გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2019
საქმის ნომერი
340210018002737480
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210018002737480

საქმე #2/993-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

03 ოქტომბერი 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი

 

მოსარჩელე - თა----------–---–ი

წარმომადგენელი - ამ--------–---–-–---–ი, თა---------–--------–---–ი

მოპასუხე - გი----------------–---–ი

წარმომადგენელი - ვა–--–--–-----ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება

არასრულწლოვანი - მი----–ი ჯ-------–---–ი

წარმომადგენელი - თა---------------ე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გი----------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მი----–ი ჯ-------–---–ის მიმართ პასპორტის და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის (ნებართვის) გაცემის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვის (თანხმობის) გაცემის ნაწილში.

(იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 114-130; სასამართლოს 03.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:40:11-17:13:20 სთ)

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე და მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინათ: 14.02.1995 წელს დაბადებული ქე------ ჯ-------–---–ი და 24.12.2009 წელს დაბადებული მი----– ჯ-------–---–ი. დაქორწინების შემდგომ მოპასუხემ ჯერ ალკოჰოლის, შემდგომ კი ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. მოსარჩელე პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია და მოპასუხის ამგვარი საქციელი პროფესიულ განვითარებაში ხელს უშლიდა. ზოგიერთმა მშობელმა მეუღლის ნარკოტიკებზე დამოკიდებულობის გამო ბავშვების მასთან მომზადებაზე უარი თქვა. ოჯახის რჩენა მთლიანად მოსარჩელის შრომით მიღებულ შემოსავალზე იყო დამოკიდებული, რადგან მოპასუხე მთელი ცხოვრება უმუშევარი იყო.

2018 წლამდე მი----– ჯ-------–---–ი გურჯაანის №2---------- სკოლაში და სამუსოკო სკოლაში სწავლობდა. მისი წარმატებებიდან და სამუსიკო ნიჭიდან გამომდინარე მოსარჩელემ იგი ქ. თბილისის №1------------ო სკოლაში და ე. მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გადაიყვანა. სკოლის პედაგოგების განმარტებით ბავშვს კარგი მონაცემები აქვს და სათანადო ყურადღება ესაჭიროება.

მოსარჩელე 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ი ქ. თბილისში თავის დასთან - ქეთევენ ჯ-------–---–თან ერთად ცხოვრობს, რომელიც ძმას ყურადღებას არ აკლებს. მოსარჩელეს საქართველოში პერიოდულად ჩამოდის, ხოლო ამერიკაში ყოფნისას შვილებთან სოციალური ქსელით აქვს ურთიერთობა. ამჟამად მოსარჩელეს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი აქვს მოპოვებული და შეუძლია, რომ მი----–იც წაიყვანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბავშვს მუსიკალურ განათლების მიღების და ხელოვანის კარიერის გაკეთების უკეთესი შესაძლებლობა ექნება. ამავდროულად, იგი ამერიკულ განათლებას მიიღებს, რაც ცხოვრებაში მეტი წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მოსარჩელემ თხოვნით მიმართა მოპასუხეს, რომ შვილის ამერიკაში სასწავლებლად წაყვანის შესაძლებლობა მიეცა. ზაფხულის არდადეგებს კი ბავშვი საქართველოში გაატარებდა. რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. საფუძვლად განმარტა, რომ არ სურდა ბავშვი ამერიკულ ყაიდაზე გაიზარდოს და ქართველობა დაკარგოს. აგრეთვე განმარტა, რომ წაყვანის შემთხვევაში ვერ შეძლებდა ბავშვთან სრულფასოვან ურთიერთობას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ეს არგუმენტები უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხე საქართველოში არ ცხოვრობს, იგი ყაზახეთის მოქალაქეა, წლებია ყაზახეთში იმყოფება და საქართველოში მხოლოდ შეზღუდული დროით რჩება. ამავდროულად, ბავშვს აქვს სამუსიკო განათლების მიღების არაჩვეულებრივი შანსი აშშ-ში ერთ-ერთ სამუსიკო სკოლაში და აქვს კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა. აგრეთვე, შესაძლებლობა რომ ერთ-ერთ მშობელთან ერთად იცხოვროს. მამის წინააღმდეგობის გამო ბავშვს ზიანი ადგება და ფაქტობრივად მშობელთან ცხოვრების და კარგი განათლების მიღების შესაძლებლობას კარგავს. სწორედ ამიტომ, არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.

2. მოპასუხის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და არასრულწლოვანის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არასდროს ყოფილა ალკოჰოლის და ნარკოტიკების მომხმარებელი. შემოსავლების არქონის გამო მოპასუხე იძულებული გახდა ყაზახეთის რესპუბლიკაში წასულიყო, სადაც მამასთან ერთად ბიზნესი ააწყო და შვილებს ფინანსურ დახმარებას უწევს. სწორედ იგი იხდის ბავშვების საცხოვრებელი ბინის ქირას, სადაც ამერიკიდან ჩამოსული მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ხოლმე. მოპასუხე არამარტო ქირას იხდის, არამედ ბავშვებს ფინანსურად სისტემატიურად უზრუნველჰყოფს. რაც შეეხება ყაზახეთში ცხოვრებას, მოპასუხეს გადაწყვეტილი აქვს საქართველოში დაბრუნდეს, მოქალაქეობა აღიდგინოს და შვილების გვერდით იდგეს. მოსარჩელის განცხადება, რომ მი----–ს უკეთესი განათლების მიღება შეუძლია აშშ-ში არასწორია. ამით ქართული საგანმანათლებლო სისტემის და კულტურის დამცირება ხდება. არაერთი ცნობილი მუსიკოსი და მეცნიერი აღიზარდა საქართველოში და აქტუალურია, რომ ქართველმა კაცმა განათლება ქართულად მიიღოს და ქართულ ტრადიციებზე აღიზარდოს. რაც შეეხება დედასთან ერთად ყოფნას, უკეთესი იქნებოდა, რომ დედას მცირეწლოვანი შვილი არ მიეტოვებინა.

2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.

2.3. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მი----– ჯ-------–---–მა განმარტა, რომ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა და დედასთან ერთად იცხოვროს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. თა----------–---–ი და გი----------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 14.02.1995 წელს დაბადებული ქე------ ჯ-------–---–ი და 24.12.2009 წელს დაბადებული მი----– ჯ-------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 114-130; 179-189);

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 25-26).

 

3.1.2. მოსარჩელე პროფესიის ინგლისური ენის პედაგოგია. 2015 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა. 2016 წლის ივლისიდან მოსარჩელე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გაემგზავრა. იგი 2016 წლის სექტემბრიდან წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებში მუდმივ მაცხოვრებლ პირს და საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 114-130; 179-189);

- სერთიფიკატები (ს.ფ. 30-42);

- რეზიდენტის მოწმობა (ს.ფ. 269-)

- საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 175-177).

 

3.1.3. მოპასუხე გი----------------–---–ი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეა და ცხოვრობს ყაზახეთში. იგი საქართველოში პერიოდულად ჩამოდის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი (ს.ფ.179-189)

- საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 175-177);

- რწმუნებულება (ს.ფ. 70).

3.1.4. არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ი 2016-2018 წლებში სსიპ ქ. გურჯაანის №2---------- სკოლაში სწავლობდა. 2018 წლის სექტემბრიდან სწავლობს სსიპ ქ. თბილისის №1------------ო სკოლაში, ამავე პერიოდიდან იგი ე. მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოსწავლეა. არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ი ამჟამად დასთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზუსტებული სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 114-130; 179-189)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 25.07.2019 წლის და 03.10.2019 წლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);

- 07.11.2018 წლის ცნობა გაცემული სსიპ №1------------ო სკოლის მიერ (ს.ფ. 27);

- დახასიათება (ს.ფ. 28-29).

3.1.5. მოსარჩელე ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს საბავშვო ბაღში კვირაში სამი დღე დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე. ამზადებს ბავშვებს ინგლისურ ენაში და შაბათ-კვირას მუშაობს რესტორანში მიმტანად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის განმარტება (იხ. სასამართლოს 25.07.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:52:04-13:13:53:30 სთ).

3.1.6. მოპასუხემ 2017 წლის 31 იანვარს გასცა მინდობილობა, რომლითაც თავის შვილს ქე------ ჯ-------–---–ს მიანიჭა უფლებამოსილება რომ იგი იყოს წარმომადგენელი ამერიკის საკონსულოში, წარადგინოს არასრულწლოვანი შვილის მი----– ჯ-------–---–ის დოკუმენტაცია ამერიკის ვიზის მისაღებად, შემდგომ წაიყვანოს დედასთან თა----------–---–თან აშშ-ში, ვირჯინიის შტატში 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე და ჩამოიყვანოს უკან საქართველოში. სათანადო დოკუმენტაციას მოაწეროს ხელი და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ს.ფ. 44).

 

3.1.7. მოპასუხემ 2017 წლის 15 სექტემბერს გასცა მინდობილობა, რომლითაც ქე------ ჯ-------–---–ს მისცა თავისი არასრულწლოვანი შვილის მი----– ჯ-------–---–ის საქართველოდან საზღვარგარეთ წაყვანის უფლება. მინდობილობის ვადა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მინდობილობა (ს.ფ. 43 ).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ნაქირავებ სახლში, რომელიც მდებარეობს მისამართზე - 67-------ს რდ, ა-–---------ია, VA 2---6. მოსარჩელეს ნაქირავები აქვს საცხოვრებელი სახლის ორი საძინებელი ოთახი. ამავდროულად, მისი მფლობელობა ვრცელდება საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახზე, სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტის ოთახებზე, აგრეთვე სარეცხი და საშრობ ოთახზე, რომელიც საცხოვრებელი სახლის სარდაფში მდებარეობს. ოთახებში განთავსებულია საჭირო ავეჯი, რაც დედა-შვილის ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2019 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდზეა განსაზღვრული. ხელშეკრულების მიხედვით, დროებითი მფლობელობის უფლება მინიჭებული აქვს თამარ ჯ-------–---–ს და იგი მის შვილზე მი----– ჯ-------–---–ზეც ვრცელდება. მოსარჩელე მხარემ აგრეთვე წარმოადგინა მის მიერ დაკავებული ოთახების სურათები, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ოთახებში განთავსებულია ავეჯი და ინვენტარი, რაც, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის და მისი შვილის ნორმალურ პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

სასამართლომ მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების დადგენისთვის სასამართლო სხდომაზე დამატებით მოწმის სახით ქე------ ჯ-------–---–ი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქმეში წარმოდგენილია იმ სახლის სურათები, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს. მოწმემ განმარტა, რომ ამ სახლში თავად ნამყოფი არ არის, თუმცა ოთახები და შენობა ვიდეოზარის საშუალებით დედასთან საუბრისას აქვს ნანახი. სოციალური მომსახურების სააგენტოს და ბავშვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სურათების მიხედვით საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია (იხ. სასამართლოს 03.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:52:40- 15:53:52 სთ; 15:58:48-16:07:48 სთ).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 247-251);

- ქვითარი, სურათები (ს.ფ. 240-244; 249);

- მოწმე ქე------ ჯ-------–---–ის განმარტება (იხ. სასამართლოს 03.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:58:48-16:07:48 სთ)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებები, აგრეთვე არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ის განმარტება, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში - სსკ).

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

სსკ-ის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1.მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

ამავე კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, 1) მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. 2) წინამდებარე კონვენციაში ჩამოყალიბებული უფლებების განხორციელების უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს სათანადო დახმარებას უწევენ, რათა მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობანი ბავშვების აღზრდაში, და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებების ქსელის განვითარებას.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, 1) მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე. 2) მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. 3) მონაწილე სახელმწიფოები ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობები ფარგლებში მიმართავენ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალურ დახმარებას უწევენ და ხელს უწყობენ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრამებს. 4) მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვი მოსავლელად დაუბრუნდეთ მშობლებს ან ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა პირებს როგორც მონაწილე სახელმწიფოში, ისე საზღვარგარეთ. კერძოდ, თუ ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, მონაწილე სახელმწიფო ხელს უწყობს საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთებას ან ასეთ შეთანხმებათა დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამის მორიგებათა დადებას.

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის და კონვენციის აღნიშნული ნორმებით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას კანონმდებელი უპირატესად მშობლებს აკისრებს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. კონვენციის მიხედვით ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი, და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში და ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისად განიხილება ნებისმიერი საქმე, რომელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გავლენას უშუალოდ არასრულწლოვანზე იქონიებს. მშობლებს შორის შვილთან ურთიერთობის საკითხზე დავის გადასაწყვეტად, სასამართლო ყურადღება ამახვილებს და სამართლებრივად აფასებს მხარეთა მონაწილეობით განხილულ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე და სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

6.2. განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივ გარემოებაა ის, რომ არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ი რამოდენიმე წელია მშობლების გვერდით არ ცხოვრობს. მშობლები ერთმანეთს დაწილებულები არიან. ბავშვის მამა ყაზახეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს, ხოლო დედა 2016 წლიდან ძირითადად აშშ-ში იმყოფება. მშობლები საქართველოში პერიოდულად და მხოლოდ მოკლე დროით ჩამოდიან. ამდენად, არასრულწლოვანი მი----– ჯ-------–---–ი არცერთ მშობელთან არ ცხოვრობს და მათთან ურთიერთობა უმეტესად დისტანციურად - სოციალური ქსელის გამოყენებით აქვს.

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში. ასეთი გარემოს შექმნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტს მშობლების გვერდით ცხოვრება წარმოადგენს და ბავშვის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება. თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახის როლი და ფუნქცია გაზრდილია, რადგან მისი საშუალებით ბავშვი სხვა აუცილებელ უნარ-ჩვევებთან ერთად სწავლობს ისეთ ოჯახურ ურთიერთობებს როგორიცაა სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს უნარ-ჩვევები არა მარტო ვერბალური ფორმით ახსნის შედეგად შეიძინოს, არამედ საკუთარ თავზე გამოსცადოს და შეიგრძნოს. ამის მიღწევა კი მხოლოდ ოჯახურ გარემოცვაში და მშობელთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი გარემოებას წარმოადგენს აგრეთვე არასრულწლოვანის აღზრდაში თითოეული მშობლის ჩართულობა. ამ საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლო სხდომაზე ბავშვის მშობლებს არაერთი კითხვა დაესვა. აგრეთვე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით, მოწმის სახით არასრულწლოვანის ბებია - ნა---------–---–ი და და - ქე------ ჯ-------–---–ი დაიკითხა. როგორც სხდომაზე დაკითხული მოწმეების და მშობლების განმარტებით დადასტურდა, ბავშვის დედას არასრულწლოვანთან უფრო ხშირი და ფაქტობრივად ყოველდღიური ურთიერთობა აქვს სოციალური ქსელით. მოწმეთა და თავად ბავშვის განმარტებით დედა თითქმის ყოველდღე ურეკავს და სოციალური ქსელის გამოყენებით ესაუბრება მი----–ს, ყურადღებას აქცევს და ეხმარება მას გაკვეთილების მომზადებაში, აძლევს რჩევა-დარიგებებს, უშუალოდ და ინტენსიურად არის ჩართული მის აღზრდაში. (იხ. სასამართლოს 25.07.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:18:34-14:43:47 სთ; 14:51:15-15:04:00 სთ). მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში თავისუფალ ერთსაათიან მონაკვეთსაც უმეტესად შვილთან ურთიერთობისთვის იყენებს, ურეკავს და ესაუბრება მას. იმავე მოწმეთა და თავად მი----–ის განმარტებით მამა ბავშვის აღზრდაში ნაკლებად იღებს მონაწილეობას - მამა იშვიათად ესაუბრება მი----–ს სოციალური ქსელით და მათი ურთიერთობა შემოიფარგლება უმნიშვნელო საუბრებით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, სამუშაო დატვირთულობის მიუხედავად იგი ყოველთვის პოულობს დროს შვილთან ურთიერთობისთვის, მისთვის განშორებით გამოწვეული დანაკლისის შევსების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღზრდის და სათანადო განათლების მიღების მიზნით. ამასვე ადასტურებს დედის განმარტება, რომლის მიხედვით ქალაქ თბილისში სამუსიკო სკოლაში გადასვლის პირველ პერიოდში მი----–ს გაუჭირდა მასალის ათვისება და ჰქონდა გარკვეული ჩამორჩენა. როდესაც შეატყო, რომ ბავშვს ჰქონდა მასალის ათვისების პრობლემა, სთხოვა მასწავლებელს დასწრებოდა გაკვეთილებს, რათა თავად შეესწავლა მასალა და შემდგომ უკეთესად დახმარებოდა მი----–ს. ამით დედამ შეძლო ბავშვის დახმარება, რომლის შედეგად დაახლოებით თვენახევარში მი----–ი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე გახდა. (იხ. სასამართლოს 25.07.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:41:00- 13:42:03 სთ, 13:44:30-13:45:50 სთ; 13:48:10-13:13:51:58 სთ). სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის აღზრდაში დედის აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე და მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილების კეთილდღეობა წარმოადგენს. მამის მიმართ იგივეს თქმა შეუძლებელია, რადგან მოწმეთა განმარტებით შვილთან მისი ურთიერთობა პერიოდულად მოკითხვით და ხანმოკლე საუბრებით შემოიფარგლება. მართალია საქმის არსებითი განხილვისას მოპასუხე მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მამას საქართველოში დაბრუნება, მოქალაქეობის აღდგენა და შვილის გვერდით ყოფნა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა დავის განხილვის განმავლობაში მამას რაიმე კონკრეტული ღონისძიებები ამ მიზნით არ განუხორციელებია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი ეს განმარტება მხოლოდ მოსარჩელისთვის ხელისშეშლის მიზნით იქნა გაჟღერებული.

6.3. დავის გადაწყვეტისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორს თავად ბავშვის მოსაზრება წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანის უფლებების დაცვის მიზნით აღძრულ სარჩელებზე სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვაში თავად არასრულწლოვანიც ჩააბას. კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატოს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამ მიზნით იგი მოსმენილი უნდა იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერ საკითხზე.

საქმის განხილვაში დაინტერესებულ პირად ჩართული იქნა მი----– ჯ-------–---–ი და მას საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება მიეცა. მი----– ჯ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტება, რომ დედასთან ერთად ცხოვრება სურს. (იხ. სასამართლოს 25.07.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:16:11- 14:16:37 სთ). ანალოგიური მოსაზრებაა დაფიქსირებული სოციალური მუშაკის მიერ 28.05.2019 წლის №10337 დასკვნაში, სადაც მითითებულია, რომ მი----– ჯ-------–---–ს მუდმივ საცხოვრებლად დედასთან ერთად ცხოვრება სურს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია არასრულწლოვანს ორივე მშობელთან თანაბარი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს და სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ დავის გადასაწყვეტად ბავშვის სურვილს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ შემთხვევაში ბავშვმა სასამართლო სხდომაზე ცალსახად და დამაჯერებლად განაცხადა, რომ მისი სურვილი დედასთან ერთად ცხოვრებაა. სასამართლოს აზრით ბავშვის პოზიცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი, მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების გამო, არჩევანის წინაშეა დამდგარი.

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით სასამართლოს უფლება აქვს შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა არსებობდეს ურთიერთდაკავშირებული და მნიშვნელოვანი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა წარმოედგინათ მტკიცებულებები და დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებით. მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ არ სურს ბავშვი საცხოვრებლად აშშ-ში წავიდეს, რადგან მიაჩნია, რომ იგი ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა გაიზარდოს და აშშ-ში წასვლის შემთხვევაში იგი ამ შესაძლებლობას დაკარგავს.

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ არ აპირებს მი----–ი სამუდამოდ მოწყვიტოს სამშობლოს. ამ მიზნით იგი ყოველი ზაფხულის არდადეგებზე საქართველოში ჩამოვა და ნათესავებთან ერთად გაატარებს. მისივე განმარტებით ამერიკაში მყოფ ქართველებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ამ შესაძლებლობასაც ბავშვის სასიკეთოდ მაქსიმალურად გამოიყენებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განმარტება უსაფუძვლოა, რადგან მხარემ ვერ განმარტა კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ის ,,ტრადიცია“ რომლის მიღების შესაძლებლობაც ბავშვს მხოლოდ საქართველოში ცხოვრების და აღზრდის შემთხვევაში ექნება, რომელსაც იგი სხვა ქვეყანაში დედასთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში ვერ შეითვისებს და რომლის ცოდნაც მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მხარემ აგრეთვე ვერ განმარტა, იმ პირობებში, როდესაც ბავშვთან ძირითადად სოციალური ქსელის გამოყენებით აქვს ურთიერთობა, რატომ არის აუცილებელი ბავშვის საქართველოში დარჩენა. მოპასუხე სოციალური ქსელით ურთიერთობას ბავშვის ამერიკაში ყოფნის შემთხვევაშიც შეძლებს.

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად იცავს ორივე მშობლის უფლებას, მაგრამ არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. სასამართლო თვლის, რომ მი----– ჯ-------–---–ის კანონით დაცული უფლება, იცხოვროს დედასთან ერთად, თანხვედრაშია ამ უკანასკნელის ინტერესთან - იცხოვროს შვილთან ერთად და, რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, ოჯახური ცხოვრების კონცეფციის ჭრილში. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს საშუალებას, რათა ბავშვმა საზღვარგარეთ გამგზავრება და დედასთან ერთად ცხოვრება შეძლოს. იმ პირობებში კი, როდესაც მამა ანალოგიურ პირობას ვერ სთავაზობს, უფრომეტად მნიშვნელოვანია, რომ მას დედასთან ერთად ცხოვრების საშუალების მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა ზიანი მიადგეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მი----–ი ჯ-------–---–ის მიმართ პასპორტის და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის (ნებართვის) გაცემის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვის (თანხმობის) გაცემის ნაწილში. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ამიტომ მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟი 100 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

შესაბამისად, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თა----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე გი----------------–---–ს (პირადი №7-----------, დაბადებული 11.04.1970 წელს) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მი----–ი ჯ-------–---–ის (პირადი ნომერი 0----------. დაბადებული 24.12.2009 წელს) მიმართ პასპორტის და სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო ნებისმიერი საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტის მიღებაზე თანხმობის (ნებართვის) გაცემის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვის (თანხმობის) გაცემის ნაწილში.

3. მოსარჩელე თა----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი;

4. მოპასუხე გი----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე