განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1130-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გ------- გარაშვილის მდივნობით
პროკურორის – ა----------–---–ის
ბრალდებულის – ნ------- ნ-------ის
ადვოკატების – ს---------–----ის და კ------- ს-----–-ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ------- ნ-----–----ის ძე ნ-------ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-------------ში, მე---------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- ნ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და არაერთგზის (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი).
ნ------- ნ-------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4-----ის განაჩენით ნ------- ნ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 2 დეკემბრიდან. ნ------- ნ-------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 ივნისს, – სასჯელის მოხდით.
საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ნ------- ნ-------ემ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - მ------ ს-----------ეს, სახეში მოუჭირა ხელი და მეორე ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რითაც მ------ ს-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ------- ნ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ამის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, ნ------- ნ-------ემ შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - მ------ ს-----------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ------ ს-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ------- ნ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ------- ნ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის დაახლოებით 10-15 ოქტომბერს, შვილების - თ----- და ე-–--- ნ-------ეების სანახავად მივიდა ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ მისი ყოფილი მეუღლე მ------ ს-----------ე და მისი მეგობრები, მათ შორის ბავშვების ძიძა, რომლებიც სვამდნენ ლუდს, ხოლო ბავშვები უმეთვალყურეოდ იმყოფებოდნენ სკვერში, რაც მას არ მოეწონა. ყოფილი მეუღლე გაიყვანა გვერდით ოთახში და უსაყვედურა. მ------ ს-----------ე იყო ნასვამი, რის გამოც გახდა აგრესიული და მ------მა ხელიც კი დაარტყა მას. მ------ი ცდილობდა სახლიდან მის გაგდებას, რა დროსაც ნ------- ნ-------ე მიეჯახა კარებს და ამ ხმაურზე ოთახში შევიდნენ მ------ის მეგობრები, ხოლო თვითონ წავიდა სახლიდან. ბრალდებულის განმარტებით, მას მ------ ს-----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი თავად იგერიებდა მ------ს და არა პირიქით.
რაც შეეხება 2019 წლის 5 თებერვალს, იგი კვლავ ბავშვების სანახავად მივიდა ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, სადაც იმყოფებოდნენ მისი ყოფილი მეუღლე მ------ ს-----------ე, ძიძა - მ--------------–---–ი და მისი მცირეწლოვანი შვილი ე-–--- ნ-------ე. იგი ბავშვს ცოტახანს ეთამაშა, ხოლო შემდეგ ბავშვის წაყვანასთან დაკავშირებით ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა უთანხმოება, რა დროსაც მ------მა მოსთხოვა დაეტოვებინა სახლი. მ------ი იყო გაღიზიანებული/აგრესიული და ხელი დაარტყა ქმარს სახეში, თუმცა მას საპასუხო მოქმედებით არ უპასუხია. ხმაურზე გამოვიდა მ--------------–---–ი, ხოლო მ------ ს-----------ემ დარეკა პოლიციაში, რის შემდეგაც მან დატოვა აღნიშნული ბინა. მეორე დღეს კი თავის სახლში, გ----------------------------–-------------ში დააკავეს.
ბრალდებულის განმარტებით, მას არასდროს უძალადია ყოფილ მეუღლეზე. იგი სასამართლოს წესით აპირებს ყოფილ მეუღლესთან შვილების მეურვეობისა და ქონების გაყოფის საკითხის გარკვევას, რაც იცოდა მ------ ს-----------ემ და სავარაუდოდ მისი თავიდან მოშორების მიზნით დაასმინა ცრუდ სამართალდამცავ ორგანოებში.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, ნ------- ნ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
დაზარალებულ მ------ ს-----------ის ჩვენების თანახმად, მისი ყოფილი მეუღლე - ნ------- ნ-------ე, ნასამართლევია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 1 ივნისს. აღნიშნულის შემდეგ, იგი პერიოდულად მიდიოდა ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე მის ბინაში, ბავშვების სანახავად, რა დროსაც მუდმივად ხდებოდა მათ შორის კონფლიქტი და ნ------- ნ-------ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში კი ნ------- ნ-------ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა აგრეთვე ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში (ზუსტ თარიღს ვერ იხსენებს), ნ------- ნ-------ე ესტუმრა იმ დროს, როდესაც მასთან სახლში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები - მ--------------–---–ი, ნ---- კ-------–---–ი, ა------------ე და თ----- გ-----–-–---–ი, ხოლო ბავშვები - ე-–--- და თ----- ნ-------ეები იმყოფებოდნენ სკვერში სათამაშოდ. ნ------- ნ-------ემ გაიგო მისი მეგობრების საუბარი, რომ საღამოს აპირებდნენ ლუდის დალევას, რაც არ მოეწონა, გაიყვანა იგი გვერდით ოთახში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ნ-------მა ხელი წაუჭირა ყელის არეში და ორ-სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. მათ ყვირილზე ოთახში შევარდნენ მისი მეგობრები, ჩადგნენ ცოლ-ქმრის შუა და შეძლეს მათი გაშველება. მ------ ს-----------ის განმარტებით, აღნიშნული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა იმ დროს არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან შეეცოდა და დაინდო მისი შვილების მამა.
აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნ------- ნ-------ე კვლავ მივიდა მის საცხოვრებელ ბინაში, ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში, სადაც მის გარდა იმყოფებოდნენ მათი საერთო შვილი - ე-–--- ნ-------ე და მათი შვილების ძიძა - მ--------------–---–ი. ნ------- ნ-------ე გარკვეული პერიოდი ეთამაშა ე-–--- ნ-------ეს, რის შემდეგაც მოინდომა ბავშვის წაყვანა, რასთან დაკავშირებითაც მოუვიდათ უთანხმოება და ნ------- ნ-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფას შეესწრო მათი შვილი - ე-–--- ნ-------ე, რომელმაც მოგვიანებით ისიც კი უთხრა: „დედიკო მაპატიე, ვერ მოვახერხე თქვენს შუაში ჩადგომაო“. ასევე, მათი ჩხუბის ხმაზე გვერდით ოთახიდან გამოვიდა ბავშვების ძიძა - მ--------------–---–ი, რომელიც შეეცადა მათ გაშველებას, ხოლო მან დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც ნასამართლევი იყო მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, კვლავ ძალადობდა მასზე.
დაზარალებულმა მ------ ს-----------ემ ასევე აღნიშნა, რომ მას გამომძიებელ ლ-–- ც----------სთან აქვს მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ფარგლებში მასთან რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია როგორც პირადი, ასევე სატელეფონო და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან შერიგებას და მისგან ითხოვს მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობის მიცემას.
მ------ ს-----------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, გარდა თავად დაზარალებულის ჩვენებისა, ადასტურებენ მოწმე მ--------------–---–ი და თ----- გ-----–-–---–ი, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე - მ--------------–---–მა სრულად დაადასტურა დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ იგი იყო მ------ ს-----------ის და ნ------- ნ-------ის შვილების ძიძა. 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, იგი იმყოფებოდა ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე მ------ ს-----------ის საცხოვრებელ ბინაში, მ------ ს-----------ესთან, ნ---- კ-------–---–თან, ა-------------სთან და თ----- გ-----–-–---–თან ერთად, რა დროსაც ბავშვების სანახავად მივიდა მ------ ს-----------ის ყოფილი მეუღლე - ნ------- ნ-------ე, რომელმაც გაიგო, რომ მეგობრები ლუდის დალევას აპირებდნენ. აღნიშნულზე გაღიზიანდა ნ------- ნ-------ე, რომელმაც მ------ ს-----------ე გაიყვანა გვერდით ოთახში და დაუწყო ჩხუბი. მან მკაფიოდ გაიგო აგრეთვე ხელის სახეში გარტყმის ხმაც, რის გამოც ისინი შევიდნენ იმ ოთახში, სადაც ჩხუბი ხდებოდა და ა------------- და თ----- გ-----–-–---–ი ჩადგნენ ცოლ–ქმარს შორის და გააშველეს. მ------ ს-----------ეს სახეზე ჰქონდა სიწითლე და იყო უკიდურესად აღელვებული, ხოლო ნ------- ნ-------ე მალევე წავიდა სახლიდან.
გარდა ამისა, 2019 წლის 5 თებერვალს, იგი იმყოფებოდა ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში მდებარე ბინაში, მ------ ს-----------ესთან და მის მცირეწლოვან ე-–--- ნ-------ესთან ერთად, რა დროსაც დაახლოებით 15:00 საათზე, მათთან სახლში, ბავშვის სანახავად, მივიდა ნ------- ნ-------ე. ამ უკანასკნელს მ------ ს-----------ესთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, რის გამოც თავად გავიდა გვერდით ოთახში, ისე რომ კარები არ დაუკეტავს. შემდეგ გაიგო სახეში ხელის დარტყმის ხმა, რის გამოც მაშინვე გამოვიდა ოთახიდან და ნახა, რომ მ------ს სახეზე ჰქონდა სიწითლე და იყო ძალიან აღელვებული. მ------მა დარეკა 112-ში, რის შემდეგაც ნ------- ნ-------ე მაშინვე წავიდა სახლიდან. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ჩხუბისა და ძალადობის ფაქტს ესწრებოდა მ------ ს-----------ისა და ნ------- ნ-------ის მცირეწლოვანი შვილი - ე-–--- ნ-------ე, რომელიც იყო უკიდურესად შეშინებული და გაფითრებული.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე - თ----- გ-----–-–---–მა დაადასტურა 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში ნ------- ნ-------ის მიერ მ------ ს-----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში სტუმრად იმყოფებოდა მ------ ს-----------ესთან, ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ--------------–---–ი, ნ---- კ-------–---–ი და ა-------------. ამ დროს სახლში მივიდა მ------ ს-----------ის ყოფილი მეუღლე ნ------- ნ-------ე, რომელმაც მოისმინა მათი საუბარი იმის თაობაზე, რომ საღამოს აპირებდნენ ლუდის დალევას. აღნიშნულზე ნ------- ნ-------ემ მ------ ს-----------ე გაიყვანა გვერდით ოთახში და მალევე გაიგო ყოფილ მეუღლეებს შორის ხმამაღალი კონფლიქტისა და სახეში ხელის გარტყმის ხმა, რის გამოც ისინი შევიდნენ ოთახში და დაინახა, რომ ნ------- ნ-------ეს ხელი ჰქონდა მოკიდებული მ------ ს-----------ის მკლავზე, ხოლო მეორე ხელი ყელში ჰქონდა მ------ ს-----------ისთვის წაჭერილი. იგი ჩადგა მათ შუაში და ა------------ესთან ერთად შეძლო მათი გაშველება. მ------ ს-----------ეს სახეზე ჰქონდა სიწითლე და მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, მ------ ს-----------ემ უთხრა, რომ ნ------- ნ-------ემ სახის არეში დაარტყა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-----------–- განყოფილების თანამშრომელი - გ------- ჭ---–------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მ------ ს-----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განმახორციელებელი პირი, მისი ყოფილი მეუღლე ნ------- ნ-------ე, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში – გ----------------------------–-------------ში, მე---------------ში და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-----------–- განყოფილების თანამშრომლები - ო----- კ------–--- და ი-----–- ბ-------ი, რომელთაც განმარტეს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წლის 6 თებერვალს, ამავე განყოფილების გამომძიებელ ლ-–- ც----------ს მონაწილეობით, გ----------------------------–-------------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს მ------ ს-----------ის მიმართ ძალადობის განმახორციელებელი პირი - ნ------- ნ-------ე. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-----------–- განყოფილების გამომძიებელი - ლ-–- ც----------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მ------ ს-----------ის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის – ნ------- ნ-------ის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მან მალევე გამოკითხა მ------ ს-----------ე, რომელიც იყო აღელვებული და სახის არეში ეტყობოდა სიწითლე. გარდა აღნიშნული სიწითლისა, სხვა დაზიანება მ------ ს-----------ეს არ აღენიშნებოდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, იგი სიწითლეს დაზიანებად არ თვლის, შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის ოქმში სიწითლეზე, როგორც დაზიანებაზე არ მიუთითებია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მ------ ს-----------ესთან ჰქონდა მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ურთიერთობა – 2017 წლის 2 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის გამომძიებელიც იყო თავად. ასევე დაზარალებულს განსახილველ საქმესთან დაკავშირებითაც ჰქონდა მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და მასთან რაიმე პირადი სახის ურთიერთობა არ ჰქონია.
2019 წლის 5 თებერვლის ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, მ------ ს-----------ეს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება სიწითლე მარჯვენა ლოყის მიდამოში. მ------ ს-----------ის განმარტებით, აღნიშნული სიწითლე მან მიიღო 2019 წლის 5 თებერვალს, როდესაც მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ------- ნ-------ემ გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა სახის მიდამოში.
შემაკავებელი ორდერის #------ ოქმის თანახმად, 2019 წლის 5 თებერვალს, მ------ ს-----------ეს მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ------- ნ-------ემ ქ.თბილისში, გ-–--------------–----------------------------------------ში, არასრულწლოვანი შვილის – ე-–--- ნ-------ის და ასევე მ--------------–---–ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ნ------- ნ-------ემ 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისსა და 2019 წლის 5 თებერვალს ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის – მ------ ს-----------ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მათ შორის 2019 წლის 5 თებერვალს მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ნ------- ნ-------ის მიმართ ოჯახში ძალადობის ორივე ზემოაღნიშნული ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულ მ------ ს-----------ის თანმიმდევრული და დეტალური ჩვენებით, არამედ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, რაც მოცემული კატეგორიის საქმეთა თავისებურებიდან გამომდინარე იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც ოჯახში ძალადობის ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი. 2019 წლის 5 თებერვალს განხორციელებული ძალადობის ფაქტი კი, გარდა დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმისა, ასევე დადასტურებულია გამომძიებელ ლ-–- ც----------ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ გამოკითხვისას დაზარალებული იყო აღელვებული და სახეზე ეტყობოდა სიწითლე, რაც დადასტურებულია აგრეთვე ვიზუალური დათვალიერების ოქმით. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ სწორედ იმ თარიღებსა და იმ გარემოებებში, როგორც ამას დაზარალებული და თვითმხილველი მოწმეები აღწერენ, კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს თავად ბრალდებული ნ------- ნ-------ე, თუმცა უარყოფს მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას და უთითებს, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არა მისი მხრიდან, არამედ მის მიმართ მ------ ს-----------ის მხრიდან, რასაც სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც ჯერ ერთი, ნეიტრალური პირები - თვითმხილველი მოწმეები უთითებენ უშუალოდ ნ------- ნ-------ეზე, როგორც მოძალადეზე, ხოლო მეორეს მხრივ, მ------ ს-----------ე რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და თავად ყოფილიყო მოძალადე, დიდი ალბათობით თავად არ დარეკავდა პოლიციაში და არ მოახდენდა საკუთარი თავის მხილებას. ამასთან, პირიქით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნ------- ნ-------ეს მსხვერპლად ყოფნის შემთხვევაში თავი შეეკავებინა და არ მოეხდინა რეაგირება მის მიმართ ორგზის განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, ხოლო სხვა მოწმეთა ჩვენებები არის ირიბი ჩვენებები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად არ უნდა გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.“ მოცემულ შემთხვევაში ირიბ ჩვენებად ვერ ჩაითვლება იმ პირთა ჩვენება, რომელთაც უშუალოდ გაიგეს ხელის სახეში გარტყმის ხმა, ხოლო შემდეგ უკვე უშუალოდ შეესწრნენ იმ მდგომარეობას, რაც არსებობდა ცოლ-ქმარს შორის განცალკევებულ ოთახში. პირდაპირი ჩვენება არ არის მხოლოდ ის, რასაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი თვალით დაინახავს, არამედ პირდაპირ ჩვენებად უნდა ჩაითვალოს ისეთი ჩვენება, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ფაქტის დადასტურება ან უარყოფა. 2018 წლის ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით მ--------------–---–მა და თ----- გ-----–-–---–მა განმარტეს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგეს ხელის გარტყმის ხმა, ისინი შევიდნენ იმ ოთახში, სადაც ყოფილ ცოლ-ქმარს შორის იყო კონფლიქტური მდგომარეობა და დაინახეს, რომ ნ------- ნ-------ეს ერთი ხელი მ------ ს-----------ის მკლავზე ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელი ყელში ჰქონდა წაჭერილი, ასევე, მ------ ს-----------ეს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული პირები არიან ძალადობის შემსწრე პირები და აქედან გამომდინარე, არიან პირდაპირი მოწმეები. ამდენად, 2018 წლის ოქტომბრის ფაქტს, გარდა დაზარალებულისა, ჰყავს ორი პირდაპირი მოწმე. რაც შეეხება თარიღს, მართალია ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა თავად ბრალდებულიც უთითებს თავის ჩვენებაში, რომ ეს უნდა ყოფილიყო 10-15 ოქტომბერს და არ უარყოფს, რომ სწორედ ამ პერიოდში მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული ძალადობის 2018 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში განხორციელების ფაქტი დასტურდება აგრეთვე თვითმხილველ მოწმეთა მიერ დასახელებული თარიღებითაც.
რაც შეეხება 2019 წლის 5 თებერვლის ძალადობის ფაქტს, რომელიც განხორციელდა არასრულწლოვანი ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, აღნიშნული ფაქტიც დაზარალებულის ჩვენების გარდა დასტურდება შემსწრე პირის - მ--------------–---–ის ჩვენებით, რომელიც სახეში ხელის გარტყმის ხმაზე გამოვიდა ოთახიდან და უშუალოდ ნახა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტური მდგომარეობა და მ------ ს-----------ის სახეზე სიწითლე, რასთან დაკავშირებითაც მ------ ს-----------ემ უთხრა, რომ ნ------- ნ-------ემ გაარტყა სახეში ხელი. დაზარალებულ მ------ ს-----------ისა და მოწმე მ--------------–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნული ძალადობა განხორციელდა მცირეწლოვან ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, რომელიც მ--------------–---–ის განმარტებით, ესწრებოდა ცოლ-ქმარს შორის ჩხუბს, რის გამოც იყო უკიდურესად შეშინებული და ფერდაკარგული.
რაც შეეხება თავად ბრალდებულის ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ იგი მოტივირებულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით და სასამართლოს არ აწვდის სრულყოფილ და სწორ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის ფაქტებთან მიმართებაში. იგი ადასტურებს მასსა და მ------ ს-----------ეს შორის კონფლიქტის ორივე ფაქტს, თუმცა უარყოფს მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რასაც სასამართლო არ იზიარებს და როგორც 2018 წლის ოქტომბრის, ასევე 2019 წლის 5 თებერვლის ძალადობის ფაქტები დადასტურებულად მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან მ------ ს-----------ის მიმართ ძალადობის ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის და მას წარსულშიც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4-----ის განაჩენი, რომლის თანახმადაც, ნ------- ნ-------ე მსჯავრდებულია სწორედ მ------ ს-----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, რის გამოც სახეზეა დანაშაულების ჩადენა არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. როგორც უკვე აღინიშნა ნ------- ნ-------ე ერთხელ უკვე იყო მსჯავრდებული ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა ვერ იქნა სასჯელის მიზანი შესრულებული, კერძოდ, აღდგენილ იქნა მხოლოდ სამართლიანობა, თუმცა ვერ მოხდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, მანამ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან თავდაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობა, შეცოდება, ნათესავების მხრიდან ზეწოლა, მოძალადიდან მომდინარე შიში და სხვა. ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ და გაბედულად დაფიქსირებას, რის შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე განიცდიან, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის უსაფრთხოებას კი ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხეც, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ცივეკი თურქეთის წინააღმდეგ“ (Civek v. Turkey, განაცხადი №55354/11, 23/02/2016), რომლის მიხედვითაც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს განმცხადებლის ქმარი, თუმცა სასამართლოს ბრძანებით მას დაევალა თავი შეეკავებინა მეუღლის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ან მუქარის შემცველი ქმედებისაგან, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ცივეკი მოკლა მისმა ქმარმა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოძალადე მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები აღნიშნული მკვლელობის თავიდან ასარიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ იცოდა აშკარა და სერიოზული საფრთხის წინაშე ცივეკის ყოფნის შესახებ. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.
ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნ------- ნ-------ის მიერ მ------ ს-----------ის მიმართ ძალადობა განხორციელდა მსხვერპლის სამეგობრო წრის თანდასწრებით, რაც მიუთითებს იმაზე რომ ნ------- ნ-------ემ უხეშად შელახა ყოფილი მეუღლის პიროვნული ღირსება, რამდენადაც მოხდა მისი პიროვნების უკიდურესი დამცირება სამეგობრო წრის თვალწინ, ვერ მოხდა თავშეკავება, თუნდაც მათი იქ ყოფნის გამო და იქ ყოფნის დროს. ამავდროულად, მოძალადე საუბრობს თავისი შვილების ინტერესზე და მისი მხრიდან შვილების მიმართ მზრუნველობაზე, მაშინ როდესაც დედის მიმართ ძალადობა განახორციელა მცირეწლოვანი ე-–--- ნ-------ის თანდასწრებით, მან დედამისს ბოდიშიც კი მოუხადა, იმის გამო, რომ ვერ შეძლო/ვერ მოახერხა მშობლების შუაში ჩადგომა და დედის დახმარება. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც მამა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ახორციელებს დედის მიმართ ძალადობას, შვილების ინტერესებსა და მათ ზრუნვაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. შვილების მზრუნველობასთან დაკავშირებით საყურადღებოა აგრეთვე ბრალდებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ მარტო დარჩენილ მ------ ს-----------ეს მატერიალურად არავინ ეხმარება, მას ბანკიდან სესხი აქვს აღებული, რომლის გადახდაშიც დახმარება სთხოვა მას, თუმცა ბრალდებულმა უარი უთხრა ამ დახმარების გაწევაზე. სასამართლოსთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა „მზრუნველი მამის“ მხრიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, თუკი დედა მატერიალურად შეჭირვებული და გადახდისუუნაროა, ხოლო მამას შეუძლია გარკვეული თანხის გადახდა, სად არის აქ შვილების მზრუნველობის ინტერესი? რატომ მოხდა ამ საკითხის წამოწევა და ხაზგასმა თავად ბრალდებულის მხრიდან და მისი პიროვნების დადებითად წარმოჩენის მცდელობა, როცა სასამართლოს თვალში ეს პირიქით, უარყოფითად წარმოაჩენს მას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის დამოკიდებულებას მსხვერპლის მიმართ და დამნაშავის მხრიდან მომავალში ანალოგიური საქმიანობის გაგრძელების რისკებს, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ ნ------- ნ-------ემ ანალოგიური დანაშაულისათვის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეში გააგრძელა ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი მიდრეკილია ოჯახში ძალადობის ჩადენისაკენ და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი მაღალია, მით უფრო, სასამართლო სხდომაზე ყოფილ ცოლ-ქმარს შორის გამოვლინდა ისეთი ურთიერთობა, რაც მიუთითებს ორივე ძალადობის მცირე საბაბით ჩადენაზე. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ბრალდებული არავითარ სინანულს არ გამოთქვამს ჩადენილი ქმედებების გამო.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს ძალადობის ხასიათს, მის ინტენსივობას, ხოლო მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული მიდრეკილია ოჯახში ძალადობისაკენ და მის მიმართ ერთხელ უკვე დანიშნულმა სასჯელმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები არ იძლევა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გარდა სხვა სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის დამოკიდებულებას როგორც მსხვერპლის, ისე ჩადენილი დანაშაულების მიმართ და მომავალში მისი გაგრძელების მაღალ რისკს. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ------- ნ-------ეს ერთ შემთხვევაში უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი, ხოლო მეორე შემთხვევაში სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი. ამასთან, მართალია სახეზეა დანაშაულის რეციდივი, თუმცა ძალადობის ხასიათის გათვალისწინებით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის და არა ნაწილობრივი ან სრული შეკრების წესი. საბოლოოდ დანიშნული სასჯელი კი სასამართლოს აზრით ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------- ნ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. ნ------- ნ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------- ნ-------ეს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ნ------- ნ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი