გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2019
საქმის ნომერი
140210019002909022
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210019002909022

საქმე №2/365-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორი რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - თ-------------–ი

წარმომადგენელი - ო----------–----ი

მოპასუხე - ვ--–--------------–ი

წარმომადგენელი - ნ---------------ე, ნ-------------ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ვ--–--------------–ს მოსარჩელე თ-------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით და მორალური და ფიზიკური ტკივილების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, თ-------------–ი და ვ--–--------------–ი არიან თანასოფლელები, ასევე ნათესავები. ვალერი ხ------–ი თ-------------–ს ასაქმებდა სხვადასხვა სამუშაოს გასაკეთებლად, ჰპირდებოდა გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას, მაგრამ არავითარი თანხა არ გადაუხადა, პირიქით, მის თხოვნაზე გადაეხადა თანხა სცემა ფიზიკურად, რის გამოც იჩივლა მეჯვრისხევის პოლიციაში. თ-------------–ის განმარტებით, მას ვ--–--------------–თან შეასრულა შემდეგი სამუშაოები:

საქონლის მოვლა - 4 სული;

ღორების გაზრდა - 10 სული;

ბორჯომში დაჩის აშენება გალესვა;

აგრო ვაუჩერის საფასური - 50 ლარი;

საქონლს შეაჭამა ერთი მანქანა თივა;

ავადმყოფს მოავლევინა - 200 ლარი, რომელიც თავად აიღო და მას არ მისცა;

ხეივნის აწყობა თავის ეზოში;

ხეივნის აწყობა ნათესავთან - 50 ლარი;

ითხოვა და აღარ აბრუნებს რკინის დიდ და პატარა ბაკს;

ხის მასალა - 10 კოჭი, ორი დიდი ფიცარი - 5 მეტრ.

50 ხილის ყუთი,რეზინის ჩექმები - 2 წყვილი ახლები,70 ც. 0,5 ლიტრიანი, 800 გრამიანი და 3 ლიტრიანი მინის ბანკა,სიმინდის საფხვნელი, ხელსაფქვავი,ამუშავებდა სიმინდის თოხნაზე და აღებაზე;

ხარშავდა ღორების სალაფავს დილა-საღამოს;

სახლთან აუწყო ჯიხური;

აყიდინა თვითნაკეთი სასოფლო-სატრანსპორტო საშუალება „ურჩხული“ – 1700 ლარად;

 

მოსარჩელის განმარტებით,იგი არის ინვალიდი, სამკურნალოდ ესაჭიროება თანხა და ითხოვს, რომ გადაუხადოს გაწეული სამუშაოს საზღაური, ასევე ფიზიკური ტკივილების და მორალური ზიანის თანხა 1000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე თ-------------–ი 21 წლის იყო როდესაც პირველად მოიტეხა ფეხი, მას შემდეგ ავარიის დროს კიდევ ერთხელ მოიტეხა ფეხი და მას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, რისთვისაც მას თამაზის ოჯახმა არაერთხელ გამოართვეს ფული. აღნიშნული ოპერაციების შემდეგ მოსარჩელეს დაუმოკლდა ფეხი და ესაჭიროებოდა დამატებითი ოპერაციები, შესაბამისად, მას ფიზიკურად არ ჰქონდა სათანადო შესაძლებლობები, რომ შეესრულებინა ის სამუშაოების რაზეც საუბრობს, რადგან იმ დროს, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს თ-------------–ს ისევ დასჭირდა ოპერაცია და ვ--–--------------–ი კვლავ გვერდში დაუდგა და რადგან იგი დადიოდა ორი ყავარჯნით, ექვსი თვე უვლიდა, უხდიდა კომუნალურ გადასახადებს, უყიდა ტელევიზორი, უვლიდა მისი მიწის ნაკვეთებს, თუმცა მის მიერ მოყვანილი მოსავალი თ-------------–მა მის ჩუმად გაყიდა და როდესაც მოსავლის მოყვანისათვის გაწეული დანახარჯის ანაზღაურება მოსთხოვა, თავად შემოიტანა სასამართლოში სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები არიან მეზობლები

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ დადგინდა

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ თ-------------–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

შრომის კოდექსის მე-2, მე-6 მუხლები;

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 413-ე, 629-ე, 630-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელე მხარე, თამაზ კაპანაძე მისი უფლებების დარღვევად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მან შეასრულა მოპასუხის მიერ მისთვის შეკვეთილი სამუშაო, ამასთან, მოპასუხემ მისი ნივთები მიისაკუთრა, მოპასუხეს კი შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ გადაუხდია და ასევე არ დაუბრუნებია ნივთები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება დადებული და ასრულებდა სხვადასხვა სახის სამუშაოს, მათ შორის უვლიდა საქონელს, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და ასევე მოპასუხის თხონით გააკეთა ხეივნები, აუშენა აგარაკი. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხემ მისი სახლიდან წაიღო მოძრავი ნივთები და აღარ აბრუნებს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

6.4. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოსარჩელე თ-------------–ს ეკისრებოდა ვალდებულება, წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მას შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან.

 

მხარეთა ახსნა - განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ-------------–ი არიან თანასოფლელები და მეზობლები და როგორც თ-------------–ი იღებდა მონაწილეობას ვ--–--------------–ის მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და საქონლის მოვლაში, ისე ვ--–--------------–ი უვლიდა თ-------------–ის მიწის ნაკვეთებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ჩვენებებით, რომლებიც დაიკითხნენ მოპასუხე მხარის შუამდგომლობით, საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები ვერ დადგინდა, რის გამოც სასამართლო არ აფასებს მათ ჩვენებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს რა სახის სამართლერივი ურთიერთობა არსებობდა მხარეებს შორის, რისთვისაც თავად მოდავე მხარემ, მოსარჩელემ უნდა წარმოადგიონოს სათანადო მტკიცებულებები, მისი მხრიდან კი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მოწმე ს--–--------------ის ჩვენება, რომლმაც მიუთითა, რომ იგი არის თ-------------–ის მეზობელი, მისთვის ის ფაქტი, რომ თ-------------–ის სახლში საქონელი იყო მაშინ გახდა ცნობილი, როცა მეზობლად მცხოვრებნი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა და როდესაც მას მიმართეს, თ-------------–მა უპასუხა, რომ საქონელი ვ--–--------------–ს ეკუთვნოდა, ხოლო სხვა გარემოებებზე მან მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თ-------------–ის სახლში ვ--–--------------–ის საქონელი იყო, ვ--–--------------–ს სადავო არ გაუხდია, თუმცა მიუთითა, რომ როდესაც თ-------------–ს ოპერაცია გაუკეთდა მას დახმარება სჭირდებოდა და საქონელი მის სახლში გადაიყვანა უფრო მარტივად რომ მიეხედა თ-------------–ისთვის. რაც შეეხება ავადმყოფი მეზობლის მოვლას, ვ--–--------------–მა იგივე მოტივი მიუთითა თ-------------–თან ავადმყოფი მეზობელის მიყვანის მიზეზად - ორივეს ერთად მიხედვა უფრო გაუმარტივდებოდა.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მასა და ვ--–--------------–ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, უფრო მეტიც, მას არ მიუთითებია კონკრეტულად თუ როდის, რა ვადით, რა სახის სამუშაოს და რა ანაზღაურებაზე შეთანხმდენენ ის და ვალერიან ხარელი.

 

რაც შეეხება თ-------------–ის განმარტებას, რომ მან აგარაკი აუშენა ვ--–--------------–ს, აღნიშნული ურთიერთობა წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ – ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თ-------------–ი თავად იყო ვალდებული წარმოედგინა (თუნდაც ზეპირსიტყვიერად მიეთეთიბინა) რა სამუშაოს შესრულებაზე და რა ოდენობის ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ ის და ვ--–--------------–ი, მან კი მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სახლის მშენებლობაზე დაახლოებით 1000 ლარი უნდა გადაეხადა მოპასუხეს.

 

სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თ-------------–მა ვერც სახლის მის მიერ აშენების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის განმარტებით კი გაირკვა მხოლოდ ის გარემოება, რომ სახლის მშენებლობის პროცესში თ-------------–იც ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა რა სახის სამუშაოს ასრულებდა სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა.

 

ამდენად, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხრეთა შორის შეთანხმება წერილობითი ფორმით არ ყოფილა შედგენილი, ამასთანავე ვერც ზეპირი განმარტებით დადგინდა რაიმე სახის შეთანხმების არსებობა, ე.ი ვერ დადგინდა მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

 

6.7. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ მოძრავ ნივთებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთების დაბრუნება ან მათი ღირებულების ანაზღაურება, პირველ რიგში უნდა დადგინდეს მისი მხრიდან ამ ნივთების დაუფლების ფაქტი, მითუმეტეს არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი (სკ 155-168 მუხლები), რისთვისაც მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის საფუძველზე ისევ მოსარჩელეა ვალდებული წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მისი მხრიდან ვერ შესრულდა, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მისი კუთვნილი ნივთების დაუფლების ფაქტი, მითუმეტეს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების ღირებულების დამდგენი რაიმე სახის მტკიცებულება, მისი სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ხის მასალას (იატაკის ფიცრებს), სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოპასუხემ თ-------------–ისაგან მართლაც წაიღო ხის მასალა (თუმცა კონკრეტულად რა სახის მასალა იყო ვერ დადგინდა) გარკვეული თანხის სანაცვლოდ, თუმცა თავად თ-------------–მა მიუთითა, რომ ეს თანხა მან ვ--–--------------–ს გაუქვითა მისი მხრიდან საავადმყოფოში გადახდილ თანხაში (იხ. 06.09.2019 წ. და 18.09.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი), რომელიც შესაბამება სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლის შინაარს, ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემის ვალდებულების შესახებ.

 

6.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო სხეულის დაზიანების ან ჯამრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. აღსანიშვანია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ასევე დაცულია ადამიანის სულიერი წონასწორობაც, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევებში გათვალისწინებული არაა, მითუმეტეს, რომ მხარემ ვერ დაასაბუთა მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებანი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნვეყოფა

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება არ ყოფილა გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე თ-------------–ის სარჩელი ვ--–--------------–ის მიმართ, გაწეული სამუშაოსა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი