა---–-------------–----–-----------“-ის დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ნ--------------“-ს საჩივარი (ტ.1; ს.ფ 83-85)

4.1.10. დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ნ--------------“-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიას დაევალა გასაჩივრებული N5 და N6 სხდომის ოქმების გადასინჯვა და „ა---–-------------–----–-----------“-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (ტ.1; ს.ფ 86-97)

 

4.1.11. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიამ 2019 წლის 30 იანვარს N7 სხდომის ოქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეწყდა 2019-2020 წლების განმავლობაში სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვის მიზნით 2018 წლის 11 ოქტომბერს გამოცხადებული და 29 ოქტომბერს ჩატარებული N----------- აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი და ტენდერს მიენიჭა სტატუსი - „ტენდერი შეწყვეტილია“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 იანვრის N7 სხდომის ოქმი (ტ.1; ს.ფ 98-103)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. მისი განმარტებით კომისიის N7 სხდომის ოქმი მიღებულია შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რითიც მოსარჩელე მხარემ განიცადა მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება

 

4.2.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო კომისიის N7 სხდომის ოქმი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოპასუხე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში და ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი ფუნქციის შესრულებას, რის გამოც გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტა სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ა---–-------------–----–-----------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

 

საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:

1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;

2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

 

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხე მხარემ ტენდერი 2019-2020 წლებში სანომრო ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვასთან დაკავშირებით. ტენდერზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა მესამე პირმა შპს „ნ--------------“-მ, რის გამოც სატენდერო კომისიამ, მესამე პირს შპს „ნ--------------“-ს დაავალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სადავო გახდა დავების განხილვის საბჭოში, როგორც მოსარჩელე „ა---–-------------–----–-----------“-ის მიერ ასევე მესამე პირის შპს „ნ--------------“-ს მიერ, რამაც გამოიწვია პროცესის გაჭიანურება. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულმა გარემოებამ წარმოშვა რეალური საფრთხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი ფუნქციის შესრულებას.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 191 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის N3 და N4 ოქმებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ნ--------------“-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე, რომელის დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა მოსარჩელე „ა---–-------------–----–-----------“-ის მიერ, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის სხდომის N5 სხდომის ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე „ა---–-------------–----–-----------“-ს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. ხოლო 2018 წლის 28 დეკემბრის N6 ოქმით ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა „ა---–-------------–----–-----------“-ი. N5 და N6 სხდომის ოქმები კი, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა მესამე პირის შპს „ნ--------------“-ს მიერ.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიამ 2019 წლის 30 იანვარს N7 სხდომის ოქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეწყდა 2019-2020 წლების განმავლობაში სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტების შესყიდვის მიზნით 2018 წლის 11 ოქტომბერს გამოცხადებული და 29 ოქტომბერს ჩატარებული N----------- აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი და ტენდერს მიენიჭა სტატუსი - „ტენდერი შეწყვეტილია“.

 

7.7. სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე მოქმედებას ახორციელებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მიუთითებს შემდეგზე:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილებაა, უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება;

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეფექტური მმართველობის ერთ-ერთ სამაგალითო გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება. ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით ორი ან რემოდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგიდან აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება და თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი ეფექტური მმართველობისთვის. დისკრეციულ უფლებამოსილებასთან ერთად, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ უკანასკნელის კონტროლს. ვინაიდან, ასეთ დროს არსებობს ორი საფრთხე: ა) კონტროლის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების მთავარი თვისების (არჩევანის თავისუფლების), შესაბამისად ეფექტურობის დაკარგვისა და ბ) კონტროლის დაბალი ინტენსივობისას კი, ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიების ადრესატთა უფლებების დარღვევისა.

 

დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარეკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორცეილებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელბაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.

 

ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისათვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. სასამართლო კი დისკრეციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სპეციფიკური შეცდომების თვალსაზრისით.

 

დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელების მოთხოვნის უფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი გადაწყვეტილების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნის უფლებისაგან, რომ ამ შემთხვევაში სუბიექტი ითხოვს არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (რაიმე ქმედების განხორციელებას), არამედ დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელებას. შესაბამისად, ამ მატერიალური მოთხოვნის საპირისპიროდ მას ფორმალურ მოთხოვნის უფლებას უწოდებენ. ამ უფლებას აქვს ორი მიმართულება: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს დისკრეციული უფლებამოსილების ნორმის საფუძველზე გადასაწყვეტი საკითხის თაობაზე და, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა უზრუნველყოს დისკრეციული უფლებამოსილების უშეცდომოდ განხორციელება.

 

7.8 სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმეზე N3ბ/1952-15, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ არის არჩევანში, მთავარია, რომ ის კანონის ფარგლებში განხორციელდეს.

 

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას გამოკვლეული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული საკითხის გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს ფაქტების ობიექტურ გამოკვლევას, დადგენასა და შეფასებას. სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა აისახოს არსებული ალტერნატიული შესაძლებლობებიდან ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები. სასამართლო ვერ შეიჭრება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში და ვერ განუსაზღვრავს არსებული შესაძლებლობებიდან თუ რომელი უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება - დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მეტად მისაღებობა სხვა ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით. ასევე, პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაიცვას პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

 

ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, სასამართლო ადგენს, რომ კანონმდებელი ტენდერის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს ფართო დისკრეციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავად განსაზღვრავს მის საჭიროებებს და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

7.9 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სატენდერო კომისიის მიერ ტენდერის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამოა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ განხორციელებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატენდერო კომისიის 2019 წლის 30 იანვრის N7 სხდომის ოქმი შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მისი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

7.10. სასამართლო დამატებით მიუთითებს, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ოქმი კანონიერია და სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად კანონით დადგენილ ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. „ა---–-------------–----–-----------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი