გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
080210018002491599
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002491599

საქმე №2/1926-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - წ---–--------------–----–-----------------ა;

წარმომადგენელი - თ----- ჩ-------ე, თ----- შ---------ე;

მოპასუხე სს „ი---------’;

წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე, მ-----–- გ------ე, ნ-------- ფ------ე;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება:

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სს „ი---------“-ს წ---–-------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების 147.646.67 ლარის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2010 წლის 14 სექტემბერს სს ,,ი---------"-ს და წ---–--------------–----–-------------------–ოს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4-, წყალტუბოში ყოფილი ზამთრის თეატრის შენობის რეკონსტრუქციის, სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაობის შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 427 000 ლარს, შესრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 30 დეკემბერამდე. სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 01 იანვარს. ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 მუხლით განისაზღვრული იყო საგარანტიო ვადები, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელს ევალებოდა, საკუთარი ხარჯით, ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. კერძოდ, საგარანტიო ვადები შეადგენდა, ძირითადი შენობის კონსტრუქციული ნაწილის - 50 წელს, სახურავი მეტალოკრამიტის - 20 წელს, მოპირკეთებითი სამუშაოების - 10 წელს, იატაკის „ტერაფლექსი“ - 25 წელს, სამღებრო სამუშაოების - 5 წელს, წყალმომარაგება, კანალიზაციის - 25 წელს, ელექტრომომარაგების - 25 წელს, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების - 25 წელს. სპორტული კომპლექსის ექსპლუტაციაში შესვლის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები: წინა ვიტრინის მინა 17 კვ.მ. გატყდა; ჭერი 900 კვ.მ პლასტმასის (პლასტიკატი) საფარი ჩამოშლილი და ჩამოწეულია; 126 კვ.მ. შენობის სახურავიდან შენობაში ჩამოდის წყალი; გატეხილია 16 კვ.მ. შენობის გვერდითი ფასადის მინა; დარბაზში დაზიანებული (დახეული) და აყრილია რეზინის იატაკი 800 კვ.მ ფართობზე; ჭერი 126 კვ.მ ფართობზე დაზიანებულია და შესაღებია წვიმის შედეგად ჩამოსული ნალექის გამო. ზემოთაღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, წ---–--------------–----–------ის გამგებლის 2014 წლის 07 ნოემბრის №-------, 2014 წლის 31 დეკემბრის №------- და 2015 წლის 26 ივნისის №------- წერილებით, სს ,,ი---------"-ს მოეთხოვა 2010 წლის 14 სექტემბრის №4- ხელშეკრულებით განსაზღვრული ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა, კერძოდ, წინა ვიტრინის მინისა და შენობის გვერდითი ფასადის მინის შეცვლა, ჭერზე განთავსებული პლასტიკატისა და სახურავის შეკეთება, იატაკის შეკეთება და ჭერის შეკეთება-შეღებვა. გამგეობის მოთხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია და დღემდე შპს ,,ი---------"-ის მიერ შეუსრულებელია ხელშეკრულებით ნაკისრი საგარანტიო ვალდებულებები. წ---–--------------–----–-----------------ის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სპორტულ კომპლექსში ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების დეფექტური აქტის საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ღირებულების დასადგენად. აღნიშნული №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცვის ღირებულება შეადგენს 30 983.21 ლარს. ასევე, წ---–--------------–----–------ის მერიის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის დეკემბერში განმეორებით ჩაატარა ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: 1. სს "ი---------"-ს და წ---–--------------–----–-------------------–ოს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს დადებული, #4- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით სპორტულ კომპლექსზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შემდგომ, ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების დადგენა, რომლის აღდგენის ვალდებულება ევალებოდა სს „ი---------“-ს, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში; 2. აღნიშნული დაზიანებების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 დეკემბრის №--------- დასკვნის შესაბამისად, სს "ი---------"-სა და წ---–--------------–----–-------------------–ოს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს დადებული №4- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, სპორტულ კომპლექსზე ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების საგარანტიო ვადა ამოწურული არ არის. დაზიანებულია იატაკი „ტერაფლექსი“, სახურავიდან ჩამოდის წყალი, ასველებს იატაკს, რაც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხო ექსპლუატაციას. დაზიანებულია შემოსასვლელი კარი. მეორე სართულზე დაზიანებულია კერამიკული ფილების და ლამინატის იატაკი, ფანჯრის ჩარჩოები, ჭერზე აკრული პლასტიკატი, სათავსოების ჭერების და კედლების მოპირკეთება და სხვ. სახურავზე მეტალოკრამიტის ფურცლების დამაგრება არ არის შესრულებული ნორმების შესაბამისად. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. წყალტუბოში მდებარე სპორტული კომპლექსის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. დაზიანებების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა დადგენილი იქნება პროექტის მიხედვით. პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად კი, არსებული დაზიანებების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობამ შეადგინა 147 646.67 (ას ორმოცდაშვიდი ათას ექვსასორმოცდაექვის ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარი. ამდენად, სს "ი---------"-ის მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი საგარანტიო ვალდებულებები, რითაც უხეშად ირღვევა ხელშეკრულების პირობები, მიუხედავად მერიის მხრიდან არაერთ მოთხოვნისა.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, 2011 წლის 12 ოქტომბრის N--- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2012 წლის დასკვნით, ობიექტი მიიიღეს ექსპლუატაციაში და რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამთ. შემდგომში, მოსარჩელის მხრიდან ობიექტის არასაწორი ექსპლუატაციის გამო გამოწვეული დაზიანებებისათვის მათ პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროთ. გარდა აღნიშნულისა, მშენებლობის პროცესში დაჟინებით ითხოვდნენ ძველი სახურავის შეცვლას, თუმცა უშედეგოდ. ამდენად, ძველმა სახურავმა და არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია დაზიანებები.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს სს ,,ი---------"-ს და წ---–--------------–----–-------------------–ოს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4-, წყალტუბოში ყოფილი ზამთრის თეატრის შენობის რეკონსტრუქციის, სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაობის შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 427 000 ლარს, შესრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 30 დეკემბერამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (ტომი 1,ს.ფ.17-25);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით, მან არაერთხელ აცნობა მოსარჩელეს პროექტის იმ ხარვეზების შესახებ, რასაც შესაძლოა მომავალში გამოეწვია შენობის დაზიანება. აღნიშნულის დასადასტურებლად კი წარმოადგინა 2011 წლის 23 მარტის წერილი, სადაც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს და განუმარტავს, რომ „პროექტი არ ითვალისწინებს კრივის დარბაზის გადახურვის მოწყობას. აქ სახურავის მზიდი ფერმები მთლიანად კოროზირებულია და სახურავიდან წყალი ჩამოდის. შენობას გააჩნია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბარები. ობიექტის ელ. მომარაგების და განათების ნაწილში გამორჩენილია მთელი რიგი სამუშაოები და არ აისახება ხარჯთაღრიცხვაში, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვაში არ არის არსებული კანალიზაციის გარე ქსელის და ელ. კაბელის გადატანა. ზემოთაღნიშნული საკითხები სიტყვიერად ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს, რომლებიც შეგვპირდნენ პროექტის შესაბამისობაში მოყვანს. გთხოვთ, თქვენს რეაგირებას აღნიშნული საკითხების გადაჭრისათვის, რათა დროულად იქნას გამოსწორებული და შესაბამისობაში მოყვანილი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. სრულყოფილი პროექტის უქონლობა აფერხებს მშენებლობის წარმოებას და ირღვევა გეგმა-გრაფიკი, რითაც საფრთხე ემუქრება ობიექტის დროულად ჩაბარებას“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 23 მარტის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 104);

3.2.2. 2010 წლის 14 სექტემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 01 იანვარს, რაც დასტურდება წ---–--------------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2011 წლის 12 ოქტომბრის №--- ბრძანებით შექმნილი კომისიის, 2012 წლის 20 იანვრის დასკვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 20 იანვრის დასკვნა (ტომი 1,ს.ფ. 38);

- 2012 წლის 10 იანვრის აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, 67-73);

3.2.3. 2014 წლის 31 დეკემბერს სს „ი---------“-ის დირექტორს წერილობით მიმართა წ---–--------------–----–------ის გამგებელმა, მისი მითითებით, 2014 წლის 7 ნოემბერს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი N-------, რომელიც შეეხებოდა წყალტუბოს სპორტის სასახლის ავარიულ მდგომარეობას, შესაბამისად, მათი მოთხოვნა იყო 2010 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების პირობების შესრულება და საგარანტიო ვადაში სარემონოტო სამუშაოების ჩატარება. წ---–--------------–----–------ის გამგებელმა 2015 წლის 26 ივნისს კიდევ ერთი წერილი, იგივე მოთხოვნით, გაუგზავნა სს „ი---------“-ის დირექტორს.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 26 ნოემბრის წერილი, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 07 ნოემბრის წერილის პასუხად მან წ---–--------------–----–------ის გამგებელს აცნობა, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეასრულა შემდეგი სამუშაოები: „ა) შეიცვალა შენობის ფასადზე ვიტრაჟის მინის რეზინები; ბ) სპორტული დარბაზის ძირითად შენობაში პლასტიკატების ჭერი მთლიანად დახრახნილდა; გ) შენობის საჭიდაო დარბაზში აღსდგა შეკიდული ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილებით; დ) ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულზე გასწორდა კერამო-გრანიტის ფილები; ე) ძირითადი შენობის სახურავის კარბოლუქსით გადახურვა, გამგეობისა და საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შეიცვალა 1/3 ნაწილი და დაიხურა ახალი „მეტალოჩერპიცით“; კარბოლუქსით გადახურულ ნაწილს გაუკეთდა მეტალოკონსტრუქციის თოვლდამჭრები, რაც პროექტით გათვალისწინებული არ იყო; ვ) შენობის ირგვლივ აღდგენილია დაზიანებული დეკორატიული ფილები; ზ) შეიცვალა გარე ფასადზე ჩრდილოეთ მხარეს ნაწილობრივ დაზიანებული მინა მაგნეზიტის ფილები ალიკაბონდის ფილებით. ამასთან, მთავარ კორპუსში ატმოსფერული ნალექების დინების, კარებების რეგულირების, ფასადის სამხრეთ მხარეს დაზიანებული მაგნეზიტისა და სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილების აღდგენას მოვახდენთ მ/წლის 15 დეკემბრამდე. დამატებით გაცნობებთ, რომ დარბაზის საჭიდაო და კრივის დარბაზებში ატმოსფერული ნალექების დინება გამოწვეულია ძველი სახურავის გამო, რომლის გამოცვლასაც ჯერ კიდევ დარბაზის მშენებლობის პროცესში დაჟინებით ვითხოვდით, როგორც სიტყვიერ, ასევე ოფიციალური წერილებით, როგორც საკრებულოს ასევე გამგეობიდან (წერილები №--.0--2--- წ; №-- 2-.0--2--- წ. თან ერთვის), მაგრამ დღემდე არსებული მდგომარეობა უცვლელია, რაც ჩვენს მიერ ახლად აღდგენილ მოპირკეთებულ სამუშაოებს ისევ დააზიანებს. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას შემდგომ დაზიანებებზე“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 31 დეკემბრის წერილი (ტომი 1,იხ.ს. ფ. 26);

- 2015 წლის 26 ივნისის წერილი (ტომი 1,იხ. ს.ფ. 27);

-2014 წლის 26 ნოემბრის წერილი (ტომი 1,იხ.ს.ფ. 75);

3.2.2. წ---–--------------–----–-----------------ის დაკვეთით, 2015 წლის 15 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, სპორტულ კომპლექსში ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ხარვეზების შედეგად შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დასადგენად. აღნიშნული ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცვის ღირებულება, წარმოდგენილი დეფექტური აქტის მიხედვით, შეადგენდა 30 983.21 ლარს. კერძოდ, სამუშაოების დასახელებაში შედიოდა წინა ვიტრინის მინის შეცვლა, მთლიანი ჭერის შეკეთება (პლასტიკატის) ახალი მასალის დამატებით, სახურავის შეკეთება, დაზიანებული გარე მინის შეცვლა, დარბაზის დაზიანებული იატაკის შეკეთება, ჭერის შეკეთება და შეღებვა.

2016 წლის 19 მაისს წ---–--------------–----–-----------------ის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა სპორტულ კომპლექსზე გამოვლენილი დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ექპერტიზა არ გამორიცხავს, რომ 900 კვ.მ ჭერის პლასტმასის (პლასტიკატის) საფარით მოწყობის დროს არ იყო სრულად დაცული მისი მოწყობის ტექნოლოგიური პროცესები, ასევე შესაძლებელია არ იყო სრულად დაცული ტექნოლოგიური პროცესები 126 კვ.მ სახურავის მოწყობისას, შესაბამისად დაზიანდებოდა ჭერი 126 კვ.მ ფართობზე, რომელიც შესაღებია წვიმის შედეგად ჩამოსული ნალექის გამო. ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ წინა ვიტრინის მინა 17 კვ.მ და 16 კვ.მ შენობის გვერდითი ფასადის მინა, შესაძლებელია, დაზიანებული იყოს შენობის ექსპლუატაციის გარე ფაქტორების ზემოქმედებით ან მისი მოწყობისას ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო. ექსპერტიზა ასევე არ გამორიცხავს, რომ ტერაფლექსის იტაკის მოწყობისას არ იყო სრულად დაცული СНиП 3.04.01-87 „საიზოლაციო და მოპირკეთებითი დაფარვების“ მოთხოვნები. ამასთანავე, ვერ ირკვევა მისი შემდგომი ექსპლუატაცია სრულად მიმდინარეობდა თუ არა ინსტრუქციის მიხედვით.

2018 წლის 6 დეკემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ თავისი N-------- ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა, რომ სპორტულ კომლექსზე ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების საგარანტიო ვადა ამოწურული არ არის. დაზიანებულია იატაკი „ტერაფლექსი“, სახურავიდან ჩამოდის წყალი, ასველებს იატაკს, რაც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხო ექსპლუატაციას. დაზიანებულია შემოსასვლელი კარები, მეორე სართულზე დაზიანებულია კერამიკული ფილების და ლამინატის იატაკი, ფანჯრის ჩარჩოები, ჭერზე აკრული პლასტიკატი, სათავსოების ჭერის და და კედლების მოპირკეთება და სხვა. სახურავზე მეტალოკრამიტის ფურცლების დამაგრება არ არის შესრულებული ნორმების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. წყალტუბოში მდებარე სპორტული კომპლექსის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საჭირო არის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. აღნიშნული დაზიანებების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა დადგენილი იქნება პროექტის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-36);

- დეფექტური აქტი (ტომი 1,ს.ფ.41);

- ექსპერტიზის დასკვნა N--------- დასკვნა (ტომი 1,ს.ფ. 81-85);

- ექსპერტიზის დასკვნა N---------- (ტომი 1,ს.ფ.276-282);

3.2.3. დადგენილია, შპს „ვ---------“ 2019 წლის 12 თებერვალს შეადგინა სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 147 646,67 ლარი. აღნიშნული დოკუმენტი შემოწმდა შპს „ზ-------------------“ მიერ 2019 წლის 28 თებერვალს, შედგა შესაბამისი ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზა) N-----, რომლითაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შეფასდა დადებითად. ხარჯთაღრიცხვის განმარტებით ბარათში მითითებულია შემდეგი: საკვლევი ობიექტის „მეტალო კრამიტის სახურავის საფარს აღენიშნება დაზიანებები, რომელიც არაერთხელ გარემონტდა, მაგრამ მაინც ატარებს ნაწვიმარ წყალს. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ნაწილობრივ შეკეთება ვერ მოხერხდება. საჭიროა შეიცვალოს სპორტული დარბაზის სახურავის მთლიანი საფარი ფერადი მეტალო კრამიტით. ასევე დაზიანებულია შესასვლელი მინის ვიტრინები და სპორტული დარბაზის მინის ტიხრები, რომლებიც ჩამსხვრეულია და წარმოადგენს საშიშროებას, საჭიროებს დროულ შეცვლას. შენობის შესასვლელისა და გვერდების წინაფრის ჭერი მოწყობილია თაბაშირ-მუყაოს ფილებით, რომელსაც ესაჭიროება სამღებრო სამუშაოების ჩატარება. შენობის შიდა კედლები ზოგიერთ ნაწილში დაზიანებულია, მოხდეს დაზიანებული ადგილების გასუფთავება ძველი ბათქაშისაგან, გაილესოს დაზიანებული კედლები, დამუშავდეს და შეიღებოს მაღალხარისხოვნად არსებული ფერის შესაბამისად. ძირითადი შენობის იატაკი მოწყობილია კერამო გრანიტის ფილებით, რომელიც ზოგიერთ ადგილებში ჩატეხილია, მოხდეს დაზიანებული ფილების შეცვლა ახალი კერამო გრანიტის ფილებით. ასევე დაზიანებულია სპორტული დარბაზის რბილი იატაკი და სპორტული ოთახების ლამინირებული პარკეტის იატაკი. მოხდეს სპორტული რბილი საფარის იატაკის გასწორება და ხელმეორედ ჩაწებება. სპორტულ ოთახებში მოხდეს ლამინირებული პარკეტის დემონტაჟი და მოეწყოს დაწნეხილი კაუჩუკის იატაკი, ხოლო დემონტირებული ვარგისიანი ლამინირებული პარკეტით მოხდეს შენობის სხვა და სხვა დაზიანებული ადგილის შევსება. სპორტული დარბაზისა და სპორტული ოთახების ჭერი დაზიანებულია და ხშირ შემთხვევაში ჩამოცვენილი, მოხდეს ჭერის სრული დემონტაჟი. სპორტული დარბაზის ჭერის არსებულ კარკასზე მოეწყოს დაპრესილი (მსხვილი ბურბუშელით) ნესტგამძლე ხის ფილა, ხოლო სპორტულ ოთახებში მოეწყოს თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი. შიდა ელ.გაყვანილობა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მხოლოდ საჭიროებს დაზიანებული საშტეფცელო როზეტების და სანათების შეცვლას.“

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხარჯთაღრიცხვა და ინსპექტირების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 29-36);

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ სპორტულ დარბაზში არსებული დაზიანებებთან მათ კავშირი არ აქვთ და ამ კუთხით, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე. როგორც თავდაპირველ სარჩელთან, ასევე დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში, მოპასუხე აქცენტს აკეთებს სპორტული კომპლექსის არასწორ ექსპლუატაციაზე, რასაც მოყვა სარჩელში მითითებული ზიანის დადგომა. მიუხედავად ამისა, მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ობიექტის არასწორი ექსპლუატაცია და მითუმეტეს, არასწორი ექსპლუატაციის შედეგი - შენობის ცალკეული ნაწილის დაზიანება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე, შესაბამისად, ვინაიდან სხვა მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ დაზიანებები გამოწვეული შენობის არასწორი ექპლუატაციით.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის პროცესში მოპასუხემ მიუთითა კიდევ ერთ მიზეზზე, არასწორ გადახურვაზე, რამაც გამოიწვია ნალექის ჩამოდენა და ჭერის დაზიანება. თავისი პოზიციის განსამტკიცებლად, მან მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელსაც დაუსვა შეკითხვა: სს ‘’ი---------’’-ის მიერ ხელშეკრულების №4- 1--0--2--- წ. თანახმად შესრულებულ იქნა წ---–--------------–----–------ის სპორტული დარბაზის გადახურვის სამუშაოები, სადაც გამოყენებულ იქნა ე.წ. ‘’მეტალო ჩერეპიცა’’. სახურავის ფორმა (ნახაზი თან ახლავს) RI800 რადიუსით მოხრილი ოვალურად, ამის გამო სახურავი ზოგ ადგილზე ჰორიზონტალურია და ზოგ ადგილზე ზედმეტად მოხრილი, რაც იწვევს პროფილის არასწორ განლაგებას და თერმული გაფართოების დროს მის დაზიანებას. ასევე პასპორტით დაუშვებელია 14 გრადუსზე ნაკლები დახრილობის სახურავის დახურვა. გთხოვთ, თქვენს საექსპერტო დასკვნას და დასტურს, რომ მოცემული ნახაზის მიხედვით სახურავის „მეტალო ჩერეპიცით“ დახურვა არამიზანშეწონილია და არ შეიძლება.

მითითებულ კითხვასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიურომ გასცა შემდეგი დასკვნა: მეტალოკრამიტის სახურავის მოწყობის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ‘’მეთოდური დოკუმენტაცია მშენებლობაში. სახურავის მოწყობა მეტალოკრამიტისაგან. სამუშაოების წარმოების პროექტი МДС 12-47.2008’’-ის პუნქტი 6.2.-ში მითითებული მოთხოვნა - სახურავის ზედაპირი უნდა იყოს სწორი, შენატყლეჭის, ღრმულების და სიმრუდის გარეშე. თუ სახურავის დაქანება არის 6 მეტრი, მინიმალური დახრის კუთხე მეტალოკრამიტის სახურავისა შეადგენს 14 გრადუსს. წარმოდგენილი ნახაზი არის არასრული. სახურავის მოწყობის სამუშაოები ტარდება კონკრეტულად დამუშავებული სახურავის პროექტის მიხედვით“.

მოპასუხის განმარტებით, სახურავის პროექტის ნაკლზე, კერძოდ, არასწორ გადახურვის შესახებ მან არაერთხელ აცნობა მოსარჩელეს, თუმცა ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, არ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ამ განმარტებისა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი წერილი, სადაც იგი მიმართავს წ---–--------------–----–-----------------ას, პროექტში ცვლილებების თაობაზე. ერთადერთი წერილში, რომელიც გაგზავნილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საუბარია ძველი სახურავის შეცვლის აუცილებლობაზე და ნახსენები არ არის არასწორი გადახურვა, აღნიშნულზე მოპასუხეს არ მიუთითებია არც შემდგომ გაგზავნილ წერილებში და არც სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა N--------- (იხ. ტომი 2. ს.ფ.71-75);

- მოპასუხის შესაგებელი და დაზუსტებული შესაგებელი

-2011 წლის 23 მარტის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 104);

- 2014 წლის 26 ნოემბრის წერილი (ტომი 1,იხ.ს.ფ. 75);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 14 სექტემბერს სს ,,ი---------"-ს და წ---–--------------–----–-------------------–ოს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4-, წყალტუბოში ყოფილი ზამთრის თეატრის შენობის რეკონსტრუქციის, სპორტული კომპლექსის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაობის შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 427 000 ლარს, შესრულების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 30 დეკემბერამდე, სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 01 იანვარს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლით, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

2010 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების მეხუთე მუხლით განისაზღვრული იყო საგარანტიო ვადები, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელს ევალებოდა, საკუთარი ხარჯით, ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. კერძოდ, საგარანტიო ვადები შეადგენდა: ძირითადი შენობის კონსტრუქციული ნაწილის - 50 წელს, სახურავი მეტალოკრამიტის - 20 წელს, მოპირკეთებითი სამუშაოების - 10 წელს, იატაკის „ტერაფლექსი“ - 25 წელს, სამღებრო სამუშაოების - 5 წელს, წყალმომარაგება, კანალიზაციის - 25 წელს, ელექტრომომარაგების - 25 წელს, გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების - 25 წელს.

როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2012 წლის 01 იანვარს, თუმცა შენობის ექსპლუატაციის პროცესში გამოვლინდა ხარვეზები, რის შესახებაც მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეს და მოსთხოვა რეაგირება. კერძოდ, 2014 წლის 31 დეკემბერს სს „ი---------“-ის დირექტორს წერილობით მიმართა წ---–--------------–----–------ის გამგებელმა, მისი მითითებით, 2014 წლის 7 ნოემბერს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი N-------, რომელიც შეეხებოდა წყალტუბოს სპორტის სასახლის ავარიულ მდგომარეობას, შესაბამისად, მათი მოთხოვნა იყო 2010 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების პირობების შესრულება და საგარანტიო ვადაში სარემონოტო სამუშაოების ჩატარება. წ---–--------------–----–------ის გამგებელმა 2015 წლის 26 ივნისს კიდევ ერთი წერილი, იგივე მოთხოვნით, გაუგზავნა სს „ი---------“-ის დირექტორს.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 26 ნოემბრის წერილი, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 07 ნოემბრის წერილის პასუხად მან წ---–--------------–----–------ის გამგებელს აცნობა, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეასრულა შემდეგი სამუშაოები: „ა) შეიცვალა შენობის ფასადზე ვიტრაჟის მინის რეზინები; ბ) სპორტული დარბაზის ძირითად შენობაში პლასტიკატების ჭერი მთლიანად დახრახნილდა; გ) შენობის საჭიდაო დარბაზში აღსდგა შეკიდული ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილებით; დ) ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულზე გასწორდა კერამო-გრანიტის ფილები; ე) ძირითადი შენობის სახურავის კარბოლუქსით გადახურვა, გამგეობისა და საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით შეიცვალა 1/3 ნაწილი და დაიხურა ახალი „მეტალოჩერპიცით“; კარბოლუქსით გადახურულ ნაწილს გაუკეთდა მეტალოკონსტრუქციის თოვლდამჭრები, რაც პროექტით გათვალისწინებული არ იყო; ვ) შენობის ირგვლივ აღდგენილია დაზიანებული დეკორატიული ფილები; ზ) შეიცვალა გარე ფასადზე ჩრდილოეთ მხარეს ნაწილობრივ დაზიანებული მინა მაგნეზიტის ფილები ალიკაბონდის ფილებით. ამასთან, მთავარ კორპუსში ატმოსფერული ნალექების დინების, კარებების რეგულირების, ფასადის სამხრეთ მხარეს დაზიანებული მაგნეზიტისა და სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილების აღდგენას მოვახდენთ მ/წლის 15 დეკემბრამდე. დამატებით გაცნობებთ, რომ დარბაზის საჭიდაო და კრივის დარბაზებში ატმოსფერული ნალექების დინება გამოწვეულია ძველი სახურავის გამო, რომლის გამოცვლასაც ჯერ კიდევ დარბაზის მშენებლობის პროცესში დაჟინებით ვითხოვდით, როგორც სიტყვიერ, ასევე ოფიციალური წერილებით, როგორც საკრებულოს ასევე გამგეობიდან (წერილები №--.0--2--- წ; №-- 2-.0--2--- წ. თან ერთვის), მაგრამ დღემდე არსებული მდგომარეობა უცვლელია, რაც ჩვენს მიერ ახლად აღდგენილ მოპირკეთებულ სამუშაოებს ისევ დააზიანებს. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას შემდგომ დაზიანებებზე“.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, მათთვის წარდგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე, 2015 წლის 15 დეკემბერის №--------- ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა სპორტულ კომპლექსზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 30 983.21 ლარი. სამუშაოების დასახელებაში შედიოდა წინა ვიტრინის მინის შეცვლა, მთლიანი ჭერის შეკეთება (პლასტიკატის) ახალი მასალის დამატებით, სახურავის შეკეთება, დაზიანებული გარე მინის შეცვლა, დარბაზის დაზიანებული იატაკის შეკეთება, ჭერის შეკეთება და შეღებვა.

 

მოპასუხემ არ შეასრულა მოსარჩელის მოთხოვნა, რის გამოც წ---–--------------–----–------ის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა ხარვეზის წარმოშობის მიზეზები. აღნიშნულის თაობაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, მოსარჩელის დაკვეთით, ჩაატარა ექსპერტიზა. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ექპერტიზა არ გამორიცხავს, რომ 900 კვ.მ ჭერის პლასტმასის (პლასტიკატის) საფარით მოწყობის დროს არ იყო სრულად დაცული მისი მოწყობის ტექნოლოგიური პროცესები, ასევე შესაძლებელია არ იყო სრულად დაცული ტექნოლოგიური პროცესები 126 კვ.მ სახურავის მოწყობისას, შესაბამისად დაზიანდებოდა ჭერი 126 კვ.მ ფართობზე, რომელიც შესაღებია წვიმის შედეგად ჩამოსული ნალექის გამო. ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ წინა ვიტრინის მინა 17 კვ.მ და 16 კვ.მ შენობის გვერდითი ფასადის მინა, შესაძლებელია, დაზიანებული იყოს შენობის ექსპლუატაციის გარე ფაქტორების ზემოქმედებით ან მისი მოწყობისას ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო. ექსპერტიზა ასევე არ გამორიცხავს, რომ ტერაფლექსის იტაკის მოწყობისას არ იყო სრულად დაცული СНиП 3.04.01-87 „საიზოლაციო და მოპირკეთებითი დაფარვების“ მოთხოვნები. ამასთანავე, ვერ ირკვევა მისი შემდგომი ექსპლუატაცია სრულად მიმდინარეობდა თუ არა ინსტრუქციის მიხედვით.“

ასევე, 2018 წლის 6 დეკემბერს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ N-------- თავის ექსპერტიზის დასკვნაში მიუთითა, რომ სპორტულ კომპლექსზე ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების საგარანტიო ვადა ამოწურული არ არის. დაზიანებულია იატაკი „ტერაფლექსი“, სახურავიდან ჩამოდის წყალი, ასველებს იატაკს, რაც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხო ექსპლუატაციას. დაზიანებულია შემოსასვლელი კარები, მეორე სართულზე დაზიანებულია კერამიკული ფილების და ლამინატის იატაკი, ფანჯრის ჩარჩოები, ჭერზე აკრული პლასტიკატი, სათავსოების ჭერის და და კედლების მოპირკეთება და სხვა. სახურავზე მეტალოკრამიტის ფურცლების დამაგრება არ არის შესრულებული ნორმების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. წყალტუბოში მდებარე სპორტული კომპლექსის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საჭირო არის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით. აღნიშნული დაზიანებების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა დადგენილი იქნება პროექტის შესაბამისად. ამავე დროს, შპს „ვ---------“ 2019 წლის 12 თებერვალს შეადგინა სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 147 646,67 ლარი. აღნიშნული დოკუმენტი შემოწმდა შპს „ზ-------------------“ მიერ 2019 წლის 28 თებერვალს, შედგა შესაბამისი ინსპექტირების ანგარიში (ექსპერტიზა) N-----, რომლითაც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შეფასდა დადებითად.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ არ გამოასწორა ხარვეზები, რომელიც მის მიერ შესრულებულ სამუშაოს აღმოაჩნდა საგარანტიო ვადაში. მისი შესაგებელი ამ კუთხით ემყარება ორ გარემოებას, კერძოდ, შენობის არასწორ ექსპლუატაციას, ასევე სამშენებლო ნორმებთან შეუთავსებელ პროექტს, თუმცა მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა არასწორი ექსპლუატაციის ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. რაც შეეხება პროექტის ნაკლს, მოპასუხის განმარტებით, სახურავის გადახურვა მოხდა ე.წ. „მეტალო ჩერეპიცით“, სახურავის ფორმა R1800 რადიუსით მოხრილია ოვალურად, ამის გამო, სახურავი ზოგ ადგილზე ჰორიზონტალურია და ზოგ ადგილზე ზედმეტად მოხრილი, რაც იწვევს პროფილის არასწორ განლაგებას და თერმული გაფართოების დროს მის დაზიანებას. ამდენად, სახურავის „მეტალო ჩერეპიცით“ დახურვა არამიზანშწონილია. მიუხედავად ასეთი განმარტებისა, მოპასუხე მხარეს არ მიუმართავს მოსარჩელისათვის პროექტის კორექტირების მოთხოვნით. ერთადერთი წერილი რომელიც წარმოადგინა მოპასუხემ და ეხება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს (2012 წლის 10 იანვრამდე), გაგზავნილია 2011 წლის 23 მარტს და მასში სს „ი---------“ მოსარჩელეს განუმარტავს, რომ „პროექტი არ ითვალისწინებს კრივის დარბაზის გადახურვის მოწყობას. აქ სახურავის მზიდი ფერმები მთლიანად კოროზირებულია და სახურავიდან წყალი ჩამოდის“.

 

2010 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების მე-14 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების პროცესში ნებისმიერი შეფერხების თაობაზე წერილობით და დაუყონებლივ უნდა ეცნობებინათ მეორე მხარისათვის, ამ შემთხვევაში მეორე მხარესაც დაუყონებლივ უნდა ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამდენად, არც მითითებული წერილით და არც სხვა დოკუმენტით მოპასუხეს არ მოუთხოვია გადახურვის წესის შეცვლა, რაზეც ყურადღება სასამართლო დავის დროს გაამახვილა და ექსპერტიზის დასკვნაც კი მოამზადა, შესაბამისად, მის მიერ მითითებულ გარემოებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, საგარანტიო ვადაში მოპასუხემ არ გამოსწორა ნივთის ნაკლი.

რაც შეეხება საჭიდაო და კრივის დარბაზის გადახურვას, რაზეც თავის წერილებში აპელირებდა მოპასუხე, როგორც საქმის მასალებით, აგრეთვე ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ შენობის ამ ნაწილის გადახურვა კავშირში არ არის სადავო საკითხთან.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით, 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ არაერთხელ მოსთხოვა მოპასუხეს შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, საგარანტიო ვადაში აღმოეფხვრა წარმოშობილი ხარვეზები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლით, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

ამავე კოდექსის 414-ე მუხლით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო გახადა მხოლოდ მისი ბრალეულობის საკითხი, ზიანის ოდენობოსათან დაკავშირებით კი, რაც შეადგენს 147 646.67 ლარს, შედავება არ განუხორციელებია. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

8. საპროცესო ხარჯები

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი -4429.40 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის წ---–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის 1681.63 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. წ---–-------------–----–-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. სს „ი---------“-ს წ---–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 147 646.67 ლარის გადახდა.

2. სს „ი---------“-ს წ---–--------------–----–-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის 1681.63 ლარის გადახდა.

3. სს „ი---------“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 4429.40 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე