გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2019
საქმის ნომერი
190210019002924622
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/540-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.09.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ე-–--- ქ------–---–ი

წარმომადგენლები დარეჯან ბუცხრიკიძე

მოპასუხე ი----- კ--------ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი----- კ--------ისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების - 2007 წლის 28 მაისს დაბადებული ნინო კ--------ისა და 2009 წლის 5 ივნისს დაბადებულ თიკა კ--------ის სარჩენად, ყოველთვიურად 250-250 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის გარემოებები:

 

მხარეებს რეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ ორი საერთო შვილი: ნინო კ--------ე დაბადებული 2----–-–----------ს და თიკა კ--------ე დაბადებული 2----–-–-----------ს. შვილები არიან სკოლის მოსწავლეები. ხანგრძლივი და სისტემატური კონფლიქტების გამო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მოპასუხის მიდრეკილებით ალკოჰოლური სასმელისადმი და ოჯახზე ზრუნვის ნაკლებობით მხარეები 2018 წლის 23 აგვისტოს განქორწინდნენ ურთიერთშეთანხმებით რაც დარეგისტრირდა სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ჩანაწერით. მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ ბავშვები საცხოვრებლად დარჩებოდნენ დედასთან, ხოლო მამა ნებაყოფლობით დაეხმარებოდა ბავშვებს მატერიალურად. მოპასუხე არ ზრუნავს შვილების აღზრდა-რჩენაზე, თუმცა შეუძლია, ვინაიდან იგი აქტიურადაა დასაქმებული ე.წ. ჯართის ბიზნესში, საიდანაც აქვს შემოსავალი თვეში არანაკლებ 1500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა ალიმენტის 100-100 ლარის გადახდაზე. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არა აქვს სტაბილური შემოსავალი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ცხოვრობს მშობლების სახლში, მოსარჩელესთან ქორწინების დროს შეძენილი ბინა ბავშვებს და მეუღლეს დაუტოვა. მუშაობს მძღოლად სეზონურად ტურისტულ მარშრუტზე, რის გამოც სტაბილური შემოსავალი არა აქვს.

(შესაგებელი ს.ფ. 49-54; 19.09.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. ე-–--- ქ------–---–ი და ი----- კ--------ე აღარ ცხოვრობენ ერთად. ისინი განქორწინდნენ 2018 წლის 23 აგვისტოს. მათი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ე-–--- ქ------–---–თან ერთად ქალაქ რუსთავში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 49-54. ტომი 1)

- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 19. ტომი 1)

 

3.1.2. ე-–--- ქ------–---–ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის, მას სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (19.09.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2.2. ი----- კ--------ე არის მძღოლი და იგი სეზონურად ასრულებს საქალაქთაშრისო რეისებს. მოპასუხე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შრომისუუნარო არ არის , შრომის უნარი მნიშვნელოვნად შეზღუდული არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები (19.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ე-–--- ქ------–---–სა და ი----- კ--------ეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

დაბადების მოწმობის თანახმად, ნინო კ--------ე დაბადებული 2----–-–----------ს, ხოლო თიკა კ--------ე დაბადებულია 2----–-–-----------ს. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ე-–--- ქ------–---–ი, მამა – ი----- კ--------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-18 ტომი 1).

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვის ინტრესების გათვალისწინებით ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 140-140 ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე მუხლები.

- გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის გონივრული, სამართლიანი ოდენობა განისაზღვრება ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები, შემოსავლის წყარო, ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, მას არ გააჩნია სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი და ამის გამო არ შეუძლია სტაბილურად, ყოველთვიურად ერთი და იგივე თანხის გადახდა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფატები:

მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობენ, რის გამოც მის აღზრდაში ყოველდღიურად წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვებზე ყოველდღიურ ზრუნვაში მოპასუხე ჩართული არ არის. ამასთან, მოპასუხეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა არა აქვს, რის გამოც შრომისუნარიანია, შრომის უნარი შეზღუდული არა აქვს, რის შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი. მოპასუხის განმარტებით, იგი მძღოლია, პერიოდულად ასრულებს ტურისტულ მარშრუტებზე სამგზავრო რეისებს, შესაბამისად დასაქმებულია და იღებს ამ გზით შემოსავალს.

 

ბავშვს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ორივე მშობლის ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს მოპასუხეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფა უპირველესად მშობლების ვალდებულებაა და ბავშვის რჩენისათვის საჭირო თანხის შემცირების გარემოებები მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს. კერძოდ, მშობლის ვალდებულება შეიძლება შემცირდეს მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის, სოციალური სიდუხჭირის გამო, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა.

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რის გამოც ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რის გამოც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მშობლების ფინანსური შესაძლებლობების შეფასების აუცილებლობა გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმად მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. შესაბამისად, მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ყოველთვიურად 250-250 ლარი არაგონივრულია და მეტისმეტად მაღალია, რადგან მოპასუხე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის და ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს. ამ გარემოებების გამო მას ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოსარჩელეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.

 

აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 140-140 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქმიანობის ხასიათის გამო შეუძლია შვილების სარჩენად ყოველთვიურად გადაიხადოს 280 ლარი.

 

ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 2 აპრილიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3 360 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ე-–--- ქ------–---–ის სარჩელი;

 

1.1. ი----- კ--------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2007 წლის 28 მაისს დაბადებული ნინო კ--------ისა და 2009 წლის 5 ივნისს დაბადებულ თიკა კ--------ის სარჩენად, ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 140 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 2 აპრილიდან;

 

2. ი----- კ--------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი