გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
340210019002801864
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210019002801864

საქმე #2/10-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17.10.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი

მოსარჩელე - გი--------------–---–ი

წარმომადგენელი - ნო-----------–---–ი

მოპასუხე - ნი----------–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - თა---------------ე

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გი--------------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი, 2013 წლის 25 მაისს დაბადებული ალე-----------------–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში ყოველ პარასკევს 17:00 საათიდან კვირა დღის 19:00 საათამდე, შემდგომ დედასთან ნი----------–---–თან დაბრუნების პირობით.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მხარეებმა 2012 წელს იქორწინეს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ალე-----------------–---–ი, დაბადებული 2013 წლის 25 მაისს. თავიდან მეუღლეებს შორის ნორმალური ურთიერთობა იყო, თუმცა შემდგომ ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ, 2018 წელს განქორწინდნენ. მოპასუხე მოსარჩელეს ბავშვის ნახვის საშუალებას არ აძლევს. ვინაიდან მოსარჩელე მუშაობს და სხვა დღეებში ბავშვთან ურთიერთობა არ შეუძლია, ამიტომ ითხოვს ყოველი კვირის პარასკევს საღამოდან კვირა დღის საღამომდე ბავშვის თავისთან წაყვანის უფლება მიეცეს.

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ უკრძალავს ბავშვს მამასთან ურთიერთობას და როცა ბავშვი მამასთან წასვლას ითხოვს იგი ამის საშუალებას აძლევს. მოპასუხემ განმარტა, რომ იგი მუშაობს გვიანობამდე და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სამსახურში იმყოფება. თუ მოსარჩელე ყოველი კვირის არასამუშაო დღეებში წაიყვანს ბავშვს, მაშინ ბავშვთან ურთიერთობას თავად ვეღარ შეძლებს, რადგან გვიანობამდე მუშაობს და მასაც მხოლოდ დასვენების დღეებში აქვს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახში ბავშვისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დედა მუშაობს, მასაც უნდა ჰქონდეს არასამუშაო დღეებში ბავშვთან ურთიერთობის საშუალება

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გი--------------–---–ი და ნი----------–---–ი 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2013 წლის 25 მაისს შეეძინათ შვილი ალე-----------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-16);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17).

3.1.2. მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ალე-----------------–---–ი ცხოვრობს დედასთან ნი----------–---–თან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 17.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

3.1.3. მოპასუხე მუშაობს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 17.10.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

3.1.6. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ 04.02.2019 წელს მომზადებული დასკვნის მიხედვით გი--------------–---–ის ოჯახში არის დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები, კეთილსაიმედო გარემო, თვითონ გი--------------–---–ი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას იზრუნოს შვილზე და დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით. ოჯახის წევრებიც გამოხატავენ სითბოს და სიყვარულს ბავშვის მიმართ და მზად არიან იზრუნონ მასზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.02.2019 წლის დასკვნა №498 (ს.ფ. 27-27).

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ საერთო შვილი ალე-----------------–---–ი, რომელიც მეუღლეების დაცილების შემდგომ დედასთან ცხოვრობს. საქმის განხილვის დროს მოპასუხემ განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი, რომ მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს თავის არასრულწლოვან შვილთან, იგი ხელს არ უშლის მამა-შვილის ურთიერთობას. როდესაც ბავშვი მამასთან წასვლას ითხოვს, იგი ამის საშუალებას აძლევს. მისივე განმარტებით ბოლო კვირას პარასკევიდან ორშაბათამდე ბავშვი მამასთან იმყოფებოდა და ისედაც, კვირის სხვა დღეებშიც აქვთ მამა-შვილს ურთიერთობა. ამ განმარტების საწინააღმდეგო განმარტებას მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ფაქტობრივად, მხარეთა განმარტების მიხედვით, კვირის სამუშაო დღეების განმავლობაში ბავშვი მამასთან ყოფნას ახერხებს და ამ მხრივ რაიმე შეუთანხმებლობა მხარეთა შორის არ არსებობს. სადავო საკითხი მხოლოდ არასამუშაო დღეებში ბავშვთან ურთიერთობას შეეხება. სწორედ ამ საკითხის მოწესრიგებას ითხოვს მოსარჩელე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ იგი წინააღმდეგია მოსარჩელეს ბავშვის ყოველი კვირის პარასკევიდან კვირა დღის საღამომდე წაყვანის უფლების მიცემის, რადგან ბავშვთან ურთიერთობის საშუალება თავადაც მხოლოდ არასამუშაო დღეებში აქვს. მისი განმარტებით, იგი მუშაობს ქალაქ თელავში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსად და ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით გვიანობამდე უწევს სამსახურში ყოფნა. სახლში ყოველდღე გვიან ბრუნდება და ბავშვთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალება მხოლოდ არასამუშაო დღეებში აქვს. თუ მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება, მაშინ თავად ვერ შეძლებს ბავშვთან დღის საათებში ურთიერთობას.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო დავის გადაწყვეტის მიზნით ხელმძღვანელობს არამარტო სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო სამართლის იმ ნორმებით, რომლებიც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია და ბავშვის უფლებების დაცვაზე და მათი ინტერესების უპირატეს გათვალისწინებაზე მიუთითებს. კერძოდ, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით დადგენილია ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

ამ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამავე კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, “მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დაცულია მშობლის უფლება ურთიერთობა ჰქონდეს თავის შვილთან თუ ეს თითონ ბავშვის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ამავდროულად, მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომლის მიხედვით, მამასთან დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებია. მამა და მისი ოჯახი გამოთქვამს ბავშვზე ზრუნვის მზადყოფნას. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის განმარტებაზე, რომლის მიხედვით იგი ბავშვს მამასთან ურთიერთობაში ხელს არ უშლის და ყოველთვის აძლევს მამასთან ყოფნის საშუალებას. მოპასუხე მხოლოდ იმაზე უთითებს, რომ მოსარჩელისთვის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ისე, რომ თავად მოპასუხის უფლება დაირღვეს. მოპასუხეს უნდა ჰქონდეს თანაბარ პირობებში ბავშვთან ყოფნის საშუალება.

სასამართლოს განმარტავს, რომ ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღზრდის მიზნით საჭიროა ორივე მშობელს მასთან ურთიერთობის და ზრუნვის თანაბარი შესაძლებლობა გააჩნდეს. თანაბარი ურთიერთობისთვის კი საჭიროა მშობლებთან ყოფნის დრო შეძლებისდაგვარად თანაბრად გადანაწილდეს. ამაზე უპირველესად მშობლები უნდა ზრუნავდნენ, რადგან მათი დაცილება უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. მითუმეტეს უარყოფითად აისახება მშობლებს შორის კონფლიქტი, განსაკუთრებით კი ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე.

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. აგრეთვე ითვალისწინებს იმ უმთავრეს პირობას, რომლის მიხედვით მშობლებს შვილთან თანაბარი პირობები უნდა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის არგუმენტი, რომ რადგან მუშაობს მას დღის განმავლობაში შვილთან მხოლოდ არასამუშაო დღეებში ყოფნის საშუალება აქვს, წარმოადგენს წონად არგუმენტს და მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს. სასამართლოს მიაჩნია, რომ კვირის მონაცვლეობით ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭებით ორივე მხარის ინტერესი თანაბრად იქნება დაცული და რაც მთავარია დაცული იქნება თავად ბავშვის ინტერესი, რადგან, მხოლოდ ამ პირობებში ექნება მას მშობლებთან ურთიერთობის თანაბარი შესაძლებლობა.

ამდენად, გი--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე უნდა მიეცეს არასრულწლოვანი შვილის ყოველი მეორე კვირას წაყვანის უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ ბავშვი სკოლაში დადის და ამიტომ, ბავშვის დაბრუნება დედასთან კვირა დღეს 18:00 საათამდე უნდა მოხდეს, რათა დედას მიეცეს ბავშვის სასკოლოდ მომზადების საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა მიეცეს არასრულწლოვანი ალე-----------------–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში ყოველი მეორე კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე წაყვანის უფლება, შემდგომ დედასთან ნი----------–---–თან დაბრუნების პირობით.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე თავისუფალი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეუნქტით, ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან მხარეები, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გი--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოსარჩელე გი--------------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი, 2013 წლის 25 მაისს დაბადებული ალე-----------------–---–ი (პ.ნ. 0----------) თავის საცხოვრებელ სახლში ყოველი მეორე კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე, შემდგომ დედასთან ნი----------–---–თან დაბრუნების პირობით.

3. მოსარჩელე გი--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება №19048907; გადახდის თარიღი 09.01.2019 წელი; ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკი; გადამხდელი - გი--------------–---–ი).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე