გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2001-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.09.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი - გ-------------
მოსარჩელე - სს ,,--------------
წარმომადგენელი - თ---------------–---
მოპასუხე - შ-------------–---–-
წარმომადგენელი - რ---------------–--–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).
1.1. შ-------------–---–ზე სს ,,ბ--------კი’’-ს სასარგებლოდ 19, 548.93 ლარის გადასახდელად დაკისრება.
მათ შორის: 2016 წლის 19 მაისის №0216-04-22/00/11/CNSM/132440/003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19 548.93 ლარის, საიდანაც ძირითადი დავალინებაა - 14,525.65 ლარი, პროცენტი - 856.23 ლარი, ჯარიმა - 4167.05 ლარი;
1.2. მოპასუხე შ-------------–---–ზე, სს ,,ბ--------კი’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი: სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 19 მაისს სს ,,ბაზისბაკი’’-ს და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხის 18.000.00 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით 19.05.2016-დან - 19.05.2019-მდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 0.5% მინიმუმ 15 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 832 ლარი. მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული სესხის გადახდის გრაფიკი და 2016 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ დავალიანების დაფარვა დღემდე არ მომხდარა.
ასევე 2016 წლის 16 ივნისს სს ,,ბაზიბანკს’’ და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება საკრედიტო ,,მეგობარათის’’ შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებლის საბარათე ანგარიშზე დაშვებულ იქნა საკრედიტო ლიმიტი 500 ლარის ოდენობით 02 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 10%-ის დარიცხვით. საკრედიტო ლიმიტი სრულად იქნა ათვისებული 2016 წლის 07 ივნისს და მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის ყოველ კალენდარულ თვეს შეეტანა ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის 5% და კრედიტზე დარიცხული სარგებელი. მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 11 ნოემბრის შემდგომ დავალინების დაფარვა ნებაყოფლობით აღარ მომხდარა. სახელშეკრულებო ვალდებულებათა სისტემატურად დარღვევის გამო სს ,,ბ--------კი’’ იძულებული გახდა გაეუქმებინა საკრედიტო ლიმიტი 2017 წლის 02 თებერვალს და მოეთხოვა დავალინების ერთჯერადად და დაუყონებლივ დაფარვა. შესაბამისად საბარათე ანგარიშზე არსებული დებეტური ნაშთი (დავალინება) 540.16 აკუმულირდა სასესხო ანგარიშზე წლიური 32%-ის დარიცხვით. სწორედ ამიტომ სარჩელში მითითებული დავალინების ძირითადი თანხა აღემატება მოპასუხის მიერ ფაქტობრივად გახარჯული საკრედიტო ლიმიტის მოცულობას.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, შ-------------–---–-ს მიერ არსებული დავალინების დაფარვა დღემდე არ მომხდარა. 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,ბ--------კი’’-ს მიმართ შეადგენს 20 162.06 ლარს (მათ შორის 1. 2016 წლის 19 მაისის №0216-04-22/00/11/CNSM/132440/003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19 548.93 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალინებაა - 14525.65 ლარი, პროცენტი - 856.23 ლარი, ჯარიმა - 4167.05 ლარი;
2. 2016 წლის 06 ივნისის №104245558 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 613.13 ლარის მოთხოვნაზე, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 540.16 ლარი, პროცენტი - 72.97 ლარი, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალიანების ნაწილი დაფარული აქვს. სარჩელში მითითებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და 0,5% უნდა შემცირდეს 0.001%-მდე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსამზადებელ სხდომაზე 2016 წლის 06 ივნისის №104245558 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 613.13 ლარის (საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 540.16 ლარი, პროცენტი - 72.97 ლარი) მოთხოვნაზე უარი თქვა მოსარჩელემ.
მტკიცებულება: სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 19 მაისს სს ,,ბაზისბაკს’’ და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხის 18.000.00 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით 19.05.2016-დან - 19.05.2019-მდე, პირგასამტეხლო ვადა გადაცილებისათვის დავალიანების 0.5% მინიმუმ 15 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 832 ლარი. მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული სესხის გადახდის გრაფიკი.
მტკიცებულება: 2016 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება №104407; (ტ.1.იხ.ს.ფ.15-17); სესხის გრაფიკი (ტ.1. იხ.ს.ფ.18)
3.2.2. 2017 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება, 2016 წლის 19 მაისის №0216-04-22/00/11/CNSM/132440/003 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19 548.93 ლარის დავალიანება, საიდანაც ძირი თანხაა - 14,525.65 ლარი, პროცენტი - 856.23 ლარი, ჯარიმა - 4167.05 ლარი;
მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ (ტ.1.იხ.ს.ფ.29).
3.2.3. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.4. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ შ-------------–---–ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.5. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა, 2016 წლის 19 მაისის, სს ,,ბაზისბაკი’’-ს და მოპასუხე შ-------------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხის 18.000.00 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით 19.05.2016-დან-19.05.2019-მდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 0.5% მინიმუმ 15 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 832 ლარი. მოპასუხის მიერ არაერთხელ იქნა დარღვეული სესხის გადახდის გრაფიკი.
დადგენილია, რომ სესხზე ძირი თანხის დავალიანება შეადგენს 14,525.65 ლარს, რომელიც მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებას იმის შესახებ, რომ შ-------------–---–ს გადახდილი აქვს სესხის ნაწილი, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.
6. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი.
მოთხოვნა სესხის პროცენტის (სარგებელი) ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
6.7.განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი (სარგებელი). სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 19 მაისის, საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხის 18.000.00 ლარის ოდენობით, ითვალისწინებს წლიურ საპროცენტო სარგებელს - 9.99%-ის დარიცხვით, ვადით 19.05.2016-დან - 19.05.2019-მდე. ამდენად, ვინაიდან ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ამ ნაწილში წარმოდგენილი არ არის კვალიფიციური შედავება, მოპასუხის პრეტენზია იმის შესახებ, რომ არ უნდა დაეკისროს სესხისათვის პროცენტი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
ამდენად, სარჩელი სესხზე დარიცხული პროცენტის (სარგებელი) 856.23 ლარის მოთხოვნის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. მოტივაცია სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ჯარიმა - 4167.05 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 856.23 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 856.23 ლარამდე.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 604 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 14,525.65 +856.23 +856.23 =16.238.11 ლარი, რომლის 3% 487.14 ლარი მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
პირგასამტეხლო შემცირდა 3310.82 ლარით, რომლის 3%, 99.32 ლარი, სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
7.2. სსს კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე, 2016 წლის 06 ივნისის №104245558 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 613.13 ლარის მოთხოვნაზე სრულად თქვა უარი.
მოხმობილი სამართლის ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს 613.13 ლარის მოთხოვნაზე გადახდილი სახ. ბაჟი 18.40 ლარი, რომელიც ნაწილობრივად ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახადო დავალება N565. თარიღი 06.07.2017. გადამხდელის ბანკი სს ,,ბ--------კი“.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,ბ--------კის” სარჩელი.
2. მოპასუხე შ-------------–---–ს სს ,,ბ--------კი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14,525.65 ლარის; სესხის პროცენტის (სარგებლის) 856.23 ლარის და ჯარიმის 856.23 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შ-------------–---–ს სს ,,ბ--------კი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 487.14 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი 18.40 ლარი, რომელიც ნაწილობრივად ამოირიცხოს ანგარიშიდან 300183150. საგადახადო დავალება N565. თარიღი 06.07.2017. გადამხდელის ბანკი სს ,,ბ--------კი“.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 99.32 ლარი, ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--------------