გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
130210019003063090
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019003063090

2-528-19

გადაწყვეტილება

ს----------–--- სახელით

შესავალი ნაწილი

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკი“

წარმომადგენელი მადონა სამსონია

მოპასუხე პ----------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს დაეკისროს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 4 592 ლარის და 54 თეთრის გადახდა, საიდანაც 2 928.66 ლარი ძირი თანხაა, 429.67 ლარი - სარგებელი და 1 234.21 ლარი - პირგასამტეხლო;

1.2. პ----------------ეს ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანი -მიუღებელი შემოსავალი, წლიური 15%, -ყოველდღიურად 1.20 ლარი - საქმის სასამართლოში აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 4 აპრილს, სს ,,ს----------–--- ბანკსა“ და პ----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულებით, პ----------------ემ მიიღო სესხი 3 560 ლარი 36 თვით, წლიური 15% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე - პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ერთჯერადად - 10 ლარი;

მიუხედავად გაფრთხილებისა, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია;

მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა;

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სესხად გაცემული თანხა ნაღდი ფულის სახით (ხელზე) არ მიუღია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისთვის უნდა ჩამოეწერათ ვალი ერთჯერადი პროგრამით, რადგან ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 4 აპრილს, სს ,,ს----------–--- ბანკსა“ და პ----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულებით, პ----------------ემ მიიღო სესხი 3 560 ლარი 36 თვით, წლიური 15% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე - პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ერთჯერადად - 10 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23);

3.1.2. მიუხედავად გაფრთხილებისა, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 3 658 ლარის და 33 თეთრის გადახდა, საიდანაც 2 928.66 ლარი ძირი თანხაა, 429.67 ლარი - სარგებელი და 300 ლარი - პირგასამტეხლო, ასევე - სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 1 ლარი და 20 თეთრი;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 420-ე, 626-ე, მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. სადავო არ არის, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მისგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

იმავე ტიპის საქმეზე ს----------–--- უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;

პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გაცემული სესხის ოდენობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას - რომ ვალდებულება არ სრულდება 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით მინიჭებული უფლებით კრედიტის გამცემს შეეძლო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რადგან გათვალისწინებული იყო კრედიტის დაბრუნება ნაწილ- ნაწილ, კრედიტის ამღების მიერ ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორმა კი სასამართლოს მომართა 2019 წლის ივნისში, რითიც ხელი შეეწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას;

ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 234.21 ლარი შეუსაბამოდ მაღალია (ძირი თანხის 42%-ზე მეტი) და უნდა შემცირდეს 300 ლარამდე (ძირი თანხის 10.25%);

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;

სადავო არ არის, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ის;

მოსარჩელე, ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით, მოითხოვს მოპასუხისათვის, საქმის აღძვრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის, 15%-ის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად 1 ლარი და 20 თეთრია;

მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ვალდებულების წარმოშობის დროისათვის ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, გადასახდელად დარჩენილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოთხოვნილი ოდენობით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ სესხის თანხა ნაღდი ფულის სახით, ხელზე არ მიუღია, ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინეს და მისთვის ცნობილი არ იყო ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს შესახებ, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, მასზე არ გაავრცელეს ვალის ჩამოწერის პროგრამა;

მოპასუხეს არ მიუთითებია მტკიცებულებებზე, რაც დაადასტრურებდა, რომ მას ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით, ან სხვა, დაუშვებელი ხერხით მოაწერინეს, მის პირობებს არ იცნობდა, მით უმეტეს, არ უარყოფს, რომ სესხით ისარგებლა, ის, რამოდენიმე თვის განმავლობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, თანხას იხდიდა. რაც შეეხება სესხის ,,განულების პროგრამას“, რაზეც მოპასუხე მიუთითებს, ეს თვითონ კერძო სამართლის იურიდიული პირების - საბანკო დაწესებულების, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ნებაზეა დამოკიდებული, სახელმწიფო ამ კონკრეტულ პროგრამას არ არეგულირებს, შესაბამისად, სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაავალდებულებს მოსარჩელეს გაათავისუფლოს მოპასუხე სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 178 ლარი. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოპასუხეს დაეკისრა მოთხოვნილი 4 592.54 ლარის ნაცვლად 3 658.33 ლარის და ასევე - სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1.20 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 3658.33 ლარის 3% 109.75 ლარი და ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად - სამი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად გადასახდელი 1.20 ლარის ერთობლიობის 1314 ლარის 3% - 39.42 ლარი, სულ - 149.17 ლარი.

მოსარჩელე მოითხოვს ასევე მოპასუხეს დაეკისროს ,,საქმის წარმოების ფარგლებში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარი“ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ეს არის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯი (სარჩელის მე-6 გვერდი).

მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა, რადგან, გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (ს.ფ.28) და ხარჯის გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი სარჩელზე დართული არ არის, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 9111 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში.

გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.

დადგენილია, რომ გადახდევინების შესახებ ბრძანება არ გამოიცა მოპასუხის მიერ პროტესტის წარდგენის გამო. მოპასუხე არ იყო ვალდებული ეღიარებინა მოთხოვნა, რაც მისი უფლებაა. ,,ს----------–--- ბანკის“ მოთხოვნის საფუძველზე გადახდევინების ბრძანება არ გამოიცა, რაც არ ავალდებულებს პ----------------ეს გადაიხადოს აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გათვალისწინებული საფასური;

მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. აღნიშნულზე შეთანხმდნენ მხარეები საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 პუნქტით (ს.ფ.18).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

1.1. პ----------------ეს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 3 658 (სამი ათას ექვსას ორმოცდათვრამეტი) ლარი და 33 (ოცდაცამეტი ) თეთრი;

1.2. პ----------------ეს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 2019 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1 (ერთი) ლარი და 20 (ოცი) თეთრი;

2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. პ----------------ეს გადახდეს სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ 149 ლარი და 17 თეთრი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი