გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.10.2019
საქმის ნომერი
330310019002945277
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2749-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ----------ა

წარმომადგენელი - მ----------–--–-–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ----------ას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს-------–-------------–------------–-----------–------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე აღდგენა;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნ----------ას სასარგებლოდ განაცდურის სახით თვეში 2-----–---------------–----------------------–---ის ანაზღაურება, გათავისუფლების პერიოდიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საბოლოოდ, 2017 წლიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანებით, ნ----------ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის საფუძველით, თუმცა რეალურად რეორგანიზაციას არ მოჰყოლია მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მისი განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მთლიანი სტრუქტურული ერთეული და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, გაუქმებული ერთეულის მსგავსი ფუნქციებით. ამასთან, ახლადშექმნილი სამსახური განისაზღვრა ორი საშტატო ერთეულით, საიდანაც ერთი იყო ხელმძღვანელის და ერთი პ------–------------------------------–---–----ის თანამდებობა. მისივე განმარტებით, ხელმძღვანელის თანამდებობა არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობას, ხოლო მეორე საშტატო ერთეულზე დაინიშნა ორსული თანამშრომელი. ამასთან, რეალურად, მითითებული თანამშრომელი მისივე საშტატო ერთეულით გადავიდა ახალ სტრუქტურულ ერთეულში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ----------ა 2008 წლის 10 დეკემბრიდან დასაქმებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებით, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს აპარატის მთავარი მრჩეველი - ნ----------ა, მისივე თანხმობით გადაყვანილ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–------------------------------------------------------------------------–---, 2017 წლის 29 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3----------- ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–-------------------------------------------------------------------------–-- - ნ----------ას თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობად.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №1----------- ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებაში და ნ----------ას თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა 2-----–--------------------------–--------–-----------–-----–--------------–--------------------- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2008 წლის 10 დეკემბრის №1---- ბრძანება (ს.ფ. 120);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 25 ივნისის №1---- ბრძანება (ს.ფ. 121);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №2---- ბრძანება (ს.ფ. 122);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ. 124);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2015 წლის 5 ნოემბრის №1--------- ბრძანება (ს.ფ. 126);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანება (ს.ფ. 127-128);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3----------- ბრძანება (ს.ფ. 129-130);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №1----------- ბრძანება (ს.ფ. 131).

 

3.2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №27/12-4/05/3 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ბრძანების დანართების შესაბამისად (№№2, 3, 4, 6, 7, 9, 10, 11 და 12).

 

ბრძანების №4 დანართის თანახმად, ს------------–------------------------------------------------------ განისაზღვრა 20 საშტატო ერთეულით, მათ შორის, პ------–------------------------------–---–----ის 8 ერთეულით, საიდანაც 2 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,6-ით და თანამდებობრივი სარგო - 2600 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 2400 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 27 დეკემბრის №27/12-4/05/3 ბრძანება, დანართებით (ს.ფ. 149-159).

 

3.3. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, მათ შორის, ნ----------ასთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 3 იანვარს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შტატების შემცირებისა და თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმირების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება (ს.ფ. 132-133);

- 2019 წლის 3 იანვრის ოქმი (ს.ფ. 134-140).

 

3.4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელსაც ბრძანების გამოცემიდან ორ კვირაში უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებთან გასაუბრება. ამავე ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოხელეებთან გასაუბრება წარმართულიყო მათ მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის განხილვის ფორმატში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანება (ს.ფ. 141-142);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 25 იანვრის №25/01-4/05/1 ბრძანება (ს.ფ. 143).

 

3.5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შექმნილმა კომისიამ, 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა მოხელეებთან გასაუბრების ფორმატი და შესაბამისი გრაფიკი. ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გასაუბრებაზე დაბარებული იქნა ს------------–------------------------------------- დეპარტამენტში დასაქმებული 18 (თვრამეტი) მოხელე, მათ შორის, ნ----------ა. გასაუბრებაზე გამოცხადდა ყველა დაბარებული თანამშრომელი.

 

სხდომაზე კომისიამ მოისმინა მოხელეების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები. თითოეულ მოხელეს დაეთმო თანაბრად 15 წუთი საკუთარი ანგარიშის წარსადგენად და დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად. კომისიის წევრებმა კითხვები დასვეს კონკრეტული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. ზეპირი კითხვა-პასუხისა და 2018 წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიშის განხილვის ფორმატში, მოხელეების მიერ აღწერილი იქნა თავიანთი სამუშაო გამოცდილება, მიმდინარე საქმიანობა და შესაბამისი პროცესები, ასევე, გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. გასაუბრება გაიმართა ადმინისტრაციის 18 თანამშრომელთან. გასაუბრების პროცედურასთან და/ან მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შექმნილი კომისიის 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი №6 (ს.ფ. 144-147).

 

3.6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ 8 თანამშრომელს, მათ შორის, ნ----------ას 2019 წლის 14 თებერვალს ეცნობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წლის 15 თებერვალს მობილობის პროცესის დაწყებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 14 თებერვლის გაფრთხილება (ს.ფ. 148).

 

3.7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 60 საშტატო ერთეულით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად (№№1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12).

 

ბრძანების №5 დანართის თანახმად, ს-------–-------------–------------–-----------–--------------------- განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ცენტრის (სამსახური) ხელმძღვანელი 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პ------–------------------------------–---–----ი 1 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანება, დანართებით (ს.ფ. 160-169).

3.8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანებით, რეორგანიზაციის გამო სტრუქტურული ერთეულის გაუქმებისა და შესაბამისად, საშტატო თანამდებობის შემცირებასთან დაკავშირებით, ნ----------ა გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობიდან, 2019 წლის 17 მარტიდან. ამავე ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნ----------ას მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანება (ს.ფ. 181-182).

 

3.9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 22 ივნისის №2------------ ბრძანებაში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–-------------------------------------------------------------------------–-- შ-------------------ის თანამდებობა გარდაიქმნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობად.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 116-ე მუხლის, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდების პირებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირებისა და კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 5 ნოემბრის №05/11/12 განკარგულების პირველი პუნქტისა და „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის გაუქმებასთან დაკავშირებით, შ-------------------ე, მისივე თანხმობით გადაყვანილი იქნა იმავე იერარქიული რანგისა და ფუნქციურად მსგავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს-------–-------------–------------–-----------–------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე. ამავე ბრძანებით მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2100 ლარით და მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 168 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანება (ს.ფ. 183-184);

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანება (ს.ფ. 185-186).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ----------ას მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახლებული მუხლების საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ----------ას სამსახურში აღდგენის შესახებ და აუნაზღაუროს იძულებით განაცდური, გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ----------ა წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე დასაქმებულ პირს. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი რეგულაციები.

 

ასევე, დადგენილია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანებაში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ს------------–------------------------------------- დეპარტამენტში პ------–------------------------------–---–----ის 8 ერთეულიდან 2 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი განისაზღვრებოდა 2,6-ით და თანამდებობრივი სარგო - 2600 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 2400 ლარით, 3 საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირის კოეფიციენტი - 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით. ამასთან, ნ----------ას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 2100 (ორიათასი) ლარს, ასევე, მოხელის მე-10 კლასის შესაბამის საკლასო დანამატს - 210 (ორასათი) ლარს.

 

6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

 

მითითებული კანონის 104-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

სასამართლო განსახილველ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს, რომ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობისა და საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაცია, შესაძლო შტატების გადაადგილებით ან/და შემცირებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 31 დეკემბრის №31/12-4/05/1 ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებისათვის, მათ შორის, ნ----------ასთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 3 იანვარს. მათ ხელმოწერით დაადასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის, მოსალოდნელი შტატების შემცირებისა და თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ინფორმირების შესახებ.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 21 იანვრის №21/01-4/05/1 ბრძანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის გამართულად ჩატარების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელმაც უზრუნველყო მოხელეებთან გასაუბრება, კერძოდ, კომისიამ მოისმინა მოხელეების მიერ 2018 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშები, მიმდინარე საქმიანობა და შესაბამისი პროცესები, ასევე, გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. გასაუბრება გაიმართა ადმინისტრაციის 18 თანამშრომელთან, მათ შორის, მოსარჩელესთან. კომისიამ 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმში დააფიქსირა, რომ გასაუბრების პროცედურასთან და/ან მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ დაფიქსირებულა.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №15/03-4/05/1 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2018 წლის 17 იანვრის №17/01-4/05/1 ბრძანება. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, ბრძანების დანართების შესაბამისად. ბრძანების №5 დანართის თანახმად, ს-------–-------------–------------–-----------–--------------------- განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით, კერძოდ, ცენტრის (სამსახური) ხელმძღვანელი - 1 საშტატო ერთეული, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 4,4-ით და თანამდებობრივი სარგო - 4400 ლარით და პ------–------------------------------–---–----ი 1 საშტატო ერთეულით, რომლის კოეფიციენტი განისაზღვრა 2,1-ით და თანამდებობრივი სარგო - 2100 ლარით.

 

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ადგილი ჰქონდა თუ არა იმ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები. გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე მოქმედი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულები იყო: ა) ს------------–------------------------------------------------------; ბ) იურიდიული დეპარტამენტი; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი; დ) პროტოკოლის დეპარტამენტი; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი; ვ) კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტი; ზ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; თ) ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საფინანსო დეპარტამენტი; კ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი. ამასთან, ხსენებულ ბრძანებულებაში 2019 წლის 14 მარტს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდა: ა) პროტოკოლის სამსახური; ბ) მედიაცენტრი (სამსახური); გ) ს-------–-------------–------------–-----------–---------------------; დ) იურიდიული სამსახური; ე) დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; ვ) მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახური; ზ) საფინანსო სამსახური; თ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლით (გასაჩივრებული აქტის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) განისაზღვრა თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები, კერძოდ, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ს------------–------------------------------------------------------ს ფუნქციებს წარმოადგენდა: ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე; ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად; ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა; ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში; კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

 

ამასთან, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (სამსახური) ფუნქციებია: ა) საგარეო ურთიერთობის მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; ბ) საქართველოსა და სხვადასხვა სახელმწიფოების ორმხრივი ურთიერთობის პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი; გ) რეგიონულ ჭრილში მიმდინარე პროცესების კვლევა და ანალიზი; დ) საქართველოს მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა და ანალიზი; ე) საერთაშორისო და მსოფლიო ანალიტიკური ორგანიზაციების დოკუმენტებში საქართველოს შესახებ შეფასებების მიმოხილვა და ანალიზი; ვ) საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საერთაშორისო ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თ) საგარეო პოლიტიკის ანალიზის, საგარეო ურთიერთობისა და სტრატეგიის საკითხებზე მომუშავე აკადემიურ და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით; ი) საერთაშორისო ურთიერთობის და საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის №ბს-311-311 (კ-18) განჩინების თანახმად, „ის გარემოება, რომ შესაძლოა ფუნქციათა ნაწილი ერთმანეთის მსგავსია, არ გულისხმობს იმას, რომ ნ. გ-ას მიერ კონკრეტულ პერიოდში დაკავებული თანამდებობა (დაკისრებული მოვალეობები) თავისი ფუნქციური დატვირთვით კვლავ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ადგილი ჰქონდა ძველი საშტატო ერთეულის გაუქმებას“.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოცემულ შემთხვევაში გაუქმდა ს------------–------------------------------------------------------, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე და შეიქმნა ს-------–-------------–------------–-----------–---------------------, მსგავსი და არა იდენტური ფუნქციებით. ამასთან, ორივე სტრუქტურულ ერთეულში არსებობდა პ------–------------------------------–---–----ის თანამდებობა, თუმცა განსხვავებული ოდენობით, კერძოდ, ცვლილებამდე არსებულ დეპარტამენტში განსაზღვრული 8 საშტატო ერთეულის ნაცვლად ახალ სამსახურში იგი განისაზღვრა 1 შტატით.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2017 წლის 30 ივნისის №3------------ ბრძანებასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №1------------ ბრძანებაზე. აღნიშნული ბრძანებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს------------–---------------------------------------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე დასაქმებული შ-------------------ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე, 116-ე მუხლის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, გადაყვანილი იქნა იმავე იერარქიული რანგისა და ფუნქციურად მსგავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ს-------–-------------–------------–-----------–------------------------------–------------------------------–---–----ის თანამდებობაზე. ამასთან, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 2100 ლარით და მიეცა მოხელის მე-8 კლასის შესაბამისი საკლასო დანამატი - 168 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოხელის გადაყვანა გულისხმობს მოხელისათვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში (ჰორიზონტალური გადაყვანა). მოხელის გადაყვანა დასაშვებია: ა) მოხელის ინიციატივით, ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით; ბ) საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული გადაწყვეტილებითა და მოხელის თანხმობით. ამასთან, ამავე ნორმატიული აქტის 116-ე მუხლის მიხედვით, მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებლობა რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებული პირის გათავისუფლებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საშტატო ერთეულის სრულად გაუქმებას, როდესაც ამგვარი შტატი იმავე ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გაუქმებული სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად შეიქმნა მსგავსი ფუნქციებით ახალი სტრუქტურული ერთეული, სადაც არსებობდა იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იყო დასაქმებული, მაგრამ ადგილი ჰქონდა რაოდენობრივ ცვლილებას. უდავო გარემოებებს წარმოადგენს, რომ ს------------–------------------------------------- დეპარტამენტში პ------–------------------------------–---–----ის თანამდებობა არსებობდა 8 შტატით, რომელზეც სხვა პირებთან ერთად დასაქმებულნი იყვნენ ნ----------ა და შ-------------------ე, ხოლო ახლადშექმნილ საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (სამსახური) მითითებული თანამდებობა განისაზღვრა მხოლოდ ერთი ერთეულით და მასზე დასაქმდა შ-------------------ე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელის გათავისუფლება შეუძლებელი იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გამო, ასევე, სახეზეა რეორგანიზაცია საშტატო ერთეულების შემცირებით (ს-------–-------------–------------–-----------–--------------------- მხოლოდ ერთი პ------–------------------------------–---–----ის თანამდებობით ჩამოყალიბდა), სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებისა და მოსარჩელის მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------ას სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 2019 წლის 15 მარტის №------------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

აქედან გამომდინარეობს, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება, ნ----------ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალოს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე