გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310019003130937
№3/125-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი
მოსარჩელე - მოს---------------ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - არ---–------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
მოპასუხეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილება
წარმომადგენელი - გუ--------–---რე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილების 2019 წლის 8 ივნისის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ნება დაერთოს ირანის მოქალაქე მოს---------------ის შემოვიდეს საქართველოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოს---------------ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. იგი დაიბადა 19-- წლის 1 მარტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილება (ს.ფ 18-20)
3.1.2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილების 2019 წლის 8 ივნისის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით მოს---------------ის უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მოს---------------იმ არ წარადგინა საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოს---------------ი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილების 2019 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება; (ს.ფ 66)
3.1.3. მოს---------------ის წარმომადგენელმა ვა------------–-–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოს---------------ის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 26-29)
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილებით, მოს---------------ის წარმომადგენლის ვა------------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, უცხოელს სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, თუ უცხოელი არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის 2019 წლის 8 ივნისის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იყო კანონიერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილება (ს.ფ 18-20);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოს---------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილების 2019 წლის 8 ივნისის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილებას. რომლითაც მოს---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 ივნისს, საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელდა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ირანის მოქალაქის - მოს---------------ის ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად, მოსარჩელე მოს---------------ის უარს ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან მას თან არ ჰქონდა საქართველოში შემოსავლისათვის საჭირო დოკუმენტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე დადგენილია, რომ მოს---------------ი არის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოში უცხოელის ყოფნის წესების დარღვევის გამო.
ასევე, დადგენილია, რომ მოს---------------იმ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 08 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილებით, მოს---------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, უცხოელს სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე, თუ უცხოელი არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 8 ივნისის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება იყო კანონიერი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს. ამავე დებულების მე-4 მუხლის მიხედვით დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ხოლო მე-5 მუხლის “ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას; „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმების დაცვას სახმელეთო, საზღვაო მონაკვეთებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მოცემული დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პირების მიერ წარმოებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხოლო მერვე პუნქტის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით. მეხუთე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ყალბი, ვადაგასული სამგზავრო დოკუმენტის წარდგენის, აგრეთვე სავიზო რეჟიმის დარღვევის ან/და იმ პირის ამოცნობის შემთხვევაში, რომელსაც უფლება არ აქვს შემოვიდეს საქართველოში ან გავიდეს საქართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ აცნობებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომელს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვისას განხორციელდა ირანის მოქალაქე - მოს---------------ის ინსპექტირება და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით უარი ეთქვა მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლაზე.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. გარდა ამისა, თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე გადაწყვეტილების მიღებაზე.
ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - მოს---------------ისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის მე-14 განყოფილების 2019 წლის 8 ივნისის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 8 ივლისის MIA 8 19 01774266 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ამდენად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოს---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N113).
მოსამართლე: პაატა ფხალაძე