გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
330210119002926038
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7132-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს „ე-–----------------–--“

წარმომადგენელი - თ------------------ე

 

მოპასუხე - შპს „კ------–---ი“

წარმომადგენელი - გ--–---------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „კ------–----“ შპს „ე-–----------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 21313,27 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2015 წელს შპს „ე-–----------------–--მა“ იკისრა ვალდებულება შპს „კ------–---ისთვის“ გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა საქონლის რეალიზებით მიღებული თანხიდან შეთანხმებული საზღაური. მხარეები რამოდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, მოპასუხე მიღებული საქონლის საფასურს ეტაპობრივად იხდიდა, თუმცა 2018 წლის ბოლოდან შეწყვიტა საქონლის საფასურის გადახდა.

 

2018 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „კ------–---ის“ დავალიანება შპს „ე-–----------------–--ის“ მიმართ 30845,17 ლარს შეადგენდა, რაზეც მხარეთა შორის შედგა შედარების აქტი. 2019 წლის 18 იანვრამდე, რამოდენიმე ტრანზაქციის ფარგლებში მოპასუხემ გადაიხადა თანხის ნაწილი, ასევე მოხდა სასაქონლო ნაშთის გამოკლებით დავალიანების შემცირება, ხოლო დარჩენილი დავალიანება 21313,27 ლარი მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დღემდე არ დაუფარავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

წერილობით წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დასტურდებოდა დავალიანების არსებობა, ვინაიდან მას გადახდილი ჰქონდა მიღებული საქონლის ფასი, ამასთან, ანგარიშ-ფაქტურებით არ დასტურდებოდა საქონლის მიწოდების ფაქტი.

 

ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა 21313,27 ლარის ნაწილში სრულად ცნო.

 

(მტკიცებულება: შესაგებელი; 24.09.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ე-–----------------–--სა“ და შპს „კ------–----“ შორის 2015 წლიდან არსებობდა ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შპს „ე-–----------------–--ი“ მოპასუხეს აწვდიდა კომპიუტერულ ტექნიკას და აქსესუარებს.

 

მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება შპს „ე-–----------------–--ის“ მხრიდან ეტაპობრივად ხდებოდა - შპს „კ------–---ი“ ახდენდა საქონლის რეალიზებას და რეალიზაციიდან მიღებული თანხით ხდებოდა საფასურის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

3.1.2. 2018 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „კ------–---ის“ დავალიანება შპს „ე-–----------------–--ის“ მიმართ შეადგენდა 30845,17 ლარს, საიდანაც მოპასუხის მიერ განხორციელდა დავალიანების ნაწილის 3774,49 ლარის თანხით დაფარვა, ხოლო სასაქონლო ნაშთით გაიქვითა 5757,41 ლარი და 2019 წლის 2 აპრილის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი) დავალიანება დარჩა 21313,27 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.10.2018 წლის შედარების აქტი;

- შპს „კ------–---ის“ 18.01.2019 წლის წერილი;

- საბანკო ამონაწერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-–----------------–--ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

შპს „ე-–----------------–--სა“ და შპს „კ------–----“ არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რომლის ღირებულება შპს „კ------–----“ სრულად არ აუნაზღაურებია და დავალიანება არის 21313,27 ლარი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად ცნო. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სასამართლოსთვის საკმარისი საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებისთვის და შპს „კ------–----“ მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს 21313,27 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 639,40 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი სრულად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49.2-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე-–----------------–--“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს „კ------–---ი“-ს მოსარჩელე შპს „ე-–----------------–--“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 21313.27 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს „ე-–----------------–--“-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 02/04/2019 წელს N0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი 2---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 639.40 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელი - შპს ადვოკატი გ----------------ის იურიდიული კ----------, ს/ნ 4--------, გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“ მიმღები: სახელმწიფო ხაზინა სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივერი აბაშიძე