გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1591-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1.10.2019 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს “მ---------------------+
წარმომადგენელი ნატა ხუციშვილი
მოპასუხე დ---- ე-------ი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ---- ე-------ისათვის 424.34 ლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2018 წლის 24 მარტს შპს „კ---------------+“-მა კონსტანტინე ლუტიძესა და დ---- ე-------თან დადო საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა კონსტანტინე ლუტიძემ მიიღო სესხის თანხა 500 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია 69.48%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს კრედიტის ნარჩენი ძირის 150% გაყოფილი 365 დღეზე. მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა გრაფიკის მიხედვით ყოველდღიურად. ხელშეკრულებით დ---- ე-------მა იკისრა ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე.
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან მხოლოდ 108.65 ლარი გადაიხადა. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია 2018 წლის 31 მარტს, ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 30 მარტს. სესხის დავალიანებაა 424.34 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 407.06 ლარი, სარგებელი 9.88 ლარი, 7.4 ლარი ჯარიმა.
კონსტანტინე ლუტიძე გარდაიცვალა. მოსარჩელემ მის მიმართ სარჩელი გაიხმო და სესხის დაკისრება თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვა დ---- ე-------ისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მატერიალური მდგომარეობის გამო თანხის გადახდა არ შეუძლია. კონსტანტინე ლუტიძეს ჰყავს მემკვიდრეები, რომლებისგანაც უნდა მოითხოვოს მოსარჩელემ სესხის დაბრუნება.
(01.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 მარტს ერთის მხრივ შპს „კ---------------+“-სა და მეორეს მხრივ კონსტანტინე ლუტიძესა და დ---- ე-------ს შორის დაიდო საკრედიტო და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა კონსტანტინე ლუტიძემ მიიღო სესხის თანხა 500 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია 69.48%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს კრედიტის ნარჩენი ძირის 150% გაყოფილი 365 დღეზე. მსესხებელს სესხის უნდა დაებრუნებინა გრაფიკის მიხედვით ყოველდღიურად. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, დ---- ე-------მა იკისრა ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდები იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებს კლიენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-20. ტომი 1)
3.1.2. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან სესხის ნაწილი 108.65 ლარი გადაიხადა. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია 2018 წლის 31 მარტს, ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 30 მარტს. სესხის დავალიანებაა 424.34 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 407.06 ლარი, სარგებელი 9.88 ლარი, 7.4 ლარი ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან ასლი (ს.ფ. 21. ტომი 1)
3.1.3. კონსტანტინე ლუტიძე გარდაიცვალა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მის დანაშთ ქონებაზე. ამ გარემოების გამო კონსტანტინე ლუტიძის უფლებამონაცვლეობა ვერ დადგინდა. მოსარჩელემ კონსტანტინე ლუტიძის მიმართ მოთხოვნა გამოიხმო, რის გამოც მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დატოვებულია განუხილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუსთა პალატის წერილი (ს.ფ. 79. ტომი 1)
- სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერი (ს.ფ. 73. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თავდებობის ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რის გამოც თავდებობა წარმოშობილი არ არის.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 327-ე, 54-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ფულადი ვალდებულების დაკისრებას მოითხოვს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა. სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, რის გამოც იგი აქცესორული უფლებაა, იგი ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს, რის გამოც მხარეებს სადაო ურთიერთობის წარმოშობის ძირითადი საფუძველი სესხის ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის თანახმად (2018 წლის 24 მარტის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება. მოსარჩელე დ---- ე-------ისათვის თანხის დაკისრებას მოითხოვს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მას სოლიდარულ თავდებად მიიჩნევს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე დ---- ე-------ისათვის სესხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მხარეებს შორის თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას ზღვრული თანხის ფარგლებში. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულების, კანონის და ვალდებულების საგნის განუყოფლობის საფუძველზე. თავდებობის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე დ---- ე-------ის სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა, რადგან მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება არ შეიცავს თავდებობის არსებით პირობაზე შეთანხმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ვალდებულებით ურთიერთობას წარმოშობს ისეთი გარიგება, რომლითაც შეთანხმებულია ამ კონკრეტული შინაარსის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე-თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის-კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს-მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, იგი იდება თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა.
თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება სავალდებულოა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებითი პირობა არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხა, რის გამოც ამ პირობაზე შეთანხმება თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-1172-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ «ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი).”
დ---- ე-------თან დადებულ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული არაა თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა.
ამგვარ მითითებად არ ითვლება ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. საკასაციო სასამართლომ ზემოთაღნიშნულ გააწყვეტილებაში ასევე გააკეთა შემდეგი განმარტება: „ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას".
თავდებობის წარმოშობისათვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის განსაზღვრის აუცილებლობაზე სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის კომენტარს ( ).
ამდენად, თავდებობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თავდები სრულად პასუხისმგებელი არ არის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებისათვის, მისი პასუხისმგებლობა შემოფარგლულია ზღვრული თანხით, რომლის განსაზღვრა თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია. პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაზე მხარეები შეთანხმებულნი არ არიან, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულება 892-ე მუხლის დადგენილი წესით დადებული არ არის და იგი ბათილია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
ამდენად, დ---- ე-------თან დადებული ხელშეკრულებით 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა – თავდებობა არ წარმოშობილა, რის გამოც დ---- ე-------ი სესხის დაბრუნებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი არ არის, მისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება, რადგან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. არ დაკმაყოფილდეს სს „კ---------------+“ის სარჩელი;
2. სს „კ---------------+“-ს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი