განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
170100119003201232
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/65-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

8 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ-----------–------------------- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------------, პირადი ნომერი - 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------–---------------------------------------.

 

ადვოკატი - მ---------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და იმავე კოდექსის 111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; (2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 2-------------------–------------- საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი--------–- მდებარე კ--------------–-----–---- კუთვნილ ფერმაში, გ------------------- მუშტის ქვედა ყბის მარჯვენა მხარეს ერთჯერადი დარტყმისა და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გზით ფსიქოლოგიურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ს----------–------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2. 2019 წლის 2-------------------–------------- საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ი--------–- მდებარე კ--------------–-----–---- კუთვნილ ფერმაში, გ-----------------, ძალადობის შესახებ პოლიციაში შესაძლო განცხადების გამო დანის დემონსტრირებით და სიტყვით „მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს----------–-------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა სიცოხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ გ-----------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ბრალდებულმა გ------------------ თავი ცნო სრულად წარდგენილ ბრალდებებში და დაადასტურა ორივე ეპიზოდში განხორციელებული ქმედებები, იგივე აღნიშნა, დაზარალებულმა ს----------–-------, რაც ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც. მოწმე რ----–------------- დაადასტურა 2------------------–------------- საათზე ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ გინებისა და ლანძღვის, ასევე ხელის დარტყმისა და მოკვლის მუქარის ფაქტები. ის გარემოება, რომ დაზარალებულს დაზიანებები არ აღენიშნებოდა არ გამორიცხავს ზოგადად ძალადობის ფაქტს, ვინაიდან დაზიანებების არსებობა ძალადობის აუცილებელი შედეგი არ არის. აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------------ს მიერ იმ ქმედებების განხორციელებას, რომელთა ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტებში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

 

6. სასამართლოს შეფასებით, დასტურდება გ-----------------ს მიერ ს----------–--------- ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (აღსანიშნავია, რომ მუქარას წინ უძღვოდა დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობა, რამაც, სასამართლოს შეფასებით, შექმნა რეალური გარემო დაზარალებულისათვის, ჰქონოდა ბრალდებულის მიერ მუქარის განხორციელების რეალურობის საკმარისი საფუძველი).

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------------ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ს----------–------- მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-----------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა მათი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გ-----------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ ორივე ეპიზოდში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. გ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და გულწრფელად ინანიებს მის ჩადენას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან. გ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ქმედებების განხორციელებისას იყო მთვრალი. აგრეთვე, სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

11. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის, რაც მრავალჯერად დარტყმაში გამოიხატა, რაც განხორციელდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ასევე სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, სიცოცხლის მოსპობის მუქარას დანის გამოყენებით, სასამართლო გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, ჯარიმის, გამასწორებელი სამუშაოსა და შინაპატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან ამ სასჯელების გავლენა გ------------------- სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახით ორივე ეპიზოდში გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

13. სსკ-ის 1261 მუხლთან მიმართებით გ-----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, რომ იგი ნასამართლევი არ არის, არც ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მასთან, ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას და სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების გათვალისწინებით, ამ ქმედებების აღსრულების ხერხისა და სახის მხედველობაში მიღებით, მის მიმართ სასჯელის ზომად გამოყენებულ უნდა იქნეს 1 წელი, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ სანქციის მაქსიმუმი 1 წელია, ხოლო სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, გ----------------- ამ მუხლით უნდა განესაზღვროს სანქციის მაქსიმუმი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - გ------------------ აღიარა ჩადენილი დანაშაულები, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა გამართლებულ იქნეს მისი თავისუფლებაში ყოფნა: გ------------------ გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ჰყავს მარტოხელა ხანდაზმული მამა, ასევე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

15. ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო გ----------------- ნასამართლობის არმქონეა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. ამასთან, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ([...] გამოსაცდელი ვადა [...] უნდა იყოს [...] დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა, რაც არ ვრცელდება შთანთქმის შემთხვევაში და გამოიყენება ძირითადი რეგულაცია) სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა სრულებით საკმარისია გ-----------------ს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რომ იმ დღეს ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას და დანით მუქარას. ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიანიშნებს, რომ გ-----------------ს გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსგავსი კურსის გავლა, რის გამოც მას უნდა დაევალოს გაიაროს იგი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

2. გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, გ----------------- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

 

4. გ-----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

5. გ----------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 3 აგვისტოდან 2019 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ----------------- დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

8. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი