გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3-----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.10.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე -ლ-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მ-----------------ე
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მესამე პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
წარმომადგენელი - მ-----------------ე
დავის საგანი: გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2019 წლის 24 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ლ-------–---–მა და მოითხოვა: აღიარებული იქნეს ლ-------–---–ის მიერ 1996 სასწავლო წელს გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლაში (ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 29 ივლისს სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1985 წელს ჩაირიცხა ს---------–-- N3 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. მოსარჩელემ დაკარგა ატესტატი, რის გამოც მიმდინარე წლის 06 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 17 მაისის N0--------/გ გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ-------–---–ს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელწმიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისს #113/ნ ბრძანებით დამტკიცებული #1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შეასაბამისად, ვერ მოხდა ლ-------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს აღიარებული იქნეს მის მიერ 1996 სასწავლო წელს გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლაში (ამჟამად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა წარმოპდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 13 მაისს სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლაში იძებნება შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნიდან ამონაწერი ლ-------–---–ის ატესტატის გაცემის შესახებ;
ბ) ამონაწერი ბრძანებების წიგნიდან ლ-------–---–ის მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე დაშვების შესახებ;
გ) მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნიდან ამონაწერი (ლ-------–---–ის მიერ 11 კლასის დამთავრების თაობაზე);
დ) ამონაწერს საშუალო განათლების ატესტატების ბლანკების აღრიცხვისა და ჩაწერის წიგნიდან.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. სასამართლო პროცესსის მიმდინარეობისას დაეთანხმა მოპასუხე სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის პოზიციას.
3.2. მესამე პირმა - სსიპ განათლებისა და მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 06 მაისს თბილისის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე ლ-------–---–მა და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
ლ-------–---–ის განცხადებით, მან 1996 წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის სოფელ ს------–--–-ს N3 საშუალო სკოლის სრული კურსი.
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის 113/ნ ბრძანებით დამტკიცებული 1 დანართის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან და სკოლიდან გამოითხოვა მოსარჩელის კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ: ექსტერნატის გამოცდის წარმატებით დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რესურსცენტრის 2019 წლის 13 მაისის N5----- წერილის თანახმად, ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება ლ-------–---–ის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ ინფორმაცია, ასევე ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი და მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნი. წერილის თანახმად ლ-------–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებდოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში გადაცემულა ცენტრალურ დაცვაზე, ხოლო ცნობაში ოქმის რეკვიზიტები მითითებულია ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალიდან.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქმეში არსებული 1996 წლის 16 მაისის N160 ბრძანებით დგინდება, რომ ლ-------–---–ი დაშვებულ იქნა მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1996 წლის 16 მაისის N160 ბრძანება (ს.ფ. 66).
4.2. სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 2019 წლის 06 მაისის №MES 7 19 0------- ცნობით დგინდება, რომ სკოლაში არსებული მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნისა და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერებით მოსარჩელე ლ-------–---–მა 1996 წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლის (ამჟამინდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლა) 11 კლასი და მასზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი სერია აგ--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 2019 წლის 06 მაისის №MES 7 19 0------- ცნობა (ს.ფ. 21)
4.3. ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალში 1996 წლის 27 ივნისს გატარებულია საშუალო განათლების ატესტატი N1-----, რომელიც სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 2019 წლის 06 მაისის №MES 7 19 0------- ცნობის თანახმად გაცემულია ლ-------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი (ს.ფ. 67-69)
4.4. საქმეში წარმოდგენილი მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნში მესამე ნომრად მითითებულია მოსარჩელე ლ-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნი (ს.ფ 71)
4.5. მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელე ლ-------–---–ის კლასელებმა მ----------ემ და გ---------------–-–---–მა დაადასტურეს მოსარჩელე ლ-------–---–ის მიერ 1996 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლის დამთავრების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ახსნა განმარტება (იხ.2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი)
4.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 17 მაისის N01/------/გ გადაწყვეტილებით ლ-------–---–ს უარი უთხრა ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა 2019 წლის 27 მაისის N1----- ადმინისტრაციული საჩივრით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილებით, ლ-------–---–ს 2019 წლის 27 მაისის N1----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 17 მაისის N01/------/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-17)
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 26 ივნისის N01/1-----/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 18-20).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ლ-------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს მოსარჩელის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლის ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 1996 წლის 16 მაისის N160 ბრძანებით დგინდება, რომ ლ-------–---–ი დაშვებულ იქნა მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე.
სასამართლო მიუთითებს, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 2019 წლის 06 მაისის №MES 7 19 0------- ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სკოლაში არსებული მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნისა და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერებით მოსარჩელე ლ-------–---–მა 1996 წელს დაასრულა გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლის (ამჟამინდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლა) 11 კლასი და მასზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი სერია აგ--------.
საქმეში მოიპოვება ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც 1996 წლის 27 ივნისს გატარებულია საშუალო განათლების ატესტატი N1-----, რომელიც სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 2019 წლის 06 მაისის №MES 7 19 0------- ცნობის თანახმად გაცემულია ლ-------–---–ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნში მესამე ნომრად მითითებულია მოსარჩელე ლ-------–---–ი.
სასამართლო მიუთითებს მოწმის სახით დაკითხულ მოსარჩელე ლ-------–---–ის კლასელების ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც დადასტურდა მოსარჩელე ლ-------–---–ის მიერ 1996 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლის დამთავრების ფაქტი.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი’’. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განთლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე.
7.3. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლ-------–---–ის (პ/ნ 1----------) მიერ გარდაბნის რაიონის სოფელ ს---------–-- N3 საშუალო სკოლის (ამჟამინდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის) 1996 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ლ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ლ-------–---–ის მიერ სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ს---------–-- N3 საჯარო სკოლის 1996 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. მოსარჩელე ლ-------–---–ს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს, სს „-----------–---------“-ს მეშვეობით, საგადასახადო დავალება N8--------2-ით, 2019 წლის 24 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია სახაზინო 300063150, ბანკის კოდზე TRESGE22, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილევის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე რუსთავი, ბოსტან-ქალაქის N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ონიანი