გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № (3/47-2018)010310018002282581
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.10. 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ნათია დიასამიძე
მოპასუხე - შპს ,,ამსო“
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:
1.1. 2018 წლის 31 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტმა მოპასუხე შპს ,,ამსოს“ მიმართ და ითხოვა: შპს ,,ამსოს“ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1. დაცვის მომსახურების დავალიანების - 228.38 ლარის გადახდა; 2. სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება;
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ამსოსა“ (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2014 წლის 18 ივნისს გაფორმდა #357 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო „დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მდებარე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა N3“. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 55 ლარი დ.ღ.გ-ს ჩათვლით. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დარღვევისათვის მომსახურების საფასურის - 228.38 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,ამსო“ რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2019 წლის 11 ივლისის განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ და 2019 წლის 07 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს ,,ამსოსა“ (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2014 წლის 18 ივნისს გაფორმდა #357 ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ,მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2014 წლის 18 ივნისის N357 ხელშეკრულება;
3.2. ხელშეკრულების მიხედვით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო „დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მდებარე ქ. ბათუმი, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა N3“.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2014 წლის 18 ივნისის N357 ხელშეკრულება;
3.3. ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 55 ლარი დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- 2014 წლის 18 ივნისის N357 ხელშეკრულება;
3.4. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების თანხა: 2017 წლის ივლისის თვის - 8.38 ლარი, 2017 წლის აგვისტოს თვის - 55 ლარი, 2017 წლის სექტემბრის თვის - 55 ლარი, 2017 წლის ოქტომბრის თვის - 55 ლარი, 2017 წლის ნოემბრის თვის - 55 ლარი; ჯამში - 228.38 ლარი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა დავალიანების თაობაზე;
- თანხის ბრუნვის ბარათები;
სამოტივაციო ნაწილი;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების თანახმად „შემსრულებელს“ უნდა უზრუნველყო „დამკვეთის“ ობიექტის დაცვა, ობიექტზე დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა შესრულებული ჯეროვნად. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 55 ლარი, რაც მან ჯეროვნად არ შეასრულა და გადაუხდელმა თანხამ შედგინა ჯამურად 228.38 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12-ე მე-13-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2.შპს ,,ამსოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 228.38 (ორას ოცდარვა ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა;
3.შპს ,,ამსოს“ დაეკისროს მოსარჩელის შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე