გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №180310019003006982 (3/144-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო დობაზიშვილი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მა------------ა
მოპასუხე - შპს ,,--------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე შპს ,,---------სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების - 146,58 ლარის გადახდის დაკისრება.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა. შესაბამისად, მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,---------ს შორის 2--- წლის 24 ოქტომბერს განუსაზღველი ვადით გაფორმდა N3--- ხელშეკრულება, რომლითაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა იკისრა ვალდებულება დაეცვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------–- მდებარე შპს ,,---------ს მარკეტი, რის სანაცვლოდ შპს-ს უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება თვეში 90 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 10);
-27.10.2--- წლის და 30.10.2--- წლის ბრძანებები (ს.ფ. 16-17);
-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 10.10.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.2. მოსარჩელემ პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა საპასუხოდ მოპასუხემ არ გადაიხადა დაცვის 2018 წლის ივნისის მომსახურების საფასური - 88,52 ლარი და 2018 წლის ივლისის საფასური - 58,06 ლარი, რის გამოც 2018 წლის 19 ივლისიდან მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი;
-ხელშეკრულება (ს.ფ. 10);
-ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები (ს.ფ. 14-15);
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 18);
-პატაკი (ს.ფ. 21);
-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 10.10.2019 წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას შპს-ს მარკეტი, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს მომსახურების ღირებულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით თუ - მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე დაცვა, ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება (იხ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის განჩინება Nბს-901-867(გ-08)).
6.2.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. კერძოდ, მოსარჩელე, როგორც ,,დაცვამ’’ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ,,დამკვეთის’’ ანუ შპს-ს მარკეტის (ობიექტის) დაცვა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------–-, რაც მოსარჩელის მხრდან შესრულებულია, ხოლო ,,დამკვეთმა’’ ანუ მოპასუხემ დაცვის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით, გადაეხადა მომსახურების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით თვეში 90 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რადგან მან სრულად არ გადაიახადა მომსახურების ღირებულება, სახელდობრ, 2018 წლის ივნისის მომსახურების საფასური - 88,52 ლარი და 2018 წლის ივლისის საფასური - 58,06 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 146,58 ლარს.
6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
იმავე კოდექსის მიხედვით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834- 2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, იგი წარმოშობილია 24.10.2--- წლის N3--- ადმინისტრაციული ხელშეკრულების დარღვევით, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მომსახურების ღირებულების დავალიანების - 146,58 ლარის გადახდა.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.მოპასუხე შპს ,,---------ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 146,58 ლარის გადახდა;
3.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა