განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
820100119002858647
დავის ტიპი
19 - 108 , 19 - 108
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002858647 (№1-56/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.10.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - და------------–---–ი

 

ბრალდებული - კო------–--ე

ადვოკატი - ჯე---–-------ე, პა---------–----ე, ნუ--------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173030119004 საქმე

 

ბრალდებული: კო------–--ე

მამის სახელი: სე-----

დაბადებული: 1--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ხელვაჩაური

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი----–--------ი

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, აკ----–----ის ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, კო------–--ემ უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით ზვ-----------------ეს მუცლის ღრუში მიაყენა ერთი შემავალი ჭრილობა, ხოლო ორი ჭრილობა მიაყენა ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად ზვ-----------------ე გადაურჩა სიკვდილს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, აკ----–----ის ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, კო------–--ემ დანის გამოყენებით ზვ-----------------ეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, მუცლის ღრუში ერთი შემავალი ჭრილობის და ორი ბარძაყის გვერდითა ზედაპირზე მიყენებული ჭრილობის სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

3. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ზვ-----------------ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 03 იანვარს, საღამოს საათებში, ას-------------–--ეს მობილური ტელეფონზე 577058945 დაურეკა კო------–--ემ მობილური ტელეფონის ნომრიდან 514555524 და მოსთხოვა შვილის ან------ია კილაძის მასთან წაყვანა, რამაც გამოიწვია მათ შორის კონფლიქტი და კო------–--ემ დაუთქვა შეხვედრა ხელვაჩაურში ა. შანიძის ქუჩის კვეთაში. დათქმულ ადგილზე მიიყვანა მეგობარმა მა----------–-----ემ ავტომანქანით, რის შემდეგაც ის მარტოდ გადავიდა ავტომანქანიდან და შეხვდა კო------–--ეს. მათ შორის იყო კამათი ბავშვის ნახვაზე და საუბრის შემდგომ მანქანისაკენ რომ წამოვიდა, წაიქცა. მანქანასთან რომ მივიდა, იგრძნო სისველე. მიხვდა რომ იყო დაჭრილი და მა----------–-----ემ ავტომანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. რაც შეეხება მის მიერ გამომძიებელზე მიცემულ ჩვენებას, სადაც ის აღწერს, რომ ფრ. ხალვაშისა და ა. შანიძის ქუჩების კვეთაში დახვდა კო------–--ე, რომელიც იყო მარტოდ და მათ შორის დაწყებული მსუბუქი შეხლა-შემოხლა გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში, რა დროსაც მოულოდნელად კო------–--ემ სწრაფად რამოდენიმეჯერ მოუქნია მარჯვენა ხელი და მარჯვენა მხრიდან დანა დაარტყა მარჯვენა ფეხისა და მუხლის არეში, უარყო და განმარტა, რომ იმ დროისათვის იყო შეუძლოდ და არ ახსოვს რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა----------–-----ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 03 იანვარს, მობილურზე დაურეკა ზვ-----------------ემ და დაპატიჟა ვახშამზე. ნახევარ საათში მივიდა ზვ----ისთან, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის და ტა----ს ქუჩების კვეთაში. ის იმყოფებოდა ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით X--------. ეზოში დახვდა ზვ-----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ სანამ მასთან ავიდოდნენ ხელვაჩაურში აეყვანა, რადგანაც მისი ცოლის ყოფილმა ქმარმა კო------–--ემ დარეკა მობილურზე, იკამათეს ბავშვის გაშვებაზე და რომ კ---- ელოდებოდა შარაბიძეების გადასახვევთან. ზვ-----------------ე ჩაჯდა ავტომანქანაში და ორივე წავიდა ხელვაჩაურის მიმართულებით. ზვ-----------------ეს ეტყობოდა ნერვიულობა. შარაბიძეების გადასახვევთან აკ----–----ის ქუჩა №19-ის მიმდებარედ ზვ----ი მარტო ჩავიდა ავტომანქანიდან და 2 წუთში დაბრუნდა დაჭრილ მდგომარეობაში, რის შემდეგაც ავტომანქანა პრიუსით გადაიყვანა უახლოეს საავადმყოფოში მედინაში. ის აიყვანეს სააოპერაციო განყოფილებაში, ხოლო რამოდენიმე წუთში მედინაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც აუხსნა და განუმარტა ყოველივე და გამოკითხვის მიზნით გაყვა პოლიციაში. მას არ უნახავს ვინ და როგორ დაჭრა ზვ-----------------ე, გამოძიებაში ჩვენების მიცემის დროს იყო აღელვებული და რა ჩვენება მისცა არ ახსოვს, ასევე ეჩქარებოდა 2019 წლის 23 იანვარს ჩვენების მიცემისას და წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი დაკითხვის ოქმს.

 

5. სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმის - ას-------------–--ის ჩვენებით, ცხოვრობს დროებით ნაქირავებ ბინაში ქ. ბათუმში, ტა----ს ქ. N27 ბინა N1 ში, მეუღლესთან ზვ-----------------ესთან და შვილებთან - 7 წლის ან------იასთან და 12 წლის დ---სთან ერთად,. დ--- ხშირად რჩება მამასთან კო------–--ესთან, რომელიც ცხოვრობს დაბა ხელვაჩაურში, დედასთან ერთან. 2005 წლის 7 დეკემბერს ოფიციალურად, ცოლად გაყვა კო------–--ეს, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა 2 შვილი დ--- და ან------ია. 2014 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით ოფიციალურად, ოჯახურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტთან დაკავშირებით გაცილდა კო------–--ეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე შვილი მიაკუთვნეს მას და კ----ს დააკისრეს ალიმენტის გადახდა, რომელსაც წესიერად არ იხდიდა, შეიძლება წელიწადში ერთხელ ბავშვებისთვის გადაეხადა მცირედი ფულადი თანხა, მაგრამ ის არ შედიოდა კონფლიქტში მასთან. კ----ს არ უშლიდა შვილების ნახვას და ხშირად სახლშიც ატანდა, დ--- უფრო ხშირად მამასთან რჩებოდა. 2018 წლის 09 ოქტომბერს, მშობლებისა და ახლობლების თანხმობით, მეორედ შექმნა ოჯახი ქ. ბათუმი, ფრ. ხალვაში გამზირზე მცხოვრებ ზვ-----------------ესთან, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს მის შვილებთან და ახლობლებთან. 2019 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათიდან ის, მისი მეუღლე ზვ------------------ე, შვილი ან------ია და ნათლია ნინო ხელიძე, იყვნენ სახლში და ელოდებოდნენ სტუმრებს, რა დროსაც დარეკა კო------–--ემ და უთხრა, რომ სურდა ან------იას წაყვანა სახლში, ან------იამ უარი განაცხადა მამასთან წასვლაზე და ტირილით გაიქცა მეორე ოთახში, კ----ს უთხრა, რომ არ სურდა ან------იას წამოსვლა და შემდეგ გაუშვებდა, რაზედაც კ---- გაბრაზდა და ხმამაღალი სიტყვებით უსაყვედურა, რომ მას არ სურდა ან------ია მასთან რო წასულიყო. კამათის ტონზე გაუთიშა ტელეფონი. რამოდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დარეკა კ----მ, რა დროსაც უპასუხა ზვ----იმ, როდესაც ისინი საუბრობდნენ ტელეფონი იყო ჩართული ხმამაღალ რეჟიმზე და ესმოდა საუბარი, რა დროსაც კ----მ უთხრა ზვ----ის, რომ უნდოდა მისი ნახვა. კ----მ უთხრა, რომ იყო ხელვაჩაურში და ზვ----ი მისულიყო მასთან. ამის შემდეგ ზვ----ი წავიდა კ----სთან შესახვედრად. წასვლიდან, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათების შუალედში, დაურეკეს მობილურზე და უთხრეს, რომ ზვ-----------------ე მედინაში წევს და მისულიყო. მედინაში მისულს დახვდა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმა უთხრეს, რომ ზვ----ი დანით დაჭრა მისმა ყოფილმა მეუღლემ კო------–--ემ და რომ იწვა რეანიმაციაში. არსებულ ფაქტს აკავშირებს კ----ს მიერ ბავშვის, ან------იას წაყვანას.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ავ--------–----–--ის ჩვენების თანახმად 2019 წლის 03 იანვარს, 21:00 სთ-ზე მასთან სახლში მივიდა ბიძაშვილი კო------–--ე და აჩუქა დანა, რომელიც სახლში შეინახა და შემდგომ ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციელებს.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–-----–--ემ დაადასტურა 2019 წლის 04 იანვარს, ღამის საათებში პოლიციის თანამშრომლების მიერ დანის ამოღების ფაქტი, რომელიც შვილის, ავ--------–----–--ის გადმოცემით მას აჩუქა კო------–--ემ.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ომ--------------ემ დაადასტურა, რომ - 2019 წლის 03 იანვარს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრ მედინაში მიყვანილი იქნა ზვ-----------------ე, რომელსაც აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, ორი ბარძაყის მარჯვენა გვერდის ზედაპირზე, ხოლო ერთი ჭრილობა მუცლის ღრუში შემავალი და მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

 

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 3 იანვარს დათვალიერდა ქ. ბათუმში აკ----–----ის ქუჩა N19-ის მიმდებარე ადგილები, სადაც აღმოჩენილი იქნა წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

10. 2019 წლის 04 იანვრის დაკავების ოქმის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა კო------–--ე.

 

11. 2019 წლის 04 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად კო------–--ემ ნებაყოფლობით მიუთითა თუ სად მოხდა ზემოაღნიშნული ინციდენტი, როგორ დაჭრა დანით ზვ-----------------ე, სად გადასცა დანა მის ბიძაშვილს ავ--------–----–--ეს და შემდგომ რა მარშუტით გადაადგილდა სარფში.

 

12. 2019 წლის 04 იანვარს ამოღების ოქმის თანახმად ავ--------–----–--ისგან ამოღებულ იქნა საკეცი დანა ფიქსატორით.

 

13. 2019 წლის 04 იანვარს ავტომანქანის დათვალიერებისას გამოძიების მიერ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქები.

 

14. 2019 წლის 04 იანვარს გამოძიების მიერ კო------–--ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

 

15. 2019 წლის 03 იანვარს გამოძიების მიერ მედდა სო----------–--ისგან ამოღებულ იქნა ზვ-----------------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც აღენიშნებოდა დაზიანებები და სისხლის მაგვარი ლაქები.

 

16. 2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ ზვ-----------------ისგან ამოღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

17. ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრ მედინადან ამოღებული იქნა ზვ-----------------ის სამედიცინო ისტორიის ასლები.

 

18. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №000946019 დასკვნის თანახმად, ზვ-----------------ეს აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანების გარეშე და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ჭრილობები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღუ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

20. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №001119119 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 06 იანვარს პირადი შემოწმების მონაცემების თანახმად კო------–--ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების არ აღენიშნებოდა.

 

21. ექსპერტმა ლე----------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

21. 2019 წლის 14 იანვარს გამოძიების მიერ ზვ-----------------ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.

 

22. 2019 წლის 19 თებერვალს გამოძიების მიერ კო------–--ისგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.

 

23. სასამართლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №003884219 დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ტოიოტადან (სახ. №X------), ავ--------–----–--ისგან ამოღებული დანის პირზე და დანის ტარზე, კო------–--ის ტანსაცმელზე, მედდა სო----------–--ისგან ამოღებულ ზვ-----------------ის ტანსაცმელზე არსებული სისხლისფერი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზვ-----------------ეს;

 

24. ექსპერტმა ნა----------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი.

 

25. კო------–--ის მიერ ზვ-----------------ისთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და შემდგომ განვითარებული მოვლენები დადასტურებულია ასევე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების (და-------------–--ის, ზა---------–----ის, თ----------–---–-----ის, კ---- ფა-------ის, ბა----------–--ს, რუ---------------–--ის) ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოცხრილით), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ფოტოცხრილით).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ქმედების კვალიფიკაცია ზვ-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე

 

26. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილი მოითხოვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

28. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოსთვის დადგენილი ფაქტია, რომ კო------–--ემ დაჭრა ზვ-----------------ე, მაგრამ ძირითადი სხვაობა კო------–--ის ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე ან 117-ე მუხლის პირველ ნაწილად დაკვალიფიცირების ნაწილში მდგომარეობს მხოლოდ ბრალდებულის განზრახვის და განხორციელებული მოქმედებების შეფასებაზე.

 

29. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის ან კონკრეტული საფრთხის დადგომა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. სსკ-ის 117-ე მუხლს მკვლელობის მცდელობისაგან განზრახვის მიმართულება განასხვავებს, რომლის დასადგენად მნიშვნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე, თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხასიათი და არაერთგზისობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე №322აპ-15 )

 

30. სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება კო------–--ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი მკვლელობის განზრახვის ნაწილში სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას, კერძოდ კო------–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა დუმილის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფს ზვ-----------------ის დაჭრას. სასამართლო სხდომაზე ასევე უარყო დაზარალებულმაც, რაც არა დამაჯერებელია, რადგან საქმეზე მოპოვებული სხვა, ზემო დასახელებული მტკიცებულებებით კო------–--ის მიერ ზვ-----------------ეზე დანით ჭრილობების მიყენების ფაქტი დადგენილია, მაგრამ უცნობი დარჩა ეს დაზიანება კო------–--ემ ზვ-----------------ის მკვლელობის თუ ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით მიაყენა, ხოლო თუ მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, რამ შეუშალა ხელი მიეყენებინა სხვა დაზიანებ(ები)ა დაზარალებულისთვის და ეცადა მისი მოკვლა. სასამართლო მიიჩნევს, რომ კო------–--ემ მჩხვლეტავ მჭრელი საგანი ზვ-----------------ის მოუქნია არაკონკრეტიზებული განზრახვით, წელს ქვემოთ, რათა მისთვის მიეყენებინა დაზიანება და არა მოეკლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულისთვის ხელი არაფერს შეუშლია დანა დაერტყა გულმკერდის არეში დაზარალებულისათვის და განზრახვის სისრულეში მოყვანამდე არ გაქცეულიყო. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით დაზარალებულისათვის დაზიანება მიყენებულია მუცლის გვერდით კედელზე, წელის არესთან, ჭრილობის სიღრმე არ არის დადგენილი, არცერთი ორგანო არ არის დაზიანებული. ექსპერტის განმარტებით სიმძიმის ხარისხი მხოლოდ იმით განისაზღვრა, რომ დარღვეულია მუცლის ღრუს კანის მთლიანობა. სხვა მხრივ, სიცოცხლისთვის საშიში ორგანები არ არის დაზიანებული.

 

31. ანალოგიურ ვითარებაში პირის მხრიდან განხორციელებული მოქმედებით, მიყენებული ნებისმიერი შემავალი ჭრილობა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირდეს, მიუთითებს მასზედ, რომ საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

32. ძირითადი სხვაობა კო------–--ის ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 ან 117-ე მუხლის პირველ ნაწილად დაკვალიფიცირების ნაწილში მდგომარეობს მხოლოდ ბრალდებულის განზრახვის და განხორციელებული მოქმედებების შეფასებაზე.

 

33. განსახილველ შემთხვევაში როგორც სასამართლომ არაერთხელ განმარტა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კო------–--ის განზრახვა ზვ-----------------ის მკვლელობის თაობაზე.

 

34. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ აშკარა და დამაჯერებელი შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ კო------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

35. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა კო------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაული.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ კო------–--ისადმი წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლიდან უნდა შეიცვალოს მის სასარგებლოდ, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დაცვის მხარის პოზიციის არ გაზიარება კო------–--ის უდანაშაულობის შესახებ.

 

36. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კო------–--ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია ბრალდებულის მხრიდან ზვ-----------------ისათვის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

გამამართლებელი განაჩენის მისაღებად დასახელებული დაცვის მხარის არგუმენტი, დაზარალებულ ზვ-----------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომ მისთვის დანა ბრალდებულ კო------–--ეს არ დაურტყმია, არადამაჯერებელია და ვერ იქნება გაზიარებული. ზვ-----------------ე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში ერთი მხრივ განმარტავს, რომ კო------–--ესთან კამათის შემდგომ უკან დაბრუნებული წაიქცა და მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები, თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში, მეორეს მხრივ აჩვენებს, რომ საავადმყოფოში იყო უგონოდ და როგორი ჩვენება მისცა გამომძიებელს აღარ ახსოვს. გამოძიებაში მიცემულ პირველ ჩვენებაში დამაჯერებლადაა აღწერილი მისი კო------–--ის მიერ დანით დაჭრის ფაქტი, შემდგომ კი აღარ თანამშრომლობს გამოძიებასთან და საბოლოოდ უარს აცხადებს დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე ხელის მოწერაზეც, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მასზე გარკვეული ზემოქმედებით ან სხვა მოტივით.

 

სასამართლო არ იზიარებს მოწმე მა----------–-----ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, რომ ზვ-----------------ესა და კო------–--ეს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერს ინციდენტზე, რაც გამოიხატა როგორც კო------–--ის, ასევე ზვ-----------------ის მხრიდან ერთმანეთზე ხელის მიკვრაში და ხელის დარტყმაში სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შემდეგაც მოხდა კო------–--ის მხრიდან ზვ-----------------ის ჯანმრთელობის დანით დაზიანება.

 

აღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებით პროკურორმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ დასახელებული პირების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემაზე.

 

დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა დასახელებული სარწმუნო არგუმენტი, როგორ აღმოჩნდა კო------–--ის ტანსაცმელზე და დანაზე ზვ-----------------ის სისხლი, არ იქნა წარმოდგენილი კო------–--ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტით აღწერილი გარემოებების უარმყოფელი საპირისპირო მტკიცებულება.

 

დასკვნის სახით სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულ კო------–--ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

37. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

38. კო------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

39. კო------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

41. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

42. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

43. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კო------–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კო------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.კო------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2.კო------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

3.სჯავრდებულ კო------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 04 იანვრიდან.

 

4.კო------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

-კო------–--ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ზვ-----------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

-საკეცი დანა - განადგურდეს;

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ავტომანქანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, ავ--------–----–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, ზვ-----------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, კო------–--ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;

-ნინო ნაჭყებიასგან ამოღებული ავადმყოფობის ისტორია - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

-შპს ,,მაგთიკომიდან,“ სს ,,სილქნეტიდან“, შპს ,,ვიონი საქართველოდან“ - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე