გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
010210117002186022
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002186022

2-4633/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23/07/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ჯ------- ს---------ე

წარმომადგენელი: რ-------------------------------------------

მოპასუხე: ა------ ს---------ე

მოპასუხე - ბ----– ქ-----

წარმომადგენელი - დ----------------ე

მესამე პირი - ა--------------------------------–-----------ო

წარმომადგენელი - გ-----------ე

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ჯ------- ს---------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს დაყადაღებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო განცხადებას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ჯ------- ს---------ე ცხოვრობს დაბა ჩ---–-------------–---------------ში. 2017 წლის 16 ივნისს მის ოჯახში გამოცხადდა ა--------------------------------–-----------ოს აღმასრულებელი, რომელმაც აღწერა ოჯახში განთავსებული მოძრავი ნივთები და აღწერის შემდეგ ყადაღა დაადო შემდეგ ნივთებს:

- 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორი, ღირებული 700 ლარად;

- 1 ცალი შავი ფერის ნაჭრის ოთხეული, ღირებული 800 ლარად;

- მინის ზედაპირის მქონე მაგიდა სკამით, ღირებული 500 ლარად;

- 1 ცალი ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა, ღირებული 600 ლარად;

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღმასრულებელმა ნივთები დააყადაღა იმის გამო, რომ ჯ------- ს---------ის შვილს, ა------ ს---------ეს ბ----– ქ-----ს ვალი აქვს. აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ დასახელებული ნივთები ა------ ს---------ის კუთვნილებაა და გადაწყვიტა მათი რეალიზაციით ა------ ს---------ისაგან ამოიღოს გარკვეული თანხა და გადასცეს ბ----– ქ-----ს. სინამდვილეში, დასახელებული ქონება ეკუთვნის ჯ------- ს---------ეს. დაუშვებელია მისი ქონებით დაფარულ იქნას მესამე პირის ვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთები უსაფუძვლოდაა დაყადაღებული და მოითხოვს ამ ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. ბ----– ქ----- სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ ა------ ს---------ე ცხოვრობს დ--------ში მ---------–--ის ქუჩა №---ში, ოჯახის წევრებთან ერთად. ამ მისამართზე განთავსებული ნივთები მისი საკუთრებაა. ა------ ს---------ეს ბ----– ქ-----ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა, მაგრამ ის ცდილობს თავი აარიდოს ნებაყოფლობით თანხის გადახდას, რის გამოც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ქონება ჯ------- ს---------ის საკუთრებაა. აღნიშნულის გამო არ არსებობს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების საფუძველი.

 

2.2. ა------ ს---------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჯ------- ს---------ის მისამართია დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. ა------ ს---------ე, ჯ------- ს---------ის შვილია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილია სააღსრულებო ფურცელი და განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა------ ს---------ეს ბ----– ქ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 1555.50 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი. ს.ფ. 59

 

3.1.5. უდაო ფაქტია, რომ ა------ ს---------ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით აღსრულებული არ აქვს. სწორედ აღნიშნულის გამო, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი. ს.ფ. 59

 

3.1.6 ა------ ს---------ეს 2016 წლის მდგომარეობით საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება 2999 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა დაბა ჩ---–-------------–---------------ის მიმდებარედ. დასახელებული ქონება გატანილ იქნა აუქციონზე და ბ----– ქ-----ს სასარგებლოდ გაყიდულ იქნა 2000 ლარად. მიღებული თანხა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩაერიცხა ბ----– ქ-----ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი ს.ფ. 27

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.7 ა------ ს---------ის საკუთრებად 2016 წელში ირიცხებოდა სხვა ქონებაც, კერძოდ, დაბა ჩ---–-------------–---------------ში მდებარე 2740 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დასახელებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაზე მას შეედავა მისი მამა ჯ------- ს---------ე. საბოლოო ჯამში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ა------ ს---------ის უფლების დამდგენი გადაწყვეტილება გაუქმდა და მას შემდეგ ა------ ს---------ე ამ ქონების მესაკუთრე არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი. ს.ფ. 19.

- 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება. ს.ფ. 20-26.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.ს.ფ. 27.

 

3.1.8 აღმასრულებელმა მიიჩნია რომ ა------ ს---------ე ცხოვრობს ქ------–---ში დაბა ჩ---–-------------–---------------ში. ასევე ჩათვალა, რომ ამ მისამართზე განთავსებული მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც 2016 წლის 22 იანვარს მივიდა დაბა ჩ---–-------------–---------------ში და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღწერა და დააყადაღა შემდეგი ნივთები:

- 1 ცალი შავი ფერის ტელევიზორი, ღირებული 700 ლარად;

- 1 ცალი შავი ფერის ნაჭრის ოთხეული, ღირებული 800 ლარად;

- მინის ზედაპირის მქონე მაგიდა სკამით, ღირებული 500 ლარად;

- 1 ცალი ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა, ღირებული 600 ლარად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოვალის აღწერისა და დაყადაღების აქტი.ს.ფ. 29

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ერთერთი მთავარი სადავო ფაქტობრივი გარემოებაა დაყადაღებული ნივთების კუთვნილების საკითხი. ასევე სადაოა ა------ ს---------ის მისამართი. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ა------ ს---------ე არ ცხოვრობს ჯ------- ს---------ის ოჯახში. ასევე ამტკიცებს, რომ დაყდაღებული ქონება - შავი ფერის ტელევიზორი, შავი ფერის ნაჭრის ოთხეული, მინის ზედაპირის მქონე მაგიდა სკამით და 1 ცალი ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა, მისი საკუთრებაა. მოსარჩელის განმარტებას არ ეთანხმება ბ----– ქ-----ს წარმომადგენელი.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გარდა ამისა სხვა სადაო საკითხები დამოკიდებულია ფაქტების შეფასებაზე და იგი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას.

 

3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

3.2.4. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ყადაღა დადებული ქონება მისი საკუთრებაა. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში ნივთების კუთვნილებაზე), ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მხოლოდ მას შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ამ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს მტკიცებულება და ამტკიცოს, რომ ნივთები მოსარჩელეთა კუთვნილება არაა. ამიტომ სარჩელის საფუძვლიანობა დამოკიდებულია მოსარჩელის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენაზე. თუ მხარე დაამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება არაა ა------ ს---------ის საკუთრება და ისინი მისი საკუთრებაა, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლიანი იქნება.

 

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.7. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავი ქონებისაგან განსხვავებით, მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე. დავის არ არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე. როცა ეს ფაქტი გახდება სადაო, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრეს დასჭირდება ამ ნივთებისადმი მისი საკუთრების უფლების დამტკიცება. მოძრავი ნივთების მიმართ საკუთების უფლებაზე პრეზუმპცია მოქმედებს მანამ, სანამ საკუთრების უფლება არ გახდება სადაო. სადაოდ გახდომის შემდეგ კი მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. მოძრავი ნივთის საკუთრება შეიძლება დადგინდეს შეძენის დოკუმენტით (ნასყიდობის ხელშეკრულება, გაცვლის ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება და ა.შ.), ასევე საგარანტიო ტალონით, შეძენის სამახსოვრო ბარათით, ქვითარით, მოწმეთა ჩვენებით ან სხვა მტკიცებულებით.

 

3.2.8. დასახელებულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ა------ ს---------ის კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი.

3.2.9. სარჩელში აღნიშნულია, რომ ა------ ს---------ე არ ცხოვრობს დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №---ში. მიუხედავად ამისა მან სარჩელში მოპასუხის მისამართად მიუთითა დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №--. თუ ა------ ს---------ე არ ცხოვრობს დასახელებულ მისამართზე, მაშინ მის მისამართად მოსარჩელეს არ უნდა მიეთითებინა დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №--. ამ გზით მოსარჩელემ გაზარდა სასამართლოს ეჭვი მასზედ, რომ ის არარის ობიექტური.

იხ. სასარჩელო განცხადება.

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ ა------ ს---------ე ცხოვრობს არა დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №---ში, არამედ სადმე სხვა მისამართზე. მას ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ ის მისი ოჯახის წევრი არ არის და მასთან ერთად არ ცხოვრობს. ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი ვარაუდია იმისა, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ. ეს ასე, რომ არ იყოს, მაშინ მოსარჩელე საწინააღმდეგო მტკიცებულებას წარმოადგენდა და ამ გზით საქმეში უფრო მეტ სიცხადეს შეიტანდა.

3.2.11. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მას, რომ დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონება ზურაბ ს---------ის საკუთრება.

 

3.2.12. ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ ნივთების შეძენის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თუ, რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით იყოს დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელეს საკუთრების უფლების დადგენისათვის მითითებული აქვს მოწმეთა ჩვენებაზე. მოწმეთა განმარტებით სურს დაამტკიცოს, რომ ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ჯ------- ს---------ის საკუთრებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მოწმეების განმარტება ზოგადია. მათი ჩვენების გაზიარებისათვის თუნდაც მინიმალურ დონეზე უნდა არსებობდეს რაღაც მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ ნივთების შეძენას. მითუმეტეს მოწმეთა ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც გაამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს და რომლითაც უპირობოდ დადგინდებოდა ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არარის საკმარისი დასაბუთებული შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად. მოწმეთა ჩვენების მიმართ არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომლის გაქარწყლებისათვის მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებებიც. მოსარჩელეს სხვა მტკიცებულება არ აქვს, შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ ყადაღადადებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.

იხ. მოწმეთა ჩვენება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია ა------ ს---------ის საკუთრებად და დააყადაღა მისი ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელის საკუთრებას კანონი იცავს. მისი ქონების რეალიზაციით სხვისი ვალის დაფარვა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. მსგავსი ქმედება დაარღვევს მესაკუთრის უფლებებს. ქონების დაყადაღება მისი უფლების დარღვევის რისკს წარმოშობს. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს ნივთებზე საკუთრების უფლება. თუ დადგინდება, რომ მისი ქონებით უსაფუძვლოდ ხორციელდება სხვისი ვალდებულების შესრულება, სასამართლომ უნდა შექმნას მისი საკუთრების უფლებების დაცვის გარანტია.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელეები ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ა------ ს---------ეს ბ----– ქ-----ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 8000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად. აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი წარედგინა სააღსრულებო ბიუროს, რითაც ა------ ს---------ის მიმართ დაიწყო იძულებით აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. ა------ ს---------ემ გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ა------ ს---------ე ცხოვრობს დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №---ში. მიიჩნია, რომ მის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები ა------ ს---------ის საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ა------ ს---------ე ნებაყოფლობით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.

 

6.6. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელეს ამ ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ის საკუთრების უფლებას ამტკიცებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით. მართალია მოწმეებმა განმარტეს, რომ ნივთების შეძენილია ზურაბ ს---------ის მიერ, მაგრამ მათი ჩვენება ზოგადია და არაა დამაჯერებელი. მათ არ უნახიათ სად და როდის შეიძინა ჯ------- ს---------ემ ნივთები. მათ მიერ დასახელებული ინფორმაცია შეიძლება არ იყოს სარწმუნო, ამიტომ მსგავსი ჩვენებები მოკლებულია დამაჯერებლობას.მოწმეთა მსგავსი ჩვენება არაა საკმარისი იმისათვის, რომ დადგენილად ჩაითვალოს, რომ ქონება, რომელიც განლაგებულია დ--------ი, მ---------–--ის ქუჩა №---ში, აუცილებლად ჯ------- ს---------ის საკუთრებაა და არაა ა------ ს---------ის საკუთრება. შესაბამისად მტკიცებულებათა არ არასებობის გამო სასამართლო მოსარჩელის არგუმენტებს დაყადაღებული ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით არ იზარებს, რის გამოც სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 79,5 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. ის ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა 2017 წლის 16 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების: - შავი ფერის ტელევიზორის, შავი ფერის ნაჭრის ოთხეულის, მინის ზედაპირის მქონე მაგიდა სკამის და 1 ცალი ვერცხლისფერი სარეცხი მანქანის, რეალიზაცია. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ჯ------- ს---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებულია 2017 წლის 16 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების რეალიზაცია (შავი ფერის ტელევიზორი, შავი ფერის ნაჭრის ოთხეული, მინის ზედაპირის მქონე მაგიდა სკამით და 1 ცალი ვერცხლისფერი სარეცხი მანქანა) გაუქმდეს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე