განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2019
საქმის ნომერი
330100119002815035
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/282-19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ,სხდომის მდივან - ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - თ---------------–--ის, ლ-------------ის, ნ------------–---–-ს, მ-------–---–----ს,ბრალდებულ - ა------–----------ს,ადვოკატების - ს------------------ის, ი------------–--ის,თარჯიმნების - თ---------–--ის, მ----------–--აძის, ხ---------------ის, ი------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა------–----------------------ს (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-, მ----------------------–------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ის, ე.წ. „ს------------------–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------–----------- უკანონოდ შეაღწია ი-------------ს კუთვნილ, „o---------“-ს მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით: 0--------) და სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შესაძლო ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთებს. კერძოდ, ჩაამსხვრია ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა, შეაღწია ავტომანქანის სალონში და დაიწყო მატერიალურად ღირებული ნივთების მოძიება, რა დროსაც დააკავეს სამართალდამცველებმა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.

 

დაზარალებულ ი-------------ს ჩვენებით, საკუთრებაში ჰყავს „ო---–--------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც 2019 წლის 08 იანვარს გაჩერებული ჰყავდა თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ში, ე.წ. „ს------------------–--აში“. ავტომანქანა იყო გაფუჭებული და სადგომზე იდგა დაკეტილ მდგომარეობაში. 2019 წლის 08 იანვარს, გამთენიისას, დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეატყობინეს, რომ დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელიც ცდილობდა მისი ავტომანქანის გაქურდვას. ადგილზე მისვლისას, მანქანის უკანა ორი კარი დახვდა ღია მდგომარეობაში, უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა იყო ჩამტვრეული და ავტომანქანის უკანა სავარძელზე ეყარა მინის ნამსხვრევები, ხოლო მანქანიდან რაიმე ნივთი მოპარული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, მანქანის მინის ჩამტვრევის შედეგად მიადგა დაახლოებით 10-15 ლარის მატერიალური ზიანი.

მოწმე ნ--------–--–---–-–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 08 იანვარს, თანამშრომლებთან: ი-–----–---–---–თან და გ-------------------თან ერთად, ფეხით მოძრაობდა თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ს------------------–--აში“. შენიშნეს იქვე მდგომი „ო---–--------ს“ მარკის ავტომანქანა, რომლის უკანა მხარეს ზურგით მდგომმა პიროვნებამ მარცხენა ხელით ჩაამტვრია მანქანის უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა და ჩაჯდა შიგნით. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ა------–----------, გადახრილი იყო საჭის მხარეს და საფერფლის ადგილას ეძებდა სხვადასხვა ნივთს. მათ დანახვაზე იგი შეეცადა გაქცევას, თუმცა თანამშრომლების დახმარებით შეძლო მისი დაკავება. მოწმის განმარტებით, ა------–---------ს, რომელმაც მარცხენა ხელით ჩაამტვრია მანქანის მინა, ხელი ჰქონდა დაზიანებული და აღენიშნებოდა სისხლის კვალი.

მოწმე ი-–----–---–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 08 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომლებთან: გ-------------------თან და ნ--------–--–---–-–---–თან ერთად იმყოფებოდა თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს მამაკაცი, რომელიც იდგა მანქანასთან და იქცეოდა საეჭვოდ. დააპირეს მასთან მისვლა, რა დროსაც მამაკაცმა, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ა------–----------, მარცხენა ხელის მოქნევით ჩაამტვრია ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა და ჩაჯდა შიგნით. მანქანასთან მიახლოებისას დაინახა, რომ ა------–---------- გადაწეული იყო საჭის მხარეს და ეძებდა რაღაცას. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე იგი შეეცადა გაქცევას, თუმცა შეძლეს მისი დაკავება. ბრალდებულის სახით დაკავებულ ა------–---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ათთეთრიანი მონეტა და პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც ესხა წებო.

მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, თანამშრომლებთან: ი-–----–---–---–თან და ნ--------–--–---–-–---–თან ერთად იმყოფებოდა თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობა, რა დროსაც შენიშნა საეჭვო პიროვნება, რომელმაც მარცხენა ხელის მოქნევით ჩაამტვრია „ო---–--------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა და ჩაჯდა შიგნით. მანქანასთან მიახლოებისას დაინახა, რომ მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა ბრალდებული ა------–----------, გადახრილი იყო საჭის მხარეს და ეძებდა სხვადასხვა ნივთს. იგი შეეცადა გაქცევას, თუმცა შეძლეს მისი დაკავება და პირადი ჩხრეკის ჩატარება, რა დროსაც ამოღებულ იქნა ათთეთრიანი მონეტა და პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო წებო.

მოწმე ნ------------–---–-ს ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და ბრალდებულ ა------–---------ს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობას.

ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა------–---------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 08 იანვარს, 03:05 საათზე. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 0,25 ლიტრი ტევადობის მწვანე პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო მძაფრი სუნის მქონე თხევადი მასა. შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან კი ამოღებულ იქნა ა------–----------ს აიდი ბარათი და ათთეთრიანი მონეტა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ში, ე.წ. „ს------------------–--აში“. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას მწვანე „ო---–--------ს“ მარკის ავტომობილი. ავტომანქანას უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა აქვს ჩამტვრეულ მდგომარეობაში, ხოლო უკანა სავარძელზე ყრია მინის ნატეხები.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა------–----------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N----- და ქიმიური ექსპერტიზის N------------ დასკვნები მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ა------–----------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ა------–----------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ა------–----------ს წინააღმდეგ.

იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. ქურდობა კი, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, როდესაც ქმედების ჩადენა შეუმჩნეველი ხდება სხვა პირებისთვის. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

სასამართლო განმარტავს, რომ ა------–----------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ა------–----------ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ ა------–---------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ი-------------ს ავტომანქანიდან ცდილობდა სხვადასხვა ნივთის ფარულად დაუფლებას დასტურდება, მოწმეების: ნ--------–--–---–-–---–-ს, გ-------------------ის და ი-–----–---–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც სრული სიზუსტით აღწერეს ბრალდებულ ა------–----------ს მიერ შესრულებული ქმედებები, კერძოდ, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში დარწმუნებით აღნიშნეს, რომ სწორედ ბრალდებული ა------–---------- არის ის პიროვნება, რომელმაც 2019 წლის 08 იანვარს, თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ში, ე.წ. „ს------------------–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელით ჩაამტვრია ი-------------ს კუთვნილი ავტომობილის უკანა კარის ს------------ ფორმის მინა, რის შემდეგაც შეაღწია ავტომანქანის სალონში, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან იგი დაკავებულ იქნა ქურდობის მცდელობის ფაქტზე, იმ დროს როდესაც ეძებდა მატერიალურად ღირებულ ნივთებს.

ის, რომ ავტომანქანის მინის ჩამტვრევის შედეგად ადგილი ჰქონდა ი-------------ს ავტომანქანიდან სხვადასხვა ნივთის ქურდობის მცდელობის ფაქტს, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა დასტურდება თავად დაზარალებულ ი-------------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს „ო---–--------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გაფუჭებულ მდგომარეობაში გაჩერებული ჰყავდა თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ში, ე.წ. „ს------------------–--აში“. 2019 წლის 08 იანვარს, პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს ქურდობის მცდელობის ფაქტი, რის შემდეგაც თავად მივიდა მითითებულ ადგილას, სადაც ავტომანქანის უკანა ორი კარი დახვდა ღია მდგომარეობაში, მანქანის უკანა მარჯვენა ს------------ მინა იყო ჩამტვრეული და ავტომობილის უკანა სავარძელზე ეყარა მინის ნამსხვრევები. დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა ავტომანქანის კარის ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტი და განმარტა, რომ მანქანა დატოვებული ჰყავდა დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო მასში თანხას ან რაიმე ნივთს არ ინახავდა.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ თ---–--–-, ა--–---–-------ის N--ში, ე.წ. „ს------------------–--აში“ გაჩერებულ „ო---–--------ს“ მარკის ავტომანქანას უკანა მარჯვენა კარის ს------------ მინა ჰქონდა ჩამტვრეულ მდგომარეობაში, ხოლო უკანა სავარძელზე ეყარა მინის ნატეხები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულმა ა------–----------- ავტომობილის მინის ჩამტვრევის გზით შეაღწია ავტომანქანის სალონში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულ ი-------------ს კუთვნილ ნივთებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულ იქნა ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ა------–----------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ა------–----------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ა------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით - სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------–----------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ათთეთრიანი მონეტა და პირადობის მოწმობა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული: მინის სამი დაზიანებული ფრაგმენტი და ანაწმენდი, ასევე ა------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბოთლი მასში მოთავსებული მასით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის განჩინებით, ა------–----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ა------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 იანვრის 03:05 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ათთეთრიანი მონეტა და პირადობის მოწმობა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო ავტომანქანიდან ამოღებული: მინის სამი დაზიანებული ფრაგმენტი და ანაწმენდი, ასევე ა------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბოთლი მასში მოთავსებული მასით, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე