განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-478 -19
(№021090519004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული ვ-----------–--–---ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 1----------- საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–------–ო.
ადვოკატი: რიმა გურგულია,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ს 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2019 წლის 09 მაისს საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, გარდაბნის რაიონის სოფელ ქ----–--–ი მდებარე ა---------------–--–---ის საცხოვრებელ ბინაში, სრულიად უმიზეზოდ ა---------------–--–---ს შვილმა, ვ-----------–--–---მა სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ა---------------–--–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 09 მაისს საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, გარდაბნის რაიონის სოფელ ქ----–--–ი მდებარე ა---------------–--–---ის საცხოვრებელ ბინაში ა---------------–--–---ს შვილმა, ვ-----------–--–---მა, რომელმაც განახორციელა მასზე ძალადობა, თანნაქონი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა---------------–--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 09 მაისს საღამოს საათებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ქ----–--–ი მდებარე ა---------------–--–---ის საცხოვრებელ ბინაში, ა---------------–--–---ი შვილს ვ-----------–--–---ს თანნაქონი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა---------------–--–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ვ------------–--–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ვ------------–--–---ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ეპიზოდში, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა ვ-----------–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და ძმებმა უთხრეს წასულიყო, ამის გამო მოუვიდათ კონფლიქტი. ნ----------–--–---მა ყელზე ხელი მოუჭირა, ხოლო ა-----მა მუშტი დაარტყა და ხელი ჰკრა. მამასთან და ძმებთან დიდი ხანია უთანხმოება აქვს, მათ გამო განქორწინდა მეუღლესთან, სახლიდან აგდებენ და უნდათ თავიდან მოიშორონ.
დაზარალებულმა ა---------------–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი შვილია, შემთხვევის დღეს ნასვამი იყო, უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და უყვიროდა. ხელი არ დაურტყამს და არ შეხებია, თუმცა დანა აიღო და ემუქრებოდა, რადგან ნასვამი იყო და ძალიან აგრესიული, შეეშინდა. ყვირილზე ოთახში მისი უფროსი შვილები შევიდნენ და ბრალდებული არ ჩერდებოდა, ძმებსაც ემუქრებოდა მოკვლით და სახლის დაწვით. დაზარალებულს ასევე წარედგინა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია დაარტყა თუ არა მას ვ-----------–--–---მა, თუმცა მან დამატებით აღნიშნა, რომ ვიდადი უყვიროდა, ემუქრებოდა, თუმცა არ დაურტყამს.
მოწმე ა----- ხ--–--–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს მასთან სახლში მისული იყო მისი ძმა, ნ----- ხ--–--–---ი. ისინი ჩაის სვამდნენ. როდესაც ბრალდებული სახლში მივიდა და მამის ოთახში შევიდა, მამას ჩხუბი დაუწყო, უყვიროდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მათ გააშველეს და გაიყვანეს იგი ოთახიდან, თუმცა ცოტა ხანში დანით დაბრუნდა და კვლავ აგინებდა მამას, ყვიროდა და იმუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და მოკლავდა მათ. ძირითადად მამას ეჩხუბებოდა და ის შეშინებული იყო. მოწმემ განმარტა, რომ დაარტყა თუ არა ვ-----------–--–---მა მამას არ დაუნახავს. ოთახში რომ შევიდა ბრალდებული იგინებოდა და ყვიროდა. ასევე ვერ ახსნა რატომ არის ასეთი ინფორმაცია მითითებული მის გამოკითხვის ოქმში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნ----- ხ--–--–---მა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 9 მაისს მამის ოჯახში იმყოფებოდა, რა დროსაც მისმა ძმამ ვ-----------–--–---მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამამისს და ემუქრებოდა მოკვლით. ბრალდებული ხშირად სხვამს ალკოჰოლს და შემდეგ აგრესიული ხდება, სხვა დროსაც უთქვამს მამას, რომ სულ შიში აქვს და სულ ტირის. მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ვიდადიმ მამას, ოთახში მხოლოდ ყვირილის ხმაზე შვიდნენ.
2019 წლის 7 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა---------------–--–---ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.
ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულების გამოკვლევისას, საჯაროდ გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და შეტყობინება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. შეტყობინება და მასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ბარათები არის გამოძიების დაწყების საფუძველი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც სსსკ-ს მე-100 მუხლის თანახმად, გამომძიებელს და პროკურორს ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე ფაქტის დადგენა ან უარყოფა, მით უფრო შეუძლებელია სასამართლომ იმსჯელოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა მასში მითითებულ გარემოებებს ადგილი, ასეთი ინფორმაციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების გარეშე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ვ-----------–--–---ის მიერ სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბრალდებულის მიერ მითითებული ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დაიკითხნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები და სამივე მათგანმა სასამართლოს მისცა ჩვენება, მათ არ გამოიყენეს სსსკ-ს 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და ამხილეს ვ-----------–--–---ი დანაშაულის ჩადენაში - მხოლოდ მუქარის ეპიზოდში, თუმცა როგორც დაზარალებულმა ისე მოწმეებმა განმარტეს, რომ ვ-----------–--–---ს მამისთვის არ დაურტყამს და ვერ ახსნეს რატომ მიუთითა გამომძიებელმა ამგვარად მათი გამოკითხვის ოქმებში. გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ნათელი გახდა, რომ ვ-----------–--–---ი მამამისს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შემდეგ დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენას ყოველთვის წარსულში აქვს ადგილი, მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იქნეს მაქსიმალური სიზუსტით, რომ შესაძლებელი გახდეს მომხდარის აღდგენა და დასკვნების გამოტანა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის და მოწმეების დაკითხვამ სასამართლოში გააჩინა ეჭვი ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისრულესთან დაკავშირებით. დაზარალებული და მოწმეები სასამართლოში დაკითხვის დროს, გაკვირვებით პასუხობდნენ კითხვას ძალადობის საკითხზე და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ასეთი ფაქტის შესახებ მათ მხოლოდ სასამართლოში გაიგეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მათ მისცეს სასამართლოს ჩვენება და არ შეიკავეს თავი პირდაპირ ემხილათ ვ-----------–--–---ი მუქარის ჩადენაში, სასამართლოს შეფასებით მითითებული მტკიცებულებები ერთის მხრივ საკმარისია ვ-----------–--–---ის მიმართ მუქარის ეპიზოდის დასადგენად და მეორეს მხრივ გამორიცხავს მის მიერ მამის მიმართ ძალადობის ჩადენას.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ვ-----------–--–---ის მიერ სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები. სწორედ ასეთი ხასიათის დანაშაულია მუქარა. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება (მათ შორის) მამა.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიზნებისთვის, ვ-----------–--–---ი და ა---------------–--–---ი არიან ოჯახის წევრები.
ვ-----------–--–---ის მიერ მუქარის ჩადენა დადგენილია დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, რომლებმაც მიუთითეს, რომ იგი დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა მამას მოკვლით და სახლის დაწვით. მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის საფუძველს იძლევა ასევე ის გარემოება, რომ ვ-----------–--–---ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და არც თავად უარყოფს, რომ შემთხვევის დღეს ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ჰქონდა. შიშის არსებობა დაადასტურა თავად დაზარალებულმა ა---------------–--–---მა, რომლის ყვირილის და დახმარების თხოვნის გამო შევიდნენ შვილები ოთახში. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ-----------–--–---ის აგრესიული ქცევა, შეურაცხყოფის მიყენების პროცესში დანის დემონსტრირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რეალურად გაუჩენდა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ვ------------–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო დმამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-----------–--–---ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ვინაიდან ვ-----------–--–---ი არ აღიარებს დანაშაულს, არ არსებობს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და სასამართლო ვერ შეუფარდებს სასჯელის მინიმალურ ზომას.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ვ------------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-272-ე, 271-274-ე , 275-277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------------–--–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ------------–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ვ------------–--–---ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 09 მაისიდან.
ვ------------–--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე