გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6909-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - შ------------------
წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თ------------
მესამე პირი - შპს თბილისის იურიდიული ინსტიტუტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ნაწილობრივ ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ბაკალავრის ხარისხთან გათანაბრების ნაწილში.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-----------------ის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხთან გათანაბრების შესახებ (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 2019 წლის 08 თებერვლის სხდომის ოქმი; ს.ფ. 75-78).
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის - შპს თბილისის იურიდიული ინსტიტუტის წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს ეცნობა სხდომის თარიღი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 1991 წლის 4 ნოემბრის №0------------ ლიცენზიით თბილისში გაიხსნა იურიდიული კოლეჯი, როგორც ფასიანი საშუალო სპეციალური სასწავლებელი, რომელიც კადრებს ამზადებდა სპეციალობაში „სამართალმცოდნეობა“. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს თხოვნის შესაბამისად, იურიდიული კოლეჯის ბაზაზე შეიქმნა თბილისის უმაღლესი იურიდიული კოლეჯი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. აღნიშნული სასწავლებელი კადრებს მოამზადებდა სპეციალობაში „სამართალმცოდნეობა“. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო გეგმები და პროგრამები, მასწავლებელთა კადრები აკმაყოფილებდა ფასიანი უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის საჭირო მოთხოვნებს.
დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ 1992 წლის 03 ივლისს შპს ,,თბილისის იურიდიულ ინსტიტუტზე‘’ გასცა უმაღლესი საქმიანობის ლიცენზია №0-----------. 1996 წლის 9 ოქტომბერს განხორციელდა შპს ,,თბილისის იურიდიული ინსტიტუტის‘’ რეგისტრაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1992 წლის 03 ივლისის №0----------- ლიცენზია (ს.ფ. 84);
- საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს 1994 წლის 18 ივლისის №2------ წერილი (ს.ფ. 85);
- რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 86-87).
3.1.2. შ------------------ 1988 წელს შევიდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში და 2002 წელს დაამთავრა იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო საატესტაციო - საგამოცდო კომისიის 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შ------------------ს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. თბილისის იურიდიული ინსტიტუტის მიერ 2002 წელს შ-----------------ის სახელზე გაიცა ნა №0----- დიპლომი (სარეგისტრაციო №0---).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბოლოო შეფასების უწყისი (ს.ფ. 16).
- ნა №0----- დიპლომი (ს.ფ. 50).
3.1.3. 2018 წლის 05 სექტემბერს შ------------------მ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა 2002 წელს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების ნა №0----- წარჩინების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 05 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 43-44).
3.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებით შ------------------ს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა მიიჩნია, რომ შ-----------------ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
ამავე გადაწყვეტილებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცენტრმა დაადასტურა უმაღლესი განათლების ნა №0----- წარჩინების დიპლომის ნამდვილობა. ამასთან, ცენტრმა განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების ნა №0----- წარჩინების დიპლომის მფლობელ პირს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე - მაგისტრატურაში. ასევე მიუთითა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა მიიჩნია, რომ უმაღლესი განათლების ნა №0----- წარჩინების დიპლომის საფუძველზე შ------------------ს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე-დოქტორანტურაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის 14 ივლისის რედაქცია) მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან გამომდინარე, ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრმა მიიჩნია, რომ შ-----------------ის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდებოდა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
სასამართლო მიუთითებს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონით განისაზღვრა უმაღლესი განათლების საფეხურთა განსხვავებული კლასიფიკაცია, განსხვავებით მანამდე მოქმედი სისტემისა, რამაც დღის წესრიგში დააყენა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამდე მიღებული განათლების გათანაბრების საკითხის დადგენა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია: ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები და ოთხ წელიწადზე მეტი; ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს ორ წელიწადზე ნაკლები; გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ წელიწადზე ნაკლები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სახელზე დიპლომის გაცემით დადასტურებულია სასწავლო გეგმის, პროგრამის შესაბამისობა იმ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელემ გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
ამასთან, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზეც, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან (კანონში ცვლილება შესულია 13.05.2005. №----).
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ნორმის განსახილველ ურთიერთობაზე გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონის გავრცელება, რაც დამდგარი სამართლებრივი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონს არ აქვს უკუძალა. ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ კანონში. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. კანონის უკუძალის აკრძალვა, კანონთა დროში მოქმედების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გარემოებაა და ამით მოქალაქე დაცულია სამართლის ნეგატიური ზემოქმედებისგან. კანონის დროში ასეთი წესით მოქმედების პრინციპის მთავარი მიზანი, დანიშნულება არის კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან, პირს კანონის მიხედვით უნდა შეეძლოს მისი განჭვრეტა, იმისათვის რომ შეძლოს თავიდან აიცილოს უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. უკუძალის აკრძალვის პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, რომელიც აშკარად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ 2002 წელს გაცემულ დიპლომზე, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ------------------ 1988 წელს შევიდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში და 2002 წელს დაამთავრა იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამასთან დადგენილია, რომ სახელმწიფო საატესტაციო საგამოცდო კომისიის 2002 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია, ხოლო თბილისის იურიდიული ინსტიტუტის მიერ 2002 წელს შ-----------------ის სახელზე გაიცა ნა №0----- დიპლომი (სარეგისტრაციო №0---).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე (CASE OF CATAN AND OTHERS v. MOLDOVA AND RUSSIA): იმისათვის, რომ უფლება ქმედითი იყოს, აუცილებელია, მათ შორის, რომ უფლებით მოსარგებლე ინდივიდს გააჩნდეს მიღებული განათლებიდან სარგებლობის მიღების შესაძლებლობა, ანუ უფლება, სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოიპოვოს ოფიციალური აღიარება განათლებისა, რომლის მიღება დაასრულა.
სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „გ“ პუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი განათლების ერთ-ერთ ძირათად მიზანს წარმოადგენს პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის. ამდენად, უმაღლესი განათლების მიზანი - კვალიფიკაცია - მოსარჩელესთან მიმართებაში დადასტურებულია, მის მიერ წარმატებითაა დაძლეული შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მიღებისათვის დადგენილი პროგრამა, რაც სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ნაწილში და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-----------------ის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - შ-----------------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის №M---------------- გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების ნაწილში.
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-----------------ის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების შესახებ.
4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური