გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
080310019003149748
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003149748

საქმე №3/501-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ . ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ზ------–----ე

 

მოპასუხე - ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ე“

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 646,62 (ექვსას ორმოცდაექვსი ლარი სამოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის განმარტებით, ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ე“ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების დღიდან სრულად იღებს მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა მოპასუხე მხარემ არ შეასრულა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. 2019 წლის 14 ივნისის წერილით მას ეცნობა, რომ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 604,38 ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. რაც დღემდე გადახდილი არ არის, შესაბამისად ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 646,62 ლარს.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ე“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2014 წლის 24 სექტემბრიდან, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 6----------, იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ბ-------ის ქ. N2;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);

 

3.1.2. დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ე“ (ს/კ 6----------) სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2014 წლის სექტემბრიდან - მისამართზე: ქ. ქუთაისი, ბ-------ის ქ.N2. ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ყოველთვიური დასუფთავების მოსაკრებელი 2014 წლის სექტემბრის თვეში შეადგენდა - 2,46 ლარს, ხოლო 20114 წლის ოქტომბრიდან დღემდე ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ის“ ყოველთვიური დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 10.56 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ.15-16);

 

3.1.3. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის წერილით ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ეცნობა, რომ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 604,38 ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვა;

- ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება შეადგენს - 604,38 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის პირადი ბარათის ამონაწერი;

- ახსნა-განმარტება;

 

ს ა მ ო ტ ივ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი’’;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: სასტუმრო; ზომის ერთეული: ერთი საწოლი; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 1,72; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 0.86 (კლასიფიკაცია 12).

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილება. შემოღებულ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდა მისი გადახდის ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად. დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი №2 დანართის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა - 0.50 ლარი თვეში.

 

დადგენილია, რომ საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით: სასტუმრო; ზომის ერთეული: ერთი საწოლი; ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3 – 1,72; მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2 ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) – 1,32 (კლასიფიკაცია 10).

 

დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ის“ ყოველთვიური დასუფთავების მოსაკრებელი 2014 წლის სექტემბრის თვეში შეადგენდა -2,46 ლარს, ხოლო 20114 წლის ოქტომბრიდან დღემდე ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ის“ ყოველთვიური დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 10.56 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის წერილით ინდ. მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ეცნობა, რომ ერიცხებოდა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 604,38 ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. რაც ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ის’’-ს მიერ დღემდე გადახდილი არ არის, შესაბამისად ინდ. მეწარმე „ა-–-------------------–--ის“ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 646,62 ლარს.

 

მოსაკრებლების გადამხდელი ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები (მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის 3.2 მუხლი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 646,62 (ექვსასორმოცდაექვსი ლარი სა სამოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ინდ.მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ (ს/კ 6----------) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 646,62 (ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე - ინდ. მეწარმე „ა-–-------------------–--ეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი