გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2019
საქმის ნომერი
330210018002636479
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27160-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.09.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე: პ---------------–--ე

წარმომადგენელი: მ---------------ი

მოპასუხე: კ-------------–---–ი

წარმომადგენელი: გ--------------ე

დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა; მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე კ-------------–---–ს მოსარჩელე პ---------------–--ის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა, ტელეკომპანია ,,პ------–ის“ გადაცემა ,,პ------–ების“ ეთერით, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი შინაარსის ცნობის გამოქვეყნების გზით: ,,სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 ივლისს შპს ,,ტელეკომპანია პ------–ის“ გადაცემაში ,,რ---–--ს“ პირდაპირ ეთერში პ---------------–--ის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია ა) ,,ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი“; ბ) ,,როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისთვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პ----- ჯიბეში ამ ფულს“ - არის სიცრუე და ცილისწამება, პ---------------–--ის პ---------------–--ის პატივისა და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება”.

 

(იხ. პირველი მოთხოვნის დაზუსტება ს.ფ. 186);

 

1.2. დაევალოს მოპასუხე კ-------------–---–ს პ---------------–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2018 წლის 17 ივლისს შპს ,,ტელეკომპანია პ------–ის“ გადაცემაში ,,რ---–--“ კ-------------–---–მა საჯაროდ განაცხადა, რომ პ---------------–--ე იპარავდა და ჯიბეში იდებდა საქველმოქმედო ფონდ ,,ი------ში“ ხალხის მიერ, ბავშვების დასახმარებლად შემოწირულ ფულს.

კერძოდ, მოპასუხემ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა შემდეგი: ,,მე ვამბობ, რომ ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი ... მოვიდეს ბატონი პ-----, დაჯდეს აქ და ვესაუბრები, როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისთვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პ----- ჯიბეში ამ ფულს ... მოვიტან მტკიცებულებებს“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხის განმარტებით, მისი განცხადებები არ წარმოადგენს ცილისწამებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წინაპირობას, რაც კ-------------–---–ის განცხადებებს დაედო საფუძვლად. კერძოდ, PosTv-ის რეპორტაჟებში ბ--------–--ის და ი------ს საქმიანობიდან არაერთი ფაქტი იქნა მოყვანილი (შესაბამისი მტკიცებულებებით). იმ ფონზე, რომ რეპორტაჟებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე ბ--------–--ის მიერ არ განხორციელებულა კვალიფიციური შედავება (არც მედიით და არც სამართლებრივი გზით), კ-------------–---–ს, ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს (აღნიშნულს ასობით და ათასობით facebook კომენტარიც მოწმობს) ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ბ--------–--ის მიერ ფონდ ,,ი------ში“ შემოსული თანხები არამიზნობრივად იქნა დახარჯული.

 

სასამართლოს განმარტება სამართალწარმოებასთან დაწყებასა და გაგრძელებასთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე (2018 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე), ასევე გამოიკვლია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი (აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია, სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს დიფამაციური - ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების ფარგლები, ადგილი და განმცხადებლის პიროვნება) და ვერ მივიდა საქმის წარმოების შეწყვეტის აუცილებლობასთან.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული 100 დღიანი ვადა სასარჩელო სამართალწარმოების წამოწყებისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წელს პ---------------–--ის და სხვა პირების ინიციატივით დაარსდა საქველმოქმედო ფონდი ,,ი------“, რომლის მიზანი იყო უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25);

- წესდება (ს.ფ. 26-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2017 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ ტელევიზია ,,POSTV“-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა 17 წუთიანი ფილმი, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ პ---------------–--ემ საქველმოქმედო საქმიანობა მხოლოდ პირადი გამდიდრებისა და კეთილდღეობისთვის წამოიწყო და ხალხის უანგარო სიყვარული და პატივისცემა ამავე ხალხის მოტყუებისა და გაბითურებისთვის გამოიყენა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- DVD დისკი (ს.ფ. 26-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2018 წლის 17 ივლისს შპს ,,ტელეკომპანია პ------–ის“ გადაცემაში - ,,რ---–--“, კ-------------–---–მა განაცხადა: მე ვამბობ, რომ ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი ... მოვიდეს ბატონი პ-----, დაჯდეს აქ და ვესაუბრები, როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისთვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პ----- ჯიბეში ამ ფულს ... მოვიტან მტკიცებულებებს“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- DVD დისკი (ს.ფ. 26-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გასაჯაროებას მოჰყვა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

 

მოპასუხის განმარტებით კი, მისი შეფასებები იყო მისი სუბიექტური მოსაზრება, რაც ჩამოუყალიბდა postv-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტით და პ---------------–--ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას.

 

სასამართლომ უნდა დაადგინოს, გავრცელებული ცნობები განეკუთვნებიან ,,ფაქტს“, თუ წარმოადგენენ ავტორის ,,აზრს“ - შეფასებითი მსჯელობის ნაწილს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ამ ტერმინებს განმარტავს შემდეგნაირად: ,,აზრი“ არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ცილისწამებაა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;

 

მოსარჩელე არის საჯარო პირი და ეს გარემოება მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სპეციალური კანონის მე-14 მუხლი: პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული.

 

წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 2004 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა ა(ა)იპ უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი ი------. ი------ს წესდების მიხედვით კი ფონდის ძირითადი მიზანია ქველმოქმედება. მის მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს: ხელი შეუწყოს უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური პრობლემების მოგვარებას; დაეხმაროს ბავშვთა სახლების დირექციებს ბავშვთა განათლებისა და კულტურული აღზრდის, შემოქმედებითი ნიჭისა და განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონე ბავშვთა სწორი აღზრდის საქმეში; ყოველმხრივ შეუწყოს ხელი განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნის დაუფლებაში; იზრუნოს უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში აქტიური ჩაბმისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის; დაეხმაროს მათ მძიმე ოჯახური მდგომარეობს შემსუბუქებაში;

 

წესდებით ასევე დარეგულირებულია შესაწირის მიღების საკითხი, რომლითაც ფონდი თავისი მიზნები მისაღწევად მიიღებს შესაწირს მისი საქმიანობით დაინტერესებული საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელების საქმეში; შესაწირის შეტანა შეიძლება ნებისმიერ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობით, შესაწირი შეიძლება შეტანილ იქნეს არა მხოლოდ ფულადი სახსრებით, არამედ სხვა სახითაც; შესაწირი გამოყენებული უნდა იქნეს ფონდის საქმიანობის განსახორციელებლად, შესაწირის გამოყენების წესს ადგენს ფონდის გამგეობა;

 

ამდენად, ვინაიდან საქმე ეხებოდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შემოწირული თანხით ქველმოქმედებას, არსებობდა დიდი ინტერესი შეწირული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე გაკეთდა რეპორტაჟი postv-ს მიერ და გავრცელდა მასობრივად, ამ სიუჟეტში აღწერილი იყო კონკრეტული ფაქტები, რომლებიც (ჟურნალისტების განცხადებით) ადასტურებდნენ ბენეფიციარებისთვის შემოწირული თანხების მხოლოდ მცირე ნაწილის გადაცემას, ასევე წარმოდგენილი იყო გარკვეული მტკიცებულებები, რომლითაც გამყარებული იყო გამოთქმული მოსაზრებები, მართალია მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერი, სადაც ბენეფიციარები უარყოფენ მათ მიერ postv-ს სიუჟეტში გამოთქმულ უკმაყოფილებას გადაცემული სახლების ხარისხის შესახებ, თუმცა არ დასტურდება, რომ ამ ვიდეოჩანაწერს გაეცნო მოპასუხე, გარდა ამისა, თუნდაც გაცნობის შემთხვევაში პირს აქვს უფლება სუბიექტურად შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს იგი. ასევე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პ---------------–--ის წინააღმდეგ. შესაბამისად, მოპასუხეს სადავო განცხადების გაკეთებისთვის გააჩნდა საკმარისი საფუძველი.

 

ამავე დროს, ასევე უდავოა, რომ აღნიშნული საქველმოქმედო ფონდის თაობაზე სადავო განცხადების გაკეთების პერიოდში მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება და მოპასუხემ ეს იცოდა.

სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს შემდეგი:

 

ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა;

დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

 

ასევე, სარჩელის წარმატებისათვის უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიების მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არაა. ასევე უდავოა, რომ გაცხადებული ინფორმაცია ზიანს აყენებს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და რეპუტაციას.

 

თუმცა, სასამართლო თვლის. რომ დანარჩენ 2 კრიტერიუმს, რომელთა წარმოჩენაც სწორედ რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს.

 

ხშირად აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, თუმცა როგორც სპეციალური კანონის, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (შემდეგში ევროსასამართლო) პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზით მათი განსხვავება შესაძლებელია.

 

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებულად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისთვის. მითითებული ნორმის მიხედვით, ,,აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1477-1489-2011, 3.04.2012). მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 17 ივლისს შპს ,,ტელეკომპანია პ------–ის“ გადაცემაში ,,რ---–--“, კ-------------–---–მა განაცხადა: მე ვამბობ, რომ ბავშვების ფულს იპარავდა ეს კაცი ... მოვიდეს ბატონი პ-----, დაჯდეს აქ და ვესაუბრები, როგორ იპარავდა ბავშვების ფულს, როგორ სწირავდნენ მის ფონდს ხალხი, რომ ბავშვებისთვის წასულიყო ეს ფული და როგორ იდებდა ბატონი პ----- ჯიბეში ამ ფულს ... მოვიტან მტკიცებულებებს“.

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო განცხადება შეიცავს ფაქტებს და არ გახლავს მოპასუხის მხოლოდ მოსაზრება. თუმცა ვინაიდან მოსარჩელე საჯარო პირია, კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მასვე უნდა ემტკიცებინა ამ ფაქტების მცდარობა და ამავე დროს მოპასუხის მიერ ამ ფაქტების მცდარობის ცოდნის, ან უხეში დაუდევრობის გარემოებანი.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სიუჟეტებზე, რომლებშიც ვლინდება მრავალი საკითხი, რომლებმაც როგორც მოპასუხემ განმარტა, შეუქმნა სწორედ ის აღქმა მოვლენებისა, რომელიც შემდგომ საჯაროდ გაჟღერდა. ამ სიუჟეტებში ვლინდება, რომ ი------ს ბენეფიციარებს გადაცემული აქვთ ძალიან დაბალი ხარისხის საცხოვრებლები; რომ შემოწირული თანხის დიდი ნაწილი არ ხმარდებოდა ქველმოქმედებას და ხმარდებოდა ხშირ შემთხვევაში სხვა არამიზნობრივ საჭიროებებს; რომ საქველმოქმედო მიზნით გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება სრულიად სხვა დანიშნულებით და ა.შ. (დეტალურად იხილეთ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპაქტ-დისკი postv-ს სიუჟეტებზე).

 

ამ ფაქტების მცდარობის ტვირთი უნდა სწორედ მოსარჩელეს ეზიდა. თუმცა მოსარცელეს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც ამ ფაქტებს გააქარწყლებდა. ს.ფ. 149-ზე წარმოდგენილი ე.წ. „მოკლე ინფორმაცია“ თავისი არსით ფაქტიურად ახსნა-განმარტების მატარებელია, ხოლო რაიმე ავტორიტეტული აუდიტის დასკვნა, რომელიც აჩვენებდა თუ როგორ იხარჯებოდა შემოწირულობანი, არ წარმოდგენილა. ამავე დროს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ის ვიდეო-სიუჟეტები, რომლებზეც რამდენიმე ის პირია აღბეჭდილი, რომლებმაც postv-ს სიუჟეტებში გააკრიტიკეს ფონდის საქმიანობა (ფონდის რამდენიმე ბენეფიციარი), არასაკმარისად დამაჯერებელია და მათში წარმოჩენილი ბენეფიციარების მსჯელობა სავსებით არ გამორიცხავს იმავე პირების მიერ წინად გაკეთებულ განცხადებებს (მაგალითისათვის იხილეთ საათაშვილების ოჯახის საკითხი).

 

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პ---------------–--ემ ამ სიუჟეტთან დაკავშირებით დაიწყო სამართლებრივი დავა სიუჟეტების ავტორების წინააღმდეგ.

 

ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება.

 

შესაბამისად, მოპასუხის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საფუძვლად დაედო სიუჟეტი, რომელიც გამოქვეყნებული იყო საჯაროდ და ასევე ფონდის საქმიანობაზე სისხლის სამართალწარმოების დაწყების ფაქტი.

 

შესაბამისად, მოსარჩელემ დამაჯერებლად ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის გარემოება. ამავე დროს თავისთავად ვერც ის წარმოჩინდა, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ფაქტების მცდარობა და მან გამოიჩინა უხეში დაუდევრობა. მოსარჩელეს, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რომც დაედასტურებინა გავრცელებული ფაქტის მცდარობა, ის მაინც ვერ დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ აღნიშნულის თაობაზე იცოდა ან გამოიჩინა უხეში დაუდევრობა.

 

ეს გარემოებანი კი უდავოდ აუცილებელი შემადგენელი ნაწილია იმ სამართლებრივი წყობისა, რომელსაც გვთავაზობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-14 მუხლი (პასუხისმგებლობა საჯარო პირის დიფამაციისათვის).

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო პირებთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოდგენენ იმ მოვლენების შეფასებას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2017 წელს. შესაბამისად, გავრცელებულ განცხადებებს ჰქონდა „საკმარისი საფუძვლები“.

 

მსჯელობას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სხვა სტანდარტებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქვემოთ შემოგთავაზებთ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემული კონფლიქტი მოპასუხის გამოხატვის თავისუფლებისა (კონვენციის მე-10 მუხლი) და მოსარჩელის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის (კონვენციის მე-8 მუხლი), უცილობლად გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-5, მე-14, მე-16 მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება, პერიოდულად შესაძლოა კონფლიქტში შედიოდეს სხვათა უფლებებთან, მაგალითად სხვა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან; ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ორი უფლების სწორი ბალანსის საფუძველზეა შესაძლებელი კონკრეტულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

ძნელია არ დაეთანხმო სხვადასხვა მეცნიერთა მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ „გამოხატვის“ მოთხოვნილება იმანენტურად ახასიათებს ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას. იგი განპირობებულია იმით, რომ გონება ადამიანის ბუნებრივი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა - ამ გონების განუყოფელი ატრიბური. სწორედ აქედან წარმოდგება ადამიანის ბუნებითი უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რომელსაც მას გონება კარნახობს ჭეშმარიტების სახით (თუნდაც ის ცდებოდეს). გამოხატვის თავისუფლება, როგორც საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალება, ნათლად დაასაბუთა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ - უენდელ ჰოლმსმა. მან შექმნა მეტაფორა - „იდეათა თავისუფალი ბაზარი“. ჰოლმსი, ყველაზე უფრო გააფთრებული და მცდარი შეხედულებების გამოთქმის დასჯადობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

 

მეორეს მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, მისი ონტოლოგიური ბუნების გამო, სხვა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის „აბსოლუტურ“ და თუნდაც სავსებით შეუზღუდავ ბუნებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნეთ გამოხატვის თავისუფლება ერთდროულად ორმაგი ბუნებისა და ღირებულების მატარებელია და ის სხვა ძირითადი უფლებების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, თავისთავად უკიდურესად რთულდება მისი შეზღუდვის, მასში ჩარევის გამართლების ლეგიტიმური გზების მოძებნა და გამოყენება. ამიტომაც, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა თავისთავად გულისხმობს რეალური, ჯანსაღი თავისუფლების დამკვიდრებას, რომელსაც არ ახლავს შიშის გრძნობა და ერთგვარი მოლოდინი იმისა, რომ გამოხატული შეხედულების გამო ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს რეპრესიას, დევნას, შევიწროებას. ანდა ამან დააბრკოლოს მისი პროფესიული წინსვლა თუ კარიერული წარმატება.

 

არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ინგლისელი ფილოსოფოსისა და იურისტის - ჯ. ს. მილის ტრაქტატს „თავისუფლების შესახებ“. მილმა დაასაბუთა, რომ დაშვებული უნდა ყოფილიყო საზოგადოების მიერ საყოველთაო აღიარებული და გამართლებულად მიჩნეული ნებისმიერი დებულების კრიტიკის შეუზღუდავობა. მან განმარტა, რომ რომელიმე აზრის გამოთქმის აკრძალვა იგივეა, რაც საზოგადოების მხრიდან თავისი უცოდველობის, შეუმცდარობის აღიარება. მილის აზრით, როდესაც განსხვავებული შეხედულებანი მცდარია, ის მაინც შეიძლება სხვა შეხედულებებთან შეჯერების შედეგად ახალი, უფრო გონივრული ჭეშმარიტების მიზეზად მოგვევლინოს. მისი აზრით (რასაც ცალსახად იზიარებს სასამართლო), როდესაც საზოგადოებრივი აზრი აღარ დაექვემდებარება კრიტიკას, ეს ე.წ. „საზოგადოების მიერ აღიარებული ერთადერთი ჭეშმარიტება“, დაემსგავსება აკვიატებულ აზრს და ის დაკარგავს სიცოცხლისუნარიანობას. სასამართლოს აზრით, ასეთი საზოგადოება, არაფრით იქნება განსხვავებული აბსოლუტური მონარქიის პერიოდის საზოგადოებისაგან და შესაბამისად, ის მოკლებული იქნება იმ საზოგადოებრივი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ცივილიზებულ სამყაროში დაკავშირებულია რეფორმაციის, სხვადასხვა რევოლუციების მონაპოვართან - ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან.

სასამართლო ძალიან მოკლედ აღწერს გამოხატვის თავისუფლების ისტორიული განვითარების პერიპეტიებს:

 

ბეჭდვის გამოგონებამდე, გამოხატვის თავისუფლების ისტორია ევროპაში მჭიდროდ უკავშირდებოდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ისტორიას. აბსოლუტური მონარქიების დროს ევროპაში ეს თავისუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა და გამონაკლისი იყო მხოლოდ ინგლისი. საფრანგეთში, ე.წ. ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ პირველად დადგინდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

 

საკუთრივ პრესის თავისუფლების ისტორია 3 ძირითად ეტაპად შეიძლება დაიყოს: მკაცრი წინასწარი ცენზურისა და რეპრესიული რეჟიმის ერთდროულად არსებობის პერიოდი; წინასწარი ცენზურის გაუქმების შემდეგ მკაცრი რეპრესიული სისტემის პერიოდი (რეპრესიული სისტემა გამორიცხავს პუბლიკაციის წინასწარი აკრძალვებს და შემოიფარგლება მხოლოდ აზრის გამოხატვის შემდგომი იურიდიული შედეგებით); ლიბერალური რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბება. ამ მხრივ ინოვაციური მიდგომებით ისევ ევროპული ქვეყნები - ძირითადად ინგლისი და მოგვიანებით საფრანგეთი გამოირჩეოდნენ. პირველი - 1695 წელს სწორედ ინგლისში გაუქმდა წინასწარი ცენზურა (ის ასევე გაუქმდა შვედეთში - 1766 წელს, დანიაში - 1770 წელს, საფრანგეთში - 1789 წელს და სხვა). შესაბამისად, ევროპული ქვეყნები მეთოდურად მიდიოდნენ გამოხატვის თავისუფლების გამარჯვების იდეისაკენ. ამ გზაზე მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია, რომლის მე-11 მუხლითაც, პირველად ევროპაში გაცხადდა, რომ „იდეებისა და შეხედულებების გავრცელება ადამიანის ერთერთი უძვირფასესი უფლებაა. დაუშვებელია ადამიანზე ზეწოლა აზრის გამო, თუკი არ ირღვევა საჯარო წესრიგი“. აღნიშნულ დეკლარაციაზე თავის მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ და 1791 წლის უფლებათა ბილმა.

 

მეორე მსოფლიო ომში, ადამიანის უფლებათა მასობრივმა და ძალიან უხეშმა დარღვევებმა დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საჭირო იყო ადამიანის უფლებათა (მათ შორის გამოხატვის თავისუფლების) დაცვისათვის აუცილებელი ქმედითი რეგულაციებისა და მექანიზმების შექმნა. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლის ცალკე დარგად, ხოლო ადამიანი, თავად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი (ჩამოყალიბდა ე.წ. „სპეციფიკური სუბიექტუნარიანობის“ ცნება, ვინაიდან საერთაშორისო სამართლის სრულყოფილი სუბიექტი არის მხოლოდ ისეთი სუბიექტი, რომელიც ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის - სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები). უპირველესი ნაბიჯი ამ კუთხით 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ანსამბლეას მიერ მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ გახლდათ. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ადამიანის და ხალხის უფლებათა აფრიკული ქარტია, ევროპის კავშირის ქარტია ძირითადი უფლებების შესახებ და სხვა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის რეგულაციებს, რომლებითაც, საერთაშორისო სამართლის წყაროების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, აღიარებულია აზრის, სინდისის, სიტყვის, აღმსარებლობისა და რწმენის, ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მათში ჩარევა, თუ მათი განხორციელება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ამ თავისუფლებათა შეზღუდვა კი, დასაშვებია მხოლოდ კანონით და მხოლოდ ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად და სხვა.

 

6.2. გარკვეულწილად, კონსტიტუციის აღნიშნული რეგულაციები და მასში მოცემული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალი, ნასულდგმულებია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ფორმულირებით. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანეს ნორმას და სწორედ მას დაუთმობს სასამართლო ყველაზე დიდ ყურადღებას (შესაბამის პრეცედენტულ სამართალთან ერთად) და მიაკუთვნებს უმნიშვნელოვანეს როლს ასეთი ღირებულებათა კონფლიქტის გადაწყვეტის ჭრილში.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს და თანაც ეროვნული კანონმდებლობის ზემდგომი სამართლის წყაროა (საქართველოს კონსტიტუციის გარდა), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული საერთაშორისო სამართლის წყაროს მიერ არის დადგენილი ევროპაში გამოხატვის თავისუფლების (FREEDOM OF EXPRESSION) არსისა და ფარგლების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი - მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც:

 

1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების, კონვენციის სხვა მუხლების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (ე.წ. CASE LAW). სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, აღქმულ უნდა იქნეს სამართლის პირდაპირ წყაროდ, თანაც ისეთ წყაროდ, რომელიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას სამართლის წყაროთა იერარქიაში. აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებანი და გადაწყვეტილებანი ხსნიან და განმარტავენ კონვენციის ტექსტს, ისინი, სავალდებულო პრეცედენტებია და ამდენად, მოახდენენ თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფონი (მათ შორის საქართველოც) კონვენციის რატიფიცირებას, სახელმწიფოს ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა, ევროპის სასამართლოს სამართალი უნდა აღიაროს სავალდებულოდ შესასრულებლად.

 

კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს (აქვე მეცნიერებაში ხშირად გამონარტება, რომ ეს მუხლი ნაწილობრივ აბსოლუტურია - პირის თავისუფლება იქონიოს შეხედულებები ვერ შეიზღუდება). თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).

 

სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი აქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.

 

ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.

თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

6.3. რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.

 

თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.

 

სასამართლო, განსახილველ საქმეში თავს შეიკავებს ზემოაღნიშნული მე-2 კომპონენტის - „ჩარევის თანაზომიერების“ კრიტერიუმის ზოგად განხილვასა და ამ კონკრეტულ სამართალურთობასთან მიმართებაში შეფასებაზე, რამეთუ სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა სწორედ რომ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო რათქმაუნდა შეაფასებდა თუ რამდენად თანაზომიერი იქნებოდა ჩარევის სახით 25 000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.

 

ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ:

 

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია საკითხი, შეეხება თუ არა ესა თუ ის გამოხატვა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს (როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული გარემოება, უმეტესად გამოხატვის სასარგებლოდ ბალანსის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს); ევროპის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის გაგება ძალიან ფართოა. მასში იგულისხმება მრავალი სფერო, რაც საზოგადოების მხრიდან ზრუნვისა და ინტერესის საგანია: საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, მორალი, ეკონომიკური საკითხები და სხვა. სტრასბურგი ამბობს, რომ ის რაც ნამდვილად არ იგულისხმება მასში, ეს არის ადამიანთა პირადი თუ ოჯახური ცხოვრება, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი და მიჩნეულია, რომ პოლიტიკოსისა და მაღალი თანამდებობის პირის, ასევე რიგ შემთხვევაში საზოგადოდ ცნობადი პირის პირადი ცხოვრება შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. სწორედ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების თაობაზე საჯარო დებატებში მონაწილეობა არის ის კრიტერიუმი, რომლის გამოც ღირებულებათა კონფლიქტში უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება. ზემოაღნიშნულ საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის რეპუტაციის შელახვის საკითხებს შეეხებოდა, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კორპორაციის საწინააღმდეგოდ გავრცელებული ინფორმაცია, წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და ასეთ საკითხებზე თავისუფალი და ღია საჯარო განხილვის უზრუნველყოფა უარსებითესი იყო დემოკრატიული საზოგადოებისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებაში გამოთქმული თითოეული ეპიზოდის ზედმიწევნით დამტკიცების მოთხოვნა, არ შეესაბამებოდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ღირებულებებს. აღნიშნული მიდგომების დასტურად გამოდგება ევროპის სასამართლოს მიერ განხილული სხვა არაერთი საქმე (მათ შორის, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უმრავლესი საქმე).

 

ასევე მნიშვნელოვანია, რა სფეროს შეეხება გამოხატვა და ვის მიმართ არის ის გამოთქმული (პოლიტიკის სფერო და პოლიტიკოსთა მიმართ გამოთქმული თუნდაც შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მასმედიის თავისუფლების სფერო და სხვა); აქ სტრასბურგის სასამართლო აყალიბებს გარკვეულ გრადაციებს და შეიმუშავებს ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს: დასაშვები კრიტიკის ფარგლები ყველაზე ფართოა ხელისუფლებისა და მის წარმომადგენელთა (პოლიტიკური თანამდებობის პირები) მიმართ. აქ სტრასბურგის სასამართლო, არ მოითხოვს, რომ ფაქტები აბსოლუტური სიზუსტით იყოს დამტკიცებული და საკმარისად მიიჩნევს, თუნდაც მცირედი ფაქტობრივი წინაპირობის არსებობას. საქმეში - CASTELS VS SPAIN, ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ მთავრობის მოქმედებათა გაკრიტიკების უფლება წარმოადგენს არჩეული წარმომადგენლის სიტყვის თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს. ამ მხრივ, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესოა - CASE OF LINGENS VS AUSTRIA; ამ საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული კანონი, რომელიც ჟურნალისტისაგან მოითხოვდა დაემტკიცებინა თავისი აზრის სისწორე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს აზრი პოლიტიკურ ფიგურებს შეეხებოდა, უმართებულოდ ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია საქმეა - DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; ამ საქმეში (რომელიც ეხებოდა პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარის - ბატონის გრაფის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს), ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მართალია სტატია სუსტ ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობოდა და პოლიტიკური ხასიათის იყო, მაგრამ ის არ არღვევდა დასაშვების კრიტიკის ფარგლებს და ამიტომაც მან სცნო კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა ამ სტატიის შეზღუდვის გამო. ამ საკითხზე ასევე „კერძო“ და „საჯარო“ პირის ცნებებს შემოიღებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და ამ ორი პირის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების მიმართ დაცვის სხვადასხვა საფეხურებს აწესებს (მუხლები მე-13 და მე-14). დასაშვები კრიტიკის ფარგლები ასევე შედარებით ფართოა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ (თუმცა, რათქმაუნდა უფრო ვიწრო, ვიდრე პოლიტიკოსების მიმართ); საჯარო მოსამსახურეები, იმის გამო, რომ მათ შეგნებულად არ აურჩევიათ ღია პოლიტიკური კარიერა და შესაბამისად, შედარებით ნაკლებად დააყენეს თავიანთი თავი საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე, რათქმაუნდა მცირედით მეტი დაცვით სარგებლობენ. გარდა ამისა, ევროპის სასამართლო ხელმძღვანელობს მიდგომით, რომ რაც უფრო დაუცველია პირი, მით მეტია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მისი დაცვისა; სასამართლო ასევე ანიჭებს მნიშვნელობას, თუ კრიტიკაზე პასუხის გაცემის რა საშუალებები გააჩნია ამ კრიტიკის ადრესატს. თუ კრიტიკის ადრესატი, აღჭურვილია თავის დაცვის ქმედითი ბერკეტებით, მაშინ რთულდება მისი სახელმწიფოს მიერ დაცვის სტანდარტის დარღვევის დადგენა. საქმეში - JANOWSKI VS POLAND, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ შეიძლებოდა სახელმწიფო მოხელეთა გათანაბრება პოლიტიკოსებთან, ვინაიდან საჯარო მოხელეები, სამოხელეო ეთიკის ფარგლებში შეზღუდულნი არიან საჯარო განცხადებების გზით დაიცვან თავიანთი თავი და მათ არც პასუხის გაცემის ადეკვატური საშუალება უპყრიათ ხელთ. შესაბამისად, სახელმწიფოს მეტი ლეგიტიმური საფუძველი აქვს დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო ძლიერდება მოსამართლეებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მოსამართლეთა პირად უფლებას - მათი რეპუტაციის დაცვის შესახებ რიგ შემთხვევებში ემატებათ მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების საჯარო ინტერესიც, რაც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მნიშვნელოვან იარაღს ქმნის ღირებულებათა კონფლიქტში (მაგ: CASE OF SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM, HRICO VS SLOVAKIA, BARFORD VS DANMARK და სხვა). ყველაზე უფრო შეზღუდული არის დასაშვები კრიტიკის ფარგლები კერძო პირთა მიმართ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გვაქვს ცალსახა მიდგომები. საინტერესოა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ევროპის სასამართლო კერძო პირის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, სასწორს მაინც გამოხატვის თავისუფლების სასარგებლო გადახრის ხოლმე; განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას და ასევე ღირებულებათა კონფლიქტში ჩართულია პრესის თავისუფლება. ასევე ჯეროვანი ყურადღება მიექცევა ზიანს, რომელიც პირმა განიცადა; მაგალითად საქმეში - FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE, რომელშიც კრიტიკა მიმართული იყო საფრანგეთის ავტომანქანების მწარმოებელი ერთერთი მსხვილი კომპანიაში არსებულ დავაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან საკითხი მიმართული იყო გარკვეული სამუშაოებისა და გადასახადებისაკენ, ის იპყრობდა დიდ საზოგადოებრივ ყურადღებას და ამიტომაც, „საზოგადოებრივი ინტერესი ყოფილიყო ინფორმირებული, გადასწონიდა სხვა საკითხებს“. ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტთა გამოხატვის თავისუფლება საქმეში - BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY. აღნიშნულ საქმეში სასამართლომ საზოგადოებისათვის მაღალი აქტუალობის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების ჭრილში არ უარყო და არ დასაჯა პრესა ისეთი სტატიებისათვის, რომლითაც უკიდურესად შეიძლებოდა, რომ შელახულიყო ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეპუტაცია უხარისხო მომსახურებაში მისი დადანაშაულების გამო. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ვიწრო ფარგლები, თავის რეალურ შინაარსს მაშინ იძენს, როდესაც საქმე ეხება ძალიან მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან უკიდურესად სერიოზულ და ამავე დროს სავსებით უსაფუძვლო ბრალდებას. ამ მხრივ საინტერესოად საქმე - MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; საქმეში, ჟურნალისტმა უკიდურესად მძიმე ბრალი წაუყენა ცნობილ სპორტსმენს - ამხილა რა იგი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ასეთ დიფამაციურ განცხადებას, რეალურად შეეძლო მძიმე შედეგები მოეტანა ამ სპორტსმენისათვის და შესაბამისად, აქ უკვე ამ განცხადების ნამდვილობის და დასაბუთების მოთხოვნა ჟურნალისტის მიმართ გამართლებული იყო. ასევე ცნობილია საქმეა - ALVES COSTA VS PORTUGAL. აღნიშნული საქმე ეხებოდა პრესაში გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომლითაც ავტორი ბრალს დებდა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების დირექტორს სამედიცინო ცენტრში დაბალი დონის მკურნალობის გამო საკუთარი (იგულისხმება სტატიის ავტორი) ქალიშვილის გარდაცვალებაში. აქ ევროპის სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ დიფამაციის ავტორი ვალდებული იყო ასეთი მძიმე ბრალდების (ადამიანის სიკვდილი) გარკვეული ფაქტობრივი საფუძველის მაინც წარმოედგინა. ზემოაღნიშნული - BERGENS TIDENDE საქმისაგან განსხვავებით, აქ ბრალდება იყო ბევრად უფრო მძიმე და სერიოზული. ამიტომაც ევროპის სასამართლომ არ დაიცვა ასეთი გამოხატვის თავისუფლება.

 

კერძო პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლების თაობაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ როდესაც ეს კერძო პირები თუ ასოციაციები მოღვაწეობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების სფეროში, მათ მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოვდება და მიჩნეულია, რომ ასეთ დროს კრიტიკისადმი მათ მეტი მოთმენა მართებთ. ზემოაღნიშნული საქმე - STEEL AND MORRIS VS THE UNIED KINGDOM, სწორედ რომ ისეთ სუბიექტს შეეხებოდა, რომელიც თითქოს - ერთი შეხედვით კერძო სამართლის სუბიექტს და შესაბამისად „კერძო პირს“ წარმოადგენდა. თუმცა, ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი „კერძო პირები“, თავიანთი გავლენიანი მდგომარეობის გამო, ვერ იქნებიან ისევე დაცულები, როგორც რიგითი მოქალაქეები. ამ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ ის საფუძველი, რის გამოც დასაშვებია ხელისუფლების ორგანოთა კრიტიკა, თანაბრად შეესატყვისებოდა ძლიერ კორპორაციებს, მათ შორის იმის გამოც, რომ მათი საბაზრო ძალაუფლება იყოს დაბალანსებული მაღალი ანგარიშვალდებულებით (აღნიშნული მსჯელობა უაღრესად მნიშვნელოვანია წინამდებარე სამართალურთიერთობისათვისაც). საბოლოოდ, ევროპული სასამართლოს მიდგომით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების მიმართ, ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების გაცილებით ფართოა. კერძო პირების კრიტიკის დასაშვებობისა და შემწყნარებლობის მაგალითია ასევე საქმე - BUSUIOC VS MOLDOVA; ამ საქმე სასამართლო ასევე მჭიდროს დააკავშირებს მიმდინარე სამართალწარმოების შინაარსთან. საქმე ეხებოდა სახელმწიფო აეროპორტის ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც, შეფასებითი მსჯელობის გარდა, ფაქტებსაც გადმოსცემდნენ. ევროპულმა სასამართლომ, ამ საქმეში, მართალია სცნო, რომ არასწორი და დაუსაბუთებელი ფაქტების გადმოცემა არ შეესაბამებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული დასკვნა გაკეთდა რამდენიმე გარემოების გამო: ბრალდება იყო უკიდურესად სერიოზული და ეხებოდა ქრთამის აღების თაობაზე მსჯელობას; გარდა ამისა, კრიტიკა მიმართული იყო უშუალოდ პიროვნებების (და არა უწყების - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აეროპორტის) მიმართ და კონფლიქტში ჩართული იყო მათი პირადი რეპუტაცია; ეს პირები არ წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და თანაც კრიტიკა არ იყო დასაბუთებული მცირედი ფაქტობრივი საფუძვლითაც კი. ამ საქმისაგან განსხვავებით, მიმდინარე სამართალწარმოებაში, კრიტიკა არ შეიცავს მძიმე (საუბარი არ არის კანონდარღვევებზე) და ამავე დროს პიროვნულ ბრალდებებს; თანაც კრიტიკა გამოთქმულია უწყების და არა პიროვნების მიმართ.

 

ასევე მნიშვნელოვანია ვის მიერ არის გამოთქმული კრიტიკა; როგორია ინფორმაციისა და იდეების შინაარსი; ჩართულია თუ არა ღირებულებათა კონფლიქტში მედია; როგორია ის აუდიტორია, ვისთვისაც გახდა ინფორმაცია ხელმისაწვდომი (CASE OF MULLER AND OTHER VS SWITZERLAND), როგორია კანონიერი ინტერესებისათვის (მაგ: რეპუტაციისათვის) მიყენებული ან პოტენციური ზიანი და სხვა. სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი აქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ (აღნიშნულზე ზემოთ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ).

 

საბოლოოდ, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა უფლებათა შორის ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტის შედეგებს და იმის გააზრებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა სახეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება. ღირებულებათა ეს კონფლიქტი, თავისი ბუნებით გარკვეულწილად ერთ-ერთი ცნობილი ქართული ნაწარმოებიდან ამოღებულ ფრაზას გავს - „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“;

 

მთავარია კარგად გავიაზროთ, რომ მცდარია ხშირ შემთხვევაში ქართული სამართალწარმოების მიერ გამოყენებული თეზა, რომ ასეთი კონფლიქტის მართებულად გადაჭრისათვის მხოლოდ, აზრისა თუ ფაქტის დიფერენცირებას აქვს მნიშვნელობა. სტრასბურგის სასამართლოს CASE LAW-ს მიხედვით, არ არსებობს აბსოლუტურად დაცული, ან აბსოლუტურად დაუცველი სფერო. ხშირად მცდარი და დაუსაბუთებელი ფაქტის გავრცელებაც კი არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. აუცილებელია გააზრებულ იქნეს, რომ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - შეზღუდვისათვის შესაფერისი და საკმარისი საფუძვლები, რომლებიც განაპირობებენ ამ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ და შესაბამისად შეზღუდვის აუცილებლობის ცნებამდე მიყვანას, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. სასამართლო მოიხმობს ევროპის სასამართლოს მითითებას საქმეში - GORELISHVILI VS GEORGIA; ამ საქმეში, ევროპის სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებაა შეზღუდვის საჭიროების საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასოს არსებობს თუ არა შეზღუდვის „სოციალური აუცილებლობა“. ოლსონის საქმეში, სასამართლომ განმარტა, რომ ზედსართავი - „აუცილებელია“ გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, უნდა შეესაბამებოდეს გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და, რაც მთავარია, უნდა იყოს ერთადერთი ეფექტიანი საშუალება კანონიერი მიზნის მიღწევისა. სასამართლო, აქვე მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებას, რომელიც ფაქტიურად იზიარებს გამოხატვის თავისუფლების პრიმატს (ხშირ შემთხვევაში, თუმცა რათქმაუნდა არა ყოველთვის) სხვა უფლებებთან მიმართებაში. გადაწყვეტილებაში Nას-378-359-2013 (15 ნოემბერი 2013 წელი, ქ. თბილისი), საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ექიმის ინტერესებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვა, ვერ აღემატება მედიის თავისუფლების მაღალ მნიშვნელობასა და, კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას. ეს საქმე, შეეხებოდა ექიმის რეპუტაციას; მას ამხელდნენ არაკვალიფიციურობაში და „ექომბაშობაში“. უზენაესმა სასამართლომ, განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაშვები კრიტიკის ფარგლები კერძო პირთა მიმართ ყველაზე ვიწროა, მას მაინც აფართოებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ისეთ საკითხზე წარმოებული საჯარო დისკუსია, როგორიცაა ჯანმრთელობა (აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დააყრდნო ზემოთ აღნიშნულ ევროპულ საქმეს - BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY).

 

ამ საქმისათვის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია ევროპული საქმე lingens v. austria, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ; "ლინგენსის საქმე, ერთ-ერთი თვალსაჩინოა პოლიტიკის სფეროში გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხებზე კონცეპტუალური მიდგომებისა და სამოსამართლო სამართლის შესაბამისი ტენდენციების ჩამოყალიბებისათვის" (ევა გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება თბილისი 2008 წელი გვ. 330);

 

აღნიშნულ საქმეში, ავსტრიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს ბრალი დასდეს მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური შეიარაღებული ძალებისა და დაზვერვის მსახურებაში; ავსტრიის სასამართლოებმა ბატონი ლინგენსი დამნაშავედ სცნეს დიფამაციაში და დააკისრეს ჯარიმა (შესაბამისად, ჩაერივნენ ამ უკანასკნელის გამოხატვის თავისუფლებაში); ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-10 მუხლის დარღვევა განმცხადებლის მიმართ და ვრცლად განმარტა პოლიტიკური ხასიათის გამოხატვის მაღალი დაცულობის სტანდარტები.

 

ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა მოწმობს გამოხატვის თავისუფლების პრიორიტეტს, მაშინ როდესაც საქმე პოლიტიკურ გამოხატვას ეხება; იგი არ მოითხოვს, რომ ფაქტები აბსოლუტური სიზუსტით იყოს დამტკიცებული, საკმარისადაა მიჩნეული თუნდაც მცირედი ფაქტობრივი საფუძვლის წარმოდგენა (ასევე იხ. ევა გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება თბილისი 2008 წელი, გვ. 331)

 

ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს და სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული პერიპეტიების თაობაზე მსჯელობისას, რათქმაუნდა აღარ გაიმეორებს ყველა იმ მიდგომებსა თუ კონკრეტულ საქმეებს (CASE LAW), რაც ზემოთ უკვე ჩამოვაყალიბეთ.

 

6.4. მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამებური განცხადების წინააღმდეგ სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14, მე-16 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.

 

სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ პატივისა და ღირსების შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.

 

განსახილველი სარჩელის უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, სასამართლოს აზრით სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს.

 

სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე განვმარტეთ, რომ სადავო განცხადებებს ნამდვილად ჰქონდა საკმარისი წინაპირობანი იმ მოვლენების სახით რასაც ადგილი ჰქონდა 2017 წელს (ამ ნაწილში მსჯელობა ასევე იხილეთ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).

 

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არც ეროვნული კანონმდებლობით (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-14 და მე-16 მუხლები), ასევე არც კონვენციის მე-10 მუხლის ირგვლივ განვითარებული პრეცედენტული სამართლით (ჩარევის აუცილებლობის არასებობა) სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.5. პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 750 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. პ---------------–--ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი