განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
170100119003150134
დავის ტიპი
126
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/56-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - ინგა გონჯილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ-----–-------------------–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი ნომერი - 2----------, განათლების გარეშე, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: ქ----------–-------------–-----------.

 

ადვოკატი - გ---------------

 

თარჯიმანი - ლ--------–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროს სამხრეთით რკინიგზის მიმდებარედ არსებულ მინდორში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ დააგვიანდა გ----------------- სადილის მიტანა მეუღლისთვის, გ-----–-------–----- ჯოხის მარცხენა ბარძაყის წინა მხარეს და მარჯვენა წვივის უკანა მხარეს დარტყმების გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ------------------ მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროს სამხრეთით რკინიგზის მიმდებარედ არსებულ მინდორში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ დააგვიანდა გ----------------- სადილის მიტანა მეუღლისთვის, გ-----–-------–----- ჯოხის სახის არეში სამჯერ და ბეჭების არეში ორჯერ დარტყმის გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ------------------ მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროს სამხრეთით რკინიგზის მიმდებარედ არსებულ მინდორში, კერძოდ, სადილის დაგვიანებით მიტანით განაწყენებულმა გ-----–-------–----- ჯოხის მარცხენა ბარძაყის წინა მხარეს და მარჯვენა წვივის უკანა მხარეს დარტყმების გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ------------------ მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროს სამხრეთით რკინიგზის მიმდებარედ არსებულ მინდორში, სადილის დაგვიანებით მიტანით განაწყენებულმა გ-----–-------–----- ჯოხის სახის არეში სამჯერ და ბეჭების არეში ორჯერ დარტყმის გზით, იცოდა რა დაზარალებულის ასაკი, იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი პირის - გ------------------ მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

5. განსახილველ საქმეში ბრალდებულ გ-----–-------–----- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინასასამართლო სხდომაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს გ-----–-------–----- მიერ იმ ქმედებების განხორციელებას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-3 და მე-4 პუნქტებში, კერძოდ: ბრალდებულმა დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედებების განხორციელება, გარდა იმ ნაწილისა, რაც გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას ეხება. დაზარალებულ გ------------------– ასევე მიუთითა ზემოაღნიშულ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე პირუტყვის მწყემსია, სახლიდან გადის 06:00 საათზე და ბრუნდება 19:00 საათისთვის, ამიტომ სადილად ვერ დადის სახლში და მას მიაქვს საკვები მეუღლისთვის. მან ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებული ძალადობის მიზეზად სადილის დაგვიანებით მიტანის გამო ბრალდებულის გაბრაზებას მიუთითებს. იგივე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. დაზიანებები დადასტურებულია, ფოტოსურათებით, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტზის #0-------- დასკვნით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

8. ერთი მხრივ უდავოა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია და ის და ბრალდებული ერთი ოჯახის წევრები არიან, ხოლო მეორე მხრივ, დასტურდება გ-----–-------–----- მიერ გ------------------ მიმართ 2019 წლის 13 და 16 ივნისს ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. განხორციელებულ ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, რაც ბრალდების მხარის პოზიციით გენდერული შეუწყნარებლობაა, სასამართლო ვერ გაიზიარებს რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ, ის ფაქტი, რომ საკვების მიტანა მეუღლისთვის, რომელიც დილიდან საღამომდე მწყემსად მუშაობდა და სრულად წარმოუდგენელი იყო მიეტოვებინა რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საქონელი და საკვებად თავად მისულიყო სახლში წარმოადგენდა არა გენდერული როლების გადანაწილების საკითხს, არამედ აბსოლუტურ აუცილებლობას, ვინაიდან ბრალდებულს ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი, 65 წლის დედა, არიან სოციალურად დაუცველები, იღებენ შემწეობას და აღნიშნული სამუშაო ეკონომიკური სიდუხჭირიდან თავდაღწევის საშუალება უფრო იყო, ვიდრე სამუშაო, რომელსაც სიამოვნებით დასთანხმდება ნებისმიერი ადამიანი, ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რა დატვირთვასთანაა დაკავშირებული ეს სამუშაო. გარდა ამისა, თავად დაზარალებულმა მიუთითა გამოკითხვისას, რომ მეუღლე სადილად ვერ დადის სახლში და ამიტომ მიაქვს მას საკვები, ხოლო ძალადობის მიზეზად დაგვიანობის გამო განაწყენება დაასახელა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას. სასამართლო არც იმაზე განავრცობს მსჯელობას, რომ საკვების მიღება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ რა მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ამ გარემოებას მოცემულ საქმეში. გენდერული ნიშანი გ-----–-------–------- მიმართებით იმ მხრივაც არ არის რელევანტური, რომ იგი თავად უვლის შვილებს, ურეცხავს ტანისამოსს, ამზადებს საკვებს და მისთვის უცხო არაა საოჯახო საქმეების კეთება. საბოლოოდ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-----–-------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ორვე ეპიზოდში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-----–-------–----- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გ-----–-------–----- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. გ-----–-------–----- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, თავიდანვე აღიარებდა ჩადენილ დანაშაულებს და ინანიებს მათ ჩადენას, მისი ოჯახი იღებს სოციალურ შემწეობას, ჰყავს ხანდაზმული დედა. 5, 7 და 9 წლის შვილები, რომელთა მარჩენალი მხოლოდ ისაა და მხოლოდ ხანდაზმული დედა ეხმარება მათ მოვლაში, დაზარალებული შერიგებულია და უნდა ოჯახში დაბრუნება, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს (ამ ეტაპზე მასზე დაკისრებული დამატებითი ვალდებულებები უკრძალავს კომუნიკაციის შესაძლებლობას).

 

10. გ-----–-------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

13. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

14. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციას კერძოდ, სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

15. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჯოხის გამოყენებითა და არაერთჯერადი დარტყმის გზით სასამართლო გამორიცხავს გ-----–-------–----- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად და მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ვერ მიაღწევს იმ ეფექტს, რაც სასჯელმა უნდა იკისროს მისი გამოყენებისას.

 

16. გ-----–-------–----- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას ორივე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს წინამდებარე განაჩენის მე-9 პუნქტში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობას და დამამაძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მას ორივე შემთხვევაში უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

17. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - გ-----–-------–----- აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, ბრალდებულს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მხოლოდ მის კმაყოფაზე არიან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე ეპიზოდთან მიმართებით დანიშული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო გ-----–-------–---- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 წელი, რაც ადეკვატური პერიოდია გ-----–-------–----- ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლო მოცემულ საქმეში არ დგას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გამოყენების საჭიროების წინაშე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----–-------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

2. გ-----–-------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, გ-----–-------–---- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

 

4. გ-----–-------–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დრო 2019 წლის 17 ივნისიდან იმავე წლის 20 ივნისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო.

 

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

6. გ-----–-------–----- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტან პირს - გ-----–-------–----.

 

7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი