განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2019
საქმის ნომერი
330100119002969139
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1852-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – მ------ გ-------ის

ბრალდებულ – ზ------- დ---------ის

ადვოკატ – მ------ ბ------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ზ------- ვ-–-ს ძე დ---------ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის მიხედვით: ქ-------–--–-----------------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----–------------------------------------------------–ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------- დ---------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------- დ---------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 19:40 საათზე, ქ თ---–--–-----–-------------------------------------------ში, ზ------- დ---------მა შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – ნ-----–- დ---------ს, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, წაავლო თმაში ხელი, მოქაჩა ძლიერად და წააქცია სავარძელზე. ასევე, ზ------- დ---------ი შელაპარაკების დროს ნ-----–- დ---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზ------- დ---------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ-----–- დ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

ე.ი. ზ------- დ---------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ზ------- დ---------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ------- დ---------მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–- დ---------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- დ---------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ-----–- დ--------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ნ-----–- დ---------ის მეზობლად. მან დაზარალებული ნახა 2019 წლის 13 მარტს, როდესაც ნ-----–- დ---------ს მიაკითხა ლიფტის ფულის შეგროვების მიზნით. ნ-----–- დ---------ი იყო მწოლიარე მდგომარეობაში და მიზეზად დაუსახელა ის, რომ წინა დღეს შვილთან ჰქონდა კამათი და თავს ცუდად გრძნობდა. მოწმის თქმით, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დაზარალებულის გადმოცემით შვილმა სცემა მას. გამოკითხვის ოქმი წაუკითხა გამომძიებელმა, რადგან თავად სათვალე არ ჰქონდა და არ იცის, რატომ წერია გამოკითხვის ოქმში ასეთი არასწორი ინფორმაცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ნ-----–- დ--------–---–ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გამოკითხვის ოქმი თითქოს არ ასახავს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რადგან გამოკითხვის ოქმზე მკაფიოდ არის დაფიქსირებული მისი ხელმოწერა და ჩანაწერი: „ოქმი ჩაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“. ამ ჩანაწერის ნამდვილობას იგი სადავოდ არ ხდის. საპროცესო დოკუმენტზე ხელმოწერა შესაბამის პირს აკისრებს კონკრეტულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმე ადასტურებს ოქმში დაფიქსირებული ჩვენების სრულად გაცნობის ფაქტს და მისი შინაარსის სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით. შესაბამისად, ნ-----–- დ--------–---–მა გამოკითხვის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ოქმში ასახული ჩვენების სისწორე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების თანამშრომლებმა – ა---------– დ---–მა, პ----- ჩ--------–-–---–მა, გ------- გ---------ემ და ს----- მ-----–---–მა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ამასთან გამომძიებელმა ს----- მ-----–---–მა განმარტა, რომ მოწმე ნ-----–- დ--------–---–ის გამოკითხვა ჩატარდა კანონით დადგენილი წესით. მოწმე გაეცნო მისი გამოკითხვის ოქმს და მასში აღწერილი ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.

 

2019 წლის 13 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 13.03.2019 წ-ს ნ-----–- დ---------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის საპროექციოდ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 12.03.2019წ. ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

2019 წლის 12 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ-----–- დ---------ის სახლიდან ამოღებულ იქნა სათვალის ორი ცალი მინა და სათვალის ნაწილი. ამავე ოქმში აღინიშნა, რომ ნ-----–- დ---------ის განმარტებით, აღნიშნული სათვალე დაუმტვრია მისმა შვილმა ზ------- დ---------მა, როდესაც ხელი გაარტყა, სათვალე ეკეთა და დაიმტვრა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის შეტყობინების რეგისტრაციის ფურცლის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს ნ-----–- დ---------მა დახმარების თხოვნით თავად მიმართა სსიპ ,,112“-ის სამსახურს მასზედ მითითებით, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილთან ჰქონდა კონფლიქტი.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ზ------- დ---------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ზ------- დ---------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

სასამართლომ დეტალურად შეისწავლა და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ:

 

განსახილველ საქმეზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზ------- დ---------ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათაგან არც ერთი არ მიეკუთვნება პირდაპირი სახის მტკიცებულებას. დაზარალებულმა ნ-----–- დ---------მა, ასევე ბრალდებულის ძმამ პ----- დ---------მა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მართალია დასტურდება ნ-----–- დ---------ისთვის დაზიანებების არსებობის ფაქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, თუ რა გარემოებაში და ვის მიერ მოხდა დაზარალებულისათვის დაზიანების მიყენება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ნ-----–- დ--------–---–ის ჩვენებას. მოწმის განმარტებით, მან ნ-----–- დ---------ისაგან შეიტყო, რომ დედა-შვილს ჰქონდათ მხოლოდ კამათი, რის შემდეგაც ნ-----–- დ---------ი თავს ცუდად გრძნობდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოწმემ უარყო მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ნ-----–- დ---------მა უთხრა შვილის მიერ მისი ცემის შესახებ. თუმცა სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ნ-----–- დ--------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და მიუთითებს, რომ არ არსებობს მის მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის ოქმში სხვაგვარად ასახვის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ჩვენება თავის მხრივ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც საჭიროებს სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით გამყარებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.

 

ბრალდების მხარე მტკიცებულებად იშველიებს იმ გარემოებას, რომ მსხვერპლმა მის მიმართ ძალადობისა და მუქარის განმახორციელებელ პირად მოწმესთან, გამომძიებელთან და ექსპერტთან საუბარში დაასახელა ზ------- დ---------ი, რაც სასამართლოს შეფასებით საკმარისი არგუმენტი არ არის დანაშაულის სუბიექტის დასადგენად, რადგან მხოლოდ მსხვერპლის მიერ დანაშაულის სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმისათვის, რომ უტყუარად იქნეს დადასტურებული მისი ვინაობა. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორ/ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის იგი ამა თუ იმ პირს, რადგან არსებობს ალბათობა იმისა, რომ პირმა გარკვეული მიზეზების გამო მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს სხვას და მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, სათანადო წესით გადამოწმებისა და დადასტურების გარეშე, არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია მსხვერპლმა მიაწოდა სხვა პირს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, ნ-----–- დ---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მისი ნათქვამის ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება და ამის მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ ძალადობა და მუქარა განხორციელდა ორ პირს შორის და სხვა პირი აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომენტში ბინაში მყოფ პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს, რომელთაგან დაზარალებული სასამართლოს არ აძლევს ჩვენებას ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, ხოლო ბრალდებული უარყოფს ბრალდების ნამდვილობას. ამ ფონზე სასამართლოსთვის აუცილებელია დამატებითი მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა ბრალად შერაცხული ქმედებების ბრალდებულის მიერ ჩადენის ფაქტს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირებიდან დაზარალებულმა ნ-----–- დ---------მა სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო დედის მიმართ ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტი, და ამ ფონზე კი სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ძალადობისა და მუქარის განხორციელების ნამდვილობა და იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი ირიბი მოწმე, რომელმაც დაზარალებულისაგან შეიტყო, რომ შვილმა იძალადა მასზე, თუმცა მისი ჩვენება, გარდა იმისა, რომ ვერ გადამოწმდა პირველწყაროსთან, თავად ჩვენების განსხვავებულ ვერსიაზე ისაუბრა მოწმემ სასამართლოში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------- დ---------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------- დ---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ზ------- დ---------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. ზ------- დ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული გატეხილი სათვალის ნაწილები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ-----–- დ---------ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. ზ------- დ---------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი