განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1199-19
(#0----------2)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-----------–----ს, ნ-----------–--ის, ა-–---------–-–---–ის, რ------------იძის, ვ---------------–---–ის, ნ--–--------–ის,ბრალდებულების _ ბ-------------------ს, ე-––-----–----ს, ე-----------–----ს,ადვოკატების _ გ---------–--–--–---–-ს, ა---–-------ს, ნ----------–------ის, რ----------–---–-ს,თარჯიმნების _ ნ-----------–---–-ს, ე-–-------------ს, ფ-------------------ს, ვ-----–--------------ს, ჰ------–-------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ბ-----------------------------ს (დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–--------–------–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით;
ბრალდებულ ე-––-------------------–----ს (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–--------–------–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
ბრალდებულ ე------------------------–----ს (დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------–--------–------–--ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 09 იანვარს, მ--------–--------------------–--------–------–--ში, ბ------------------მა უკანონოდ შეიძინა „მ---------ს“ სისტემის ნომერ „P-----” ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რაც მიიტანა თავის საცხოვრებელ სახლში და შეინახა. 2019 წლის 10 იანვარს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი სამ ვაზნასთან ერთად.
ე-––-----–---მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მ---------ს“ სისტემის ნომერ „P-----” ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით, რასაც უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 09 იანვარს, ე-––-----–----ს თხოვნით, მითითებული ცეცხლსასროლი იარაღი წამოიღო ბ------------------მა და შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, რაც 2019 წლის 10 იანვარს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
2019 წლის 07 იანვარს, თბილისში ო.ლ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-----------–---- და ე-––-----–----, დაუდგენელ პირთან ერთად, იარაღითა და დანით შეიარაღებულები თავს დაესხნენ ირანის მოქალაქე ა----------------ს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ა----------------ს გამოკითხვის ოქმებით, დაახლოებით ერთი წელია მუშაობს ფიტნეს ინსტრუქტორად პ------------------ში მდებარე სპორტულ დარბაზ „P------”-ში. 2019 წლის 07 იანვარს, საღამოს დაახლოებით 23:30 საათზე, ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც მოულოდნელად ეზოში შევიდა შავი ავტომანქანა, რომელსაც ჰქონდა ტაქსის ტრაფარეტი, საიდანაც სწრაფად გადმოვიდა ორი პიროვნება და გაემართნენ მისკენ. ვინაიდან ქუჩა იყო განათებული, იცნო ერთ-ერთი პიროვნება, სახელად ს---–------, ხოლო მეორე მამაკაცის ვინაობა მისთვის უცნობია, ასევე დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებოდნენ მისი მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, მივიდა ს---–------ და მოსთხოვა მანქანაში ჩაჯდომა მასთან მყოფი პირების გაცნობის მიზნით. უარის თქმის შემდეგ, შეეცადნენ მის ძალით ჩასმას მანქანაში, რაზეც უწევდა წინააღმდეგობას. ავტომანქანის საჭესთან იჯდა პიროვნება, რომელიც არ გადმოსულა მანქანიდან. ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა პიროვნება, რომელიც ასევე არ გადმოსულა ავტომანქანიდან, თუმცა მანქანაში ჩასმის დროს ექაჩებოდა შიგნიდან. მას ხელში ეკავა დანა. მისივე განმარტებით, ოთხი პიროვნებიდან, რომლებიც იყვნენ მანქანასთან, ერთი იყო ს---–------, რომელიც იდგა შედარებით პასიურად და უყურებდა, ისე რომ მას ხელში არაფერი ეჭირა, ხოლო დანარჩენი სამი პიროვნებიდან ორს ხელში ეკავა პისტოლეტი, ერთს კი დანა. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ მის მანქანაში ჩასმას, რის გამოც ურტყამდნენ გამეტებით სხეულზე და თავის არეში. აღნიშნული დროის განმავლობაში იგრძნო თავში რამოდენიმეჯერ იარაღის ტარის ჩარტყმა. ამასთან, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შეძლეს მისი მანქანაში ჩასმა, ვინაიდან უწევდა აქტიურ წინააღმდეგობას და შეძლო გაქცევა, რა დროსაც იგრძნო მარჯვენა ფეხის ბარძაყში ტყვიისმაგვარი საგნის მოხვედრა, რის შემდეგაც წაიქცა და დაუზიანდა მარცხენა მუხლი. ძირს დაგდებულს თავდამსხმელები აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ზურგის არეში ურტყამდნენ ფეხებს, თუმცა მაინც შეძლო ფეხზე ადგომა და გაქცევა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა დატოვეს ტერიტორია. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, თავდამსხმელებიდან ერთი იყო 40 წელს გადაცილებული, მუქი ტანსაცმლით, მაღალი, საშუალო აღნაგობის, შავი წინ ჩამოვარცხნილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით და საშუალო ზომის ცხვირით. მას ჰქონდა მუქი თვალები, ასევე საშუალო ზომის წვერი. ის გასცემდა ბრძანებებს და ხელში ეჭირა პისტოლეტი. მეორე თავდამსხმელი იყო დაბალი ტანის, მსუქანი აღნაგობის და სრული პირი-სახის, რომელსაც ჰქონდა წვერი, მუქი თმა, საშუალო ზომის ცხვირი და ტუჩები. აღნიშნულ პიროვნებას ხელში ეკავა დანა, ხოლო მესამე პიროვნება იყო ასევე დაბალი ტანის, ცოტა სრული აღნაგობის, დაახლოებით 165 სანტიმეტრი სიმაღლის, მუქი თმით, მუქი თვალებით და საშუალო ზომის ტუჩებით, რომელსაც წვერი ჰქონდა გაპარსული და ხელში ეკავა პისტოლეტი. ყველა თავდამსხმელს ეცვა მუქი ტანსაცმელი. იმ დროს, როდესაც თავდამსხმელები ცდილობდნენ მის მანქანაში ძალით ჩასმას, იგრძნო შარვლის უკანა ჯიბიდან ფულადი თანხის ამოცლის მომენტი, რაც შეადგენდა 1000 აშშ დოლარს, ასევე ჩხუბის დროს მოძვრა სამაჯური, რომელიც შეძენილი ჰქონდა 320 აშშ დოლარად.
მოწმე ნ----------------–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 07 იანვარს, ღამის საათებში, იმყოფებოდა თბილისში, ლ----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გარედან შემოესმა ხმაური. თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მალევე გაიგო რამდენიმე მამაკაცის ყვირილის ხმა, რის შემდეგაც გაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ სამი მამაკაცი ეჩხუბებოდა ერთ მამაკაცს და ცდილობდნენ მის მანქანაში ძალით ჩასმას. მამაკაცს, რომლის ჩასმასაც ცდილობდნენ მანქანაში, თავში ჩაარტყეს რაღაც საგანი, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ გაარჩია. მოწმის განმარტებით, ჩხუბის ფაქტი დააფიქსირა მობილური ტელეფონის საშუალებით, რაც შემდგომ წარუდგინა გამომძიებელს.
მოწმე ზ---------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 07 იანვრის ღამეს, შემოესმა ხმაური, რასაც თავდაპირველად არ მიაქცია ყურადღება, რადგან იყო ახალი წლის პერიოდი და იფიქრა, რომ იყო ასაფეთქებლის ხმა, თუმცა მას შემდეგ, რაც შემოესმა გასროლის და ყვირილის ხმა, გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ სამი ადამიანი ეჩხუბებოდა ერთ მამაკაცს და ცდილობდნენ მის მანქანაში ჩასმას. მოწმის განმარტებით, მან ასევე დაინახა თუ როგორ აიღო სამი მამაკაციდან ერთ-ერთმა ძირს დაგდებული იარაღი, რაც თავში ჩაარტყა მარტო მყოფ მამაკაცს, ხოლო დანარჩენი ორი ცდილობდა მის მანქანაში ძალით ჩასმას. მამაკაცმა, რომელსაც ურტყამდნენ იარაღს, მოახერხა გაქცევა, თუმცა მას დაედევნა მეორე მამაკაცი, რომელსაც დაუძახა მასთან მყოფმა პირმა უცხო ენაზე. საბოლოოდ, სამივე ჩაჯდა მანქანაში, რომელსაც ჰქონდა ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი და დატოვეს შემთხვევის ადგილი.
მოწმე კ------------–-ს ჩვენებით, 2019 წლის 07 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე. გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი მხარე და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა მასრა. რამდენიმე დღის შემდგომ განყოფილებაში გამოცხადდა მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ დაყაჩაღებული იყო იმ ადგილას, საიდანაც მოხდა მასრის ამოღება. მანვე დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები და ჩაატარა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დაყაჩაღებაში.
ბრალდებულმა ე-------- ა-–----- თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დაზარალებული ა---------------- არასდროს უნახავს და მის დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია. ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს ე-––-----–---თან, თუმცა მას ა----------------ს შესახებ მასთან არასდროს უსაუბრია და რაიმე სახის ურთიერთობაზე არაფერი უთქვამს. 2019 წლის 07 იანვარს, ე-––-----–---თან ერთად იმყოფებოდა სამსახურში ქ.რ------ვში, რ--------------ში. სამუშაოს დასრულების შემდგომ, ე-––-----–----ს ავტომანქანით წავიდა თბილისში, რა დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ ე-––-----–---- და ე-–----. მივიდნენ ს----------–ოს ქუჩაზე, სადაც მათ შეუერთდა მისთვის უცნობი პიროვნება. გზად ე-––-----–---მა სთხოვა მობილური ტელეფონი, თუმცა მას არ უთქვამს ვის უკავშირდებოდა მისი ტელეფონიდან, ასევე უცნობია ვისთან გაუშვა ზარი ე-––--მა, რადგან არავის გადმოურეკავს უკან. ე-––-----–----ს და ე-–----ს მანქანასთან დაბრუნების დროს, მისთვის უცხო პიროვნება უკვე წასული იყო სახლში, რის შემდეგაც თავადაც დაბრუნდნენ სოფელში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ო.ლ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მასრისმაგვარი საგანი.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 09 იანვარს, ქ.რ------ვში, ც----------–-ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩხრეკილ იქნა „ჰ----------------ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: H--------. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა ავტომანქანის სალონის ოთხივე სავარძლის წინა რეზინის საფენებიდან ამოიღეს სუნის კვლები, მანქანის უკანა სავარძლებიდან - მიკრონაწილაკები ოთხ წებოვან ფირზე, მანქანის შიდა და გარე სახელურებიდან - ანაწმენდები 16 ბიოლოგიურ ჩხირზე, მძღოლის სავარძლის უკანა მხრიდან - ანაწმენდები ოთხ ბიოლოგიურ ჩხირზე, ხოლო უკანა სავარძლის მარცხენა ნაწილებიდან - ანაწმენდები ოთხ ბიოლოგიურ ჩხირზე. მანქანა დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით, მაგრამ ხელის კვლები ვერ იქნა ამოღებული მათი არარსებობის გამო.
ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ე.წ. ბლოკით ნაშენები ბოსლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკა, რა დროსაც დამხმარე ნაგებობის შესასვლელიდან პირდაპირ და ბოლოში დალაგებული ტანსაცმლის და ხალიჩების გროვიდან ამოღებულ იქნა პისტოლეტი მჭიდით და მჭიდში არსებული სამი ვაზნით.
სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 10 იანვარს გაჩხრეკილ იქნა მ--------–--------------------–--------–------–--ში მდებარე ე-––-----–----ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ჩხრეკის დაწყებამდე ხ--------ს ა-–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელმაც სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში შესასვლელიდან ხელმარცხნივ ბოლოში კედელთან მდებარე მოზრდილი ხის სათავსოდან წარადგინა ვერცხლისფერი პისტოლეტი, წარწერით „T-----“, ვერცხლისფერი რევოლვერი წარწერით „Z-----“ და შავი შაშხანა წარწერით „S----“.
ამოღების ოქმის შესაბამისად, 2019 წლის 10 იანვარს ა----------------სგან ამოღებულ იქნა „i-------“-ის ფირმის მობილური ტელეფონი.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ე-––-----–----ს მითითებით გასვლა მოხდა თ---–--–---–--–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მივიდნენ თბილისში, ო.ლ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ე-––-----–---მა მიუთითა ის ადგილი, სადაც მოხდა ჩხუბი და შეხლა-შემოხლა ირანელ და მასთან ერთად მყოფ პირებს შორის.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი ე-----------–----, რომელიც არის ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და ხელში ეჭირა დანა.
პირის ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ა----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ე-––-----–----, რომელიც არის ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში ეკავა ცეცხლსასროლი იარაღი და ცდილობდა მანქანაში მის ძალით ჩასმას, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების მიხედვით, ა----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ვერ ამოიცნო ვერც ერთი აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც მონაწილეობდა მის წინააღმდეგ მოწყობილ თავდასხმაში.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ----------------–-–---–-სგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს ასფალტირებული გზის სავალი ნაწილი, რომლის შუა ნაწილში დგას მუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგას ტაქსის ტრაფარეტი. აღნიშნულ მანქანას მარცხენა მხარეს გაღებული აქვს წინა და უკანა კარებები. კადრში ასევე ჩანს თავად ა----------------, რომელსაც აცვია შედარებით ღია ფერის ტანსაცმელი და მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, ცდილობს ოთხი შავებში ჩაცმული მამაკაცი მის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმას. იგი არის მანქანისკენ მიტრიალებული და მას უკნიდან აწვებიან აღნიშნული პიროვნებები. კადრში ასევე ჩანს პიროვნება, რომელიც მას თავში ურტყამს ორჯერ იარაღის ტარს, რის შემდეგაც იარაღს ითავსებს უკან და წყდება ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერის მეორე ფაილში კვლავ ჩანს ო.ლ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის ასფალტირებული გზის სავალი ნაწილი. გზის შუა ნაწილში გაჩერებულია კვლავ აღნიშნული მუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგას ტაქსის ტრაფარეტი და რომელშიც ცდილობენ დაზარალებულის ძალით ჩასმას. კადრში ასევე ჩანს პიროვნება, რომელიც მონაწილეობდა მის თავდასხმაში. მას აცვია შავი ქურთუკი და თავზე ახურავს შავი ქუდი. იგი მიდის ფეხით და გადის თვალთახედვის არედან. შემდეგ ჩანს ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომელიც ცდილობს ტერიტორიის დატოვებას, თუმცა მას წინ ეღობება მომავალი ავტომანქანა და ტაქსის მძღოლი ხელით აჩვენებს უკან დახევას, რის შემდეგაც ახერხებს გვერდის ავლას და ტერიტორიის დატოვებას. შემდგომ გადიან კამერის ხედვის არედან და მთავრდება ვიდეოჩანაწერი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: ბ-------------------ს, ე-––-----–----ს და ე-----------–----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმე კ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის N---------------------- დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის N------------------------- დასკვნები, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნა და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებულებები.
ბრალდებულ ბ-------------------ს ჩვენებით, 2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც დაუკავშირდა ე-––-----–----, რომელმაც უთხრა, რომ დაკავებული იყო პოლიციის თანამშრომლების მიერ და სთხოვა აეღო იარაღი, რომელსაც ინახავდა საკუთარ ავტომანქანაში სავარძლის ქვეშ და მის დაბრუნებამდე შეენახა სახლში. იარაღი შეფუთული იყო შავ პარკში, საიდანაც ამოიღო და წაიღო შესანახად. 02:00 საათზე, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დაუდასტურა, რომ ე-––-----–----ს მითითებით, მისი ავტომანქანიდან ნამდვილად აიღო იარაღი, რასაც ინახავდა სახლში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარებისას.
ბრალდებულ ე-––-----–----ს ჩვენებით, 2019 წლის 07 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, ე-------- ა-–---თან ერთან მივიდა სამსახურში, რომელიც ტერიტორიულად მდებარეობდა ქ.რ------ვში. დაახლოებით 16:00-17:00 საათზე დაუკავშირდა ე-----ი, რომელმაც უთხრა, რომ აპირებდა მის სამსახურში მისვლას. დაახლოებით 20:00-21:00 საათზე ე-----მა სთხოვა თბილისში წაყვანა და შეჰპირდა გზად ბენზინის ჩასხმას. ე-------- ა-–---თან ერთად წავიდნენ თბილისში და მივიდნენ ს----------–ოს ქუჩაზე, სადაც ე-----ი ავიდა სახლში და ბენზინის ჩასასხმელად სახლიდან ჩამოუტანა 20 ლარი, საიდანაც 10 ლარი მისცა ე-------- ა-–---ს, რომელიც წავიდა მაღაზიაში პურის შესაძენად. მათთან მივიდა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი იყო ს---–------, ხოლო მეორე პიროვნების ვინაობა მისთვის უცნობია. ე-–---მა სთხოვა ერთ ადგილას წაყვანა. ს---–-----მა უთხრა, რომ თავად გაარკვევდა იმ მისამართს, სადაც უნდა მისულიყვნენ. ამის შემდგომ, ს---–-----მა ვიღაცას გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, საიდანაც მიიღო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა მისულიყო იგი, მაგრამ ვინაიდან არ იცოდნენ აღნიშნული მისამართის ადგილსამყოფელი, გადაწყვიტეს ტაქსის გაჩერება. ე-–---მა გააჩერა ტაქსი, რის შემდეგაც იგი ს---–-----თან ერთად ჩაჯდა მის მანქანაში, ხოლო ე--------მა ვერ მოასწრო მაღაზიიდან დაბრუნება, ისე წავიდნენ მითითებულ მისამართზე. ვინაიდან არ იცოდა ზუსტი მისამართი, უკან გაჰყვა ტაქსს. ავტომანქანა გააჩერეს ერთ-ერთ ვიწრო ჩიხთან, იქვე მოშორებით გაჩერდა ტაქსიც. ერთ-ერთი მამაკაცი მიუახლოვდა ტაქსს. ამ დროს მანქანიდან გადავიდა ს---–------, რომელიც მიესალმა აღნიშნულ პიროვნებას. მანქანიდან გადმოვიდა ტაქსის მძღოლიც და დაიწყო მათთან საუბარი. დაახლოებით ერთი წუთში დაიწყეს ჩხუბი. ე-–---თან და მისთვის უცნობ პიროვნებასთან გასაშველებლად გადავიდა მანქანიდან. ტაქსის მძღოლი ჩხუბობდა არასაკმარისი თანხის გადახდის გამო. სიტუაციის დაწყნარების შემდგომ, ს---–------ წავიდა ტაქსით, ხოლო თავად ე-–---თან და მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად დააპირეს მანქანით წასვლა, რა დროსაც გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბრალდებულის განმარტებით, მისი სამსახურის წინ არსებულ ნაგვის ურნაში ნახა ყუთი, რომელიც მოეწონა და აიღო. მასში აღმოჩნდა იარაღი ვაზნების გარეშე. იარაღი აიღო პოლიციაში ჩაბარების მიზნით, რისთვისაც რამდენჯერმე სცადა მისი სოფლის პოლიციის უფროსთან დაკავშირება, თუმცა ვერ შეძლო და იარაღი დარჩა მანქანაში. ინციდენტის შემდეგ დაუკავშირდა ბ------------------ს და სთხოვა მის მანქანაში არსებული იარაღის დროებით სახლში შენახვა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე-––-----–----ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ე-----------–----ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ-------------------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლო განმარტავს, რომ ე-----------–----ს და ე-––-----–----ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ე-----------–----ს და ე-––-----–----ს მიერ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარის გამოყენებით, ფულადი თანხის დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულ ა----------------ს საკუთრების უფლებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულთა უდანაშაულობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის, ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულთა წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ ე-----------–---- და ე-––-----–---- სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად დაეუფლნენ ა----------------ს ფულად თანხას, დასტურდება თავად დაზარალებულ ა----------------ს გამოკითხვის ოქმებით, რომელმაც სრული სიზუსტით აღწერა თავდამსხმელთა მიერ შესრულებული ქმედებები, უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს და ქმედების შემდეგ. დაზარალებულმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ბრალდებულები: ე-––-----–---- და ე-----------–---- სხვა თანამზრახველთან ერთად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, იარაღის და დანის გამოყენებით თავს დაესხნენ მას და გასტაცეს ფულადი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. დაზარალებულს თავდამსხმელების ამოცნობა და მათი დამახსოვრება არ გასჭირვებია, ვინაიდან ორივე მათგანი იყო მისი თვალთახედვის არეში. შესაბამისად, მათ ამოცნობაში არის სრულად დარწმუნებული. დაზარალებულმა ასევე დეტალურად აღწერა თავდამსხმელთა ჩაცმულობა და აღნაგობა. მათი ამოცნობისას კი მიუთითა, რომ თავდამსხმელი პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც ძალის გამოყენებით ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, არის ბრალდებული ე-----------–----, ხოლო მამაკაცი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და ასევე ცდილობდა მანქანაში მის ძალით ჩასმას, არის ბრალდებული ე-––-----–----. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით ასევე დადგენილია, რომ გარდა იმისა, რომ თავდამსხმელები გამეტებით ურტყამდნენ სხეულზე და თავის არეში, ასევე იგრძნო თავში რამოდენიმეჯერ იარაღის ტარის ჩარტყმა, თუმცა თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს მისი მანქანაში ჩასმა და შეძლო შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, რა დროსაც იგრძნო მარჯვენა ფეხის ბარძაყში ტყვიისმაგვარი საგნის მოხვედრა, რის შემდეგაც წაიქცა და დაუზიანდა მარცხენა მუხლი. ძირს დაგდებულს თავდამსხმელები კვლავ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ზურგის არეში ურტყამდნენ ფეხებს, თუმცა მაინც შეძლო ადგომა და გაქცევა, ხოლო თავდამსხმელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.
დაზარალებულ ა----------------ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე ზ---------------–---–-ს ჩვენებასთან, რომელიც ა----------------ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტის თვითმხილველი იყო. მან დარწმუნებით აღნიშნა, რომ 2019 წლის 07 იანვრის ღამეს, სამი მამაკაცი ეჩხუბებოდა ერთ მამაკაცს. მოწმე თავად შეესწრო იმ ფაქტს თუ როგორ აიღო სამი მამაკაციდან ერთ-ერთმა ძირს დაგდებული იარაღი, რაც თავში ჩაარტყა მარტო მყოფ მამაკაცს, ხოლო დანარჩენი თავდამსხმელები ცდილობდნენ მის მანქანაში ძალით ჩასმას.
ა----------------ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში რამდენიმე პირის მონაწილეობის ფაქტს ასევე ადასტურებს ფაქტის თვითმხილველი მოწმე ნ----------------–-–---–-, რომელმაც დაინახა თუ როგორ ურტყამდა სამი მამაკაცი ერთ მამაკაცს და ცდილობდნენ მის მანქანაში ძალით ჩასმას. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მამაკაცს, რომლის ჩასმასაც თავდამსხმელები ცდილობდნენ მანქანაში, თავში ჩაარტყეს გარკვეული საგანი, რისი დაფიქსირებაც შეძლო მობილური ტელეფონის საშუალებით.
ა----------------ს მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ ე-----------–----ს და ე-––-----–----ს მონაწილეობას ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმები, რითაც უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულმა ა----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, საერთო აღწერილობით, აღნაგობით, სახის მოყვანილობით, სწორი ცხვირით, თმის ფერით და წვერით, ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი პიროვნება - ე-----------–---- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც სხვა პირებთან ერთად დაესხა თავს, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და დანის გამოყენებით აიძულებდა მანქანაში ჩაჯდომას, ხოლო რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მეორე ამოცნობის ოქმს, დგინდება, რომ ა----------------მ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, სიმაღლით, საშუალო აღნაგობით, თმის ფერით, საშუალო ზომის ტუჩებით, საშუალო ზომის ცხვირით და საშუალო ზომის წვერით ამოიცნო თავდამსხმელი ე-––-----–---- და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც 2019 წლის 07 იანვარს, თავდასხმის დროს შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალის გამოყენებით ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება. რომ ა----------------ს სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი ა----------------ზე მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ა----------------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და ორი სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში დეტალურად არის აღწერილი 2019 წლის 07 იანვარს თავდამსხმელების ქმედებები და ა----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ვიდეოჩანაწერში ჩანს ასფალტირებული გზის სავალი ნაწილი, რომლის შუა ნაწილში დგას მუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგას ტაქსის ტრაფარეტი. აღნიშნულ მანქანას მარცხენა მხარეს გაღებული აქვს წინა და უკანა კარებები. კადრში ასევე ჩანს თავად ა----------------, რომელსაც აცვია შედარებით ღია ფერის ტანსაცმელი და მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, ცდილობს ოთხი შავებში ჩაცმული მამაკაცი მის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმას. იგი არის მანქანისკენ მიტრიალებული და მას უკნიდან აწვებიან აღნიშნული პიროვნებები. კადრში ასევე ჩანს პიროვნება, რომელიც მას თავში ურტყამს ორჯერ იარაღის ტარს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ თავდამსხმელთა ჩაცმულობაზე, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ ა----------------ს და თვითმხილველი მოწმეების მიერ აღწერილ თავდამსხმელთა ჩაცმულობასთან. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ თავდამსხმელებიდან ერთი იყო 40 წელს გადაცილებული, მუქი ტანსაცმლით, მაღალი, საშუალო აღნაგობის, შავი წინ ჩამოვარცხნილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით და საშუალო ზომის ცხვირით. მას ჰქონდა მუქი თვალები, ასევე საშუალო ზომის წვერი. ის გასცემდა ბრძანებებს და ხელში ეჭირა პისტოლეტი. მეორე თავდამსხმელი იყო დაბალი ტანის, მსუქანი აღნაგობის და სრული პირი-სახის, რომელსაც ჰქონდა წვერი, მუქი თმა, საშუალო ზომის ცხვირი და ტუჩები. აღნიშნულ პიროვნებას ხელში ეკავა დანა, ხოლო მესამე პიროვნება იყო ასევე დაბალი ტანის, ცოტა სრული აღნაგობის, დაახლოებით 165 სანტიმეტრი სიმაღლის, მუქი თმით, მუქი თვალებით და საშუალო ზომის ტუჩებით, რომელსაც წვერი ჰქონდა გაპარსული და ხელში ეკავა პისტოლეტი. ყველა თავდამსხმელს ეცვა მუქი ტანსაცმელი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა ა----------------მ და ნამდვილად გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება, დამოკიდებულება მუქარის ობიექტის მიმართ, მუქარის გამოხატვის ხერხი, არაერთგზისობა და სხვა გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, სახეზეა გარემოება, რომ ბრალდებულები: ე-––-----–----, ე-----------–---- და მათი თანამზრახველი პირი გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით დაზარალებულის მიმართ, ემუქრებოდნენ მას ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ნაწილობრივ სისრულეში იქნა მოყვანილი მათ მიერ. ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით, რაც ქმნის მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიან შიშს.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება და დასრულებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა თავდამსხმელმა სხვისი ქონების დაუფლება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ე-––-----–----ს და ე-----------–----ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ თანამზრახველთან ერთად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანის და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ დაზარალებულ ა----------------ს კუთვნილი ქონება, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.
რაც შეეხება, ბ-------------------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას და ტარებას, ხოლო ე-––-----–----ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს, ინახავს და ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს ან/და საბრძოლო მასალას.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ისეთ მოქმედებას, როცა კონკრეტული პირის მფლობელობაში სპეციალური ნებართვის გარეშე ხვდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში მითითებული საგნები.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი გულისხმობს იარაღისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას ისეთი პირის მიერ, ვისაც მისი კანონიერი შენახვის უფლება არ აქვს.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ბ-------------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სადაოდ არც თავად ბრალდებულ ბ----------ს გაუხდია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ე-––-----–----ს მითითებით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად შესანახად წაიღო სახლში, რაც შემდგომ ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი სახლის ჩხრეკისას.
რაც შეეხება ბრალდებულ ე-––-----–----ს ჩვენებას, მან ასევე დაადასტურა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტი და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ სამსახურის წინ არსებულ ნაგვის ურნაში იპოვნა ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც ინახავდა მანქანაში, რაც შემდგომ ბ-------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
ბრალდებულ ბ-------------------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო ე-––-----–----ს მიერ მათი მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, რითაც დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მ--------–--------------------–--------–------–--ში მდებარე ბ-------------------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დამხმარე ნაგებობის შესასვლელიდან პირდაპირ და ბოლოში დალაგებული ტანსაცმლის და ხალიჩების გროვიდან ამოღებულ იქნა პისტოლეტი მჭიდით და მჭიდში არსებული სამი ვაზნით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 09 მმ ნომინალური კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების ფუჭი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი 09 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის. აღნიშნული ვაზნები ასევე გამოიყენება 09 მმ ნომინალური კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღებში გასასროლად.
წარმოდგენილი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 09 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტში, რომელიც გათვალისწინებულია 09 მმ ნომინალური კალიბრის ვაზნების გასასროლად.
ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის თანახმად ასევე დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ მჭიდში არსებული სამი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 09 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი „მ---------ს“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „П-“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „А--“ და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ქ-------- ექსპერტიზის დასკვნას, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ე-––-----–---მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ხოლო ბ------------------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების: ე-––-----–----ს, ე-----------–----ს და ბ-------------------ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ე-––-----–----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ე-----------–----ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ-------------------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-––-----–---მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. მანვე ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ე-------- ა-–----- ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ხოლო ბ------------------მა - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს ე-––-----–---ს, ე-------- ა-–---ს და ბ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება - თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, ბრალდებულთა მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ე-––-----–----ს, ე-----------–----ს და ბ-------------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, ე-––-----–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით, ე-------- ა-–---ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ბ------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ხ------- ა-–---ისგან ამოღებული: „Z-----“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, „T-----“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან ერთად და „S----“-ს ფირმის შაშხანა მჭიდთან ერთად; ე-––-----–----ს ავტომანქანა; ე-––-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათთან ერთად; ა----------------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ტელეფონის ჩასადები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრა; ბ-------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და ვაზნებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ე-––-----–----ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვლები, მიკრონაწილაკები ოთხ წებოვან ფირზე და ანაწმენდები 24 ბიოლოგიურ ჩხირზე; პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნიდან აღებული ანაწმენდები; ბ-------------------ს, ე-––-----–----ს და ე-----------–----ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ნ----------------–-–---–-სგან გამოთხოვილი ვიდეომასალა ლაზერულ დისკზე და სილქნეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-––-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით;
ე-––-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-––-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 იანვრის განჩინებით, ე-––-----–----ს და ე-----------–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ე-––-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 იანვრის 15:43 საათიდან.
ე-----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე-------- ა-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 იანვრის 15:25 საათიდან.
ბ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, მ--------–--------------------–--------–------–--ში (საკადასტრო კოდით: 8-.0-.1-.3--) მდებარე, გ---------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ ბ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 10 იანვრიდან - იმავე წლის 31 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 08 ოქტომბრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ხ------- ა-–---ისგან ამოღებული: „Z-----“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, „T-----“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდთან ერთად და „S----“-ს ფირმის შაშხანა მჭიდთან ერთად; ე-––-----–----ს ავტომანქანა; ე-––-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ-ბარათთან ერთად; ა----------------სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ტელეფონის ჩასადები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მასრა; ბ-------------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და ვაზნებით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–--------------------------------------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.
ე-––-----–----ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვლები, მიკრონაწილაკები ოთხ წებოვან ფირზე და ანაწმენდები 24 ბიოლოგიურ ჩხირზე; პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნიდან აღებული ანაწმენდები; ბ-------------------ს, ე-––-----–----ს და ე-----------–----ს ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ნ----------------–-–---–-სგან გამოთხოვილი ვიდეომასალა ლაზერულ დისკზე და სილქნეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე