გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
330210019002999917
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10814- 19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ზ------------ე

 

მოპასუხეები - შპს „ა----–--ი“, შპს „ს--–-----–-----------------------ი“

წარმომადგენელი - ზ---–------–-–---–ი (დირექტორი)

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ა----–--სა“ და შპს „ს--–-----–-----------------------ს“ შორის 2018 წლის 3 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

1.2. შპს „ა----–--ს“, 2018 წლის 13 აპრილის N27 პარტნიორთა კრების ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე შ---------------–---–ის მიმართ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 90000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

შპს „ც--------–ის“ მიმართ შპს „ა----–--ს“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 28 თებერვლის შ---------------–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, სადაც თავდებობის თანხად განისაზღვრა 60000 ლარი. დაგირავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, თვითმცლელი VOLVO FM9-12, სახელმწიფო ნომრით, X------. მართალია, ავტომანქანა დაგირავდა 60000 ლარად, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება არანაკლებ 30000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

შპს „ა----–--მა“ ვერ შეასრულა შპს „ც--------–თან“ ნაკისრი ვალდებულება და და ყადაღა დაედო ავტომანქანას, ასევე მოსარჩელის სახელფასო ანგარიშს, რის გამოცა 10 თვის განმავლობაში სისტემატიურად ხდებოდა ანგარიშიდან 450 ლარის ჩამოჭრა. ავტომანქანის აუქციონის წესით რეალიზაციისგან თავის არიდების მიზნით, ნათესავის საშუალებით, შპს „ც--------–თან“ მიღწეული მორიგების შედეგად, მოხერხდა გირავნობის საგნის მიზერულ ფასად, 20000 ლარად რეალიზაცია, ხოლო თანხა შპს „ა----–--ის“ ვალდებულების შესრულების მიზნით, გადარიცხული იქნა შპს „ც--------–ის“ ანგარიშზე.

 

ავტომანქანა მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაქირავებული ჰქონდა, თუმცა რეალიზაციამდე შპს „ც--------–ის“ დავალებით გაჩერებული იქნა საწარმოს ტერიტორიაზე, რითაც შ---------------–---–მა დაკარგა შემოსავლის მიღების ყოველთვიური წყარო.

 

2018 წლის 13 აპრილს ჩატარდა შპს „ა----–--ის“ პარტნიორთა კრება, სადაც დირექტორობიდან გადადგა ზ------------ე და არჩეულ იქნა ახალი დირექტორი ზ---–------–-–---–ი. ამავე კრებაზე ზ---–------–-–---–მა, როგორც შპს „ა----–--ის“ დირექტორმა, აღიარა და იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელისთვის აენაზღაურებინა კუთვნილი თვითმცლელის საფასური, რაც განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის 88 კვ.მ. ფართის სახით. მოხდებოდა ამ ფართის ზ------------ის სახელზე აღრიცხვა, ხოლო შემდგომში იგი ფართს მოსარჩელეს გადასცემდა, რითაც მოხდებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ა----–--მა“ 2018 წლის 3 ოქტომბერს გააფორმა მოჩვენებითი გარიგება საგადასახადო კოდექსის განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან - შპს „ს--–-----–-----------------------’’-თან. ამ გარიგების ერთადერთი მიზანი გახდა მოსარჩელის, ასევე სხვა პირების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება. შპს „ს--–-----–-----------------------ის“ დირექტორიც ასევე ზ---–------–-–---–ია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინათ, თუმცა სარჩელთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისას მოპასუხეთა კანონიერმა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 2018 წლის 13 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმი შპს „ა----–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულებას არ აკისრებდა, სხდომაზე გადაწყვეტილი იქნა მხოლოდ ერთი საკითხი - დირექტორის თანამდებობიდან ზ------------ის გადადგომისა და ამავე თანამდებობაზე ზ---–------–-–---–ის დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება კრებაზე შ---------------–---–თან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, ეს იყო შეთავაზება, რომლის შესრულების პირობაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი თავის მხრივ ზ------------ის მიერ შესრულდებოდა ამავე კრების ოქმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც არ შესრულებულა.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) არ დასტურდებოდა დაგირავებული ნივთიდან ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით 7000 ლარი შემოსავლის მიღება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ა----–--ი“ ახორციელებდა თბილისში, გ-–----ის მე-8 მ/რ-ში (საკადასტრო კოდი N7-----------) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 13.04.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმი N27.

 

3.1.2. შპს „ა----–--ს“ (მოვალე) და შპს „ც--------–ს“ (კრედიტორს) შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 28 თებერვალს შპს „ც--------–სა“ და შ---------------–---–ს შორის დაიდო თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებები.

 

გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გირავნობის საგანს წარმოადგენდა შ---------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - VOLVI FM-12, სარეგისტრაციო ნომერი X------.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.02.2017 წლის გირავნობის ხელშეკრულება;

- 28.02.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შპს „ა----–--ის“ მიერ შპს „ც--------–ის“ მიმართ ნაკისრი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 13 აპრილს ჩატარდა შპს „ა----–--ის“ პარტნიორთა კრება, მისი პარტნიორების ზ------------ის, ზ---–------–-–---–ისა და კ--------------–---–ის მონაწილეობით.

 

კრებაზე განხილულ იქნა: ა) შპს „ა----–--ის“ დირექტორის გადადგომისა და ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი; ბ) ზ---–------–-–---–ის შეთავაზება ინვესტიციის მოზიდვის შესახებ; გ) ზ---–------–-–---–ის შეთავაზება შპს „ა----–--ის“ დავალიანებისა და ვალდებულებების ეტაპობრივად გასტუმრება-გადახდის შესახებ.

 

აღნიშნულ კრებაზე გადაწყდა მხოლოდ ერთი საკითხი: დაკმაყოფილდა ზ------------ის თხოვნა შპს „ა----–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა ზ---–------–-–---–ი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.04.2018 წლის კრების ოქმი;

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.1.5. 2018 წლის 3 ოქტომბერს შპს „ა----–--სა“ (გამყიდველი) და შპს „ს--–-----–-----------------------ს“ (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში 9 უძრავი ქონება, ხოლო ამავე ხელშეკრულებაში 2018 წლის 4 ოქტომბერს განხორციელებული დამატების საფუძველზე - დამატებით 2 უძრავი ქონება.

 

აღნიშნული ხელშეკრულებების დადების დროს შპს „ა----–--საც“ და შპს „ს--–-----–-----------------------ს“ წარმოადგენდა მათი დირექტორი - ზ---–------–-–---–ი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

- შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ;

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 13 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმით არ დასტურდება შპს „ა----–--ის“ მხრიდან შ---------------–---–ის მიმართ მომავალში რაიმე ვალდებულების შესრულების აღების ვალდებულება.

 

მოსარჩელის განმარტების, პატრნიორთა კრებაზე შპს „ა----–--მა“, მისი დირექტორის ზ---–------–-–---–ის სახით აღიარა და იკისრა ვალდებულება, მისთვის აენაზღაურებინა გირავნობის საგნით მიყენებული ზიანი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ განმარტებას, შემდეგი საფუძვლით:

 

დასახელებული კრების ოქმის თანახმად, პარტნიორთა კრების წევრებმა მოისმინეს ზ---–------–-–---–ის შემდეგი შინაარსის ერთ-ერთი შეთავაზება: ზ---–------–-–---–ი სთავაზობს პარტნიორთა კრებას, რომ მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მისივე ნებით ეტაპობრივად აანაზღაურებს შპს „ა----–--ის“ არსებულ დავალიანებებსა და ვალდებულებებს. ასევე მისი დირექტორად დანიშვნის და ინვესტორთან დავალიანებისა და ვალდებულების ნაწილობრივ დაფარვის მიზნით ზემოაღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან ზ------------ეს დაურეგისტრირებს საკუთრებაში 88 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს, რომელიც შეადგენს შ---------------–---–ის კუთვნილი ავტოთვითმცლელის საბაზრო ღირებულებას და ზ------------ის მიერ გადახდილ პირად თანხებს.

 

აღნიშნული შეთავაზებიდან უდავოდ დგინდება, რომ ზ---–------–-–---–ი პარტნიორთა წინაშე შეთავაზების გაკეთებისას არ მოქმედებდა, როგორც შპს „ა----–--ის“ დირექტორი (ზ---–------–-–---–ი სთავაზობს პარტნიორთა კრებას, რომ მისი დირექტორად დანიშვნის შემდეგ...). შესაბამისად, შპს „ა----–--ი“ ვერანაირად ვერ იქნება მესამე პირის - შ---------------–---–ის წინაშე ვალდებული იმ პირობისთვის, რაც ზ---–------–-–---–ს, როგორც შპს „ა----–--ის“ მოქმედ დირექტორს არ უკისრია. ამასთან, სადავო არ არის, რომ აღნიშნულ კრებაზე გადაწყვეტილების სახით მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა მოხდა, დაკმაყოფილდა ზ------------ის თხოვნა შპს „ა----–--ის“ დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ზ---–------–-–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლში უკვე დაკონკრეტებული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, კერძოდ პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრების ოქმით შპს „ა----–--ის“ პარტნიორების მიერ არ მიღებულა გადაწყვეტილება მესამე პირების მიმართ მომავალში რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ. ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის (შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე) მოთხოვნის ფარგლებში იქნა მიღებულია ამ კრებაზე არის დირექტორის გადაყენება/დანიშვნის საკითხი.

 

3.2.2. შპს „ა----–--სა“ და შპს „ს--–-----–-----------------------ს“ შორის 2018 წლის 03 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიუხედავად მოსარჩელეს არ წარმოეშობა პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება არის მოჩვენებითი და დადებულია იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო შპს „ა----–--ის“ მიერ 2018 წლის 13 აპრილის კრების ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის საკითხის განხილვისას უნდა შემოწმდეს დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდილი ინტერესის არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამასთან, სასამართლოში წარდგენილი სარჩელი მიზნად უნდა ისახავდეს მხარის კანონიერი უფლების ან კანონით დაცული და გათვალისწინებული ინტერესის დაცვას. ამასთან, სარჩელის წარდგენისას ნათლად და გარკვევით უნდა იკვეთებოდეს მხარის აღნიშნული კანონიერი უფლება ან კანონით გათვალისწინებული ინტერესი, რომლის დარღვევის აღმოფხვრასაც ან რომლის დაცვასაც მოითხოვს მხარე. სარჩელის წარდგენისას მხარის უკვე არსებული უფლების ან არსებული კანონით გათვალისწინებული ინტერესის დარღვევა, ან დარღვევის რეალური საფრთხე ქმნის დავის მიმართ მოსარჩელის დასაბუთებულ ინტერესს.

 

იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე აღიარებით სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, მართალია, წარმოდგენილი აქვს მიკუთვნებითი მოთხოვნა (მიკუთვნებითი მოთხოვნა- მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ) ზიანის თაობაზე, თუმცა, აღნიშნული საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, არ განაპირობებს მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ 2018 წლის 13 აპრილის პარტნიორთა კრებაზე შპს „ა----–--ს“ შ---------------–---–ის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება არ უკისრია. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ კი ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი, აღნიშნული არ ავალდებულებს შპს „ა----–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულებას.

 

ამდენად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელი შესაბამის მიკუთვნებით მოთხოვნასთან ერთად, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებისა და დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე, 394-ე 408-ე მუხლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ხოლო ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის აუცილებელია სახეზე იყოს მოვალის ქმედებაში მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისთვის, რომ, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (შდრ.სუსგ # ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ვალდებულების არსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილის პარტნიორთა კრებაზე შპს „ა----–--ს“ შ---------------–---–ის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება არ უკისრია. ვალდებულების არარსებობა კი თავისთავად გამორიცხავს ვალდებულების დარღვევას და შესაბამისად, ზიანის არსებობას.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

2018 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით, კერძოდ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სასამართლო აღნიშნული მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი.

 

რამდენადაც საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილის პარტნიორთა კრებაზე შპს „ა----–--ს“ შ---------------–---–ის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება არ უკისრია, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს შპს „ა----–--ის“ დავალდებულებას შ---------------–---–ის მიმართ შეასრულოს რაიმე ვალდებულება, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ მომხდარა შ---------------–---–ის მიმართ ნაკისრი რაიმე ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით.

ამდენად, არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, რის გამოც მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 3000 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე