გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019003153976
საქმე №3/512-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - გ----------------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - თ----------------ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე გ----------------ეს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 473,76 (ოთხას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის, კერძოდ ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N21-02/65447 წერილით, გ----------------ეს მისი 2019 წლის 3 ივნისის N1110336/21 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ გ----------------ის მიმართ 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 473,76 ლარს, საშემოსავლო გადასახადი, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი 38-ე ნაწილის თანახმად 12%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ. 2-12);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N21-02/65447 წერილი (იხ.ს.ფ. 13);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ გ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, გ----------------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვს, რომ დაევალოს მოპასუხეს მის სასარგებლოდ 1998-200 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება, ხოლო, მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.
შესაბამისად, აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს ხელფასი.
ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს ხელფასი მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N21-02/65447 წერილით, გ----------------ეს მისი 2019 წლის 3 ივნისის N1110336/21 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის (გ----------------ის) მიმართ 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 473,76 ლარს, საშემოსავლო გადასახადი, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი 38-ე ნაწილის თანახმად 12%.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალის აღიარების არსებობის თაობაზე მოსარჩელის მოსაზრებას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარება მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და ასევე, კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას.
ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N21-02/65447 წერილის შინაარსის მიხედვით, არ იკითხება მოპასუხის პოზიცია, რომლითაც შეიძლება მიჩნეული იქნეს ვალის აღიარებად ან/და ამ ვალის გადახდის დაპირებად, შესაბამისი თანხების არსებობისას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დოკუმენტის შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ იმოქმედებდა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში, არამედ აღნიშნული წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით ვერ იქნება მიჩნეული ვალის აღიარების ხელშეკრულებად.
6.4. სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის დებულებების გათვალისწინებით 1997 წლის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ურთიერთობაზე მოქმედების გავრცელების შესახებ და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი კანონი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო. 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად, ეს რეგულაცია აღარ არსებობს.
თავის მხრივ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ----------------ეს 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე. ის გარემოება, რომ, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, 2001 წლიდან 2019 წლამდე მას არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის და სასამართლოსათვის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელემ ასევე, დაადასტურა საქმის განხილვის დროს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლების რეალიზაცია განახორციელა 2019 წლის 03 ივნისის განცხადებით, მოსარჩელე გ----------------ის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის შესახებ ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი