გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6702-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ლა----- შე------
წარმომადგენელი - რუ------- პა--------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლე--- ბა--------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი “ლა----- შე------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ” სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 ივლისის N0--------- ბრძანება.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლა----- შე------სთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 ივლისის N0--------- ბრძანებით ლა----- შე------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
2019 წლის 05 აპრილს, მოსარჩელე ლა----- შე------ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ზუგდიდში 1963 წლის 30 სექტემბერს, სკოლა დაამთავრა ასევე ზუგდიდში 1980 წელს და სამედიცინო სასწავლებელი 1981 წელს. 1984 წელს იქორწინა ზუგდიდში, მისი შვილები 1985 და 1986 წლებში დაიბადნენ ზუგდიდში. აფხაზეთში მას არასდროს უმუშავია. 1988 წელს შეიძინა კერძო სახლი ოჩამჩირეში, სადაც შვილებთან ერთად დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა. მისი მეუღლე ამ პერიოდში ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში.
1988 წლის 06 დეკემბერს, ლა----- შე------მ ქალაქ ოჩამჩირეში, ჭავჭავაძის ქუჩის N4-ში შეიძინა უძრავი ქონება - სახლი. ზემოაღნიშნულ სახლში ჩაწერილი იყო მოსარჩელე.
საქმეში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობით, მოსარჩელე ლა----- შე------ და მისი შვილები გოგი შე------ და ცირა შე------ 1993 წლის 27 სექტემბრამდე არ ცხოვრობდნენ ოჩამჩირის რაიონში.
მოსარჩელე ლა----- შე------ს შვილებმა სწავლა დაიწყეს ქ. ზუგდიდის სკოლაში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2019 წლის 05 აპრილის გასაუბრების კითხვარიები (ს.ფ. 57-60);
- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 2019 წლის 05 აპრილის გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 65-68);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ცნობა (ს.ფ. 77);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 78-80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლა----- შე------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო, ხოლო დავის შემთხვევაში - სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 25 ივლისის N0--------- ბრძანებას, რომლითაც ლა----- შე------ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ, სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ, ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ლა----- შე------ს მოთხოვნა დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური (ოჯახური) კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
აღნიშნული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმის ნომერი: ბს-1227-1213(კ-11)). აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, საკასაციო სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ცნებები „საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს სად იცხოვროს.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩე---ით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 აპრილს, მოსარჩელე ლა----- შე------ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ზუგდიდში 1963 წლის 30 სექტემბერს, სკოლა დაამთავრა ასევე ზუგდიდში 1980 წელს, ხოლო სამედიცინო სასწავლებელი - 1981 წელს. 1984 წელს იქორწინა ზუგდიდში, მისი შვილები - გოგა შე------ და ცირა შე------ 1985 და 1986 წლებში დაიბადნენ ზუგდიდში. აფხაზეთში მას არასდროს უმუშავია. 1988 წელს შეიძინა კერძო სახლი ოჩამჩირეში, სადაც შვილებთან ერთად დაახლოებით ორი წელი ცხოვრობდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლა----- შე------ს და მისი შვილების ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტი არ დაადასტურა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ, რომლის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე ლა----- შე------ და მისი შვილები გოგი შე------ და ცირა შე------ 1993 წლის 27 სექტემბრამდე არ ცხოვრობდნენ ოჩამჩირის რაიონში.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები მისი ყოფითი, ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრებიდან, რომელთა ერთიანობაში შეფასების შედეგად დადასტურდებოდა მისი ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ შვილებთან ერთად აფხაზეთი დატოვა 1992 წლის 14 აგვისტომდე, ივლისში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებები დაწყებული არ იყო, ისინი იმყოფებოდნენ ზუგდიდის რაიონში, სადაც შეიყვანა კიდეც შვილები სკოლაში. მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ სწორედ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მიმართა მან ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით შვილების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მან უძრავი ქონება შეიძინა ოჩამჩირეში, ასევე საბინაო წიგნის ამონაწერს, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნულ კერძო სახლში ჩაწერილი იყო მოსარჩელე, სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე არ არის დაკავშირებული პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან, ვინაიდან მუდმივი ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები მიიღება მხედველობაში და არა მარტოოდენ საკუთრების ფაქტის არსებობა ამ უძრავ ნივთზე.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის, სათანადო მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის ქ. ოჩამჩირეში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტს დაადასტურებდა მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით საწინააღმდეგო გარემოებები დგინდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი”. მითითებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არსებითად სწორად შეაფასა მოსარჩელე ლა----- შე------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1992 წლამდე - აფხაზეთში საბროძლო მოქმედებების დაწყებამდე და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა აქვს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აქტის გამოცემის ათაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ და ,,უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლა----- შე------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე დავით წერეთელი