გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310018002782716
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შ-------–-------
წარმომადგენელი - ე-–-----–-----–-ა
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ--------–---
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმომადგენელი - ვ--–----------------
მესამე პირი (16.1) - შ--------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანება შ--------–---------- დირექტორის ლ-–--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 28 თებერვალს შ--------–---------- ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს N-------- გადაწყვეტილების საფუძველზე 49 წლის ვადით იჯარის ფორმით გადაეცა ოთხი მიწის ნაკვეთი მდ. მტკვრის მომიჯნავედ ამ მიწის ნაკვეთებზე ნავსადგურ-მოსაცდელებისა და კაფეტერიის ტიპის დაწესებულებების მოწყობის ვალდებულებით. ვალდებულების შესრულებისთვის შემუშავებული პროექტი შეთანხმებულ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე და მიეცა დადებითი შეფასება, რის შემდგომაც არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა გადაწყვეტილება №------- და შ--------–--------ს მიეცა ნებართვა I კლასის ნაგებობის მოწყობაზე.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ 2017 წლის ნოემბერში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობით მოხდა მოიჯარის ცვლილება და შ--------–---------- ჩაენაცვლა შ--------------------- უცვლელი პირობებითა და ვალდებულებებით.
2018 წლის 8 იანვარს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საქმის წარმოება შ--------–---------- მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ და სამართალდარღვევად დაფიქსირდა გ--------–--------- დასაწყისში არსებულ ნაკვეთზე (№----------------) დროებით შენობა-ნაგებობის განთავსება შესაბამისი სანებართო დოკუმენტაციის გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შ--------–------- ამ პერიოდში აღარ წარმოადგენდა ნაკვეთით მოსარგებლე სუბიექტს, თუმცა მიუხედავად ამისა, 2018 წლის 29 იანვარს მის მიმართ შედგა №------ შემოწმების აქტი და შ--------–------- დაჯარიმდა 10 000 ლარით. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ შ--------–--------მა მიმართა ზედამხედველობის სამსახურს და განუმარტა, რომ ის აღარ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს და გარდა ამისა, მათ ჰქონდათ არქიტექტურის სამსახურის მიერ 2014 წლის 7 ივლისს გაცემული შესაბამისი ნებართვა. ზედამხედველობის სამსახურმა კი განუმარტა მოსარჩელეს, რომ ნებართვა იყო ვადაგასული, ვინაიდან ნაგებობა წარმოადგენდა დროებით შენობა-ნაგებობას, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს - შ--------------------- წერილობითი ფორმით შესაგებელი შ--------–--------ის სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი დაუჭირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში (ნ--------------), მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2014 წლის 11 თებერვლიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 70.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 01;. ამავე ამონაწერში მოიჯარედ ფიქსირდება შ--------------------- .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 27.11.2017 (ტომი 1, ს.ფ. 270-271).
4.1.2. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში მდებარე 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №----------------) (სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად) იჯარით, პირდაპირი განკარგვის წესით, ნავსადგურ-მოსაცდელების და კაფეტერიის ტიპის დაწესებულებების მოწყობის მიზნით გადაეცა შ--------–----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილება და საიჯარო პირობები (ტომი 1, ს.ფ. 118-122).
4.1.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილებით, სამსახურმა განიხილა განცხადება და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ქ.თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გ---------–-- ქუჩის დასაწყისი, ნ--------------, ნავსადგურის მოწყობის საკითხს და დაადასტურა ქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გ---------–--------- დასაწყისი, ნ--------------, ნავსადგურის მოწყობის შესაძლებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 24-25).
4.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ შ--------–---------- მიეცა თანხმობა ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №06.27.220 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 28 თებერვლის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის: ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში მდებარე 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №----------------), იჯარის უფლება უცვლელი საიჯარო პირობებითა და ვალდებულებებით, გადაეცა შ---------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 22-23).
4.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ--------–--------ის მიმართ 2018 წლის 08 იანვარს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, გ---------–---------------–---–-, ნ-------------- (ს/კ: №----------------), ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე მოწყობილია დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობა, რომლის განთავსების ვადაც არის გასული. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შ--------–---------- დაევალა განეხორციელებინა აღნიშნული დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის მითითება №------ (ტომი 1, ს.ფ. 285-286).
4.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 იანვარს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ შ--------–------- -ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 08 იანვრის №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 29 იანვრის შემოწმების აქტი №------ (ტომი 1, ს.ფ. 281-282).
4.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 21 მარტის №297 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს ზემოაღნიშნული ობიექტი ხელმეორედ იქნა გადამოწმებული, რის შედეგადაც არ დადასტურდა უნებართვო ობიექტის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 21 მარტის №297 მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 267).
4.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად, შ--------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის (კერძოდ: დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლის განთავსების ვადაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის გასული). ამავე დადგენილებით შ--------–--------ს დაევალა ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ განთავსებული დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ტომი 1, ს.ფ. 54-56).
4.1.9. 2018 წლის 10 აპრილს შ--------–--------ის დირექტორმა - ლ-–--------–---–მა №----------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შ--------–------- -ის დირექტორის - ლ-–--------–---–ის 2018 წლის 10 აპრილის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ--------–--------ის დირექტორის - ლ-–--------–---–ის 2018 წლის 10 აპრილის №----------------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 2, ს.ფ 27-31);
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანება შ--------–------- -ის დირექტორის ლ-–--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ (ტომი 1, ს.ფ. 88-97).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც შ--------–------- -ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანება შ--------–------- -ის დირექტორის ლ-–--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე შ--------–--------ის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც შ--------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის (კერძოდ: დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლის განთავსების ვადაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის გასული). ამავე დადგენილებით შ--------–---------- დაევალა ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ განთავსებული დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
7.3. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შ--------–------- -ის მიმართ 2018 წლის 08 იანვარს შედგენილ იქნა მითითება №------, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ-------------- (ს/კ: №----------------), ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე მოწყობილია დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობა, რომლის განთავსების ვადაც არის გასული. ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, შ--------–---------- დაევალა განეხორციელებინა აღნიშნული დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 29 იანვარს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ შ--------–------- -ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 08 იანვრის №------ მითითების პირობები.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად(სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 21 მარტს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, შ--------–------- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის (კერძოდ: დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლის განთავსების ვადაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის გასული). ამავე დადგენილებით შ--------–---------- დაევალა ქ. თბილისში, გ--------–--------- დასაწყისში, ნ--------------, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ განთავსებული დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
7.4. სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არის ახალი მშენებლობა. დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა და ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა);
ამავე დადგენილების 65-ე მუხლის თანახმად I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუმცა ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის გამცემ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, მე-10 პუნქტის თანახმად კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. თავის მხრივ, უნებართვო მშენებლობის დეფინიციას იძლევა ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილებით, შ--------–------- დაჯარიმდა დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებისთვის, კერძოდ: შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 07 ივლისის №------- გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის განთავსების ვადაც გასულია, თუმცა მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობის განთავსების უფლება მათ გააჩნდათ სწორედ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 7 ივლისს გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი(დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების მაქსიმალურ ვადასა და მისი გაგრძელების შესაძლებლობას, რომლის ამოწურვის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია განახორციელოს დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით ცალსახად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ქ. თბილისში, გ---------–---------------–---–-, 0-----, საკ. კოდი: №-----------------ზე (თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის განთავსების ვადის დარღვევას, ვინაიდან, არ გაგრძელებულა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 7 ივლისის №------- გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნავსადგურის ერთწლიანი განთავსების ვადა, რაც როგორც უკვე აღინიშნა, განიხილება უნებართვო მშენებლობად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ შ--------–------- სამართალდარღვევის გამოვლენის პერიოდში აღარ წარმოადგენდა ნაკვეთით მოსარგებლე სუბიექტს და მას არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში კი, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს სწორედ შპს ,,კალა 2005’’ წარმოადგენს.
რაც შეეხება უნებართვოდ განთავსებული ობიექტის დემონტაჟის დავალებას, სასამართლო მიუთითებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
ამდენად, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს შ--------–------- , რომლის მიერ უნებართვო მშენებლობა განხორციელებულია თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო მისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, დაევალებინა უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი.
წარმოდგენილ სარჩელში, მოსარჩელე მხარე იმ გარემოებაზეც აპელირებს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 7 ივლისის №------- გადაწყვეტილებით განსზღვრული არ ყოფილა დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების ვადა, რაც სადავო დადგენილების უკანონო ხასიათზე მიუთითებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ნომენკლატურაში მითითებულია დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის შესახებ და ასევე იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მართალია არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 7 ივლისის №------- გადაწყვეტილებაში მითითებული არ იყო დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების ვადა, თუმცა, აღნიშნული პირობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაფიქსირება არ წარმოადგენდა არქიტექტურის სამსახურის ვალდებულებას, ვინაიდან, დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების 1 წლიანი ვადა, მისი გაგრძელების შესაძლებლობა და მისი ამოწურვის შედეგი (დროებითი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა) დეტალურად რეგულირდება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული პირობების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაწერა სცილდება არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის მიუხედავად, საქმეში არ ფიქსირდება ნავსადგურის განთავსების ვადის გაგრძელების შესაბამისი აქტი, რაც ქ. თბილისში, გ---------–---------------–---–-, ნ--------------, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების 1 წლიანი ვადის ამოწურვის შედეგად, დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რაც შესაბამისი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შ--------–------- -ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შ--------–--------ის დირექტორს ლ-–--------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 14 დეკემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
7.6. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს შ--------–--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შ--------–------- -ის სარჩელზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------–------- -ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. შ--------–------- -ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი